მარიამ ხომერიკი

Share Button

ილიაუნის ბიზნესის სკოლის მაგისტრანტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ვარშავის (პოლონეთი) ეკონომიკურ სკოლაში.

🔶 ვკითხულობ სამეცნიერო ფანტასტიკას.

🔴 ​​ვუსმენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას განწყობის შესაბამისად: პოსტროკს, მელოდიურ ელექტრონულ მუსიკას, ჰიპ-ჰოპს, თრეფს.

◾ვფიქრობ განვითარებაზე.

🔺მიყვარს თავგადასავლები.

⚪ მსურს შევქმნა საკუთარი სტარტაპი, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების გადაჭრას.

◾თანატოლებს ვურჩევდი, არასოდეს თქვან უარი გამოწვევებზე და არ დაკარგონ ბრძოლის უნარი; გარდა პროგრამით გათვალისწინებული საკითხებისა, იკითხონ ბევრი და ისწავლონ ცოდნის და არა ქულების მისაღებად.

🔸დაბრუნების შემდეგ სწავლას გავაგრძელებ ილიაუნიში და პრაქტიკაში გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას.

🔴ილიაუნი არის უნივერსიტეტი, სადაც ჩაბარების ბევრ მიზეზს დავასახელებდი, თუმცა, მთავარი მაინც არის ის, რომ ილიაუნიმ მომცა შესაძლებლობა, მიმეღწია დიდი ხნის მიზნისთვის და მესწავლა საზღვარგარეთ. Erasmus + გაცვლითი პროგრამის შესახებ სწორედ ილიაუნის ვებგვერდიდან შევიტყვე.

🔷ჩემი პროფესია შესაძლებლობას მაძლევს გავერკვიო იმ ძირითად პროცესებსა და ტენდენციებში რაც ახასიათებს თანამედროვე ბიზნესგარემოს. ბიზნესის ადმინისტრირების, კერძოდ – მენეჯმენტის შესწავლა მაძლევს სტიმულს, ვიყო წარმატებული ამ სფეროში და ხელი შევუწყო მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას.

მეგი გამტკიცულაშვილი

Share Button

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ეკოლოგიის მიმართულებით.

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს სალონიკის (საბერძნეთი) არისტოტელეს უნივერსიტეტში.

🔶 ვკითხულობ, ძირითადად, ფოლოსოფიურსა და დეტექტიურ ნაწარმოებებს. ასევე, სამეცნიერო სტატიებს.
 
ვუსმენ ყველანაირი ჟანრის მუსიკას, განწყობის შესაბამისად.
 
🔷ვფიქრობ, რამდენად უკეთესი იქნებოდა სამყარო, თითოეულმა ჩვენგანმა სულ მცირე სიკეთე რომ გააკეთოს ყოველდღე.
 
🔺 მიყვარს მოგზაურობა, თავგადასავლები და მარციპანი შოკოლადით.
 
🔸მინდა, საქართველო უფრო სუფთა და მწვანე ქვეყანა იყოს, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებით, ნაკლები ბრაკონიერითა და ნარჩენების მოწესრიგებული დახარისხება-გადამუშავების სისტემით.
 
როცა დავბრუნდები, სწავლის გაგრძელებასთან ერთად, ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN). ძირითადად, ახალგაზრდებთან ვმუშაობ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აქ მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ როგორც უნივერსიტეტში, ისე სამსახურში.
 
🔴 სტუდენტებს ვურჩევ, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა საკუთარი განვითარებისათვის. ვისურვებდი, რომ ყველა ახალგაზრდას მიეცეს საზღვარგარეთ სწავლის ან მუშაობის შესაძლებლობა. პროფესიულს რომ თავი დავანებოთ, ეს საუკეთესო საშუალებაა პიროვნული განვითარებისთვის.
 
🔷 ილიაუნი არის უნივერსიტეტი, რომელშიც ყველაზე მეტად ვაფასებ მის სამ ძირითად პრინციპს: აკადემიურ, სინდისის და არჩევანის თავისუფლებას. გარდა ამისა, კვალიფიციური ლექტორები, სწავლების თანამედროვე მეთოდები და სტუდენტის კეთილდღეობაზე მორგებული სისტემა ძალიან საინტერესოს ხდის ამ უნივერსიტეტს ჩემთვის.

ანი რაინაული

Share Button

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ტურკუს (ფინეთი) უნივერსიტეტში.

🔶 ვკითხულობ იმას, რაც ჩემში გამოიწვევს შთაგონებას და მრავალფეროვან/განსხვავებულ ემოციებს.

◾ვუსმენ  ნებისმიერ მუსიკას, რაც ჩემზე ემოციურად იმოქმედებს.

🔷 მიყვარს სიმღერა, წერა, მოსმენა – როგორც მუსიკის, ისე ადამიანების.

🔺 საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ახალი ძალებით შევუტევ ჩემს კარიერულ წინსვლას და სიამოვნებით გავუზიარებ სხვებს ჩემს გამოცდილებას.

▪ ჩემი პროფესია: ფსიქოლოგიამდე ადამიანების მიმართ ინტერესმა მიმიყვანა. ყოველთვის შეიძლება რაღაც განსხვავებული იპოვო პიროვნებაში.

🔴 სტუდენტებს ვურჩევ, იყვნენ შემოქმედებითები და არ შეეშინდეთ რისკის. გიჟური იდეებიც კი შეიძლება საინტერესო რეალობად იქცეს.

 

მარიამ ყეინაშვილი

Share Button

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს გრონინგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტში.

◾რატომ ჩემი პროფესია: თავიდანვე მსურდა, კითხვა გამეხადა პროფესიად, ამიტომაც, ლიტერატურათმცოდნეობა ავირჩიე. ვსწავლობ ლიტერატურის თეორიებს, ეპოქებს, მიმდინარეობებს, ზოგადად მწერლობას, როგორც მედიასაშუალებას ანტიკურობიდან დღემდე; ლექციებზე ვეხებით სემიოტიკასა და ლინგვისტიკას. ასევე, ვსწავლობ ციფრულ კომუნიკაციას, რაც მეორე ინტერესის სფეროში – გრაფიკულ დიზაინში – მიღრმავებს ცოდნას. ეს სფერო მოიცავს ადამიანების ურთიერთობას ვირტუალურ სივრცესთან და სივრცეში.

🔶 ვკითხულობ ჰერბერტ უელსის „დროის მანქანას“.

ვუსმენ მუსიკას განწყობის მიხედვით, ჟანრობრივი შეზღუდვა არ მაქვს.

🔺 ვფიქრობ და მაწუხებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, სიყალბე, უმოქმედობის შეგრძნება, დღითიდღე მზარდი ბოროტება და, ვფიქრობ, რა შეიძლება უშველოს ერთმა ადამიანმა მრავლის მიერ დაშვებულ შეცდომებს.

მიყვარს ადამიანები და ჩემი საქმე.

🔷საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლას და მუშაობას აღნიშნულ სფეროებში გავაგრძელებ. გეგმაში მაქვს ორივე მათგანის კომბინირება. ლიტერატურათმცოდნეობა უსაზღვრო და თავისუფალი სფეროა, მოიცავს ყველანაირი მიმართულების ტექსტებს: ფილოსოფიურს, თეოლოგიურს, მხატვრულს… ის თავს არ გახვევს საკუთარ კანონებსა და წესებს, თუ როგორ უნდა წაიკითხო ესა თუ ის ტექსტი. არ არსებობს კანონი გააზრებისთვის; ლიტერატურა ქმნის უსაზღვროდ დიდ სივრცეს ინდივიდში. ლიტერატურას ახასიათებს დამოკიდებულება, დამოკიდებულება იდეებზე, თუმცა ის პატიმრად კი არ გაქცევს, არამედ გაძლევს საშუალებას, გადასინჯო ეს იდეები, ერთმანეთს დაუპირისპირო ან დაუკავშირო და ჩამოაყალიბო საკუთარი ხედვა; შენში აღმოაჩინო და შეამჩნიო ის, რაც უკვე არსებობს. გრაფიკული დიზაინით გატაცება კი შემოქმედების სურვილია. მგონია, რომ შემოქმედება ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე ხატვის პროცესი მსიამოვნებს, მსიამოვნებს სხვადასხვა ხასიათის გადატანა ილუსტრაციაში; ფერები და ფორმები დიდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს სფეროც ისევე მათავისუფლებს, როგორც ლიტერატურა.

სტუდენტებს ვურჩევ აკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ. ძალიან მნიშვნელოვანია შეგრძნება, რომ გათავისუფლებს ის, რასაც აკეთებ.

🔶 ილიაუნი არის უნივერსიტეტი, რომელიც დიდ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ ახალი გამოცდილება, რომელიც მხოლოდ მომავლის ან კარიერის დაგეგმვაში კი არ დაეხმარება მათ, არამედ პიროვნულ ფორმაციაშიც შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ილიაუნი მუდმივად მუშაობს აკადემიური სივრცის განვითარებაზე, აწყობს უამრავ ღია პროექტსა და საჯარო ლექციას; მასპინძლობს ცნობილ პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოში და უცხო ქვეყნებიდან; სტუდენტებს სთავაზობს ისეთ საინტერესო პროგრამებს, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკული პროგრამა Liberal Arts. ERASMUS + გაცვლითი პროგრამის შესახებაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიტყვე და ამჟამად ნიდერლანდებში ვსწავლობ.