ნიკა გელაშვილი– ერთხელ ერასმუსით

MOIN!

ეს ბრემენისთვის (და კიდევ რამდენიმე ქალაქისათვის) დამახასიათებელი მისალმებაა და გადავწყვიტე, დღეს მეც ბრემენულად მოგესალმოთ!

მე, ნიკა გელაშვილი, ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მე-2 კურსის (მე-2 კურსი დავასრულე და თავისუფლად შეიძლება, მე-3 კურსელად ჩავითვალო) ისტორიის მიმართულების სტუდენტი ვარ.

შეიძლება, ჩემი ისტორია ოდნავ განსხვავებული იყოს, მაგრამ, მგონი, მოყოლა ღირს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ ერთ-ერთ მთავარ მიზანს ვერ მივაღწიე, მიუხედავად მრავალი ცდისა, ერასმუსის გაცვლითი პროგრამის მონაწილე ვერ გავხდი, რამაც მიბიძგა ახალ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარებისაკენ, რაც ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დასაწყისი იყო ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების შემდეგ მიზანს გეგმაზომიერად მივყვებოდი, რამაც შედეგი გამოიღო: ერასმუსის + გაცვლითი პროგრამის სტიპენდიატი გავხდი და ბრემენის უნივერსიტეტში ვსწავლობ! ჩემი მიზანი იყო ახალი პროფესიის დაუფლება და ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა საკითხის შესახებ, რაც სამომავლოდ საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში დამეხმარებოდა.

უნივერსიტეტში სწავლის გარდა მონაწილეობა მივიღე სამართლის ბევრ პროექტში. ასევე ონლაინ გამომცემლობა on.ge-ს სტიპენდიატი გავხდი, სტატიების ინგლისურიდან ქართულ ენაზე მევალებოდა. გარდა ამისა, ილიაუნის სამოქალაქო განათლების მოსამზადებელი კურსის სემინარისტი ვიყავი, რაც აბიტურიენტებისათვის ეროვნული საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა თემაზე სემინარების ჩატარებას გულისხმობდა. 2018 წელს ჩემი ნაშრომი დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ  – რესპუბლიკის 100 წელი” 26 საუკეთესო ესეის შორის მოხვდა და კრებულშიც გამოქვეყნდა. კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემიამ კი ჩემი ცოდნა უფრო სრულყოფილი გახადა პოლიტიკური ცხოვრების შესახებ,რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობის ნაწილია.

ჩემი აზრით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სააპლიკაციო ფორმის შევსებიდან იწყება, როდესაც გეგმავ,როგორ სრულყო შენი აპლიკაცია, რათა იმ მიზანს მიაღწიო, რასაც ერასმუსელობა ჰქვია. ამ პროგრამამ მიმახვედრა, რომ წარმატებას ერთეულები აღწევენ, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა არც ისე მარტივი და ია-ვარდით მოფენილია. გერმანიაში ჩამოსვლამდე იყო მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა იმის შესახებ, როგორ შევძლებდი დაბრკოლებების გადალახვას იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო COVID-19 პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ებრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში გარშემომყოფი სტუდენტები მეგობრულები და თბილები არიან, დამოუკიდებლად გიწევს ცხოვრება და ჩემთვის ეს საკვანძო მომენტი იყო. ჩამოსვლის შემდეგ გარკვეული დროის მანძილზე დოკუმენტების მოგვარება (მით უმეტეს, გერმანიაში) და „ქაღალდებთან გამკლავება” ჩემთვის არაკომფორტულიც აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს გერმანული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ის, რაც ჩემთვის სირთულე იყო, მარტივ, სასიამოვნოდ შესასრულებელ „საშინაო დავალებებად” გადაიქცა. გაცვლითმა პროგრამამ ნათლად დამანახა ქვეყნებს შორის განსხვავება თუ მსგავსება კულტურისა და სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით.

საინტერესოა საკუთარი თავის შეფასება ბრემენში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რამდენადაც კულტურული შოკით გამოწვეული მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გადავლილია და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების წინაპირობა გახდება.

მიღებულ ცოდნას (ანუ თეორიულ ბაზისს, რაც სასწავლო კურსის მანძილზე ვისწავლე) გამოვიყენებ საკუთარი თავის სრულყოფისთვის, რათა სამომავლოდ ქვეყნისა და თუ ქვეყნის გარეთ კონკრეტული სფეროების განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

ილიაუნისა და ბრემენის უნივერსიტეტის სწავლების ნიუანსებშია განსხვავება. სასწავლო სემესტრი დატვირთული იყო პრეზენტაციებით და ყოველი პრეზენტაციის შემდეგ თითოეული ლექტორი უკუკავშირს იძლეოდა. გარდა ამისა, გამოყოფილი იყო სპეციალური დრო სტუდენტებისთვის, რომლებსაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები ჰქონდა. ორივე უნივერსიტეტში უმეტესად ლექტორებს სტუდენტებთან მუდმივი ურთიერთობა აქვთ და დახმარებას ცდილობენ. აქვე აღვნიშნავ, რომ ბრემენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით მოხიბლული ვარ. ეს ძალიან დიდი, მრავალსართულიანი ნაგებობა უთვალავი წიგნით წვდომას შენთვის სასურველ ნებისმიერ მასალაზე გაძლევს. ბრემენის უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა კონკრეტულ საკითხზე მსჯელობასა და განხილვას ექცეოდა, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.

ჩემთვის რთულია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კონკრეტულ ადამიანზე ვისაუბრო, რადგან ბევრ საინტერესო პიროვნებას შევხვდი. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ სტუდენტურ საცხოვრებელში მცხოვრები ჩემი ე.წ. „ფლეთმეითები”, სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენლები, მათ დამანახეს,რა ძალა და მნიშვნელობა აქვს აზრთა გაცვლას, შემწყნარებლობას, ერთმანეთის დახმარებასა (ჩასვლის პირველივე დღიდანვე თავი ოჯახის წევრად ვიგრძენი) და ურთიერთპატივისცემას. არ მეგონა, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები ასე ახლობლები გახდებოდნენ. ისინი მუდამ მემახსოვრებიან!

კურსი, რომელიც დამამახსოვრდა და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, საკმაოდ უცნაურად ჟღერს: „ჩრდილოეთ აფრიკის პოლიტიკა” (Politics of North Africa). თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ საგანს, ვფიქრობდი, რა უნდა მესწავლა ჩრდილოეთ აფრიკის შესახებ, თუმცა ვცდებოდი, გავიარე ძალიან ბევრი თემა, მიმოვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სეკულარიზმი, არაბული გაზაფხული და რევოლუციები, ისლამი, კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკა და მათი გეოპოლიტიკური მიზნები დასავლეთსა თუ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით და ა.შ. ლექტორის დამსახურებით, ამ საგანში ენციკლოპედიური ცოდნა მივიღე. ლექციის დაწყებისას ლექტორი გვთხოვდა, მოგვეძებნა სიახლე, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკას ეხებოდა და პოლიტიკური, სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ამ მიდგომით უკვე ლექციის დაწყებამდე წარმოდგენა გვექმნებოდა მსოფლიოში (ნაწილობრივ მაინც) მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების შესახებ. ლექტორი თავისუფლებასაც გვაძლევდა,ცდილობდა, ჩვენი საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ან დებატების მიმართულებით წარმართულიყო. აღსანიშნავია ერთი შემთხვევა, როდესაც ლექტორმა office hour-ის შეხვედრისას გამიზიარა თავისი შთაბეჭდილება ბერლინში სტუმრობასთან დაკავშირებით და აღფრთოვანება ვერ დამალა ქართული, ტრადიციული კერძის (თუ შეიძლება, რომ კერძი დაერქვას), ხინკლის, გემოზე. ეს იყო შესანიშნავი და გამორჩეული კურსი.

ჩემი ყველაზე საინტერესო ისტორია მაინც მოგზაურობას უკავშირდება. ბრემენში ყოფნისას სხვა ქალაქების მონახულება გადავწყვიტე და ერთ მშვენიერ დღეს თავი ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში ამოვყავი, რომელიც ბრემენიდან ახლოს, მანქანით 2 საათის სავალზე მდებარეობს. პირველი გაკვირვება ქალაქის მჩქეფარე ცხოვრებამ გამოიწვია, რომელსაც ტურისტების სიმრავლე ემატებოდა. ამასთან მეგონა, ბრემენზე bicycle-friendly ქალაქს ვერ ვნახავდი, თუმცა არასწორი აღმოვჩნდი: გრონინგენმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ყოველი მხრიდან ათობით ველოსიპედი მოქროდა. გრონინგენი საპორტო ქალაქია და ულამაზესი სანახავი იყო წყლის არხზე მცურავი ტრანსპორტი, რომელთა გამოც პატარ-პატარა ხიდების აწევა აუცილებელია. ქალაქის ცენტრში სეირნობისას ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ თოლიების გუნდი, საკვებზე მონადირე, გამონაკლისი არც მე აღმოვჩნდი  – ისინი ჩემგან საკუთარი სადილის გაყოფას „ითხოვდნენ”. ასე რომ, თუ მოგშივდებათ, იცოდეთ, თოლიებს წილი ეკუთვნით! ბრემენში ყოფნისას (არა მარტო) გრონინგენი აუცილებლად მოსანახულებელ ქალაქთა სიაშია, თქვენ ნამდვილად შეიგრძნობთ საპორტო დასახლებების ხიბლს,

არასდროს თქვათ უარი ისეთ შესაძლებლობაზე, როგორიც გაცვლითი პროგრამაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობთ, წარმატების მიღწევის შანსი არარეალური და მიზერულია, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ  – იქამდე სცადეთ (თუნდაც ყოველ სემესტრში აპლიკაციის გაგზავნა მოგიწიოთ), სანამ საკუთარ მიზანს მიაღწევთ! თითოეული „მარცხი” ან განცდილი წარუმატებლობა მიიღეთ და აღიქვით, როგორც აუცილებლად მისაღები გამოცდილება და ნებისყოფის წვრთნის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც მომავალში მწვერვალების დაპყრობაში დაგეხმარებათ!

სანამ გერმანიაში წამოვიდოდი, ვფიქრობდი, როგორ შევეწყობოდი აქაურ ცხოვრებას, შევძლებდი თუ არა თავი კომფორტულად მეგრძნო გერმანელის ხალხის გვერდით, რადგან ჩემ გარშემო ხშირად შემდეგი მოსაზრება მუსირებდა: „გერმანელები ცივი ხალხია “. ჩამოსვლის შემდეგ ველოდი, რომ ეს ნაწილობრივ მაინც გამართლდებოდა და მეც მოვყვებოდი, როგორი დიდი სხვაობაა გერმანელებსა და ქართველებს შორის უცხო ადამიანის მიღების თვალსაზრისით. სიმართლე ითქვას, ეს ყველაფერი სტერეოტიპია , მეტი არაფერი! წუთითაც არ მიფიქრია, რომ გერმანელები არამეგობრული ან ცივი ხალხია, პირიქით  – მათმა ზრდილობამ და პატივისცემამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

Share Button

მარიამ ჯალაღონია–ერთხელ ერასმუსით

მე ვარ მარიამ ჯალაღონია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, ვსწავლობ ანგლისტიკის პროგრამაზე. ბაკალავრიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაქვს დამთავრებული, იმავე პროფესიით. ეს კი ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ილიაუნის პროფესიონალმა ლექტორებმა და კიდევ მრავალმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა მაგისტრატურაზეც სწორედ აქ ჩაბარება. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში ჩემი პროფესიით მუშაობის, რამაც დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის პარალელურად ჩემს პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაში.

ბაკალავრზე სწავლისას ვიმყოფებოდი ესპანეთში ერასმუსის გაცვლითი პროგრამით და რადგან უკვე მქონდა უცხოეთში სწავლის გამოცდილება, მაგისტრატურაზე ჩაბარების პირველივე დღიდან, შეიძლება ითქვას, ჩავუსაფრდი კონკურსის გამოცხადებას და დაუფიქრებლად მივიღე მონაწილეობა, საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებულმა და თავდაჯერებულმა, რომ მაგისტრატურის პირველ კურსს აუცილებლად ესპანეთში დავხურავდი ისევ. სამწუხაროდ, ესპანეთმა პანდემიის გამო აღარ გამოაცხადა მობილობა, თუმცა ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის გერმანია ავარჩიე და მიზანსაც მივაღწიე.

წინასწარ ვიცოდი, რომ პანდემიის დროს ერასმუსით წასვლა დიდ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული და იმასაც ვაანალიზებდი, რომ შეიძლებოდა ონლაინ მესწავლა, შესაბამისად,  ისეთი ვერ ყოფილიყო ჩემი ერასმუსი ამ ჯერზე, როგორიც ესპანეთში მქონდა ზუსტად ორი წლის წინ, თუმცა მაინც გადავწყვიტე ან ნაბიჯის გადადგმა.

შეიძლება ითქვას, რომ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა და პანდემიას ხელი საერთოდ არაფერში შეუშლია. გერმანიაში გატარებულმა ერთმა სემესტრმა ძალიან გამზარდა პროფესიულად, გავდიოდი ისეთ საგნებს, რაც ილიას უნივერსიტეტში არ გვაქვს, შესაბამისად, გავეცანი ლინგვისტიკის იმ უცნობ მხარეებს, რასაც ალბათ აქ ვერ ვისწავლიდი.  ძალიან საინტერესო საგნებმა თითქოს ინსპირაციაც კი მომცა, რომ ქართველ სტუდენტებს ოდესმე იგივე ან მსგავსი საგნები შევასწავლო. უცხოეთში სწავლისას პროფესიულზე არანაკლებ ვითარდები პიროვნულად, ვისწავლე, როგორ ვიყო იმაზე მეტად დამოუკიდებელი, ვიდრე აქამდე ვყოფილვარ, როგორ გავიკვლიო გზა სახლისკენ შუა გერმანიაში ტელეფონის გარეშე დაკარგულმა, ვისწავლე ფულის სწორად განაწილება, შევიძინე ძალიან ბევრი საერთაშორისო მეგობარი, მიუხედავად პანდემიისა და ონლაინსწავლებისა, მაინც ვახერხებდით ჯგუფური პროექტებისთვის შეხვედრას, ერთმანეთს ვუყვებოდით ჩვენს ქვეყნებზე, ვეცნობოდით ერთმანეთის კულტურას და ვუზიარებდით გამოცდილებებს.

ილიაუნსა და ტუბინგენის უნივერსიტეტს შორის განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე მსგავსება, შეფასების სისტემაც კი იმდენად განსხვავებულია, ძალიან დიდი დრო დამჭირდა გერმანულ სისტემასთან შესაჩვევად, თუმცა უნდა აღინიშნოს ლექტრების პროფესიონალიზმი ორივე უნივერსიტეტში, რაც შეიძლება აერთიანებს კიდეც მათ. ასევე, თუ ილიას უნივერსიტეტში შუალედურების თუ ფინალურების პერიოდი მეტ-ნაკლებად დალაგებულია და სწავლაც ყველა საგანში ერთდროულად იწყება და მთავრდება, აი ტუბინგენის უნივერსიტეტში ყველაფერი ძირითადად კონკრეტული საგნის ლექტორზეა დამოკიდებული, მაგ.: 2 საგანში ლექციები ივნისის ბოლოს დავასრულე, როცა დარჩენილ საგნებში ლექციები ივლისის ბოლომდე მქონდა.

საკმაოდ საინტერესო საგნები გავიარე, თუმცა ალბათ გამოვყოფდი საგანს, რომელსაც ერქვა „ტექნოლოგიები და ინგლისური ენა“, სადაც ვსწავლობდით ონლაინლექსიკონების შედგენას. გავიგე ძალიან ბევრი საინტერესო რამ, ვისწავლე ფორმულები, რომლებიც გამოიყენება ონლაინლექსიკონების შესადგენად, რაც საბოლოოდ იწვევს იმას, რომ თარგმნისას გრამატიკულად გამართულ წინადადებებს ვიღებთ ონლაინლექსიკონებში. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგანი იყო იმ საგნებს შორის, რაც ოდესმე მისწავლია და მგონია, რომ ამ ცოდნის გამოყენებას აუცილებლად შევძლებ მომავალში.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი განათლების მიღებასა და უცხო კულტურის გაცნობასთან ერთად, ერასმუსით წასვლისათვის არის შესაძლებლობა, საკუთარი ქვეყანა გააცნო სხვებს. შეიძლება ძალიან სამწუხარო იყოს, მაგრამ ევროპაში დიდმა ნაწილმა საქართველოს არსებობაც კი არ იცის, როცა „Georgia“-ს ვამბობდით, ამერიკის შტატი ეგონა ყველას, მერე ვუხსნიდით, რომ შტატი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქვეყანაა ევროპაში და სევდიანი თვალებით გვეუბნებოდნენ, რომ არ სმენიათ ამ ქვეყნის შესახებ ან თუ სმენიათ კიდევ, ძალიან ცოტა. ყველანაირად ვცადეთ ჩვენი ქვეყანა კარგი კუთხით გაგვეცნო მათთვის, წარვადგინეთ ქართული სამზარეულო, მოვუყევით ღვინის თუ მრავალი სხვა სიამაყის შესახებ და ახლო მომავალში ჩვენს გერმანელ მეგობრებს ველოდებით იმ ქვეყანაში, რომლის არსებობის შესახებ სულ რამდენიმე თვის წინ გაიგეს.

გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებს ერთ რჩევას მივცემდი: შეიძლება ძალიან რთული ჩანს თავიდან ეს ყველაფერი, თუმცა, თუ მოინდომებენ, არაფერია შეუძლებელი. კი, შემდეგ ეტაპზე ძალიან ბევრი დოკუმენტია შესაგროვებელი, რაც დიდ ენერგიას და დროს საჭიროებს, მაგრამ ეს ამად ღირს, პირველი ერასმუსის დროს თურქეთში მომიწია რამდენჯერმე წასვლა ესპანეთის საელჩოში და რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ დავნებდებოდი, იმდენად რთული იყო, თუმცა არასოდეს დანებდეთ.  გაცვლითზე წასვლით საკუთარ თავს ყველაზე დიდ საჩუქარს გაუკეთებთ, რაც კი ოდესმე გაგიკეთებიათ ან მომავალში შეიძლება გაუკეთოთ. როგორც ამბობენ: „exchange is not a few months in your life, it’s a life in few months”. ეს ის ცხოვრებაა, რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა გამოიაროს, ნამდვილი სტუდენტობის შესაგრძნობად.

Share Button

ვერიკო ბოკუჩავა – ერთხელ ერასმუსით

ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც უნდა ამერჩია ჩემი საქმიანობა, ბევრი არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ ეს იყო მეცნიერება – ბიოლოგია. ასეთივე სიზუსტით ვიცოდი, რომ ილიაუნი ამისთვის სასურველ პირობებს შემიქმნიდა. გავხდი ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი და ამით ყოველთვის ვიამაყებ.  გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მსურდა უცხოეთში სწავლა, გადავწყვიტე ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობა, რისთვისაც  საგულდაგულოდ მოვემზადე. ერთ დღეს კი მივიღე მოწვევა ნიქოზიის უნივერსიტეტისგან.

საზღვარგარეთ სწავლა საინტერესო და გამოწვევებით სავსეა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხარისხიან განათლებას იღებ,  არამედ იმიტომაც, რომ მაღალ დონეზე ეუფლები უცხო ენას. ისწავლო უცხო ენაზე, ნიშნავს, იფიქრო და იმსჯელო განსხვავებულად. ეს არის უნარი, საკუთარი ცოდნა თუ გამოცდილება თარგმნო და გაუზიარო უცხოელ კოლეგებს, ეს კი დღევანდელი მოთხოვნებით აუცილებელი უნარია.  ყველა სიკეთე, რაც მობილობის პერიოდში მივიღე, კარიერულ და პიროვნულ ზრდაში მეხმარება. მაძლევს საშუალებას, რომ ვიყო საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ღირსეული წევრი.

საბედნიეროდ, მსგავსება ილიაუნსა და ნიქოზიის უნივერსიტეტს შორის დიდია, რამაც ბევრად გამიმარტივა  მობილობის პერიოდი. პირველ ყოვლისა, ეს ეხება როგორც ყურადღებიან და სტუდენტზე ორიენტირებულ ლექტორებს, ასევე სასწავლო პროცესის მსვლელობის კონკრეტულ საკითხებსაც. ამრიგად, თავი უცხო გარემოში არასდროს მიგრძნია.

2020 წელი მსოფლიოსთვის უჩვეულო აღმოჩნდა. მან ყველა გვაიძულა, ჩვენი ყოველდღიურობა და ცხოვრების წესი შეგვეცვალა, რაც დღემდე გრძელდება.  მოგეხსენებათ, პანდემიით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის გამო, საქართველოში ფრენები შეაჩერეს. ბუნებრივია,  გაფრენას ვეღარ შევძლებდი. სულ მალე  ნიქოზიის უნივერსიტეტში სასწავლო სემესტრი ისედაც სრულად ონლაინფორმატში დამტკიცდა. „ერასმუსი ჟამიანობის დროს“ არაორდინარული აღმოჩნდა. სამწუხაროდ, არ მომეცა საშუალება, რომ ბოლომდე გაცვლითი სტუდენტის დამოუკიდებელი ცხოვრებით მეცხოვრა, შემეძინა უამრავი მეგობარი და მოგონება.  ამის მიუხედავად, არც ერთი წუთი არ მინანია გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რადგან განათლება, საინტერესო ადამიანები და უნარ-ჩვევები, რაც ამ ყველაფერმა მაჩუქა, ფასდაუდებელია.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გავლილ კურსებს შორის ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი უჯრედული ნეირომეცნიერება იყო. სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი ლექტორის მიერ გამოყენებული სასწავლო მეთოდებით, რითაც ყველა სტუდენტს ერთიანად მოგვემატა მოტივაცია და საგნისადმი ინტერესი.

სამწუხაროდ, ვირტუალურ სივრცეში პრაქტიკულად შეუძლებელია საინტერესო ისტორიები გადაგხდეს, ამ მხრივ დღემდე დანაკლისს განვიცდი. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე ვითარება შეიცვლება და კიდევ მექნება შესაძლებლობა საზღვარგარეთ  ვისწავლო, ავინაზღაურო ის დანაკლისი, რაც ონლაინსწავლების დროს ვიგრძენი.

მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის და მიზნების, გიყვარდეთ საქმე, რასაც აკეთებთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა. მიზნისკენ მშვიდად და აუჩქარებლად იარეთ. დაე, იყოს გაცვლითი პროგრამა პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ, ამისთვის ბევრი იშრომეთ. შრომა კი ყოველთვის ფასდება.

არსებობს გამოთქმა – “Once Erasmus ,Always Erasmus”. ვფიქრობ,  ამ ფრაზის არსი ახლა უკვე ძალიან კარგად მესმის. საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემში ბევრი რამ შეიცვალა  –  აზროვნების სტილი, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება და სხვა.  უცხოეთში სწავლის  ყოველი დღე  მიღვიძებს სურვილს, რომ კიდევ ერთხელ  ვეზიარო   საზღვარგარეთ სწავლის ბედნიერებას, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და არასდროს ვთქვათ უარი, მიუხედავად ყველაფრისა.

 

Share Button

ლიკა ვანიშვნილი – ერთხელ ერასმუსით

მე ვარ ლიკა ვანიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი. ვსწავლობ ანგლისტიკის პროგრამაზე და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე პროფესიის არჩევისას. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის დაწყებისას ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული, ილიაუნისა და რამდენიმე განსაკუთრებული ლექტორის დახმარებით ყოველგვარი ეჭვი გამიქრა. ამასთანავე, მეორე კურსიდან დავიწყე ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობა, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ჩემი პროფესიული ზრდა და დამეხმარა საკუთარი შესაძლებლობების, ძლიერი და სუსტი მხარეების სწორად შეფასებასა და შემდგომ გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, თანამედროვე სამყარო შემეცნებისა და განვითარების უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს. ამიტომ, მუდვმივად ვცდილობ საკუთარი თავისგან მაქსიმალური მოვითხოვო და ყოველდღიური მცირე წარმატებებით დიდ და ჩემთვის მნიშვნელოვან მიზნებს მივაღწიო. სწორედ ასეთი მიზანი იყო საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა და ცოდნისა და შესაძლებლობების ჰორიზონტის კიდევ უფრო მეტად გაფართოება. პანდემიამდე საკმაოდ აქტიური ყოველდღიურობით ვცხოვრობდი. დიდ დროს ვუთმობდი სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებს, პროექტებსა და ტრენინგ-კურსებს როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის მიღმა. პანდემიამ გარკვეულწილად შემიზღუდა ყოველივე ამის შესაძლებლობა და ყოველდღიურობა ერთფეროვანი გახადა. შესაბამისად, საზღვარგარეთ  წასვლისა და საცხოვრებელი და სასწავლო გარემოს ცვლილება ყველაზე მეტად სწორედ პანდემიის პირობებში მჭირდებოდა. განსაკუთრებული მონდომებით შევავსე ერასმუსის პროგრამის აპლიკაცია და მოუთმენლად ველოდი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდის დადგომას.

გაცვლითი პროგრამა მრავალმხრივ ნაყოფიერი იყო ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა პროფესიულად. გერმანიაში სწავლისას საკმაოდ მრავალფეროვანი ისტორიული, კულტურული და ლინგვისტური ცოდნა მივიღე, რაც ჩემთვის, როგორც ანგლისტისთვის ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია.  უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრა და მათი გამოცდილების გაზიარებაც სასარგებლო ინფორმაციის წყარო აღმოჩნდა და საბოლოოდ დადებითად აისახა ჩემს მომავლის გეგმებზე. ტუბინგენის უნივერსიტეტში წავაწყდი არაერთ მნიშვნელოვან კურსს და სწავლების მეთოდს, რაც საქართველოში არ შემხვედრია და ვისურვებდი, რომ მომავალში, ჩემი კარიერული წინსვლის პირობებში შევძლო ქართული საგანმანათლებლო პროგრამის თუნდაც მცირედით გაუმჯობესება. გარდა პროფესიული მნიშვნელობისა, გერმანიაში სწავლა საგრძნობ პიროვნულ ზრდასთანაც ასოცირდება. ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში ცხოვრებამ საკუთარ თავზე ბევრი ახალი რამ მასწავლა, თავდაჯერებულობა და მოტივაციაც შემმატა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც ამ პერიოდში გავაანალიზე იყო ის, რომ ერთი კონკრეტული მიზნის მიღწევა ყოველთვის ახალ და მეტად მასშტაბურ გამოწვევებს უხსნის ასპარეზს. გაცვლითმა პროგრამამ მასწავლა, რომ არ დავკმაყოფილდე მიღწეული წარმატებით და მუდმივად გავაგრძელო სვლა განვითარებისაკენ.

მსგავსება, ალბათ, არის ის, რომ ორივე უნივერსიტეტი ანგლისტიკის პროგრამაზე საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან კურსებს სთავაზობს სტუდენტს, განსაკუთრებით ინგლისურენოვანი ლიტერატურის მიმართულებით. აღსანიშნავია ასევე ლექტორთა პროფესიონალიზმი. ანგლისტიკის პროგრამის სტუდენტები ილიაუნიში, ვფიქრობ, განებივრებულნი ვართ პროფესიონალი ლექტორებით და ტუბინგენის უნივერსიტეტიც ამ მხივ გამოირჩეოდა. განსხავებაზე საუბრისას უპირველეს ყოვლისა შეფასების სისტემა და კურსების განსხვავებული ტიპი უნდა აღვნიშნო. ტუბინგენის უნივერსიტეტი ნაკლებად ორიენტირებულია მიმდინარე შეფასებებსა და შუალედურ გამოცდებზე. ერთადერთი შეფასება, რომელიც თითოეულ საგანში მივიღე, იყო სემესტრის ბოლოს ზეპირი ფინალური გამოცდის შედეგი, რაც ვფიქრობ ძალიან ეფექტურია და სტუდენტს სემესტრის განმავლობაში შუალედური გამოცდებისა და სხვა ტიპის დავალებების თანმდევი სტრესისგან ათავისუფლებს.

გერმანიაში ქართულ ენაზე საუბარი ყოველთვის იქცევდა სხვების ყურადღებას და არაერთხელ უკითხავთ ქუჩაში, თუ რა ენაზე ვლაპარაკობდი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას გავიცანი ბენჟამინი, რომელიც ალბათ ყველაზე საინტერესო ადამიანი იყო, ვისაც გერმანიაში შევხვედრილვარ. ერთ მშვიდ საღამოს, როდესაც მეორე ქართველ სტუდენტთან ერთად ტუბინგენის ქუჩებში მივსეირნობდი, საუბარი შემაწყვეტინა და დაინტერესებული სახით მკითხა თუ რა ენაზე ვლაპარაკობდი. თავდაპირველად საქართველოზე, ჩვენს ენასა და კულტურაზე ვისაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა ბევრი რამ იცოდა ჩვენს შესახებ, რამაც ძალიან გამახარა. მოგვიანებით კი, როდესაც ვკითხე თვითონ საიდან იყო წარმოშობით, მიპასუხა „კალვიდან, მწერალი ჰერმან ჰესე იცით? მისი დაბადების ქალაქია“.  ჰესეს ხსენება განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, რადგან ჩემი საყვარელი გერმანელი ავტორია. თანაც, იმ დროისთვის საქართველოდან წაღებულ მის წიგნს „თამაში რიოში მარგალიტებით“ ვკითხულობდი და ამ მომენტიდან უფრო საინტერესო გახდა ჩვენი საუბარი. როგორც აღმოჩნდა ბენჟამინიც ტუბინგენის უნივერსიტეტში სწავლობდა და მას შემდეგ არაერთი საინტერესო შეხვედრა და საუბარი გვქონდა. ამ ყველაფერთან ერთად კი, ტუბინგენის ბევრი ლამაზი და განსაკუთრებული ადგილის აღმოჩენაში დამეხმარა.

განვლილი კურსებიდან ყველაზე საინტერესო ალბათ „შექსპირი და იდენტობა“ იყო. ზოგადად, ძალიან მიყვარს შექსპირი და დასანანია, რომ ილიაუნი ანგლისტებს მის შესახებ კურსს არ გვთავაზობს. ტუბინგენის უნივერსიტეტში საგნების არჩევისას ჩამონათვალში რომ თვალი მოვკარი შექსპირის კურსს, სიხარულისგან სახეგაბრწყინებულმა მოვნიშნე ასარჩევად. კურსის განმავლობაში ვკითხულობდით სხვადასხვა პიესას და პერსონაჟების იდენტობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვმსჯელობდით. განვიხილავდით იდეებს, როგორიცაა იდენტობის დაკარგვა, ცვლილება, აღმოჩენა და შემდგომ შედარებებს  ვაკეთებდით სხვა ავტორებთან და პერსონაჟებთან. აღნიშნულმა კურსმა შექსპირის პერსონაჟები განსხვავეულ კონტექსტში დამანახა, კიდევ უფრო გამიმძაფრა ავტორის მიმართ ინტერესი და ჩემს ტუბინგენში სწავლის პერიოდს საინტერესო ლიტერატურულ თავგადასავლად შეემატა.

ტუბინგენში ცხოვრება უამრავ ლამაზ და საინტერესო მომენტთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ასეთი დასამახსოვრებელი მომენტი ჩემი სტუდენტური საცხოვრებლის მიერ ორგანიზებული რამდენიმე დღიანი ფესტივალი იყო, რომლის დაგეგმვაშიც თავად მივიღე მონაწილეობა. ფესტივალი აერთიანებდა სხვადასხვა თემაზე ჩატარებულ ტრენინგებსა და ვორქშოფებს, თანამეროვე ტუბინგენელი მხატვრების გამოფენას, სხვადასხვა პერფორმანსს, მუსიკას და მრავალ დადებით და მძაფრ ემოციას. ფესტივალი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. უამრავმა ტუბინგენელმა მოიყარა თავი ჩვენი საერთო საცხოვრებლის ულამაზეს ეზოში და მეც შესაძლებლობა მქონდა გამეცნო არაერთი ძალიან საინტერესო ადამიანი. ეს ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის იმიტომ, რომ ამ დღეების განმავლობაში თითქოს სრულიად გადამავიწყდა პანდემიის არსებობა და ცხოვრება ძველ, მონატრებულ და უსაფრთხო მდგომარეობას დაუბრუნდა.

ალბათ ვერაფერი გაამრავალფეროვნებს თქვენს სტუდენტურ ცხოვრებას ისე, როგორც გაცვლითი პროგრამა. კონკურსის დასაწყისი და გამარჯვებამდე მისასვლელი გზა რთული და კონკურენტულია, განსაკუთრებულ შრომას და მოტივაციას მოითხოვს, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს. ძალაინ მცირე დროში განსაკუთრებულ ცოდნას და გამოცდილებას მოგცემთ, მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში დაგეხმარებათ და კულტურებს შორის გამოგზაურებთ.  მას შემდეგ, რაც მიზანს მიაღწევთ და უცხო ქვეყნის მიწაზე დააბიჯებთ, მთავარია შეძლოთ და „დაიჭიროთ“ ყოველი განსაკუთრებული წამი და მაქსიმალურად მიიღოთ ყველაფერი, რასაც პროგრამა გთავაზობთ: ცოდნა, გამოცდილება, საინტერესო თავგადასავლები და მძაფრი ემოციებით დატვირთული მოგონებები.

საბოლოოდ კი, რომ შევაჯამო, ჩემთვის ერასმუსი არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს კარიერულ განვითარებაში, არამედ ძალიან მრავალფეროვანი, კულტურული და სულიერი თავგადასავალია, რომელიც აუცილებლად უნდა შეემატოს სტუდენტური წლების დროს შექმნილ ფერად მოგონებებს.

Share Button

ნინო კობახიძე – ერთხელ ერასმუსით

კერძო უნივერსიტეტში დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა მივხვდი, რომ ის არ მაინტერესებდა, ამიტომ შევიცვალე პროფესია. ილიაუნიში ეკოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რადგან თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემების, გარემოსა და სხვადასხვა ეკოსისტემის მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა. პროფესიის რადიკალურად შეცვლა თავიდან ძნელი აღმოჩნდა, თუმცა სურვილმა, მესწავლა, რაც მიყვარს, სირთულეები დამაძლევინა. მეორე კურსზე გადავწყვიტე გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წასვლა და ავირჩიე ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი პრაღაში. 2 თვით გვიან გავემგზავრე, რაც გულისხმობდა პრაღაში მხოლოდ 3 თვით დარჩენას, თუმცა მასპინძელმა უნივერსიტეტმა შემომთავაზა სრული 5 თვით დარჩენა, ამიტომ უნივერსიტეტში ვისწავლე არა მხოლოდ შემოდგომის, არამედ გაზაფხულის სემესტრიც და გაზაფხულიც პრაღაში გავატარე.საზღვარგარეთ სწავლა ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო. 24 წლის მანძილზე მარტო არასდროს მიცხოვრია, ეს იყო დიდი ნაბიჯი, რომელიც აქ ჩამოსვლით გადავდგი. აქ ვისწავლე დამოუკიდებლობა, სირთულეების ჩემით გადალახვა. გავიცანი ახალი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ვიმოგზაურე იმ ქვეყნებში, რომლებშიც პანდემიის დროს ეს შესაძლებელი იყო. ბევრი რამ ვისწავლე და გავეცანი უამრავ ახალ ინფორმაციას, რაც დამეხმარება ჩემს პროფესიაში და პროფესიის განხრის არჩევაში. ცივი ზამთრისა და ასეთივე ცივი გაზაფხულის მიუხედავად ძალიან შემიყვარდა ულამაზესი პრაღა, სადაც ცხოვრება საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. ძალიან გამომადგა ის, რაც ილიაუნიში ვისწავლე, მქონდა საბაზისო ცოდნა. საგნებს შორის ნამდვილად არის მსგავსები. ილიაუნიში მიწევდა სტატიებისა და ნაშრომების კითხვა ინგლისურად, რამაც აქ სწავლა უფრო გამიმარტივა.

პრაღაში ჩამოსვლისას პირველი, ვინც გავიცანი, იყო გოგონა, რომელთან ერთადაც უნდა მეცხოვრა. ის გაცვლითი პროგრამით ტაივანიდან ჩამოვიდა. ჩემი „რუმმეითი” ძალიან უშუალო აღმოჩნდა, პირველივე შეხვედრისას შემოვიდა ჩემთან კონტაქტში და ბევრი საერთოც აღმოვაჩინეთ. ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა, ამის გამო უფრო გამიადვილდა ადაპტაცია. მან ბევრი რამ მასწავლა აზიური კულტურის შესახებაც. მალე დავმეგობრდით და ერთად სამი უცხო ქვეყანა მოვიარეთ. ეს პერიოდი ჩემთვის ყველაზე საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იყო. ავიხდინე ჩემი დიდი ხნის ოცნებაც და საკუთარ დაბადების დღეს ჩემს ახლად შეძენილ მეგობრებთან ერთად უცხო ქვეყანაში შევხვდი.

საბოლოოდ გავიარე არაერთი საგანი, რომლებმაც სულ სხვა კუთხით დამანახვა ეკოლოგია, მაინც გამოვყოფდი ყველაზე საინტერესო კურსს„გენდერი და სოფლის მეურნეობა”, რადგან არასდროს არ მქონია შეხება სოფლის მეურნეობასთან ამ ჭრილში.

ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მოგზაურობა პორტუგალიაში. ბავშვობიდან ვოცნებობდი, ჩემს დაბადების დღეს უცხო ქვეყანაში შევხვედროდი. ბუნებრივია, მოგზაურობა ბევრად ადვილია ევროპის შუაგულიდან, ვიდრე საქართველოდან. დიდი ხანია მინდოდა პორტუგალიაში მოგზაურობა, რადგან მოხიბლული ვარ მათი ენით, კულტურით, ტემპერამენტით. პრაღის ცივი და სუსხიანი ამინდების მერე განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მზიანი ამინდები და ზღვა. ძალიან გაგვიმართლა, რადგან სწორედ ჩვენი წამოსვლის შემდეგ დაიკეტა პორტუგალიის საზღვრები პანდემიის გამო. ეს ჩემი საუკეთესო მოგონებაა.

სტუდენტებს, რომლებიც აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას, ვურჩევ, რომ არც ერთი წამით არ თქვან უარი ამ შესაძლებლობაზე. შეიძლება არის რაღაცები, რაც რთული ჩანს შორიდან, მაგრამ იმ გამოცდილებას, იმ ემოციებს, რაც აქ იღებ, არანაირი სირთულე არ შეედრება.

Share Button

დოია ჩახტაური – ერთხელ ერასმუსით

მე ვარ დოია ჩახტაური, 24 წლის, დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი მენეჯმენტის განხრით, სწავლის პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში, ვორკშოპებსა და ტრენინგებში, მაგალითად, ,,იზრუნეს“ საზაფხულო ბანაკში ვიყავი მეოთხე ნაკადში, ,,ტურმოუდის“კვირეულში მივიღე მონაწილეობა, ასევე მენეჯერთა კლუბის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში, ,,გაეროს მოდელირების“ ერთთვიან ტრენინგში, ვიყავი ილიაუნის ეკომოლაშქრეთა კლუბის აქტიური წევრი, ბევრი ლაშქრობა და საჯარო ლექცია დაგვიგეგმავს. ბაკალავრის დამთავრების შემდეგ მალევე განვაგრძე სწავლა მაგისტრატურაზე ილიაუნიში,, რათა უკეთესად შემესწავლა ბიზნესინგლისური, ამავდროულად დავიწყე მუშაობა შემოსავლების სამსახურში სტაჟიორად, შემდეგ კი RSM Georgia Solution-ში ბიზნესანალიტიკოსად ვმუშაობდი 9 თვე. სწორედ მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლის და მუშაობის პარალელურად დავგეგმე ერასმუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რაც ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, ამისათვის თითქმის ორი წელი ვემზადებოდი, ბევრი ვიშრომე და გავიმარჯვე. პორტუგალიაში, მინიოს უნივერსიტეტში (University of Minho)ვსწავლობდი შემოდგომის სემესტრში. ვერც აღვწერ იმ შეგრძნებას, რაც დადებითი პასუხის მიღების შემდეგ დამეუფლა, უზომოდ ბედნიერი, გახარებული და ამაყი ვიყავი, რომ, როგორც იქნა, შრომა და წვალება დამიფასდა და არც ერთი წამით არ მიფიქრია უარის თქმა. ამ ეტაპზე კვლავ განვაგრძობ ილიაუნიში სწავლას და პარალელურად ვმუშაობ ერთ-ერთ მეღვინეობის კომპანიაში ინგლისურენოვან გიდად, ვუძღვები უცხოენოვან ტურისტებს, რაც, ვფიქრობ, ჩემთვის ერთ–ერთი საინტერესო და მრავალფეროვანი სამსახურია, რადგან ვარ კომუნიკაბელური, აქტიური და მომწონს ადამიანებთან საუბარი და აზრების გაცვლა, განსაკუთრებით კარგად გამომდის კომუნიკაცია უცხოელებთან, რადგან ყოველთვის მეტი ინტერესი მაქვს უცხო კულტურების მიმართ.

გარდა იმისა, რომ პორტუგალიაში სწავლისას გავიარე საინტერესო კურსები საინტერესო ლექტორებთან ერთად, სხვადასხვა პროგრამაში მუშაობის თუ დავალებების შესრულების გამოცდილება მიიღე, შევისწავლე საინტერესო საგნებიც, რომლებმაც გააღრმავეს ჩემი ცოდნა ფინანსებისა და სტატისტიკის განხრით, გამოვარჩევ „კვლევის მეთოდებს“, რომელიც გამოსადეგი საგანი იყო და, მჯერა, სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად დამეხმარება. განვლილ საგნებთან ერთად განვივითარე პერსონალური უნარებიც და გავხდი უფრო მეტად პასუხისმგებლიანი, რადგან მინიოს უნივერსიტეტში მარტო ჩავედი, შესაბამისად ყველა საკითხის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება თუ სირთულეების გადალახვა, მარტოს მომიწია, რაც უფრო მეტ სირთულეს ვაწყდებოდი, მეტად ვძლიერდებოდი და უფრო დამოუკიდებელი ვხდებოდი. ბევრი გამოწვევისა და სირთულის წინაშე აღმოვჩნდი, სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებდი და მათი გადაჭრა ჩემთვის უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენდა. ამავდროულად გავხდი უფრო კომუნიკაბელური და აქტიური, რაც დამეხმარა უამრავი მეგობრის შეძენაში და დამატებით ახალი და საინტერესო კავშირების დამყარებაში, გამიჩნდა მეტი მოტივაცია, შევისწავლო სხვა რომელიმე ევროპული ენა წინსვლისა და წარმატების მისაღწევად. ვფიქრობ, როდესაც გასცდები საკუთარი ქვეყნის ფარგლებს, ყველაფერი საინტერესოა, ახალი, და გინდა, ეზიარო ახალ კულტურას, ტრადიციებს, გაიგო, როგორია მათი ფასეულობები და ამავდროულად გიჩნდება სურვილი, გაეცნო მათ კულტურულ ძეგლებს, ღირსშესანიშნაობებსა და ისტორიას. ეს ყველაფერი გეხმარება, მეტად შეიყვარო სხვა ერის წარმომადგენლები, თუნდაც გადააფასო საკუთარი შეხედულებები და რაიმე ახალი შეიძინო ან მათაც გაუზიარო შენი ქვეყნის ღირებულებები, გააცნო შენი სამშობლო და მათი დახმარებით გაიცნო სხვა ქვეყნები. ახლა ნამდვილად ვიცი, რომ სამყაროს სხვა თვალით ვუყურებ. პირველ რიგში, მჯერა, რომ ოცნებები ყოველთვის ხდება, მთავარია, გჯეროდეს და მიზნისაკენ მიმავალ გზაზე არასდროს დანებდე, იშრომო დაუღალავად და წარმატებაც ისე უცბად მოვა, თვალის დახამხამებას ვერც მოასწრებ, ამავდროულად მეტი სურვილი მაქვს, კიდევ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში და კვლავ გამოვცადო ეს დიდი ბედნიერება.

მნიშვნელოვანი მსგავსება, ნამდვილად თვალსაჩინო, იყო ის, რომ ილიაუნის მსგავსად მინიოს უნივერსიტეტიც აქტიურად ცდილობდა სტუდენტებისათვის ხარისხიანი და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას სათანადო ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, მუდმივად სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე ზრუნავდნენ და გეგმავდნენ სხვადასხვა საჯარო ლექციას, სემინარსა თუ ვორკშოპს, რათა მეტი ცოდნა და ინფორმაცია მიეწოდებინათ სტუდენტებისათვის ბიზნესის თუ სხვა სფეროებში. ილიაუნის მსგავსად მათაც ჰქონდათ პლატფორმა, სადაც ჩვენთვის განთავსებული იყო დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი და სურვილისამებრ ვრეგისტრირდებოდით, ამავდროულად ჰქონდათ სტუდენტების ხელშემწყობი დასაქმების პროგრამა, რომელიც სტუდენტებს ეხმარებოდა, სხვადასხვა დასაქმების ფორუმში მიეღოთ მონაწილეობა, რაც მათი დასაქმების შანსებს ბევრად ზრდიდა. მსგავსად ილიაუნის სხვადასხვა კლუბისა, ერთ-ერთი სტუდენტური ESN ოფისიც აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის პოპულარიზაციაში და გეგმავდნენ სხვადასხვა ტურს, ლაშქრობასა და საველე გასვლებს, ეხმარებოდნენ ახალ სტუდენტებს ორიენტაციასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ილიაუნის მსგავსად მინიოს უნივერსიტეტიც მალევე ეფექტურად გადაერთო დისტანციურ სწავლებაზე და შექმნეს სტუდენტებისათვის მოსახერხებელი გრაფიკი და შერეული სწავლების სისტემა (დისტანციური და აუდიტორიებში). მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო პროცესი უხარვეზოდ მიმდინარეობდა.

ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, განსაკუთრებულად გამოვყოფ ვასილიკის, ჩემს მობინადრეს, რომელიც საბერძნეთიდან ჩამოვიდა, პორტუგალიაში გავიცანი და ახლაც ჩემი უახლოესი მეგობარია. სახლში მისი გადმოსვლა ყველასთვის შესამჩნევი იყო, რადგან არაჩვეულებრივად უკრავს საქსოფონზე და მეცადინეობისას გვატკბობდა ტკბილი ჰანგებით, ასევე მისდევდა სპორტის რამდენიმე სახეობას, სხვა სტუდენტებთან ერთად ვთამაშობდით ფრენბურთსა თუ ხელბურთს, მაგიდის ჩოგბურთს და სამაგიდო ფეხბურთს. ჩემთვის განსაკუთრებული და საინტერესო ცხოვრება სწორედ მისი გადმოსვლის შემდეგ დაიწყო, რადგან იოგას მასწავლებელიც იყო და მისი გავრცელებისა და პოპულარიზაციისათვის ეწვია პორტუგალიას, ყოველი დღე მასთან ერთად იოგათი იწყებოდა, რამაც შემაყვარა ეს მიმდინარეობა და, მინდა ვთქვა, მიზანი მიღწეულია, ახლა ჩემს მეგობრებს ვასწავლი იოგას. მისი სახით ნამდვილად შევიძინე სულიერი მეგობარი, თანამოაზრე და მონათესავე სული, რადგან ჩვენი გეგმები და მიზნები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. დამაკავშირა სტუდენტურ გაერთიანებებს, ასევე ძალიან გვინდოდა აქტიური სტუდენტური ცხოვრება და არც ერთ ტურსა თუ ლაშქრობას არ ვტოვებდით, მისი სახით ძალიან კარგი მეგობარი და გულშემატკივარი შევიძინე, რადგან ერთმანეთს დიდ სტიმულს ვაძლევდით და გვახარებდა ერთმანეთის წარმატებები, ხოლო რთულ სიტუაციებში გვქონდა ერთმანეთის იმედი. ახლაც ახლო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ვგეგმავთ, რომ სხვა მეგობრებთან ერთად კვლავ ვეწვიოთ პორტუგალიას, საბერძნეთშიც მიწვეული ვარ, მეც აუცილებლად ვუმასპინძლებ მას.

ყველაზე საინტერესო და გამოსადეგი კურსი, რაც გავიარე, იყო კვლევის მეთოდები, რომელიც დამეხმარა უკეთ გავრკვეულიყავი სამაგისტრო ნაშრომის თემის შერჩევის პრინციპებში, თემის დამუშავების პროცესსა და კვლევის ჩატარების საკითხში, საორიენტაციოდ გვქონდა კვლევისა და თემის წარდგენის ეტაპობრივი სიმულაციები, რაც განამტკიცებდა ჩვენს ცოდნასა და კომპეტენციას, უნდა აღვნიშნო, რომ კურსის ლექტორი მარია კორტესი განსაკუთრებულად გვეხმარებოდა და ჩართული იყო ჩვენი მუშაობის პროცესში, ინდივიდუალურადაც გვიწევდა კონსულტაციას. გაცვლითი პროგრამის სტუდენტი უცხო ქვეყანაში ყველაფერს უფრო სენსიტიურად უყურებ, მსგავსი ყურადღება და გულისხმიერება კი ორმაგად დასაფასებელი ხდება, რასაც არასდროს დავივიწყებ, რომ არა მისი აქტიური ჩართულობა, კურსის წარმატებით დახურვა ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან იყო სრულად პრაქტიკული კურსი, რეალურად გვიწევდა ინტერვიუს ჩატარება და რეალური კვლევის ანალიზი, პროფესორი მარია კი მუდმივად ჩვენ გვერდით იყო, სულ ვგრძნობდი მის მხარდაჭერასა და გვერდში დგომას.

ერთ–ერთი ყველაზე სახალისო და გამორჩეული ისტორია გადამხდა ახალი წლის ღამეს, როდესაც ყველა მობინადრე და ჩემი მეგობრები ჩემს დიდ და სტუმართმოყვარე სახლში შეიკრიბნენ, გადავწყვიტეთ ახალი წელი ერთად აღგვენიშნა, თითოეულმა მოვამზადეთ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ორ-ორი ტრადიციული საახალწლო კერძი. ეს ნამდვილად სახალისო და საინტერესო გამოდგა, რადგან უკეთ გავიცანით ერთმანეთი, მზადების პროცესში ერთმანეთს ვუზიარებდით სხვადასხვა კერძის მომზადების ტრადიციულ ხერხებს, საბოლოოდ კი საახალწლო სუფრას ამშვენებდა ქართული, ბერძნული, პორტუგალიური, ესპანური, თურქული, სომხური და ინდური სამზარეულოს კერძები. ბუხართან საინტერესო საუბართან ერთად დავაგემოვნეთ და შევაფასეთ კერძები. საცივმა, ჩურჩხელამ და ხაჭაპურმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, გვქონდა ტრადიციული ცეკვების შეჯიბრიც, ერთმანეთს ვასწავლიდით ჩვენი ქვეყნის ნაციონალური ცეკვების ილეთებს, აქაც ქართული ცეკვის ილეთები განსაკუთრებულად მოეწონათ. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი საღამო იყო, რადგან ვიგრძენი, რას ნიშნავს ერების გაერთიანება, ბევრ განმასხვავებელთან ერთად აღმოვაჩინეთ საერთო თვისებები და მახასიათებლებიც, რაც გიტოვებს შეგრძნებას, რომ მიუხედავად კულტურების, ენებისა თუ ტრადიციების სხვადასხვაობებისა, არსებობს რაღაც, რაც მთლიანად ერებს და სამყაროს აერთიანებს და ასულდგმულებს, სწორედ ეს იყო ჩემთვის კულტურების გაზიარება და ზეიმი.

სტუდენტებო, რისკის არ შეგეშინდეთ და მასპინძელ ქვეყანაში ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ გაიცნოთ და შეიძინოთ მეგობრები, უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება არ გამოტოვოთ და იყავით მაქსიმალურად გახსნილები და კომუნიკაბელურები, არ შეგეშინდეთ გამოწვევების, რადგან ცხოვრებაში ბევრჯერ არ გვეძლევა მსგავსი შანსი. იმოგზაურეთ, გაეცანით ქვეყნებისა და სხვადასხვა ერის კულტურასა თუ ღირსშესანიშნაობებს, გააცანით საქართველო და არანაირი მიზეზით არ გადადოთ მონაწილეობა. როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა, საზღვრები დაკეტილი იყო და მათ გახსნას არც არავინ იმედოვნებდა, მე მაინც გადაწყვეტილი მქონდა წასვლა და არ შემიწყვეტია მზადების პროცესი, თუმცა მეგობრები თუ ოჯახის წევრები მაფრთხილებდნენ, რომ არ იყო სათანადო დრო, ცოტა მომეცადა ან საერთოდ უარი მეთქვა, რადგან ვერ შევძლებდი გამგზავრებას, სწავლას თუ ერასმუსისთვის დამახასიათებელი მაქსიმალური სარგებლის მიღებას, ან არ იქნებოდა ჩემი ცხოვრება ისეთი აქტიური, წარმატებული და სიცოცხლით სავსე, როგორიც წარმომედგინა ჩემს ოცნებებსა თუ წარმოსახვაში. მაგრამ არ შემეძლო მათთვის მომესმინა ან ხელის შემშლელ ფაქტორებად მიმეჩნია ყველა ეს გარემოება, რადგან ვიცოდი, რომ თუ რაიმეს გაკეთება მთელი გულით გინდა, ყველა დაბრკოლების მიუხედავად მაინც შეძლებ გეგმებისა და ოცნებების განხორციელებას და ღირს, ამისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა – მომიწია სამსახურის დატოვება, რასაც წამით არ ვნანობ, რადგან ერასმუსის პროგრამამ უფრო მეტი სარგებელი მომცა, მეტად მოტივირებული და თავდაჯერებული და საკუთარი თავის მიმართ ბევრად მომთხოვნი გამხადა, მეტად ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებს და მეტი მოლოდინი მაქვს საკუთარი თავის მიმართ. საბოლოოდ არათუ მივიღე ის, რასაც ველოდი, არამედ ყოველგვარ მოლოდინსაც გადააჭარბა, სრულიად არაორდინალური და განსაკუთრებული იყო ჩემი იქ ყოფნის ყოველი დღე და მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

Share Button

გიორგი რაზმაძე – დასაქმების ისტორია

მე ვარ გიორგი რაზმაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის მაგისტრი. დასაქმებული ვარ MSDA – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში ბიზნესის პროცესების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას მაღალი აკადემიური მოსწრება მქონდა. ეს ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ საინტერესო პრაქტიკოსი ლექტორები გვასწავლდნენ, დასაქმებულები საქართველოს სხვადასხვა მოწინავე კომპანიის მმართველ პოზიციებზე. ყოველდღიურად ვისმენდი არა მხოლოდ წიგნში დაწერილ თეორიებს, არამედ იმასაც, ეს თეორიები როგორ გამოიყენება საქართველოს სხვადასხვა მოწინავე კომპანიის სამუშაო პროცესში. ნებისმიერი ეკონომიკური თუ ბიზნესთეორია საინტერესოა და კიდევ უფრო საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც მის პრაქტიკაში გამოყენებას სწავლობ. ამ ყველაფერმა საშუალება მომცა, გამეღრმავებინა ცოდნა და ანალიტიკური აზროვნების უნარი. ეს, მგონია, რომ ცხოვრებაში ბევრ რამეს გამიმარტივებს. სწორედ ასე მოხდა, როდესაც უნივერსიტეტში MSDA-ის წარმომადგენლები მოვიდნენ და მათთან გასაუბრების შესაძლებლობა მომეცა. რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი კონკურსის გავლის შედეგად ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა.

სტუდენტებს ვურჩევ, გამოიყენონ ის შესაძლებლობა და რესურსი, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს. მოწვეული ლექტორების უმრავლესობა დასაქმებულია სხვადასხვა კერძო კომპანიის მმართველ პოზიციებზე. კარგი კადრი ყოველთვის პრიორიტეტია კომპანიებისათვის. თქვენ კი შანსი გეძლევათ, სემინარებსა თუ სხვადასხვა აქტივობაზე წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და გახდეთ დიდი და წარმატებული გუნდის წევრი. თეორიულ ცოდნასთან ერთად დააგროვოთ დიდი გამოცდილება წარმატებულ კომპანიაში.

Share Button

ერთხელ ერასმუსით – ნათია ლაკია

მე ვარ ნათია ლაკია, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრანტი მენეჯმენტის მიმართულებით, და, თამამად შემიძლია გითხრათ, მომავალი CEO.  ბოლო დროს ყველაფერი გვიბიძგებს, რადიკალური გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, უარი ვთქვათ ცვლილებებზე და გეგმები გადავდოთ. არადა საუკეთესო გადაწყვეტილებაა, არ გაჩერდე. სწორედ ამ სურვილმა წამიყვანა ესპანეთში პანდემიის დროს, 18 საათი ვიმგზავრე, აქედან 4 საათზე მეტი იმაში გავატარე, დამერწმუნებინა მებაჟეები, რომ გადამეკვეთა საზღვარი, რადგან ჩვენი ქვეყანა წითელ ზონაში იყო, ხოლო ესპანეთი ვიზის გარეშე არ იღებდა სასწავლებლად ჩასულ სტუდენტებს. თუმცა მე ეს შევძელი. მე ვარ გოგო, რომელიც არასდროს ჩერდება და უყვარს გამოწვევები. არ გაჩერდე შენც!

მთავარი, რაც ვისწავლე, არის ის, რომ ყოველთვის ეცადო, იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, ცხოვრების გზაზე შეიძლება ბევრი გამოწვევა/ბარიერი შეგხვდეს, თუმცა ეს უნდა მიიღო, როგორც შესაძლებლობა, რათა საკუთარი თავი გამოცადო. ადამიანებს ძალიან გვიყვარს კომფორტის ზონა, ეს ერთგვარი ვაკუუმია, რომელიც უნდა გადალახო, რათა ყველა დაბრკოლებაში შესაძლებლობა დაინახო. გაცვლითმა პროგრამამ სწორედ ეს მასწავლა, ახლა ზუსტად ვიცი, რომ არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც სათანადოდ ვერ ვუპასუხებ და, რაც მთავარია, გავიგე, რომ თუ გინდა წარმატებული იყო, მუდმივი შემეცნების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია.

ორივე უნივერსიტეტი გვასწავლის საკუთარი თავის რწმენას, თავისუფლად აზროვნებას, იმას, თუ როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ილიაუნი ჩემთვის ადგილია, რომელმაც საკუთარი თავის, იდეის რწმენა მასწავლა, მაჩვენა, რომ ცოდნას შეუძლია პიროვნება მთლიანად შეცვალოს. ხოლო ბარსელონის ავტონომიურმა უნივერსიტეტმა ეს რწმენა უფრო მეტად განმიმტკიცა იდენტობის მნიშვნელობის შესახებ.

გაცვლითი პროგრამის დროს ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი, თუმცა განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჩემი პალესტინელი ჯგუფელი ისრა, გოგონა რომელმაც ბარიერი გადალახა, რათა განათლება მიეღო და დღეს პალესტინაში სხვა მუსლიმ გოგოებს ეხმარება განათლების მიღებაში.როგორც ისრა ამბობდა, ცვლილებას იწყებს შენ.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო კურსი პროგრამის ფარგლებში იყო „რისკის მქონე საწარმოების ზრდა და სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესში”, მით უფრო, რომ კურსის ხელმძღვანელი (ალექს რიაპი) იყო ისეთი კომპანიების ფინანსური მრჩეველი, როგორებიცაა: Mercadona; Repsol და სხვ. მან გვასწავლა მთავარი: თუ გინდა იყო წარმატებული, პირველმა უნდა იცოდე სიახლე და შეგეძლოს, მომავლიდან უყურო აწმყოს.

გაცვლითი პროგრამის ბოლო კვირას უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების კვირეულზე ბრიტანულმა აუდიტორულმა კომპანიამ KPMG სამსახური შემომთავაზა უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე (იმ წუთას ყველაზე ამაყი და ბედნიერი ვიყავი, რადგან მივხვდი, რომ სწორი ინვესტიცია განვახორციელე განათლებაში).

აუცილებლად გაეცანით იმ ქვეყნის კულტურას, სადაც გაცვლითი პროგრამით წასვლას აპირებთ, რადგან უფრო გაგიიოლდებათ ადგილობრივებთან ურთიერთობა.
დაისახეთ მიზნები და ყოველდღე გააკეთეთ რაღაც, რათა თქვენი მიზნები რეალობად იქცეს. საკუთარი თავის რწმენა ყველაზე დიდი ძალაა ამ სამყაროში.

Share Button

ერთხელ ერასმუსით – ირაკლი იაგორაშვილი

 

მე ვარ ირაკლი იაგორაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დამამთავრებელი წლის სტუდენტი. ვსწავლობ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. სწავლასთან ერთად  ვარ ტრენერი მედიაწიგნიერების საკითხებში, ასევე ვაქვეყნებ სტატიებს ყალბი ინფორმაციის შესახებ მითების დეტექტორის პლატფორმაზე და შედეგად ვცდილობ, მკითხველს მივაწოდო რეალური ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. დაინტერესებული ვარ ფილოსოფიით, მაქვს ორგანიზაცია (აინ რენდის ცენტრი – საქართველო) და მისი დახმარებით საინტერესო ინფორმაციიებს ვავრცელებ საზოგადოებაში ლექციებისა და ონლაინღონისძიებების საშუალებით. ვცდილობ, დადებითი გავლენა მოვახდინო ჩემ გარშემო მყოფ ინდივიდებზე და ბევრ ფუნდამენტურ საკითხზე დავაფიქრო.

გაცვლითი პროგრამა ჩემთვის ახალი არ იყო. გლაზგოში წასვლამდე გავიმარჯვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაში Global UGRAD, რამაც საშუალება მომცა ერთი სემესტრი მესწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ერასმუსის შემთხვევაში ჩემი შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდა სხვადასხვა მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა Covid-19-ის პანდემიის დროს მომიწია, თითქმის არ მიგრძნია ჩაკეტილობა ან იმედგაცრუება. მართალია სწავლა ელექტრონულად იყო, მაგრამ ერასმუსის პროგრამა არ არის მხოლოდ სწავლა, ის მრავალ სხვა შესაძლებლობასაც გაძლევს გარემოს ცვლილების კუთხით, პანდემიამ კი ამაში ხელი ვერ შემიშალა.

სხვა ქალაქსა და სახელმწიფოში ცხოვრება გაიძულებს იყო ძლიერი და მაქსიმალურად შეეთვისო ახალ გარემოს, თან ეს ისე გააკეთო, რომ ინდივიდუალიზმი შეინარჩუნო. ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რასაც ალბათ ყველა სტუდენტი ხვდება საზღვარგარეთ სწავლისას. ამ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ჩემი აზრით, ადამიანი ბევრს სწავლობს ზოგადად ცხოვრებაზე, პიროვნულად ძლიერდებადა უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდება. ეს ჩემს შემთხვევაში ნამდვილად წარმატებით განხორციელდა. პანდემიის პირობებში განსხვავებულ პრობლემებთან მომიწია გამკლავება, რამაც უფრო ძლიერ და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამომაყალიბა.

რაც მთავარია, შოტლანდიაში სწავლა მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. უნივერსიტეტმა საშუალება მომცა, შემესწავლა ისეთი საკითხები, რომელთაც საქართველოში შესაძლოა ნაკლები ყურადღება ეთმობა. ახალი და განსხვავებული ინფორმაციის მიღება გეხმარება, გადააფასო ადრე მიღებული ინფორმაცია და შენი ცოდნა უფრო გაამყარო, ეფექტური გახადო. კვლევაზე ორიენტირებულმა სწავლებამ დახვეწა ჩემი კვლევითი უნარები, რაც სამომავლოდ, ვფიქრობ, განსაკუთრებით დამეხმარება კარიერულ წინსვლაში. მიღებულ ცოდნას უკვე ვიყენებ ამჟამინდელ პროფესიაში. ჩემი ერთ-ერთი საქმიანობა, ფაქტების გადამოწმება, სწორედ კვლევას, ინფორმაციის ძიებას, ანალიზსა და შეფასებას ემყარება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გლაზგოს უნივერსიტეტს შორის ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე. უპირველეს ყოვლისა, ორივეს სწავლების მოდელი საკმაოდ მსგავსი აქვს, შესაბამისად არ მომიწია რადიკალურად განსხვავებულ სისტემაზე გადასვლა. გლაზგოს უნივერსიტეტიც, ისევ როგორც ილიაუნი, თავისუფალი სივრცე აღმოჩნდა იდეების გაცვლისთვის, დიალოგისა და დისკუსიებისთვის. სამწუხაროდ ბევრი უნივერსიტეტი მსოფლიოს გარშემო ამ შესაძლებლობას მოკლებულია, თუმცა როგორც ილიაუნიმ, ისე გლაზგოს უნივერსიტეტმა დიდი სივრცე მომცა თავისუფლების, ჩემი თავის გამოხატვისა და შედეგად – განვითარების. უნივერსიტეტის მიზანიც ეს უნდა იყოს – იყოს ღია, გახსნილი გარემო, რომელშიც სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი თავი და შეინარჩუნოს ინდივიდუალიზმი.

ჩემთვის კოლექტიური შოტლანდიელი იყო საინტერესო. ამ ტერმინში ისეთ ადამიანს ვგულისხმობ, რომელიც  შოტლანდიელის საერთო თვისებებს აერთიანებს. ალბათ პირველი, რასაც ასეთ ადამიანში შეამჩნევ, ინგლისურის ძალიან განსხვავებული აქცენტია. თავდაპირველად შეიძლება საკუთარ თავს ჰკითხო, ეს ნამდვილად ინგლისურია თუ არა. ეს ხალხი გამორჩეულია თავისუფლების სიყვარულით. თავისუფლება ყველას უყვარს, მაგრამ აქაურებს თითქოს  უფრო მეტად. ტიპური შოტლანდიელი ყოველთვის დაიწყებს წუწუნს, რომ შოტლანდია დამოუკიდებელი არ არის. ესეც ალბათ თავისუფლების სიყვარულით არის გამოწვეული. ტიპური შოტლანდიელი საკმაოდ თავისუფალი და ლაღი ადამიანია. ამისგამოა, რომ შოტლანდიაში საკმაოდ ლიბერალური და თავისუფალი გარემოა და მრავალი ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს შეუძლიათ მშვიდობიანი თანაცხოვრება. დაბოლოს, ნამდვილი შოტლანდიელი ძალიან ლაღი ადამიანი უნდა იყოს, რაც პრობლემებიც უნდა ჰქონდეს მას. იქ ადამიანები პრობლემებს არ აძლევენ გამარჯვების უფლებას. მათთვის მთავარი მიზანი მაინც ბედნიერების შენარჩუნებაა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს ვისწავლოთ, არ მივცეთ დარდს უფლება მთლიანად დაიკავოს ჩვენი ემოციური ტევადობა, უნდა გვქონდეს დიდი ადგილი ბედნიერებისთვის.

ერთ-ერთი საინტერესო კურსი შეეხებოდა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს. ამ კურსმა, რომელიც ერთგვარი ხიდი იყო ჩემსა და კილომეტრებით დაშორებულ საქართველოს შორის,სხვა თვალით შემახედა ზოგადად იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოსა და ჩვენს რეგიონში არსებობს. კურსის სემინარისტი ჩინეთიდან იყო, ეს კი საშუალებას მაძლევდა, დამენახა, როგორ უყურებენ ჩვენს მოვლენებს განსხვავებული კულტურის ადამიანები. ხშირად საზოგადოებაში გამეფებულია ერთი აზრი და განსხვავებულ აზრებს ფუნდამენტიც არ გააჩნიათ. ამ კურსმა კი საშუალება მომცა გარკვეული საკითხები განსხვავებული პრიზმით აღმექვა და შედეგად უფრო კრიტიკულად მივდგომოდი.

პანდემიამ დიდი დაბრკოლება შეუქმნა იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მოგზაურობა. ერასმუსის სხვა გამარჯვებულებისგან ვიცოდი, რომ მოგზაურობა და ახალი ადგილების დათვალიერება ასევე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ჩემთვის. პანდემიის მიუხედავად დიდ ბრიტანეთს საზღვრები ასე თუ ისე ღია ჰქონდა, თუმცა სხვა სახელმწიფოები ქვეყანაში შესვლის რეგულაციებს მუდმივად ცვლიდნენ. ყველა დაგეგმილი მოგზაურობა საფრთხის წინაშე შეიძლება დამდგარიყო, ჩემთვის კი გეგმების ცვლილებას გარემო ფაქტორების გამო ცუდი ემოცია მოაქვს ხოლმე. ეს დაბრკოლება ადვილად გადავლახე. ჩემი დევიზი იყო „ცხოვრება სიკვდილისგან გაქცევის ტოლფასი არ არის”. ვააანალიზებდი, რამდენად საფრთხის შემცველი იყო კორონავირუსი, თუმცა ვიცოდი, რომ უფრო საფრთხისშემცველი იქნებოდა, თუ ჩემი სემესტრისა და სტუდენტობის მნიშვნელოვან თვეებს შინ გამოკეტილი გავატარებდი. დაბრკოლებების მიუხედავად მაინც ვიმოგზაურე ევროპის სხვადასხვა ადგილას. მართალია იღბალი და სახელმწიფოთა რეგულაციები იმ პერიოდში ჩემს მხარეს იდგა, მაგრამ მთავარი მაინც ჩემი არჩეული დევიზი და მოტივაცია იყო. როცა მოგზაურობა და დასახული მიზნები გამოდიოდა, უფრო ბედნიერად ვგრძნობდი თავს, მეტად ვაფასებდი სიცოცხლეს და მემატებოდა ძალა, რომ არ გადავუხვევდი ჩემს მთავარ დევიზს „ცხოვრება სიკვდილისგან გაქცევის ტოლფასი არ არის”. დღემდე ამ დევიზით ვცხოვრობ და ასე იქნება, სანამ კორონავირუსი ჩვენ გარშემო იარსებებს.

არასდროს დაკარგოთ დრო ტყუილად. მაქსიმალურად შეეცადეთ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ. თუ თავისუფალი დრო მაინც გრჩებათ, ე. ი. საკმარისი შესაძლებლობა თავადაც არ შეგიქმნიათ. გაცვლითი პროგრამა საშუალებას გაძლევთ, განსხვავებული და გამორჩეული საქმეები აკეთოთ, ამიტომ არაფერზე თქვათ უარი. დამერწმუნეთ, ყოველ უარს აუცილებლად ინანებთ ქვეყანაში დაბრუნებისას, როცა მეორედ აღარ მოგეცემათ იგივე შესაძლებლობა. მაქსიმალურად გამოიყენეთ ახალი შესაძლებლობები, ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი და შედეგად თქვენი სემესტრი იქნება დაუვიწყარი.

Share Button

ლიკა ჩხიტუნიძე – დასაქმების ისტორია

მე ვარ ლიკა ჩხიტუნიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტი, ვმუშაობ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორად.

ჩემი დასაქმების ისტორია ასეთია:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა ჩემთვის საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა. აკადემიური საქმიანობის გარდა ძალიან დიდ გამოცდილებას მაძლევდა სხვადასხვა პროექტი, რომლებშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. ერთ-ერთი ასეთი პროექტია BOOSTER – კარიერული განვითარების აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: კოლაბორაცია, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, შემოქმედებითობა და სხვ., რაც დამსაქმებელთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპისთვის მომზადებაში გვეხმარებოდა. პროექტში 2020 წელს ჩავერთე, როდესაც პანდემია ახალი დაწყებული იყო და უნივერსიტეტი დისტანციურად მუშაობდა. განაცხადი სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნეს. ჩემმა მოტივაციამ საშუალება მომცა გავმხდარიყავი ამ პროექტის წევრი. პროექტის დასრულების შემდეგ დავესწარი ონლაინშეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს HR-თან, რომელიც ასევე ილიაუნის ორგანიზებით გაიმართა. ასე შევიტყვე ვაკანსიის შესახებ, რომელზეც ახლა დასაქმებული ვარ.

სამსახური ძალიან მომწონს. რაც მთავარია, ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ პანდემიის დროს პროფესიით მუშაობას შევძლებდი.

სტუდენტებს ვურჩევ, აქტიურად ჩაერთონ უნივეტსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში, მუდმივად განვითარდნენ და უკან არასოდეს დაიხიონ, რადგან შრომა და მონდომება ყოველთვის დაუფასდებათ.

Share Button