ანა მიქაუტაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მიმართულების კურსდამთავრებული ანა მიქაუტაძე თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკა, თავის სტუდენტებს დასაქმებაში დაეხმაროს, მისაბაძია ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისათვის. სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას ვერც კი წარმომედგინა, რომ ერთ დღეს ილიაუნის უზარმაზარი, მაგრამ შეკრული გუნდის წევრი გავხდებოდი და მეც შევიტანდი წვლილს მის საქმიანობაში. უნივერსიტეტში ჩაბარებიდან 3 თვეში ჩავერთე ილიაუნის აშშ-ის წიგნების თარგმნის პროექტში. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია პედაგოგმა მოგვაწოდა იმ სტუდენტებს, რომლებმაც გასაუბრებაზე ინგლისური ენის საკმარისი კომპეტენცია გამოვავლინეთ. ამ პროექტის დასრულების შემდეგ საქმიანობა განვაგრძე ილიაუნის “USAID collaborative governance Program”-ის ფარგლებში რუსულენოვანი ასისტენტის პოზიციაზე. ამ ვაკანსიის შესახებაც საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა პროგრამის ხელმძღვანელისგან გავიგეთ. მისი დასრულების შემდეგ 5 თვის განმავლობაში ილიაუნის განვითარების სამსახურში სტაჟირებისას ვეცნობოდი დეპარტამენტის საქმიანობას, Erasmus+, რუსთაველისა და სხვა საგრანტო პროექტების წერისა და მართვის სპეციფიკას. შემდეგ ვიმუშავე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებულ საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრში პროექტის ასისტენტად, ასევე განვაგრძობდი აშშ-ის წიგნის თარგმნის პროგრამის ფარგლებში პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით ლიტერატურის თარგმნას. შემდეგ კვლავ განვითარების სამსახურში დავბრუნდი მოწვეულ სპეციალისტად, მერე მუშაობა განვაგრძე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის პოზიციაზე.

სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის დახმარება, ეფექტური კომუნიკაცია უნივერსიტეტის შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან, სხვადასხვა ხასიათის კორესპონდენციების მომზადება, სწავლის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე რეაგირება, ფაკულტეტის მოდერნიზაციის საქმეში წვლილის შეტანა საკმაოდ საინტერესო პროცესია, რადგან ახალ-ახალ გამოწვევებს ვაწყდები, რომელთა დაძლევაც, თავის მხრივ, პროცესების ოპტიმიზაციებისა და ეფექტიანი მართვისაკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს ყოველივე ჩემს სამუშაოს ძალიან მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის.

საქართველოში სამსახურის დაწყება ნამდვილად რთულია, რადგან შრომის ბაზარზე პერსონალზე მოთხოვნა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მიწოდება. ეს განსაკუთრებით ეხება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების პროგრამების კურსდამთავრებულებს. მაღალი კონკურენციის პირობებში რთულია, საკუთარი თავი დამსაქმებელს ისე დაანახო, რომ 10, 100 ან თუნდაც 1000 კანდიდატიდან სწორედ შენზე შეაჩეროს არჩევანი. მთავარი უნარი, რაც სასურველი სამსახურის მოძიებისთვისაა საჭირო, არის შეუპოვრობა, ახალი ცოდნის დაუფლებისკენ სწრაფვა, საკუთარ ძალებში დარწმუნება, გარემოსთან ადაპტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები, უცხო ენების ცოდნა და ა.შ. ეს თვისებები შედარებით ამარტივებს სამუშაოს ძიების პროცესს.

სტუდენტებს ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ სწავლას, განსაკუთრებით საბაკალავრო საფეხურზე თეორიული სწავლის კომპონენტს. შესაძლოა, ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ, რომ ის, რასაც დღეს სწავლობთ, მხოლოდ თეორიაა, რასაც მომავალში დასაქმების თვალსაზრისით ვერ გამოიყენებთ, მაგრამ, დამერწმუნეთ, ასე არ არის. მნიშვნელოვანია, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა – როდესაც სწავლასა და მუშაობას შორის გიწევთ არჩევანის გაკეთება, უმჯობესია დრო და ენერგია სწავლისაკენ მიმართოთ. ასევე კარგია, თუ მუდმივად ცდილობთ ცოდნის განახლებას, მუდმივად ეცნობით დარგის სიახლეებს. ეს თვისებაც კარგად წარმოგაჩენთ დამსაქმებლის თვალში.

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button