ანა ზაქარაძე

ანა ზაქარაძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტია. პარალელურად ის Georgian Service Group –2007-ის ინგლისურენოვან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტად მუშაობს.

ვაკანსიის შესახებ ილიაუნის წლის დასაქმების ფორუმიდან შეიტყო, სადაც კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და თანამშრომლობაც შედგა.

ანა თავისი პირველი სამუშაო გამოცდილების შესახებ გვიყვება:

,,პირველი კურსიდანვე  ვიგებდი დასაქმების პროგრამების შესახებ როგორც უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტიდან, ასევე დასაქმების ფორუმებიდან.  ხშირად ვესწრებოდი შეხვედრებს სხვადასხვა წარმატებულ კომპანიასთან, ვეცნობოდი მათ მიდგომებს, სტრატეგიებს და, დაინტერესების შემთხვევაში, მათ იოლად ვუკავშირდებოდი.

ეს ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილებაა,  ამიტომ გადავწყვიტე,  ისეთ საქმიანობასთან დამეკავშირებინა, რომელიც ჩემს ინტერესებს უკავშირდებოდა და სამომავლოდაც დამეხმარებოდა განვითარებაში.

ამჟამად  ინგლისურეროვან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი ვარ. ეს საქმიანობა მოითხოვს ინგლისური ენის სრულყოფილ ცოდნას, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს და  დიდ პასუხისმგებლობას. ყოველდღიური ურთერთობა მაქვს საკმაოდ გამოცდილ, მცოდნე და მოტივირებულ გუნდთან, რომლის წევრებიც ნებისმიერ დროს მზად არიან დახმარებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. აქ ყოველთვის ფასდება თითოეული თანამშრომლის შრომა და მონდომება საერთო მიზნის მისაღწევად, რაც კომპანიას საკმაოდ დიდ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

ჩემი აზრით, სტუდენტობის წლებში  საკმაოდ რთულია ისეთი სამსახურის პოვნა, რომელიც, ერთი მხრივ,  ხელს შეგვიწყობს სწავლაში და, მეორე მხრივ,  დაგვეხმარება საჭირო უნარ-ჩვევების გავითარებაში. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სამსახურის ძიებისას მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა, შეუპოვრობა და სიახლეებთან მარტივად ადაპტირების უნარი. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკული გამოცდილება ბევრად უფრო საინტერესო და მრავლის მომცემია, ვიდრე მხოლოდ თეორიული ცოდნა.

სტუდენტებს ვურჩევ,  თავიანთი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად გამოიყენონ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული დასაქმების შესაძლებლობები, რადგან ეს  გამოცდილება  ხელს შეუწყობს მათ არა მხოლოდ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, არამედ მისცემს შესაძლებლობას, იყვნენ ბევრად უფრო გამოცდილები, წამატებულები და მოთხოვნადები. ”

 

Share Button