ანა შუბლაძე

ბედნიერი ვარ, რომ ერასმუს + პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული ვარ. 2019 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ვიმყოფებოდი გაცვლითი პროგრამით კოპენჰაგენში, დანიაში და ვსწავლობდი (UCC) University college Copenhagen-ში სოციალური განათლების ფაკულტეტზე (Social education). როგორც დანიაში გავიგე, მე ერთადერთი ქართველი ვიყავი, რომელიც ამ ფაკულტეტზე სწავლობდა, ეს კი ორმაგად საპასუხისმგებლო და ამავე დროს ძალიან სასიამოვნოც იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ ვიყო აქტიური მოქალაქე და ბავშვობიდან ჩართული ვარ სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო პროექტში, რომლის ფარგლებშიც არაერთხელ გამიმარჯვია და წავსულვარ საზღვარგარეთ მოკლევადიანი დაფინანსებული პროექტებით, ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება იმ გამოცდილებას, ცოდნასა და დაგროვებულ ემოციებს, რაც დანიაში სწავლის პერიოდში მივიღე.

საზღვარგარეთ უნივერსიტეტში სწავლამ და უცხო გარემოში დიდხანს ცხოვრებამ ძალიან დამოუკიდებელ და უფრო მეტად ძლიერ პიროვნებად მაქცია. უპირველესად აღვნიშნავ, რომ საუნივერსიტეტო გარემო, დამოკიდებულებები და ურთიერთობები, თუნდაც ლექტორებსა და სტუდენტებს შორის სრულიად განსხვავებულია, არ ხარ დაძაბული და არ გეშინია შეცდომების დაშვება, რადგან ხვდები, რომ it’s ok not to be perfect. რაც მთავარია, ამ ყველაფერს თვითონ ლექტორები გასწავლიან, ყველა თანაბარ პოზიციაშია და ძალიან მეგობრული გარემო გხვდება. ლექტორები იმდენად უშუალოები არიან, რომ არათუ არ ერიდებიან თბილი დღეების ,,შენარჩუნების’’ მიზნით უფეხსაცმლოდ ლექციის ჩატარებას, არამედ სახლშიც გვეპატიჟებიან ნამდვილ დანიურ საუზმეზე, რაც უდავოდ უგემრიელესი იყო . ყველა იმ ცხოვრებისეული გამოცდილების გარდა, რაც ამ თვეების მანძილზე დამიგროვდა, აუცილებლად აღვნიშნავ სკანდინავიური და კერძოდ, დანიის სწავლების მეთოდებისგან მიღებულ ცოდნასაც. მათ განსხვავებული სწავლების სისტემა აქვთ, ყველაფერი დამოკიდებულია რეალურ გამოცდილებებზე და სავალდებულო სტაჟირებებზე. თეორიული ცოდნის გარდა პრაქტიკას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა. მეც რამდენიმე ბაღში, სკოლამდელ დაწესებულებასა და სკოლაშიც მომიწია სტაჟირებების გავლა, არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო. მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, შევძელით და საკუთარ თავზე გამოვცადეთ, როგორია ურთიერთობისა და ინტერაქციის წარმართვა. ამას გარდა, ბუნებასთან კავშირს აქცევენ დიდ მნიშვნელობას და მიუხედავად ამინდისა, სუფთა ჰაერზე და ბუნებაშიც გვქონდა ლექციები, ნაცვლად მოსაწყენი აუდიტორიებისა, რომლებიც არც თუ ისე მოსაწყენი იყო (სასრიალო გვქონდა კლასში დამონტაჟებული); ბუნებაში უფრო გონებაგახსნილი ხდები და უფრო კრეატიული, გამოვცადე როგორია თამაშით სწავლება, რაც მათ ბაღიდან ჩანერგილი აქვთ. მთელი სემესტრის განმავლობაში არც ერთი დღე არ ყოფილა ერთფეროვანი, ყოველი დღე დატვირთული მქონდა, ამიტომ მიჭირს მოკლედ ჩავტიო სათქმელი. ვიტყვი იმასაც, რომ დროის უკეთ განაწილებაშიც ძალიან მეხმარებოდა იქ ყოფნა, რადგან ყოველდღიური ლექციების, სამეცადინოს და 15-გვერდიანი თეზისების წერის მიუხედავად, არ გამომიტოვებია არც ერთი გასართობი ღონისძიება, წვეულებები, მუზეუმები თუ სხვადასხვა ადგილის აღმოჩენა, სპექტაკლშიც კი მივიღე მონაწილეობა (ჩემივე კურსის ფარგლებში) და ამასთანავე, ვიყავი მოხალისე უნივერსიტეტის ყოველწლიური გრანდიოზული ფესტივალის, რაც კიდევ ერთი დიდი ემოციური დღე იყო. იმასაც ვიტყვი, რომ აგვისტოში ერთადერთ თბილ დღეს ყინულივით ბალტიის ზღვაში ცურვაზეც არ მითქვამს უარი, არასდროს დამავიწყდება ის ემოციებიც. სტუდენტური ცხოვრება სრულიად განსხვავებული იყო, უნივერსიტეტის სპეციალური გუნდი ზრუნავდა უფრო გამრავალფეროვნებაზე და ბევრ აქტივობასაც გვთავაზობდნენ, იქნებოდა ეს გასვლითი სახის თუ სხვა.
ზღაპრული კოპენჰაგენის-ველოსიპედების ქალაქისა და უმეგობრულესი ლექტორების შესახებ ჩემი საყვარელი ისტორია უნდა მოვყვე, რომელიც სწავლის დაწყებიდან 1 კვირაში გადამხდა თავს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ველოსიპედის ტარება არ ვიცოდი (ახლა ვისწავლე), იქ კი ყველა ტრანსპორტზე უფრო პრივილეგირებული ველოსიპედია და ჩვენმა ლექტორმაც ველოტური შემოგვთავაზა ქალაქის დასათვალიერებლად, როცა ვთქვი, რომ არ ვიცოდი ტარება, ყველას გაუკვირდა, იყო შემოთავაზებები რომ 2 დღეში მასწავლიდნენ და ა. შ., მაგრამ საბოლოოდ ასეთი საყვარელი გამოსავალი შემომთავაზეს – ჩემი ლექტორი თავის ველოსიპედს წინ მიამაგრებდა სპეციალურ ,,ყუთს’’, რომელშიც ბავშვებს სვამენ ხოლმე და დიახ, იმ ,,ყუთში’’ მოკალათებული მე დავსეირნობდი ლექტორთან ერთად, თითქოს წარმოუდგენელია ამხელა ლექტორი კაცის მხრიდან, მაგრამ ასეა, ყველაფერს აკეთებდნენ განათლებასთან ერთად მეგობრული გარემოს შესაქმნელად, რაც მოტივაციას უფრო მეტად გაძლევს. ბოლოს კი, რა თქმა უნდა, გამოსამშვიდობებელი Julehygge-ც მოგვიწყეს ტრადიციული დანიური საშობაო ტკბილეულ-სასმელითურთ.

ძალიან ბევრი დაუვიწყარი რამ მახსენდება ჩემი ჯადოსნური თავგადასავლიდან, მაგრამ საბოლოოდ ერთ რამეს ვიტყოდი, რომ არასდროს არაფერმა დაგაბრკოლოთ და ეს გამოცდილება აუცილებლად შეიძინეთ. გზა კოპენჰაგენამდე სირთულეებით იყო სავსე, თურქეთში ვიზიტიც კი მოგვიწია. რთულია სრულიად უცხო ხალხში და უცხო კულტურაში, ასევე სრულიად ინტერნაციონალურ კურსზე ყოფნა, უამრავი პრობლემა იჩენს თავს, პირადად მე მრავლად მქონდა, მაგრამ ყველაფერი დაძლევადი და გადალახვადია, შეიძლება თმაში ჭაღარებიც გაგიჩნდეთ მაგრამ მთავარი ისაა, რომ ახლა ის ცუდი მომენტებიც კი კარგად მახსენდება, რადგან უფრო გამაძლიერეს და გამზარდეს, როგორც პიროვნება.

Facebook
Twitter
LinkedIn