ილიაუნის სტუდენტებმა ევროკავშირის მოდელირებაში მიიღეს მონაწილეობა

29-30 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები – ნინო გაბელაშვილი, ოთარ ჯინჭარაძე, სალომე სამსიანი, მარიამ ანჯაფარიძე – ეწვივნენ კოსოვოს, სადაც მონაწილეობა მიიღეს პრიშტინის უნივერსიტეტის “Hasan Pristina” (კოსოვო) მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის სიმულაციაში.

სიმულაცია, რომელიც გაიმართა Erasmus + Jean Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking “Europe at the periphery) ფარგლებში, ეხებოდა თემას „ევროკავშირის გავლენა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე უკრაინის ომის ფონზე.

სიმულაციაში მონაწილეობას იღებდა 30-მდე სტუდენტი სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტიდან. ილიაუნის წარმომადგენლები სიმულაციაში წარმატებული მონაწილეობისათვის გამორჩეული დელეგატების პრიზებით დაჯილდოვდნენ.

კოსოვოში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფ. გიორგი გვალია და პროფ. დავით აფრასიძე.

2023 წელი

Share Button

მარიამ აბაშიძე – ერთხელ ერასმუსით

2 თვის წინ დავასრულე ილიაუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამა. პროფესიით იურისტი ვარ. მიმუშავია როგორც იურიდულ, ასევე სხვა სფეროში. ვიყავი ადვოკატის დამხმარე გიორგი ზარნაძის იურიდიულ კომპანიაში, სტაჟიორი ილიაუნის სამართლის სკოლის ადმინისტრაციაში.
ასევე სოციალური მედია მაინტერესებს. ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ვსწავლობდი სოცმედიისა და „ქოფირაითინგის“ კურსზე. ამჟამად ვარ სოციალური მედიის მენეჯერი ერთ-ერთ კომპანიაში და ასევე ოფისმენეჯერი.
ვემზადები უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად და ბევრი წარმატებული დღისათვის.

Erasmus + გაცვლითმა პროგრამამ მასწავლა, თუ როგორ ვიყო დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც არ ეშინია სირთულეების, ახალი ენის, ახალი ქვეყნისა თუ ხალხის. მასწავლა, როგორ მივიღო სიახლე და გავხდე მისი ნაწილი.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის საინტერესო ლექციები, რომლებიც გაცვლითი პროგრამის დროს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ იყო შემოთავაზებული. აი, მაგალითად: ლექციები შეეხებოდა ისეთ საკითხს, როგორიცაა ადამიანის მიერ კოსმოსის ათვისების სამართლებრივი ასპექტები. ისეთ საინტერესო საქმეებზე ვმსჯელობდით, როგორიცაა, მაგალითად, ილონ მასკის მიერ მთვარეზე Space X-ის გაშვება. იენაში სწავლის დროს ბევრ ისეთ სალექციო კურსს დავესწარი, რომელთაც საქართველოს რეალობაში ანალოგი არ აქვს. აღნიშნული სალექციო კურსების გავლამ ერთმნიშვნელოვნად გააფართოვა ჩემი, როგორც მომავალი იურისტის, თვალსაწიერი.

Erasmus + გაცვლითი პროგრამის დროს მიღებული ცოდნა მეტად მრავალმხრივი და უნიკალური იყო. პროგრამის დროს სამართლის ბევრ ისეთ დარგზე შემექმნა წარმოდგენა, რომლებზეც მანამდე არ ვფლობდი ინფორმაციას.

გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ვიყავი გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად წასული და ხშირად შემიდარებია ილიაუნი მასპინძელი უნივერსიტეტისათვის. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ გაცვლითი პროგრამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რაოდენ მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს ილიაუნი სტუდენტებს. როგორც ილიაში, ასევე იენის უნივერსიტეტში დაგხვდებათ ძალიან კარგი გარემო, სასწავლო ელექტრონული სისტემა, კვალიფიციური ლექტორები, აწყობილი სალექციო პროცესი და სხვ.

ყველაზე საინტერესო კურსი სამართლის აქტუალური საკითხები იყო, რომლებიც შემდეგ თემებს მოიცავდა: ევთანაზია, სივრცის სამართალი და სხვ.

იქ ყოფნის პერიოდში უამრავი ქალაქი შემოვიარეთ პროგრამის ფარგლებში, უამრავი ქვეყნიდან გავიცანით ადამიანები. მორმონების რელიგიურ მიმდინარეობასაც კი შევეჩეხე.

სტუდენტებს, რომლებსაც სურთ, რომ Erasmus + გაცვლით პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, ვურჩევდი, არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს. არაფერი იწყება ამბიციის გარეშე და არაფერი მთავრდება შრომის გარეშე. სცადეთ მანამ, სანამ გამარჯვებულთა სიაში არ აღმოჩნდებით.

Share Button

სოფო როსტიაშვილი – ერთხელ ერასმუსით

ჩემი სტუდენტობის ისტორია უკავშირდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევის რთულ პროცესში მიღებული გადაწყვეტილება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემესწავლა სოციოლოგია, გამოდგა ერთ-ერთი სწორი არჩევანი, საინტერესო ცხოვრებისა და ბევრი სიახლის დასაბამი. ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი: როცა პირველად ახალწვეულთა საზაფხულო სკოლაში ჩემი მომავალი ლექტორები გავიცანი; როცა პირველად დავესწარი ლექციას; შემდეგ არაერთ სტუდენტურ აქტივობაში რომ მივიღე მონაწილეობა; როცა 2019 წელს დავასრულე სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და ერთი წლის შემდეგ აქვე განვაგრძე სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე ამავე მიმართულებით. ვრწმუნდები ახლაც, როცა საფრანგეთში, ნიცაში, სწავლას Erasmus+ გაცვლით პროგრამაზე ვაგრძელებ.

2019 წლიდან ვმუშაობ სხვადასხვა მიგრაციულ ჯგუფთან საქართველოში. ამავე წელს საინიციატივო ჯგუფის სახით და 2020 წელს ოფიციალურად მეგობრებთან ერთად დავაფუძნე პირველი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი წევრებიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად დევნილები და საქართველოში მცხოვრები საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირები არიან.

ახლა გაცვლითი პროგრამით კოტ დ’აზურის უნივერსიტეტში ვსწავლობ და ვთვლი, რომ ეს ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გამოცდილებაა პროფესიული თუ პიროვნული თვალსაზრისით.

უკვე ვთქვი, რომ 2 წელზე მეტია მიგრაციის სხვადასხვა მიმართულებაზე ვმუშაობ და Erasmus+-მა მომცა უნიკალური შესაძლებლობა, მივიღო ფოკუსირებული აკადემიური ცოდნა სპეციალიზაციაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა. სხვადასხვა პერსპექტივიდან შემიძლია შევისწავლო ეს დისციპლინა და მასში უფრო მეტი საინტერესო ნიუანსი დავინახო, საქართველოში არსებული მიდგომები და პოლიტიკა შევადარო საფრანგეთის, ევროკავშირის მიდგომებს და პროფესიული დასკვნები გამოვიტანო. ეს, რა თქმა უნდა, უპირველესად დამეხმარება უფრო აქტიურად და პროდუქტიულად განვაგრძო საქმიანობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

უმნიშვნელოვანესია მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება და ისიც, რაც ჯერ კიდევ წინ მელოდება. მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია დამოუკიდებლად ვცხოვრობ, Erasmus+-ით სხვა ქვეყანაში ყოფნა ალბათ აღემატება აქამდე დაგროვებულ გამოცდილებას.

ნიცაში ცხოვრება ყოველდღიურად დაკავშირებულია სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნასთან, საფრანგეთში ჩამოსვლამდე მომიწია შევხებოდი სრულიად განსხვავებული ცხოვრების, აღქმისა და მართვის სტილს, გადამელახა არაერთი დაბრკოლება, გადამეწყვიტა მეტ-ნაკლებად კომპლექსური საკითხები. ამიტომ მობილობის დასაწყისიდანვე ველოდებოდი, რომ ჩემთვის აქამდე სრულიად უცნობ, ფრანგულ რუტინაში უნდა მეცხოვრა. შესაბამისად, ყოველ დღეს მართლაც სიახლის მოლოდინით ვიწყებ და ამას, როგორც ზრდის შესაძლებლობას, ისე ვუყურებ. ეს კი ყოველ დღეს საინტერესოს ხდის და მეხმარება სხვადასხვა აღმოჩენის გაკეთებაში. შესაბამისად, მიადვილდება არსებულ გარემოში ცხოვრება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ Erasmus+ ძალიან კარგი შესაძლებლობაა მოგზაურობისთვის, საფრანგეთში ბევრს ვმოგზაურობ, ვნახულობ საინტერესო ადგილებს და ვხვდები მრავალფეროვან ადამიანებს. ეს ყველაფერი მაძლევს ადგილობრივი კულტურის შესწავლის, ახალ-ახალი გამოცდილების მიღების საშუალებას, რაც ჩემში აქამდე უცნობ შესაძლებლობათა აღმოჩენაში დამეხმარება.

ილიაუნიში სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსზე ვარ, აქ, კოტ დ’აზურში, ვსწავლობ მიგრაციის კვლევებს. შესაბამისად, მიგრაციის კვლევები შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც სოციოლოგიის ერთ-ერთი კონკრეტული მიმართულება. ამ პროგრამებს შორის მსგავსება ისაა, რომ ორივე პროგრამაზე ისწავლება კვლევის მეთოდები და საგნები, კვლევაზე ორიენტირებული.
თუმცა ილიაუნის სოციოლოგიის პროგრამასა და კოტ დ’აზურის მიგრაციის კვლევების პროგრამებს შორის ბევრი განსხვავებაა: გამოვყოფდი სწავლების სტრუქტურას. პროგრამაზე ვსწავლობ რამდენიმე საგანს, თითოეულ მათგანს აქვს ორი ან ორზე მეტი ქვესაგანი და სხვადასხვა ლექტორი გვყავს. თითოეულ საგანში ქვესაგნები ერთმანეთის მიყოლებით ან პარალელურად ისწავლება. სხვა პროგრამებზეც მსგავსი მიდგომა მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი სწავლების ამგვარ მეთოდს იყენებს.

მიგრაციის კვლევების ეს კონკრეტული პროგრამა იმით გამოირჩევა, რომ აერთიანებს სამართალს, სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებებს. ამიტომ პროგრამა საშუალებას იძლევა მიგრაცია შევისწავლოთ სხვადასხვა დისციპლინების ფონზე, რაც საბოლოოდ აყალიბებს მრავალფეროვან ცოდნას.

ყოველდღიურად ვხვდები საინტერესო ადამიანებს. საფრანგეთში ჩამოსვლამდე არაერთი რეკომენდაცია და გამოცდილება მოვისმინე ნიცაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, უთქვამთ, რომ ფრანგებს არ უყვართ ინგლისურ ენაზე საუბარი და ინგლისურად მოსაუბრეებთან უხეშები არიან. მეც შესაბამისად განვეწყე, რადგან ჩამოსვლისას ფრანგულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და ფრაზა ვიცოდი. ნიცაში ჩამოსული,იმის გამო, რომ არ მქონდა ინტერნეტი და არც გზები ვიცოდი, დავიკარგე. მოლოდინით, რომ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებდი, ავტობუსის მძღოლს მორიდებით ვკითხე გზა. აღმოჩნდა, რომ ინგლისური არ იცოდა და ვერ დაეხმარა. ამ დროს ავტობუსში ამოვიდა უფროსი ასაკის ფრანგი ქალი, რომელიც ძალიან გულღიად და სტუმართმოყვარედ განეწყო და ჩასვლამდე დაუზარებლად მიხსნიდა, როგორ მივსულიყავი დანიშნულების ადგილას. მან დამარწმუნა, რომ აქამდე მოსმენილი მოსაზრება ყველა შემთხვევაში მართალი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ არაერთხელ შევხვდი ფრანგების უკმაყოფილო ანდა გაოცებულ დამოკიდებულებას ინგლისურ ენაზე საუბრისა და ფრანგულის არცოდნის გამო.

ჯერ ჩემი მობილობის მხოლოდ 1 თვე იწურება, ამიტომ თითოეულ საგანსა და ლექტორს თანაბარი ინტერესით ვეკიდები და მიჭირს რომელიმეს გამორჩევა. მაინც აღვნიშნავ იტალიელ სოციოლოგს დანიელა ტრუსოს და მის საგანს საზღვრების შესახებ. საგანი საინტერესოა, რადგან გვაჩვენებს, რა დიდი მნიშვნელობა და გავლენა აქვს ტერიტორიულ და სიმბოლურ საზღვრებს მიგრაციის კონტექსტში. მას დაგეგმილი აქვს საველე გასვლა, რათა უშუალოდ ვნახოთ ლტოლვილთა ბანაკი და საფრანგეთი-იტალიის საზღვარი მენტონში, რომელიც დღესაც მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს. მეორე მხრივ, ლექტორმა ჩემი განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა თავისი კვლევითი მიმართულებისადმი ინტერესისა და დიდი სურვილის გამო, გადმოგვცეს საინტერესო სოციოლოგიური ცოდნა.

მობილობით დაინტერესებულთ ვურჩევ, იყვნენ ღია იმ შესაძლებლობებისადმი, რომელთაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აძლევს გაცვლითი  პროგრამების სახით. და თუ ერთხელ მაინც ამაზე უოცნებიათ, აუცილებლად სცადონ, მიიღონ მონაწილეობა. არ შეეშინდეთ მოსალოდნელი დაბრკოლებების და სიძნელეებისა, რაც მობილობის დაწყებამდეც კი შეიძლება წარმოიშვას მასპინძელ უნივერსიტეტთან ურთიერთობისას. მსგავსი სირთულეების გადალახვა საკუთარ შესაძლებლობებში დაგარწმუნებთ. ნებისმიერი სირთულის შემთხვევაში, რასაც თავად ვერ გაუმკლავდებიან, ყოველთვის ჰქონდეთ ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მხარდაჭერისა და სწრაფი რეაგირების იმედი.

Share Button

მარიამ ნოზაძე – ერთხელ ერასმუსით

მე ვარ მარიამი, 23 წლის, ილიაუნის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი და ამავე მიმართულების ბაკალავრის ხარისხის მფლობელი. ამჟამად გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები საფრანგეთში, კოტ დ’აზურის უნივერსიტეტში, სადაც ერთი სემესტრი ვისწავლი მიგრაციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე. ჩემი საინტერესო თავგადასავალი დაიწყო ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც ილიაუნი ავირჩიე და, ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია.

ალბათ, ყველასათვის ცნობილია, რომ ერასმუსი მხოლოდ სასწავლო კრედიტების გაცვლითი პროგრამა არ არის და გაცილებით ბევრი ბენეფიტი აქვს. როგორც ყველამ, გაცვლითი სემესტრების დროს მეც ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება, გავხდი უფრო თავდაჯერებული, გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი და ინგლისურად საუბრის ბარიერიც მათთან ურთიერთობამ დამაძლევინა. ეს ყველაფერი მიღებულ აკადემიურ ცოდნასთან ერთად დამეხმარა და კიდევ ბევრჯერ დამეხმარება როგორც პროფესიული ზრდის, ასევე პიროვნული განვითარების გზაზეც.

ერთი შეხედვით, განსხვავება და მსგავსება ასე თვალშისაცემი არ არის, თუმცა, თუ დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ასე სულაც არაა. თუნდაც სწავლის სტრუქტურა. ამ შემთხვევაში საფრანგეთის მაგალითზე ვისაუბრებ, სადაც ილიაუნის სწავლის სისტემისაგან სრულიად განსხვავებული სისტემაა. რაც შეეხება საუნივერსიტეტო სერვისებს, მინდა აღვნიშნო, რომ, პირადი გამოცდილებით, რიგ შემთხვევებში ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი თუ არ აღემატება, არ ჩამოუვარდება მაინც ზოგიერთ ევროპულ უნივერსიტეტს.

გაცვლითი პროგრამა უამრავი მიზეზის გამოა კარგი, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდში გავიცანი. რამდენიმე თვეში ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, ისეთებს, რომლებიც დიდხანს გემახსოვრებათ,გექნებათ ურთიერთობა და, თუ ძალიან გაგიმართლებთ, ცხოვრების ბოლომდე გაგყვებიან. მეგამიმართლა, ამ უკანასკნელთა კატეგორიაში მოვხვდი.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გავლილი ერთ-ერთი ჩემთვის საინტერესო კურსი ეხება არა ჩემს ძირითად პროგრამას, სოციოლოგიას, არამედ სამართალს და ჰქვია შესავალი მიგრაციის კანონში (introduction to migration law). მიუხედავად იმისა, რომ კურსი ძირითადად მოიაზრებს მიგრაციის შესახებ არსებული კანონმდებლობის მიმოხილვას, ის ეხება ზოგად ფრანგულ კანონმდებლობას სხვადასხვა საკითხისა და თემის მიმართ. ამ კურსის სწავლისას აღმოვაჩინე, რამდენად განსხვავდება ჩვენი, თუნდაც შრომითი, კანონმდებლობა ფრანგულისაგან, რომელიც მორგებულია ადამიანის უფლებებზე, და მივხვდი, რომ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი და ეს ბევრი რამ კანონმდებლობაშიც აისახება.

ალბათ გასაკვირი არავისთვის იქნება, რომ ერასმუსის ყველა ისტორია ძვირფასია და გარკვეული დროის მერე უფრო ძვირფასი ხდება, რთულია რომელიმე გამოყო, როცა ამდენი საუკეთესო ისტორია გადაგხდა თავს. დავიწყებ პირველით, ყველაზე მეტად ემოციურით, რომელიც ყველაზე მეტად მეხება. რომში, მარადიულ ქალაქში, მოგზაურობა ჩემთვის პირველი მოგზაურობა იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ და იქამდე რომივით დიადი არაფერი მენახა. მე კი, გამოუცდელმა, ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ რომში ამოვყავი თავი და მეტროსადგურ Colosseo-დან გამოსული შევეჯახე ამ მართლაც კოლოსალურ ქმნილებას. ის წამები მართლაც მთელი ცხოვრება მემახსოვრება, როცა კოლოსეუმი აღიმართა თვალწინ. უდიდესი სიამაყე დამეუფლა,  ალბათ იმიტომ, რომ დიდი შრომის შედეგად შევძელი და მის წინაშე აღმოვჩნდი. რომის ნახვის შესაძლებლობა, ალბათ, ცხოვრებაში ბევრჯერ მომეცემოდა, მაგრამ როდესაც მცირე ასაკში სტუდენტი გაიაზრებ, რომ ამას შენით მიაღწიე, ეს ემოციებს აორმაგებს.

მათთვის, ვისაც სურთ ერასმუსის დიდი ოჯახის წევრები გახდნენ, ალბათ, უკეთესი რჩევა არ მექნება, ვიდრე ეცადონ, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, იშრომონ, ისწავლონ, ფარ-ხმალი არ დაყარონ და თითოეული წამი, რომელსაც ამ საქმეს მოახმარენ, ასმაგად აუნაზღაურდებათ. დადებით პასუხს როგორც კი მიიღებენ, ის სიხარული ყველაფერს გადაწონის, წინ ხომ ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ელით.

 

Share Button

ლევან გიგილაშვილი – ერთხელ ერასმუსით

ბაკალავრზე რომ ჩავაბარე, ფინანსისტობას ვგეგმავდი, თუმცა უნივერსიტეტში მომიწია გამევლო მარკეტინგის მენეჯმენტი. მას შემდეგ მარკეტინგი ჩემი ცხოვრების წესად იქცა, ყველას და ყველაფერს ამ პრიზმიდან ვუყურებ. სიმართლე გითხრათ, ძალიან სახალისო და შემეცნებითია. ჩემი მეგობრისგან გავიგე ილიაუნის ორმაგი სადიპლომო პროგრამის შესახებ, შემდეგ ის, რომ საერთაშორისო მარკეტინგის პროგრამას ასწავლიდნენ მიმღებ უნივერსიტეტში. იმდენად ძლიერი იყო ჩემი სურვილი, ამ პროგრამაზე მესწავლა, რომ დარწმუნებული ვიყავი, კონკურენციას დავძლევდი და შერჩეულებს შორის ვიქნებოდი. ასეც მოხდა!

ავსტრიელები გასაოცარი ხალხია. მათგან ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება. ქუჩაში მოძრაობის წესებიდან დაწყებული ადამიანური ურთიერთობებით დამთავრებული. მუდმივად ფიქრობენ განვითარებაზე. უვლიან და უფრთხილდებიან არა მხოლოდ საკუთარს, არამედ საერთოსაც. არაჩვეულებრივად აბალანსებენ პირად და საზოგადო ინტერესებს. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა ამ ყველაფერს საკუთარი თვალით დავკვირვებოდი და მათთან მესწავლა.

ერასმუსის ყველაზე ძვირფასი მომენტები უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებსაც იქ გაიცნობ და უახლოვდები. ძნელია, ერთი გამოყო. ყველასთან თანაცხოვრებით და ურთიერთობით რაღაცას სწავლობ, მოულოდნელად ხდები ინტერკულტურული სოციუმის ნაწილი, თანდათან სწავლობ სხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან ერთად ცხოვრებას, მშობლიურივით ტკბილი ხდება შუამავალი ენა, რომელიც ყველასთან გაკავშირებს. ერასმუსის გაცვლითი პროგრამა სავსეა გამოცდილებით, დატვირთული და ხალისიანი დღეებით. თუმცა არის ერთი ყველაზე ემოციური დღე, რომლის სიტყვებით აღწერაც შეუძლებელია. ცრემლები, ღიმილი, დაპირებები, რომ აუცილებლად შეხვდებით მომავალში, დღე, როდესაც მტკიცე გადაწყვეტილებას იღებ, რომ შექმნი სამყაროს საზღვრების გარეშე, სადაც შენ და შენი უცხოელი მეგობრები ჩაის დასალევად ესტუმრებით ერთმანეთს სამყაროს ერთი ბოლოდან მეორეში.

ბევრი საინტერესო საგანი გვქონდა, თუმცა ყველაზე დიდი ინტერესით E-commerce and Marketing Metrics ლექციებს ვუსმენდი. ლექტორი თავისი საქმის ენთუზიასტი იყო, ისეთი ემოციით და მონდომებით გვესაუბრებოდა თანამედროვე ტრენდებსა და ტენდენციებზე, სტუდენტებსაც გადმოგვედებოდა ხოლმე მისი აღტაცება.

ერთ-ერთ საგანში მთელი სემესტრის განმავლობაში ვმუშაობდით ბიზნესგეგმაზეც, რომლის პრეზენტაციაც კურსელებისა და ჟიურის წინაშე უნდა გაგვეკეთებინა ბოლო ლექციაზე. ჩემმა გუნდმა სპიკერად მე ამირჩია და, ჩემდა სასიხარულოდ, პრეზენტაციის საინტერესოდ და ორიგინალურად წარმართვისთვის ჟიურის წევრებისა და თანაკურსელების ქათინაურები დავიმსახურე.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნიშნებსა და რეზიუმეს. პროგრამის შერჩევისას ყურადღება სწორედ ამ ორ პარამეტრს ექცევა და შემდგომ გული დაგწყდებათ, თუ ერასმუსის შეუდარებელი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა არ მოგეცემათ არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრების გამო. სხვა ყველა გამოცდილება თითოეულმა სტუდენტმა თავად უნდა შეიგრძნოს.

Share Button

ლიკა ალანია – ერთხელ ერასმუსით

მე ვარ ლიკა ალანია 24 წლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი. ჩემი ძირითადი სპეციალობაა მენეჯმენტი, დაინტერესებული ვარ მარკეტინგითაც. მგონია, რომ ამ ძალიან საინტერესო სფეროში უამრავი კრეატიულად მოაზროვნე ადამიანია.  ჩემთვის გაცვლითი სტუდენტის სტატუსი უცხო არ არის. 2019 წელი ბაკალავრის საფეხურზე სწავლისას, ერასმუს+ პროგრამით ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი) გავატარე. იქ გარკვეულ დონეზე შევისწავლე ესპანური ენაც. მიყვარს სიახლეები და გამოწვევები, ასევე მოგზაურობა, ახალი ადგილებისა და ადამიანების აღმოჩენა.

გაცვლითი პროგრამის დროს ვისწავლე, როგორ დავამყარო ურთიერთობა განსხვავებული ეროვნების, რელიგიისა თუ ღირებულებების მქონე ადამიანებთან, გავიზარდე პროფესიულად. ევროპის მაგალითზე ვისწავლე, როგორ მუშაობს ბიზნესი, ეკონომიკა თუ მარკეტინგი და, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიზარდე პიროვნულადაც. გავხდი უფრო დამოუკიდებელი, ვისწავლე უცხო გარემოში ორიენტირება და საკუთარი აზრის მტკიცედ გამოხატვა. გავიცანი ბევრი ადამიანი – ევროპელები თუ აზიელები. ვფიქრობ, საზღვარგარეთ ყოფნისას შეძენილი თვისებები და გამოცდილება დამეხმარება პროდუქტიული ვიყო ჩემს პროფესიაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვარშავის უნივერსიტეტი ყველაზე მეტად არჩევანის თავისუფლებით ჰგავს ერთმანეთს. შეგიძლია აირჩიო შენთვის საინტერესო საგანი, ლექტორი. ჩემთვის ადვილი იყო უნივერსიტეტის ელექტრონულ სისტემაში ჩართვა, რადგან ძალიან ჰგავს ილიაუნის არგუსისა და მუდლის პროგრამებს, თუმცა შეფასების სისტემა განსხვავებულია.

ჩემ გარშემო უამრავი საინტერესო ადამიანი იყო, გამოვარჩევდი ესპანელ ტანიას, დადებითი ენერგიის გოგონას, რომელიც წარმოშობით ეკვადორიდანაა, თუმცა ბავშვობიდან მადრიდში ცხოვრობს. ჩვენ ესპანეთისა და მოგზაურობისადმი სიყვარულმა დაგვაახლოვა. ბევრს ვსაუბრობდით ესპანეთზე, ის ხშირად უკრავდა მეგობრებისთვის უკულელეზე და ტრადიციული ესპანური თუ ეკვადორული კერძებით გვიმასპინძლდებოდა. მასაც ძალიან მოსწონდა ქართული კერძები.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მენეჯმენტის კურსი, რომელსაც ძალიან საინტერესო ლექტორი გვიკითხავდა, გვასწავლიდა, როგორ უნდა იყო კრეატიული, მიზანსწრაფული, კარგი მეწარმე. პროფესორი მიხაუ ყოველთვის გვაძლევდა თავისუფლებას, გვესაუბრა ჩვენთვის საინტერესო ბიზნესინოვაციებზე. ის შეყვარებული იყო საქართველოზე და ბევრი რამ აინტერესებდა ჩვენი ბიზნესგარემოს, კულტურისა და ბუნების შესახებ.

სახალისო ისტორიებიდან განსაკუთრებით სასიამოვნოდ მახსენდება ჯგუფური მოგზაურობა გდანსკში. ქალაქის ძველი ნაწილის დათვალიერების შემდეგ სტუდენტებმა გადავწყვიტეთ ზღვისპირა ადგილას გავსულიყავით და ბალტიის ზღვის სანაპიროზე გაგვესეირნა. ეს იყო მაისში 12 გრადუს სიცივეში, მაგრამ გადავწყვიტეთ, არ შევპუებოდით და ზღვაში შეგვეცურა. ვერც აღვწერ იმ სიცივეს, განცდას, რაც გამოვიარეთ, თუმცა შესაძლებლობა რომ მქონდეს, იმავეს გავაკეთებდი.

სტუდენტებს ვურჩევ, არასოდეს დანებდნენ, არ შეუშინდნენ უარს, ბევრჯერ სცადონ და აუცილებლად მიაღწევენ სასურველს. როდესაც ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელმა უნივერსიტეტმა შემომთავაზა მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა იყო აგრარული ბიზნესის გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოში, თავიდან შემეშინდა, რადგან ეს სფერო მაინც და მაინც არ იყო ჩემთან ახლოს. თუმცა დავთანხმდი და მოვამზადე თემა ტრანსნაციონალურ კომპანიებზე მსოფლიოს აგრარულ სექტორში. ჩემი ნამუშევარი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა და სიმბოლური საჩუქრებიც მივიღე უნივერსიტეტისგან, რამაც ძალიან გამაბედნიერა. ამიტომ ჩემი რჩევაა, იყავით თავდაჯერებულები. მზად ახალი გამოწვევებისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო ერასმუს +, რომლის დახმარებითაც ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე.

Share Button

თაკო ჩხარტიშვილი–ერთხელ ერასმუსით

თამარ ჩხარტიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი.

გამომდინარე იქედან, რომ სულ რაღაც ერთი თვეა გაცვლითი პროგრამის მონაწილე ვარ, მგონია, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ჩემთვის, როგორც სოციოლოგიის მაგისტრისთვის ყოველი დღე ახალი გაკვეთილია, რომელიც ჩემთვის უცნობი სამყაროს შესწავლაში მეხმარება. პრაქტიკული, ინტელექტუალური ცოდნა საქართველოში დაბრუნებულს, უპირველესად, სამაგისტრო ნაშრომის წარმატებულად დაცვაში დამეხმარება. მომწონს, რომ ყოველდღიურად ვიგებ ჩემთვის უცნობი ავტორების შესახებ, საკუთარი აზრი კი შემიძლია სოციოლოგიისა თუ ანთროპოლოგიის გამოჩენილ მკვლევრებს გავუზიარო.

პირველ რიგში, ვიტყოდი სტუდენტებისადმი დამოკიდებულებას. მომწონს, თუ როგორი უშუალოა სტუდენტსა და ლექტორს შორის დამოკიდებულება, რამდენად მომართულია ყველა დახმარებისთვის. სწავლების მეთოდიკა აქ განსხვავებულია, თუმცა კრიტიკული აზრის პატივისცემა ის უმნიშვნელოვანესი მსგავსებაა, რომელიც ამ ორ უნვიერსიტეტს აერთიანებს.

ერთ დღეს შეიძლება გაიცნო ადამიანი, რომელიც შენგან სრულიად განსხვავებულია აღზრდის სტილით, კულტურით, ისტორიითა თუ ღირებულებებით, თუმცა ეს ადამიანი მეორე დღეს შეიძლება შენი საუკეთესო მეგობარი გახდეს. შვედეთში ყოფნის დროს ყველაზე ახლო ადამიანად ყველაზე ნაკლებად წარმოვიდგენდი ჩემს ახალ მექსიკელ მეგობარს, თუმცა როგორც ჩანს მექსიკა და საქართველო იმაზე მეტად გავს ერთმანეთს, ვიდრე ერთი შეხედვით ვინმეს წარმოდგენა შეუძლია. სუბიექტურადაც და ობიექტურადაც რთულია, ისაუბრო ერთ ყველაზე საინტერესო ადამიანზე, თუმცა მე სწორედ ჩემს ახალ მეგობრებზე საუბარს ვამჯობინებ, რომელთა წყალობითაც საქართველოდან ასობით და ათასობით კილომეტრით შორს მყოფს ერთხელაც თავი სახლს გარეთ არ მიგვრძნია.

მართლა რთულია ისაუბრო ერთ საინტერესო კურსზე, რადგან ყველა ის საგანი, რომელსაც აქ ვსწავლობ გამორჩეულია. გენდერი ჩემი კვლევის საგანია, ამიტომაც განსაკუთრებით სიანტერესო ჩემთვის სწორედ გენდერის თეორიაა. მოცემულ საგანს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გენდერის მკვლევარი მასწავლის, ამიტომაც ყოველ ლექციას დიდი ინტერესით ვესწრები. მომწონს ლექტორის მიდგომა, რომელიც მთლიანად სტუდენტის კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენაა მიმართული.

4 წლის წინ ჯერ კიდევ ბაკალავრზე სწავლის დროს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ვმუშაობდი, მაშინ უფსალას უნივერსიტეტზე ერთმა შვედმა ტურისტმა მომიყვა და სწორედ ასე დაიბადა ჩემს გონებაში ახალი იდეა- მესწავლა სკანდინავიის უძველეს უნივერისტეტში. ტურისტი, რომელიც 4 წლის წინ გავიცანი უფსალას უნივერსიტეტის ლექტორია, ამიტომაც მგონია ყველაზე საინტერესო ისტორია ამ ადამიანთან შეხვედრა და იმის თქმაა, რომ დაპირება საკუთარ თავს ავუსრულე.

სირთულეების გავლით ვარკსვლავებამდე-ასე რომ გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს ვეტყოდი, ყველა სირთულის გადალახვა ღირს შედეგისთვის.

Share Button

ნიკა გელაშვილი– ერთხელ ერასმუსით

MOIN!

ეს ბრემენისთვის (და კიდევ რამდენიმე ქალაქისათვის) დამახასიათებელი მისალმებაა და გადავწყვიტე, დღეს მეც ბრემენულად მოგესალმოთ!

მე, ნიკა გელაშვილი, ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მე-2 კურსის (მე-2 კურსი დავასრულე და თავისუფლად შეიძლება, მე-3 კურსელად ჩავითვალო) ისტორიის მიმართულების სტუდენტი ვარ.

შეიძლება, ჩემი ისტორია ოდნავ განსხვავებული იყოს, მაგრამ, მგონი, მოყოლა ღირს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ ერთ-ერთ მთავარ მიზანს ვერ მივაღწიე, მიუხედავად მრავალი ცდისა, ერასმუსის გაცვლითი პროგრამის მონაწილე ვერ გავხდი, რამაც მიბიძგა ახალ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარებისაკენ, რაც ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დასაწყისი იყო ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების შემდეგ მიზანს გეგმაზომიერად მივყვებოდი, რამაც შედეგი გამოიღო: ერასმუსის + გაცვლითი პროგრამის სტიპენდიატი გავხდი და ბრემენის უნივერსიტეტში ვსწავლობ! ჩემი მიზანი იყო ახალი პროფესიის დაუფლება და ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა საკითხის შესახებ, რაც სამომავლოდ საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში დამეხმარებოდა.

უნივერსიტეტში სწავლის გარდა მონაწილეობა მივიღე სამართლის ბევრ პროექტში. ასევე ონლაინ გამომცემლობა on.ge-ს სტიპენდიატი გავხდი, სტატიების ინგლისურიდან ქართულ ენაზე მევალებოდა. გარდა ამისა, ილიაუნის სამოქალაქო განათლების მოსამზადებელი კურსის სემინარისტი ვიყავი, რაც აბიტურიენტებისათვის ეროვნული საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა თემაზე სემინარების ჩატარებას გულისხმობდა. 2018 წელს ჩემი ნაშრომი დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ  – რესპუბლიკის 100 წელი” 26 საუკეთესო ესეის შორის მოხვდა და კრებულშიც გამოქვეყნდა. კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემიამ კი ჩემი ცოდნა უფრო სრულყოფილი გახადა პოლიტიკური ცხოვრების შესახებ,რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობის ნაწილია.

ჩემი აზრით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სააპლიკაციო ფორმის შევსებიდან იწყება, როდესაც გეგმავ,როგორ სრულყო შენი აპლიკაცია, რათა იმ მიზანს მიაღწიო, რასაც ერასმუსელობა ჰქვია. ამ პროგრამამ მიმახვედრა, რომ წარმატებას ერთეულები აღწევენ, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა არც ისე მარტივი და ია-ვარდით მოფენილია. გერმანიაში ჩამოსვლამდე იყო მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა იმის შესახებ, როგორ შევძლებდი დაბრკოლებების გადალახვას იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო COVID-19 პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ებრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში გარშემომყოფი სტუდენტები მეგობრულები და თბილები არიან, დამოუკიდებლად გიწევს ცხოვრება და ჩემთვის ეს საკვანძო მომენტი იყო. ჩამოსვლის შემდეგ გარკვეული დროის მანძილზე დოკუმენტების მოგვარება (მით უმეტეს, გერმანიაში) და „ქაღალდებთან გამკლავება” ჩემთვის არაკომფორტულიც აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს გერმანული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ის, რაც ჩემთვის სირთულე იყო, მარტივ, სასიამოვნოდ შესასრულებელ „საშინაო დავალებებად” გადაიქცა. გაცვლითმა პროგრამამ ნათლად დამანახა ქვეყნებს შორის განსხვავება თუ მსგავსება კულტურისა და სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით.

საინტერესოა საკუთარი თავის შეფასება ბრემენში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რამდენადაც კულტურული შოკით გამოწვეული მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გადავლილია და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების წინაპირობა გახდება.

მიღებულ ცოდნას (ანუ თეორიულ ბაზისს, რაც სასწავლო კურსის მანძილზე ვისწავლე) გამოვიყენებ საკუთარი თავის სრულყოფისთვის, რათა სამომავლოდ ქვეყნისა და თუ ქვეყნის გარეთ კონკრეტული სფეროების განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

ილიაუნისა და ბრემენის უნივერსიტეტის სწავლების ნიუანსებშია განსხვავება. სასწავლო სემესტრი დატვირთული იყო პრეზენტაციებით და ყოველი პრეზენტაციის შემდეგ თითოეული ლექტორი უკუკავშირს იძლეოდა. გარდა ამისა, გამოყოფილი იყო სპეციალური დრო სტუდენტებისთვის, რომლებსაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები ჰქონდა. ორივე უნივერსიტეტში უმეტესად ლექტორებს სტუდენტებთან მუდმივი ურთიერთობა აქვთ და დახმარებას ცდილობენ. აქვე აღვნიშნავ, რომ ბრემენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით მოხიბლული ვარ. ეს ძალიან დიდი, მრავალსართულიანი ნაგებობა უთვალავი წიგნით წვდომას შენთვის სასურველ ნებისმიერ მასალაზე გაძლევს. ბრემენის უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა კონკრეტულ საკითხზე მსჯელობასა და განხილვას ექცეოდა, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.

ჩემთვის რთულია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კონკრეტულ ადამიანზე ვისაუბრო, რადგან ბევრ საინტერესო პიროვნებას შევხვდი. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ სტუდენტურ საცხოვრებელში მცხოვრები ჩემი ე.წ. „ფლეთმეითები”, სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენლები, მათ დამანახეს,რა ძალა და მნიშვნელობა აქვს აზრთა გაცვლას, შემწყნარებლობას, ერთმანეთის დახმარებასა (ჩასვლის პირველივე დღიდანვე თავი ოჯახის წევრად ვიგრძენი) და ურთიერთპატივისცემას. არ მეგონა, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები ასე ახლობლები გახდებოდნენ. ისინი მუდამ მემახსოვრებიან!

კურსი, რომელიც დამამახსოვრდა და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, საკმაოდ უცნაურად ჟღერს: „ჩრდილოეთ აფრიკის პოლიტიკა” (Politics of North Africa). თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ საგანს, ვფიქრობდი, რა უნდა მესწავლა ჩრდილოეთ აფრიკის შესახებ, თუმცა ვცდებოდი, გავიარე ძალიან ბევრი თემა, მიმოვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სეკულარიზმი, არაბული გაზაფხული და რევოლუციები, ისლამი, კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკა და მათი გეოპოლიტიკური მიზნები დასავლეთსა თუ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით და ა.შ. ლექტორის დამსახურებით, ამ საგანში ენციკლოპედიური ცოდნა მივიღე. ლექციის დაწყებისას ლექტორი გვთხოვდა, მოგვეძებნა სიახლე, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკას ეხებოდა და პოლიტიკური, სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ამ მიდგომით უკვე ლექციის დაწყებამდე წარმოდგენა გვექმნებოდა მსოფლიოში (ნაწილობრივ მაინც) მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების შესახებ. ლექტორი თავისუფლებასაც გვაძლევდა,ცდილობდა, ჩვენი საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ან დებატების მიმართულებით წარმართულიყო. აღსანიშნავია ერთი შემთხვევა, როდესაც ლექტორმა office hour-ის შეხვედრისას გამიზიარა თავისი შთაბეჭდილება ბერლინში სტუმრობასთან დაკავშირებით და აღფრთოვანება ვერ დამალა ქართული, ტრადიციული კერძის (თუ შეიძლება, რომ კერძი დაერქვას), ხინკლის, გემოზე. ეს იყო შესანიშნავი და გამორჩეული კურსი.

ჩემი ყველაზე საინტერესო ისტორია მაინც მოგზაურობას უკავშირდება. ბრემენში ყოფნისას სხვა ქალაქების მონახულება გადავწყვიტე და ერთ მშვენიერ დღეს თავი ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში ამოვყავი, რომელიც ბრემენიდან ახლოს, მანქანით 2 საათის სავალზე მდებარეობს. პირველი გაკვირვება ქალაქის მჩქეფარე ცხოვრებამ გამოიწვია, რომელსაც ტურისტების სიმრავლე ემატებოდა. ამასთან მეგონა, ბრემენზე bicycle-friendly ქალაქს ვერ ვნახავდი, თუმცა არასწორი აღმოვჩნდი: გრონინგენმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ყოველი მხრიდან ათობით ველოსიპედი მოქროდა. გრონინგენი საპორტო ქალაქია და ულამაზესი სანახავი იყო წყლის არხზე მცურავი ტრანსპორტი, რომელთა გამოც პატარ-პატარა ხიდების აწევა აუცილებელია. ქალაქის ცენტრში სეირნობისას ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ თოლიების გუნდი, საკვებზე მონადირე, გამონაკლისი არც მე აღმოვჩნდი  – ისინი ჩემგან საკუთარი სადილის გაყოფას „ითხოვდნენ”. ასე რომ, თუ მოგშივდებათ, იცოდეთ, თოლიებს წილი ეკუთვნით! ბრემენში ყოფნისას (არა მარტო) გრონინგენი აუცილებლად მოსანახულებელ ქალაქთა სიაშია, თქვენ ნამდვილად შეიგრძნობთ საპორტო დასახლებების ხიბლს,

არასდროს თქვათ უარი ისეთ შესაძლებლობაზე, როგორიც გაცვლითი პროგრამაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობთ, წარმატების მიღწევის შანსი არარეალური და მიზერულია, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ  – იქამდე სცადეთ (თუნდაც ყოველ სემესტრში აპლიკაციის გაგზავნა მოგიწიოთ), სანამ საკუთარ მიზანს მიაღწევთ! თითოეული „მარცხი” ან განცდილი წარუმატებლობა მიიღეთ და აღიქვით, როგორც აუცილებლად მისაღები გამოცდილება და ნებისყოფის წვრთნის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც მომავალში მწვერვალების დაპყრობაში დაგეხმარებათ!

სანამ გერმანიაში წამოვიდოდი, ვფიქრობდი, როგორ შევეწყობოდი აქაურ ცხოვრებას, შევძლებდი თუ არა თავი კომფორტულად მეგრძნო გერმანელის ხალხის გვერდით, რადგან ჩემ გარშემო ხშირად შემდეგი მოსაზრება მუსირებდა: „გერმანელები ცივი ხალხია “. ჩამოსვლის შემდეგ ველოდი, რომ ეს ნაწილობრივ მაინც გამართლდებოდა და მეც მოვყვებოდი, როგორი დიდი სხვაობაა გერმანელებსა და ქართველებს შორის უცხო ადამიანის მიღების თვალსაზრისით. სიმართლე ითქვას, ეს ყველაფერი სტერეოტიპია , მეტი არაფერი! წუთითაც არ მიფიქრია, რომ გერმანელები არამეგობრული ან ცივი ხალხია, პირიქით  – მათმა ზრდილობამ და პატივისცემამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

Share Button

მარიამ ჯალაღონია–ერთხელ ერასმუსით

მე ვარ მარიამ ჯალაღონია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, ვსწავლობ ანგლისტიკის პროგრამაზე. ბაკალავრიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაქვს დამთავრებული, იმავე პროფესიით. ეს კი ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ილიაუნის პროფესიონალმა ლექტორებმა და კიდევ მრავალმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა მაგისტრატურაზეც სწორედ აქ ჩაბარება. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში ჩემი პროფესიით მუშაობის, რამაც დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის პარალელურად ჩემს პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაში.

ბაკალავრზე სწავლისას ვიმყოფებოდი ესპანეთში ერასმუსის გაცვლითი პროგრამით და რადგან უკვე მქონდა უცხოეთში სწავლის გამოცდილება, მაგისტრატურაზე ჩაბარების პირველივე დღიდან, შეიძლება ითქვას, ჩავუსაფრდი კონკურსის გამოცხადებას და დაუფიქრებლად მივიღე მონაწილეობა, საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებულმა და თავდაჯერებულმა, რომ მაგისტრატურის პირველ კურსს აუცილებლად ესპანეთში დავხურავდი ისევ. სამწუხაროდ, ესპანეთმა პანდემიის გამო აღარ გამოაცხადა მობილობა, თუმცა ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის გერმანია ავარჩიე და მიზანსაც მივაღწიე.

წინასწარ ვიცოდი, რომ პანდემიის დროს ერასმუსით წასვლა დიდ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული და იმასაც ვაანალიზებდი, რომ შეიძლებოდა ონლაინ მესწავლა, შესაბამისად,  ისეთი ვერ ყოფილიყო ჩემი ერასმუსი ამ ჯერზე, როგორიც ესპანეთში მქონდა ზუსტად ორი წლის წინ, თუმცა მაინც გადავწყვიტე ან ნაბიჯის გადადგმა.

შეიძლება ითქვას, რომ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა და პანდემიას ხელი საერთოდ არაფერში შეუშლია. გერმანიაში გატარებულმა ერთმა სემესტრმა ძალიან გამზარდა პროფესიულად, გავდიოდი ისეთ საგნებს, რაც ილიას უნივერსიტეტში არ გვაქვს, შესაბამისად, გავეცანი ლინგვისტიკის იმ უცნობ მხარეებს, რასაც ალბათ აქ ვერ ვისწავლიდი.  ძალიან საინტერესო საგნებმა თითქოს ინსპირაციაც კი მომცა, რომ ქართველ სტუდენტებს ოდესმე იგივე ან მსგავსი საგნები შევასწავლო. უცხოეთში სწავლისას პროფესიულზე არანაკლებ ვითარდები პიროვნულად, ვისწავლე, როგორ ვიყო იმაზე მეტად დამოუკიდებელი, ვიდრე აქამდე ვყოფილვარ, როგორ გავიკვლიო გზა სახლისკენ შუა გერმანიაში ტელეფონის გარეშე დაკარგულმა, ვისწავლე ფულის სწორად განაწილება, შევიძინე ძალიან ბევრი საერთაშორისო მეგობარი, მიუხედავად პანდემიისა და ონლაინსწავლებისა, მაინც ვახერხებდით ჯგუფური პროექტებისთვის შეხვედრას, ერთმანეთს ვუყვებოდით ჩვენს ქვეყნებზე, ვეცნობოდით ერთმანეთის კულტურას და ვუზიარებდით გამოცდილებებს.

ილიაუნსა და ტუბინგენის უნივერსიტეტს შორის განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე მსგავსება, შეფასების სისტემაც კი იმდენად განსხვავებულია, ძალიან დიდი დრო დამჭირდა გერმანულ სისტემასთან შესაჩვევად, თუმცა უნდა აღინიშნოს ლექტრების პროფესიონალიზმი ორივე უნივერსიტეტში, რაც შეიძლება აერთიანებს კიდეც მათ. ასევე, თუ ილიას უნივერსიტეტში შუალედურების თუ ფინალურების პერიოდი მეტ-ნაკლებად დალაგებულია და სწავლაც ყველა საგანში ერთდროულად იწყება და მთავრდება, აი ტუბინგენის უნივერსიტეტში ყველაფერი ძირითადად კონკრეტული საგნის ლექტორზეა დამოკიდებული, მაგ.: 2 საგანში ლექციები ივნისის ბოლოს დავასრულე, როცა დარჩენილ საგნებში ლექციები ივლისის ბოლომდე მქონდა.

საკმაოდ საინტერესო საგნები გავიარე, თუმცა ალბათ გამოვყოფდი საგანს, რომელსაც ერქვა „ტექნოლოგიები და ინგლისური ენა“, სადაც ვსწავლობდით ონლაინლექსიკონების შედგენას. გავიგე ძალიან ბევრი საინტერესო რამ, ვისწავლე ფორმულები, რომლებიც გამოიყენება ონლაინლექსიკონების შესადგენად, რაც საბოლოოდ იწვევს იმას, რომ თარგმნისას გრამატიკულად გამართულ წინადადებებს ვიღებთ ონლაინლექსიკონებში. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგანი იყო იმ საგნებს შორის, რაც ოდესმე მისწავლია და მგონია, რომ ამ ცოდნის გამოყენებას აუცილებლად შევძლებ მომავალში.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი განათლების მიღებასა და უცხო კულტურის გაცნობასთან ერთად, ერასმუსით წასვლისათვის არის შესაძლებლობა, საკუთარი ქვეყანა გააცნო სხვებს. შეიძლება ძალიან სამწუხარო იყოს, მაგრამ ევროპაში დიდმა ნაწილმა საქართველოს არსებობაც კი არ იცის, როცა „Georgia“-ს ვამბობდით, ამერიკის შტატი ეგონა ყველას, მერე ვუხსნიდით, რომ შტატი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქვეყანაა ევროპაში და სევდიანი თვალებით გვეუბნებოდნენ, რომ არ სმენიათ ამ ქვეყნის შესახებ ან თუ სმენიათ კიდევ, ძალიან ცოტა. ყველანაირად ვცადეთ ჩვენი ქვეყანა კარგი კუთხით გაგვეცნო მათთვის, წარვადგინეთ ქართული სამზარეულო, მოვუყევით ღვინის თუ მრავალი სხვა სიამაყის შესახებ და ახლო მომავალში ჩვენს გერმანელ მეგობრებს ველოდებით იმ ქვეყანაში, რომლის არსებობის შესახებ სულ რამდენიმე თვის წინ გაიგეს.

გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებს ერთ რჩევას მივცემდი: შეიძლება ძალიან რთული ჩანს თავიდან ეს ყველაფერი, თუმცა, თუ მოინდომებენ, არაფერია შეუძლებელი. კი, შემდეგ ეტაპზე ძალიან ბევრი დოკუმენტია შესაგროვებელი, რაც დიდ ენერგიას და დროს საჭიროებს, მაგრამ ეს ამად ღირს, პირველი ერასმუსის დროს თურქეთში მომიწია რამდენჯერმე წასვლა ესპანეთის საელჩოში და რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ დავნებდებოდი, იმდენად რთული იყო, თუმცა არასოდეს დანებდეთ.  გაცვლითზე წასვლით საკუთარ თავს ყველაზე დიდ საჩუქარს გაუკეთებთ, რაც კი ოდესმე გაგიკეთებიათ ან მომავალში შეიძლება გაუკეთოთ. როგორც ამბობენ: „exchange is not a few months in your life, it’s a life in few months”. ეს ის ცხოვრებაა, რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა გამოიაროს, ნამდვილი სტუდენტობის შესაგრძნობად.

Share Button

ვერიკო ბოკუჩავა – ერთხელ ერასმუსით

ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც უნდა ამერჩია ჩემი საქმიანობა, ბევრი არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ ეს იყო მეცნიერება – ბიოლოგია. ასეთივე სიზუსტით ვიცოდი, რომ ილიაუნი ამისთვის სასურველ პირობებს შემიქმნიდა. გავხდი ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი და ამით ყოველთვის ვიამაყებ.  გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მსურდა უცხოეთში სწავლა, გადავწყვიტე ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობა, რისთვისაც  საგულდაგულოდ მოვემზადე. ერთ დღეს კი მივიღე მოწვევა ნიქოზიის უნივერსიტეტისგან.

საზღვარგარეთ სწავლა საინტერესო და გამოწვევებით სავსეა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხარისხიან განათლებას იღებ,  არამედ იმიტომაც, რომ მაღალ დონეზე ეუფლები უცხო ენას. ისწავლო უცხო ენაზე, ნიშნავს, იფიქრო და იმსჯელო განსხვავებულად. ეს არის უნარი, საკუთარი ცოდნა თუ გამოცდილება თარგმნო და გაუზიარო უცხოელ კოლეგებს, ეს კი დღევანდელი მოთხოვნებით აუცილებელი უნარია.  ყველა სიკეთე, რაც მობილობის პერიოდში მივიღე, კარიერულ და პიროვნულ ზრდაში მეხმარება. მაძლევს საშუალებას, რომ ვიყო საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ღირსეული წევრი.

საბედნიეროდ, მსგავსება ილიაუნსა და ნიქოზიის უნივერსიტეტს შორის დიდია, რამაც ბევრად გამიმარტივა  მობილობის პერიოდი. პირველ ყოვლისა, ეს ეხება როგორც ყურადღებიან და სტუდენტზე ორიენტირებულ ლექტორებს, ასევე სასწავლო პროცესის მსვლელობის კონკრეტულ საკითხებსაც. ამრიგად, თავი უცხო გარემოში არასდროს მიგრძნია.

2020 წელი მსოფლიოსთვის უჩვეულო აღმოჩნდა. მან ყველა გვაიძულა, ჩვენი ყოველდღიურობა და ცხოვრების წესი შეგვეცვალა, რაც დღემდე გრძელდება.  მოგეხსენებათ, პანდემიით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის გამო, საქართველოში ფრენები შეაჩერეს. ბუნებრივია,  გაფრენას ვეღარ შევძლებდი. სულ მალე  ნიქოზიის უნივერსიტეტში სასწავლო სემესტრი ისედაც სრულად ონლაინფორმატში დამტკიცდა. „ერასმუსი ჟამიანობის დროს“ არაორდინარული აღმოჩნდა. სამწუხაროდ, არ მომეცა საშუალება, რომ ბოლომდე გაცვლითი სტუდენტის დამოუკიდებელი ცხოვრებით მეცხოვრა, შემეძინა უამრავი მეგობარი და მოგონება.  ამის მიუხედავად, არც ერთი წუთი არ მინანია გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რადგან განათლება, საინტერესო ადამიანები და უნარ-ჩვევები, რაც ამ ყველაფერმა მაჩუქა, ფასდაუდებელია.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გავლილ კურსებს შორის ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი უჯრედული ნეირომეცნიერება იყო. სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი ლექტორის მიერ გამოყენებული სასწავლო მეთოდებით, რითაც ყველა სტუდენტს ერთიანად მოგვემატა მოტივაცია და საგნისადმი ინტერესი.

სამწუხაროდ, ვირტუალურ სივრცეში პრაქტიკულად შეუძლებელია საინტერესო ისტორიები გადაგხდეს, ამ მხრივ დღემდე დანაკლისს განვიცდი. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე ვითარება შეიცვლება და კიდევ მექნება შესაძლებლობა საზღვარგარეთ  ვისწავლო, ავინაზღაურო ის დანაკლისი, რაც ონლაინსწავლების დროს ვიგრძენი.

მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის და მიზნების, გიყვარდეთ საქმე, რასაც აკეთებთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა. მიზნისკენ მშვიდად და აუჩქარებლად იარეთ. დაე, იყოს გაცვლითი პროგრამა პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ, ამისთვის ბევრი იშრომეთ. შრომა კი ყოველთვის ფასდება.

არსებობს გამოთქმა – “Once Erasmus ,Always Erasmus”. ვფიქრობ,  ამ ფრაზის არსი ახლა უკვე ძალიან კარგად მესმის. საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემში ბევრი რამ შეიცვალა  –  აზროვნების სტილი, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება და სხვა.  უცხოეთში სწავლის  ყოველი დღე  მიღვიძებს სურვილს, რომ კიდევ ერთხელ  ვეზიარო   საზღვარგარეთ სწავლის ბედნიერებას, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და არასდროს ვთქვათ უარი, მიუხედავად ყველაფრისა.

 

Share Button