ანა გელაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი ანა გელაშვილი თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გარდა თეორიული ცოდნისა, დიდი პრაქტიკული გამოცდილება მომცა. ჩემი საინტერესო სტუდენტობა, შეიძლება ითქვას, სამ ეტაპად იყოფა.

ყველაფერი დაიწყო FESC-მომავალ ეკონომისტთა სტუდენტურ კლუბში გაწევრიანებით, შემდეგ კი მისი ხელმძღვანელობით. კლუბი ჩემთვის მენეჯმენტის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების კარგი საშუალება გახდა.

შემდეგ პირველი სამსახური დავიწყე. უნივერსიტეტს ამაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა. იმ კომპანიის დირექტორი, რომელშიც ვმუშაობ, ჩვენთან კითხულობდა ლექციებს სოციალური-მედია მარკეტინგის თემაზე. საგანი კარგად ჩავაბარე და შემომთავაზა, მის კომპანიაში სოციალური მედიამენეჯერის ვაკანსიაზე გასაუბრება გამევლო. საცდელი დავალება კარგად დავძლიე და უკვე ერთ წელზე მეტია ვმუშაობ, როგორც სოციალური მედიამენეჯერი.
მესამე, ყველაზე საინტერესო, ეტაპი სტარტაპერობაა. ილიაუნი ამაშიც დამეხმარა. გავიარე Fablab Iliauni-ის 2d დიზაინის კურსი, სწავლისას დამებადა საფულის შექმნის იდეა. პირველი შეკერილი საფულე ისე მომეწონა, გადავწყვიტე სხვადასხვა დიზაინი მეცადა, საბოლოოდ კი ამან სერიოზული სახე მიიღო, დავიწყე ონლაინგაყიდვა და ჩამოყალიბდა ბრენდი Fully-ფული.

როგორც უკვე ვთქვი სოციალური მედიამენეჯერი ვარ. მუდმივად ვფიქრობ ახალ და კრეატიულ იდეებზე. გარდა ამისა, ვმუშაობ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გვერდებზე, რაც შემოქმედებითი პროცესია.
ამასთან თავს ბედნიერად ვგრძნობ სტრაპტერის ამპლუაში. მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ და ძალიან მიხარია,როდესაც მომხმარებელი აღფრთოვანებული რჩება. პროცესი, რასაც ჩემს ბრენდთან ერთად გავდივარ, სირთულეებით არის სავსე, მაგრამ მოტივაციას წარმოუდგენელი წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია.

სამსახური ჩემთან თავისით მოვიდა. ილიაუნიში კლუბის ხელმძღვანელობისას ძალიან მიყვარდა, რასაც ვაკეთებდი. თუმცა მუშაობას ვერ დავიწყებდი უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნისა და უნარების გარეშე. იმისთვის, რომ სასურველი სამსახური ვიპოვოთ, აუცილებელია, მოვინდომოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ და დამსაქმებელს დავანახოთ, ეს საქმიანობა ჩვენთვის რაოდენ მნიშვნელოვანია და ჩვენს ძლიერ მხარეებს გავუსვათ ხაზი.

სტუდენტებს ვურჩევ, იყვნენ აქტიურები, როგორც ლექციებზე, ასევე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. არასდროს ვიცით, სად და როდის გამოგვიჩნდება შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის. შეიძლება, ხშირად ჩვენს თავს ვერც ვხედავდეთ რომელიმე საქმეში, მაგრამ საკუთარი თავის გამოცდამ ბევრი დადებითი რამ მოგვიტანოს. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გვაძლევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს Fablab Iliauni-ის სივრცე და არაერთი პრაქტიკული კურსი, რომლებიც საკუთარი თავისა და იდეების აღმოჩენაში გვეხმარება.

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button