ანუკი ჯუღელი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის მიმართულების კურსდამთავრებული ანუკი ჯუღელი თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

სტუდენტობის პერიოდი არის საუკეთესო დრო, როდესაც შესაძლებლობა გაქვს, საკუთარი თავი ბევრ სხვადასხვა სფეროში გამოსცადო ტრენინგების, პრაქტიკებისა და სტაჟირებების საშუალებით და საბოლოოდ იპოვო ადგილი, რომლის ნაწილადაც იგრძნობ თავს და ყოველ დღეს მიუძღვნი სასიამოვნო საქმის კეთებას და საკუთარი თავის რეალიზებას.

ბაკალავრის საფეხურზე ვსწავლობდი ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ტურიზმის მოდულზე და ვმუშაობდი, როგორც ტურისტულ სააგენტოში, ასევე სასტუმრო „მერიოტში“, სადაც, ვთვლი, რომ დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე. ამავდროულად ჩართული ვიყავი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებში – „Youth in action“, რომლებიც ესპანურ და ინგლისურ ენებზე ტარდებოდა.

მაგისტრატურის გაგრძელება ილიას უნივერსიტეტში, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე მენეჯმენტის მოდულით გადავწყვიტე და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ უნივერსიტეტში ვხედავდი განვითარების, წინსვლის, გამოცდილებისა და ცოდნის მიღების მეტ შესაძლებლობებს. მაგისტრატურაში მივიღე მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. სალექციო კურსი საკმაოდ საინტერესო და სიახლეებით დატვირთული იყო; გარდა ამისა, პროექტებზე მუშაობისას ვსწავლობდით ისეთ პროგრამებს, რომლებიც უკვე არაერთხელ გამომადგა ჩემს საქმიანობაში.

რაც ილიას უნივერსიტეტის გუნდის ნაწილი ვარ, არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. ვმუშაობ უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების სამსახურში, გასულ თვეებში პარალელურად ვმუშაობდი მენეჯერ-კოორდინატორად ფონდ „ღია საზოგადოება ინსტიტუტისა“ (OSF) და ილიას უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტზე. ასევე ორჯერ გავიმარჯვე Erasmus Staff Mobilty-ის პროექტის ფარგლებში და მობილობით ვიყავი ვარშავის ეკონომიკურ სკოლასა (SGH Warsaw School of Economics) და ესპანეთის კასტილია ლა მანჩის უნივერსიტეტში (Universidad de Castilla La Mancha).

ვფიქრობ, ამ შესაძლებლობებმა, რაც უნივერსიტეტმა მომცა, ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემს როგორც პიროვნულ, ასევე კარიერულ განვითარებაზე. განსაკუთრებით გაცვლითი პროგრამები წარმოადგენს ახალ გამოწვევებსა და სირთულეებს, ბევრ საინტერესო და სიახლეებით სავსე დღეებს. ევროპის უნივერსიტეტებში მობილობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ქვეყნის გაცნობასთან ერთად საშუალებას გაძლევს, გაეცნო საუკეთესო უნივერსიტეტების სწავლებისა და მუშაობის სტანდარტებს, სპეციფიკას, ინოვაციურ მიდგომებს და, შესაბამისად, გაუზიარო ინფორმაცია შენი უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ.  ჩემთვის ილიას უნივერსიტეტი ერთი დიდი ოჯახია, იმ ხალხით სავსე, ვისი იმედიც ყოველთვის შემიძლია მქონდეს.

სტუდენტებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს, ვურჩევ, ცხოვრების ყველა ეტაპზე მიიღონ მეტი ცოდნა და გამოცდილება და შეეცადონ მათ მაქსიმალურად გამოყენებას. ვფიქრობ, მონდომება ყველაზე მნიშვნელოვანია ყველანაირ საქმიანობაში, რადგან მოტივირებული ადამიანი ყოველთვის მაქსიმალურს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად.

Share Button