ბარბარა ბარლიანი

Share Button

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ფილოსოფიის მიმართულებით.

?ვუსმენ ძირითადად ელექტრონულ მუსიკას, კერძოდ ემბიენტს. იქიდან გამომდინარე, რომ ავირჩიე ილიაუნის სალექციო კურსი ელექტროაკუსტიკური მუსიკის მიმართულებით, მიწევს შეხება ერთ-ერთ პროგრამასთან, რომელშიც შეგიძლია თავადვე აკეთო მუსიკა. ამდენად, ორმაგად საინტერესო, ინკლუზიური და რეფლექსურია ამ მუსიკასთან დაკავშირებული ცოდნის მიღება.

◾ვკითხულობ, ძირითადად, ფილოსოფიურ ლიტერატურას, ვინაიდან ჩემი პროფესია მოითხოვს სწავლის პროცესში ამას, თუმცაღა, ერთ-ერთი ძირითადი საკითხავი ფემინისტური ლიტერატურა და გენდერის თეორიებია მაშინ, თუკი სემესტრული გამოცდებისთვის არ ვემზადები.

?ვუყურებ თითქმის ყველაფერს და ვცდილობ, არ ჩამოვრჩე კინემატოგრაფის სიახლეებს, თუმცა, პირველ ადგილზე ევროპულ კინოს ვაყენებ. სხვათა შორის, ახლახან აღმოვაჩინე ქსავიერ დოლანი – ახალგაზრდა კანადელი რეჟისორი,  რომელსაც, ჩემი აზრით, წარმატების დიდი პოტენციალი აქვს. ბოლო ფილმი კი, რომელიც დიდი სიამოვნებით ვნახე, იყო ჯიმ ჯარმუშის “Paterson”.

⚪მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია. ბოლო დროს ვხვდები, რამდენად მახარებს მათთან ურთიერთობა და საერთო ინტერესების გაზიარება თუ განსხვავებულის აღმოჩენა.

◾მაინტერესებს ზუსტი მეცნიერებები, უფრო ზუსტად, ქიმია. დღემდე ვნანობ, რომ მთავარ პროფესიად ის არ ავირჩიე. თუმცა, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, აუცილებლად მივუბრუნდები ამ მიმართულებას. რაც შეეხება ახალ ინტერესს: როგორც ზემოთ აღვნიშნე, ელექტროაკუსტიკური მუსიკა და მისი ტექნოლოგიებია ის, რასაც აუცილებლად შევისწავლი პროფესიულ თუ არა, სამოყვარულო დონეზე მაინც.

?მინდა, რომ ახალგაზრდებს აინტერესებდეთ პოლიტიკური და სოციალური პრობლემატიკა. რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახალგაზრდა ადამიანს, არის სამოქალაქო, პოლიტიკური ცნობიერება და მის გარშემო შექმნილ ვითარებაში სასიკეთო წვლილის შეტანა; განათლების, ეკონომიკის, გენდერის, სექსუალური უმცირესობებისა და სხვა საკითხებისადმი მგრძნობელობა.

?შევცვლიდი… ეს გრამატიკული ფორმა თავის თავში მოქმედების შესრულების შეუძლებლობას მოიცავს, რაც ყოფასთან არარელევანტურია, ამიტომ ალბათ კი არა, ვერაფერს შევცვლიდი საოცნებო პერსპექტივიდან. თუმცაღა, მომავალში ბევრი რამის შეცვლა შეიძლება ისევ ჩვენი სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით.

?ადამიანებს ვურჩევდი იმას, რაც მე მაკლია; ვურჩევდი, იყვნენ მიზანდასახულები და შრომისმოყვარეები, რაც უნდა დილემად ჟღერდეს ეს. მეორე მხრივ, ნამდვილად რთულია მიზნების განხორციელება ისეთ ქვეყანაში, რომლის ეკონომიკა ძალიან დაბალ საფეხურზეა.

?ჩემი პროფესია იქნება ფილოსოფია, როცა ბაკალავრის დიპლომს გადმომცემენ, თუმცა იმედი მაქვს, იმ სურვილების განხორციელებასაც შევძლებ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.