მარიამ ყეინაშვილი

Share Button

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს გრონინგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტში.

◾რატომ ჩემი პროფესია: თავიდანვე მსურდა, კითხვა გამეხადა პროფესიად, ამიტომაც, ლიტერატურათმცოდნეობა ავირჩიე. ვსწავლობ ლიტერატურის თეორიებს, ეპოქებს, მიმდინარეობებს, ზოგადად მწერლობას, როგორც მედიასაშუალებას ანტიკურობიდან დღემდე; ლექციებზე ვეხებით სემიოტიკასა და ლინგვისტიკას. ასევე, ვსწავლობ ციფრულ კომუნიკაციას, რაც მეორე ინტერესის სფეროში – გრაფიკულ დიზაინში – მიღრმავებს ცოდნას. ეს სფერო მოიცავს ადამიანების ურთიერთობას ვირტუალურ სივრცესთან და სივრცეში.

? ვკითხულობ ჰერბერტ უელსის „დროის მანქანას“.

ვუსმენ მუსიკას განწყობის მიხედვით, ჟანრობრივი შეზღუდვა არ მაქვს.

? ვფიქრობ და მაწუხებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, სიყალბე, უმოქმედობის შეგრძნება, დღითიდღე მზარდი ბოროტება და, ვფიქრობ, რა შეიძლება უშველოს ერთმა ადამიანმა მრავლის მიერ დაშვებულ შეცდომებს.

მიყვარს ადამიანები და ჩემი საქმე.

?საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლას და მუშაობას აღნიშნულ სფეროებში გავაგრძელებ. გეგმაში მაქვს ორივე მათგანის კომბინირება. ლიტერატურათმცოდნეობა უსაზღვრო და თავისუფალი სფეროა, მოიცავს ყველანაირი მიმართულების ტექსტებს: ფილოსოფიურს, თეოლოგიურს, მხატვრულს… ის თავს არ გახვევს საკუთარ კანონებსა და წესებს, თუ როგორ უნდა წაიკითხო ესა თუ ის ტექსტი. არ არსებობს კანონი გააზრებისთვის; ლიტერატურა ქმნის უსაზღვროდ დიდ სივრცეს ინდივიდში. ლიტერატურას ახასიათებს დამოკიდებულება, დამოკიდებულება იდეებზე, თუმცა ის პატიმრად კი არ გაქცევს, არამედ გაძლევს საშუალებას, გადასინჯო ეს იდეები, ერთმანეთს დაუპირისპირო ან დაუკავშირო და ჩამოაყალიბო საკუთარი ხედვა; შენში აღმოაჩინო და შეამჩნიო ის, რაც უკვე არსებობს. გრაფიკული დიზაინით გატაცება კი შემოქმედების სურვილია. მგონია, რომ შემოქმედება ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე ხატვის პროცესი მსიამოვნებს, მსიამოვნებს სხვადასხვა ხასიათის გადატანა ილუსტრაციაში; ფერები და ფორმები დიდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს სფეროც ისევე მათავისუფლებს, როგორც ლიტერატურა.

სტუდენტებს ვურჩევ აკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ. ძალიან მნიშვნელოვანია შეგრძნება, რომ გათავისუფლებს ის, რასაც აკეთებ.

? ილიაუნი არის უნივერსიტეტი, რომელიც დიდ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ ახალი გამოცდილება, რომელიც მხოლოდ მომავლის ან კარიერის დაგეგმვაში კი არ დაეხმარება მათ, არამედ პიროვნულ ფორმაციაშიც შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ილიაუნი მუდმივად მუშაობს აკადემიური სივრცის განვითარებაზე, აწყობს უამრავ ღია პროექტსა და საჯარო ლექციას; მასპინძლობს ცნობილ პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოში და უცხო ქვეყნებიდან; სტუდენტებს სთავაზობს ისეთ საინტერესო პროგრამებს, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკული პროგრამა Liberal Arts. ERASMUS + გაცვლითი პროგრამის შესახებაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიტყვე და ამჟამად ნიდერლანდებში ვსწავლობ.