გიგი სარჯველაძე

გიგი სარჯველაძე, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის III კურსის სტუდენტი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია  „ჯეპრაში“ გადის სტაჟირებას.

გიგი თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:
 
,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტის მიმართულებით ვსწავლობ. სწავლის დაწყებიდანვე აქტიურად ვარ ჩართული სამსახურის ძიებისა და გამოცდილების დაგროვების პროცესში. ამ მხრივ უნივერსიტეტმა ბევრი შესაძლებლობა მომცა. თავდაპირველად სტაჟირება გავიარე ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში. საუნივერსიტეტო მეილით მივიღე ინფორმაცია, რომ კონკურსი ცხადდებოდა და განაცხადი გავაკეთე. მეორე კურსზე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმის ფარგლებში ჩემსა და Adjara Group Hospitality-ს შორის შედგა წარმატებული თანამშრომლობა და მუშაობა დავიწყე ,,ფაბრიკაში, სადაც სტუდენტური გრაფიკით ვმუშაობდი და საშუალება მქონდა, სწავლის საფასური ჩემი ხელფასით გადამეხადა. ამ სამსახურის მეშვეობით ბევრი ახალი ნაცნობი და დიდი გამოცდილება დავაგროვე.
შემდეგ კვლავ ილიაუნის დასაქმების ფორუმში მივიღე მონაწილეობა. ფორუმის მონაწილე რამდენიმე კომპანიას გავესაუბრე და შედეგად მოვხვდი პიარისა და მარკეტინგული კომპანია „ჯეპრას“ სტაჟიორთა რამდენიმე ეტაპიან შესარჩევ კონკურსში. კონკურსი წარმატებით გავიარე და ახლა საშუალება მაქვს, ჩემი პროფესიით პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება შევიძინო პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობით. ჩართული ვარ რამდენიმე საინტერესო და საკმაოდ მასშტაბურ პროექტში.
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პროფესიით დასაქმება საკმაოდ რთულია, თუ არ გაგაჩნია სამუშაო გამოცდილება. ამიტომ დავიწყე სტაჟირებით, რაც საშუალებას მომცემს, დაგროვებული გამოცდილება სამომავლოდ გამოვიყენო.
 
სტუდენტებს ვურჩევ, რომ სტუდენტობის პერიოდი მოახმარონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას, არამედ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება დააგროვონ და აუცილებლად გამოიყენონ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ წინსვლას. ”
Share Button

გიორგი ასათიანი

გიორგი ასათიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის (დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები – გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები) მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + -ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

გიორგი ერთი სემესტრით იმყოფებოდა ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (იენი, გერმანია), სადაც სწავლობდა გეოგრაფიის მიმართულებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ გეოგრაფიასა და GIS ტექნოლოგიებს. ამავდროულად ბაკალავრიატის პერიოდიდან ილიაუნიში საკუთარი პროფესიით ვმუშაობ. მაგისტრატურის მე-2 სემესტრი გაცვლითი პროგრამის სტუდენტის სტატუსით გერმანიაში, ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში, გავატარე.

ყველასა და ყველაფრისგან შორს, სრულიად უცხო ადგილას, უცხო გარემოში ცხოვრება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. საკუთარის თავის უკეთ გაცნობის საშუალება მომეცა, გავხდი უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი და შევიძინე ახალი მეგობრები. მაქსიმალურად გამოვიყენე მოგზაურობის შესაძლებლობები, რამაც კიდევ უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადა ჩემთვის ეს პერიოდი. იქ ყოველდღიურად ვგრძნობდი როგორ „ვიზრდებოდი“, რაც ნამდვილად არაჩვეულებრივი შეგრძნებაა.

მე ვარ ერასმუსელი!

გერმანიაში ჩასულს უნივერსიტეტში სულ სხვანაირი გარემო დამხვდა, განსხვავებული იმისგან, რასაც აქ ვიყავი მიჩვეული.  სწავლების მეთოდები უფრო მეტად საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვდა.  გარემო უფრო კონკურენტული იყო და მაქსიმალურად უნდა გეცადა თავის წარმოჩენა, რაც სწავლების მეთოდს საინტერესოსაც ხდიდა.  ეს ყველაფერი მარტივი არ იყო, განსაკუთრებით დასაწყისში, თუმცა მიხარია, რომ მოვახერხე ამ სირთულეების  გადალახვა. იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩემს როგორც პიროვნულ, ისე კარიერულ წინსვლაში.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button

ნინო ადუაშვილი

ნინო ადუაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + -ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ნინო ერთი სემესტრით იმყოფებოდა ბებეშ-ბოლაის უნივერსიტეტში (რუმინეთი), სადაც ეუფლებოდა პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

,,ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტში გატარებული ერთი სემესტრის განმავლობაში შევხვდი ბევრ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და გავეცანი მათ კულტურას, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. რუმინეთი ჩემთვის ასოცირდება როგორც ტრადიციებთან, ასევე თანამედროვეობასთან, კულტურასა და სიახლეებთან. ვნახე რუმინეთის მნიშვნელოვანი ქალაქები და გავეცანი მათ ისტორიას, მიხარია, რომ მყავს მეგობრები სხვადასხვა ქვეყანაში.

ილიაუნის საგარეო ურთიერთობათა სამსახური დიდ შრომას ეწევა, რომ რაც შეიძლება მეტ სტუდენტს ჰქონდეს ერასმუსის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის საშუალება. რუმინეთიდან დაბრუნების შემდეგ ძალიან მინდოდა, იქ მიღებული ცოდნა ჩემს უნივერსიტეტში გამომეყენებინა. მინდოდა მეპოვა საქმე, რომ მონაწილეობა მიმეღო სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის პროცესში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამის შესაძლებლობაც მომცა – სტუდენტურ საქმეთა დეპრტამენტში გავდივარ სტაჟირებას.“

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

 

Share Button

გიორგი ბერეჩიკიძე

გიორგი ბერეჩიკიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის (ეკოლოგიის მიმართულებით), მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, ილიაუნის  Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

გიორგი ერთი სემესტრით იმყოფებოდა გოტინგენის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც ეუფლებოდა პროგრამას ტროპიკული და საერთაშორისო სატყეო მეურნეობების მიმართულებით.

“გოტინგენის უნივერსიტეტი ტროპიკული და საერთაშორისო სატყეო მეურნეობების სპეციალობის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. მაღალკვალიფიციური პროფესურა ამ სფეროს სიღრმისეული შესწავლის საფუძველია.

ცოდნასთან ერთად ერასმუსის პროექტმა შემძინა ბევრი ახალი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რაც, ჩემი აზრით, ასეთი პროგრამების უმნიშვნელოვანესი ღირსებაა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა გაცნობა და ხიდების გადება ათასობით კილომეტრით დაშორებულ სახელმწიფოებს შორის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც შუამავალმა ჩემსა და გოტინგენის უნივერსიტეტს შორის, დიდი როლი ითამაშა, სწორედ ილიაუნის ვებგვერდიდან გავიგე პროგრამის შესახებ, შემდეგ საგარეო ურთიერთობების სამსახურმა დეტალურად გამაცნო მოთხოვნები, გაითვალისწინეს, რომ სატყეო სფეროში მუშაობდი და გერმანიაში მიღებულ ცოდნას საქართველოში პრაქტიკულად გამოვიყენებდი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტში ვმუშაობ და მიღებული ცოდნა დამეხმარება, ჩვენს საქმიანობას ახალი ხედვა შევმატო და უფრო თანამედროვე მეთოდოლოგიით წარვმართო.”

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button

თამარ ბექაური

თამარ ბექაური, ილიაუნის ბიზნესის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამის მონაწილეა.
 
თამარი ერთი სემესტრით იმყოფება ტუშას უნივერსიტეტში Università degli Studi della Tuscia (იტალია), სადაც ეუფლება DIEM (ბიზნესის ადმინისტრირების) პროგრამას.
 
“საზღვარგარეთ სწავლა ყოველთვის ძალიან რთულ გამოწვევად მიმაჩნდა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვცადე კონკურსში მონაწილეობა. მჯეროდა, რომ მეც მომეცემოდა ამის შანსი.
აპლიკაცია მხოლოდ ტუშას უნივერსიტეტში გავგზავნე, რამდენიმე ეტაპის გავლის შემდგომ კი დადებითი პასუხი მივიღე მიმღები უნივერსიტეტიდან, სადაც სექტემბრიდან ვსწავლობ.
 
ზოგადად გამოცდილება, რომელსაც საზღვარგარეთ სწავლისას იღებ, მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლებით არ შემოიფარგლება. აქ სწავლობ განსხვავებულ ენას, კულტურასა და ქცევებს.
გარდა იმისა, რომ გაქვს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე, სხვა ქვეყანაში სწავლა დამატებით პასუხისმგელობას გმატებს, რადგან აქ წარმოადგენ შენს ქვეყანასა და შენს უნივერსიტეტს.
 
პირადად მე პირველად მომიწია საზღვარგარეთ ამდენი ხნით ყოფნა. ახალ გარემოში იძენ ახალ მეგობრებს, სწავლობ სხვა ქვეყნის კულტურას, ცდილობ ფეხი აუწყო ახალი ცხოვრების სტილს. სწავლობ დამოუკიდებლობას, გამოწვევებთან გამკლავებას, გადაწყვეტილებების მიღებას, გიჩნდება უფრო მეტი პასუხისმგებლობა, გიწევს დრო სწორად გადაანაწილო, რომ დრო სწავლისა და კულტურის შეცნობისთვის ერთნაირად სასარგებლოდ გამოიყენო.
ჩემთვის ეს პერიოდი უმნიშვნელოვანესია და მინდა, რომ მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ენობრივი ბარიერი, სასწავლო პროცესი ძალიან საინტერესოა, მომწონს გარემო, სადაც სტუდენტები სწავლაზე ორიენტირებულნი არიან და საკმაოდ კონკურენტულ გარემოს ქმნიან.
რომ შევაჯამო, ასეთი გაცვლითი პროგრამები ნამდვილად უდიდესი შანსია ჩვენთვის, რომ გავიღრმავოთ პროფესიული თუ პიროვნული უნარები, გავიცნოთ ახალი კულტურა, მივიღოთ ახალი გამოცდილება, რაც ჩვენთვისაც და უნივერსიტეტისთვისაც უმნიშვნელოვანესია. ნამდვილად დასაფასებელია, რომ ილიაუნი გვაძლევს ასეთ შესაძლებლობას და გვეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაში.”
#WeAreIliauni #ErasmusPlusISU 🌍
 
 
Share Button

ელენე ხარიტონიშვილი

ელენე ხარიტონიშვილი, ილიაუნის ბიზნესის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილეა.
ელენე ერთი სემესტრით იმყოფებოდა ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში FH Burgenland (ავსტრია), სადაც ეუფლებოდა პროგრამას საერთაშორისო ბიზნესის ურთიერთობების მიმართულებით.
ელენე გვიზიარებს თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს:
,,სკოლის პერიოდიდან აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის აქტივობაში და ყოველთვის მსურდა, რომ გავმხდარიყავი ერასმუსის პროგრამის მონაწილე. ვთვლი, რომ ახალი კულტურისა და გარემოს გასაცნობად საუკეთესო გზაა, მცირე დროით მაინც გახდე მისი ნაწილი. ერასმუსამდე ცოტა ხანს ამერიკაში ვსწავლობდი და სკოლის პერიოდშიც მიმიღია მონაწილეობა საერთაშორისო პროგრამებში, რის გამოც მსურდა, რაღაც ახალი აღმომეჩინა და ამიტომ ავსტრიაში სწავლა ჩემთვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნებოდა უნარების განსავითარებლად.
ერასმუსის პროგრამის დროს შევიძინე არაერთი უცხოელი მეგობარი და გავეცანი ახალ კულტურებს. რასაკვირველია, ერთადაც ბევრი ვიმოგზაურეთ და გადაგვხვდა ბევრი საინტერესო თავგადასავალი. ყველაზე საინტერესო მოგონება კი მაინც საერთაშორისო ოფისის მიერ დაგეგმილი ერასმუსელების ველოსიპედების ტური იყო, როდესაც ცხოვრებაში პირველად დავჯექი ველოსიპედზე. დაპირებული 5-8 კილომეტრის ნაცვლად გზაში გადაწყდა ავსტრიის ტბისთვის (Neusiedlersee) მთლიანად შემოგვევლო და 9-10 საათის განმავლობაში დაახლოებით 75 კილომეტრი გავიარეთ ჩვენს ქალაქში დასაბრუნებლად.
ავსტრიაში საერთაშორისო ბიზნესის ურთიერთობების (International Business Relations) ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ავსტრიის საგანმანათლებლო სისტემამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. კურსების უმეტესობა დატვირთული იყო პრაქტიკული და შემეცნებითი აქტივობებით. სემესტრის განმავლობაში გვქონდა ძალიან საინტერესო ახალგაზრდა სტარტაპერთა დემო დღეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ მოწვეულნი. განსაკუთრებით საინტერესო იყო პროექტების მენეჯმენტის კურსი, რომლის ფარგლებშიც გავეცანი ჩემთვის იმ დროს უცნობ თანამედროვე დაგეგმვის მოდელებს და გადავიღე ერასმუსის ცხოვრების ამსახველი მცირე დოკუმენტური ფილმი.”
#WeAreIliauni #ErasmusPlusISU
Share Button

გიორგი ოდოშაშვილი

გიორგი ოდოშაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus +– ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილეა.
გიორგი ერთი სემესტრით იმყოფებოდა გრონინგენის უნივერსიტეტში University of Groningen (ნიდერლანდები), სადაც ეუფლებოდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო მენეჯმენტის მიმართულებებს. შემდეგ სემესტრში, ასევე ილიაუნის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ის გერმანიაში, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში გაემგზავრება.
გიორგი გვიზიარებს თავის გამოცდილებისა და შთაბეჭდილებებს:
„ უცხოეთში ყოფნა კარგი საშუალებაა საკუთარი თავის აღმოჩენისთვის, მომეცა სირთულეების გადალახვის და სიახლეებთან ადაპტაციის შესაძლებლობა. საკმაოდ რთული იყო გრონინგენის უნივერსიტეტში სწავლა, რადგან ერთ-ერთი პირველია მსოფლიო რანჟირების სისტემაში. ძალიან მიხარია რომ მე ეს მოვახერხე. მოგზაურობის შესაძლებლობამ და უცხო კულტურების გაცნობამ ლომის წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. გავცდი წრეში მოქცეულ სააზროვნო არეალს და გავიცანი უამრავი ფართო თვალსაწიერის მქონე ადამიანი, შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი, ჩემს პროფესიაში გავიღრმავე ცოდნა.
ძალიან მინდა, ბევრ სტუდენტს ჰქონდეს „იქიდან“ რეალობის დანახვისა და აღქმის შესაძლებლობა. ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრს ვურჩიო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. ერაზმუსმა მართლაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში.“

 

Share Button

ანა ქიტიაშვილი

ანა ქიტიაშვილი, ილიაუნის ბიზნესის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus +-ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილეა.

ანა ერთი სემესტრი იმყოფებოდა საქსიონის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (Saxion University of Applied Sciences(ნიდერლანდები)), სადაც ეუფლებოდა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მენეჯმენტს (Managing Innovating Organizations) და პარალელურად ჰოლანდიურ კომპანიაში სტაჟირებას გადიოდა.

ანა გვიზიარებს თავის გამოცდილებისა და შთაბეჭდილებებს:

„მიყვარს თავგადასავლები, ამიტომ ცხოვრებაში ფაქტობრივად არაფერს ვგეგმავ. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაც სპონტანური გადაწყვეტილება იყო, რომელმაც გაამართლა და ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ასეთი შანსი მომეცა.
ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებაა ჯერჯერობით, რადგან ამ პერიოდში განვვითარდი როგორც პიროვნულად, ისე კარიერული თვალსაზრისით. ვისწავლე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მენეჯმენტი (Managing Innovating Organizations), რაც ძალიან საინტერესოა და მიხარია, რომ საქართველო ცდილობს ამ მიმართულებით განვითარებას. ერთ-ერთი კურსის ფარგლებში სტუდენტების ჯგუფს გვქონდა დავალება ჰოლანდიური კომპანიისთვის Flexxolutions კომპანიის განვითარების სტრატეგია შეგვექმნა. ივნისში, სტრატეგიაზე მუშაობის დასრულებისა და კომპანიისთვის მისი წარდგენის შემდეგ, მივიღე შემოთავაზება სტაჟირება გამევლო მათთან და მემუშავა ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის განვითარებაზე, რაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო.
ჰოლანდია და ეს გამოცდილება ჩემთვის საინტერესო, დამოუკიდებელ ცხოვრებას უკავშირდება და ვფიქრობ, რომ ყველა სტუდენტს უნდა მიეცეს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.“

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button

მარიამ ხომერიკი

ილიაუნის ბიზნესის სკოლის მაგისტრანტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ვარშავის (პოლონეთი) ეკონომიკურ სკოლაში.

ვკითხულობ სამეცნიერო ფანტასტიკას.

ვუსმენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას განწყობის შესაბამისად: პოსტროკს, მელოდიურ ელექტრონულ მუსიკას, ჰიპ-ჰოპს, თრეფს.

ვფიქრობ განვითარებაზე.

მიყვარს თავგადასავლები.

მსურს შევქმნა საკუთარი სტარტაპი, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების გადაჭრას.

თანატოლებს ვურჩევდი, არასოდეს თქვან უარი გამოწვევებზე და არ დაკარგონ ბრძოლის უნარი; გარდა პროგრამით გათვალისწინებული საკითხებისა, იკითხონ ბევრი და ისწავლონ ცოდნის და არა ქულების მისაღებად.

დაბრუნების შემდეგ სწავლას გავაგრძელებ ილიაუნიში და პრაქტიკაში გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას.

ილიაუნი არის უნივერსიტეტი, სადაც ჩაბარების ბევრ მიზეზს დავასახელებდი, თუმცა, მთავარი მაინც არის ის, რომ ილიაუნიმ მომცა შესაძლებლობა, მიმეღწია დიდი ხნის მიზნისთვის და მესწავლა საზღვარგარეთ. Erasmus + გაცვლითი პროგრამის შესახებ სწორედ ილიაუნის ვებგვერდიდან შევიტყვე.

ჩემი პროფესია შესაძლებლობას მაძლევს გავერკვიო იმ ძირითად პროცესებსა და ტენდენციებში რაც ახასიათებს თანამედროვე ბიზნესგარემოს. ბიზნესის ადმინისტრირების, კერძოდ – მენეჯმენტის შესწავლა მაძლევს სტიმულს, ვიყო წარმატებული ამ სფეროში და ხელი შევუწყო მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას.

Share Button

ლაშა სუხიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი​; ​პასკალის პრემიის ლაურეატი 2015 და 2016 წლებში

ვკითხულობ წიგნებს, რომლებიც მიდევს თაროზე, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, საერთო ჯგუფში ვერ გავაერთიანე; ვკითხულობ, ასევე, პროფესიულ ლიტერატურას.

ვუსმენ​ ელექტრონულ მუსიკას, ზოგიერთი ქვეგანხრის გამოკლებით; ასევე – ჯაზს და მიყვარს კლასიკური მუსიკის მოსმენა ცოცხალი შესრულებით.​

ვუყურებ​ ​ფილმებს, რომელიც იმ დროის განწყობას შეესაბამება. მომწონს კინოფესტივალებზე გამოტანილი არაჰოლივუდური ფილმები.

მიყვარს​ კონტრასტები – მოკლე პერიოდში გარემოების სწრაფი ცვლა.​

მაინტერესებს ყველაფერი დედამიწის ზურგზე და მიწის ქვეშ, მგონი, კიდევ უფრო.

​​ვერთობი ​ქალაქგარეთ გასვლით, მეგობრებთან ურთიერთობით და „წმ. პარასკევობით“.

მინდა,​ საქართველოში შემოვიდეს ბევრი თანამედროვე ცოდნა და ახალგაზრდებს და „ძველგაზრდებს“ ხელი მიგვიწვდებოდეს განვითარების ამ ხელსაწყოზე; მინდა თავებში საბჭოთა კავშირის ნგრევა; მინდა Cards Against Humanity-ის თამაში.

შევცვლიდი ​საქართველოს დედაქალაქს.

ჩემი პროფესია არის​ იმის გამოძიება, თუ როდის და როგორ​ წარმოიქმნება მთები და ამ პროცესში რა გავლენას ახდენს ჩვენზე მეწყრების,მიწისძვრების, მდინარეების, კლიმატის ცვლილებისა და სხვა გამოვლინებებით.

Share Button