დოია ჩახტაური – ერთხელ ერასმუსით

მე ვარ დოია ჩახტაური, 24 წლის, დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი მენეჯმენტის განხრით, სწავლის პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში, ვორკშოპებსა და ტრენინგებში, მაგალითად, ,,იზრუნეს“ საზაფხულო ბანაკში ვიყავი მეოთხე ნაკადში, ,,ტურმოუდის“კვირეულში მივიღე მონაწილეობა, ასევე მენეჯერთა კლუბის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში, ,,გაეროს მოდელირების“ ერთთვიან ტრენინგში, ვიყავი ილიაუნის ეკომოლაშქრეთა კლუბის აქტიური წევრი, ბევრი ლაშქრობა და საჯარო ლექცია დაგვიგეგმავს. ბაკალავრის დამთავრების შემდეგ მალევე განვაგრძე სწავლა მაგისტრატურაზე ილიაუნიში,, რათა უკეთესად შემესწავლა ბიზნესინგლისური, ამავდროულად დავიწყე მუშაობა შემოსავლების სამსახურში სტაჟიორად, შემდეგ კი RSM Georgia Solution-ში ბიზნესანალიტიკოსად ვმუშაობდი 9 თვე. სწორედ მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლის და მუშაობის პარალელურად დავგეგმე ერასმუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რაც ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, ამისათვის თითქმის ორი წელი ვემზადებოდი, ბევრი ვიშრომე და გავიმარჯვე. პორტუგალიაში, მინიოს უნივერსიტეტში (University of Minho)ვსწავლობდი შემოდგომის სემესტრში. ვერც აღვწერ იმ შეგრძნებას, რაც დადებითი პასუხის მიღების შემდეგ დამეუფლა, უზომოდ ბედნიერი, გახარებული და ამაყი ვიყავი, რომ, როგორც იქნა, შრომა და წვალება დამიფასდა და არც ერთი წამით არ მიფიქრია უარის თქმა. ამ ეტაპზე კვლავ განვაგრძობ ილიაუნიში სწავლას და პარალელურად ვმუშაობ ერთ-ერთ მეღვინეობის კომპანიაში ინგლისურენოვან გიდად, ვუძღვები უცხოენოვან ტურისტებს, რაც, ვფიქრობ, ჩემთვის ერთ–ერთი საინტერესო და მრავალფეროვანი სამსახურია, რადგან ვარ კომუნიკაბელური, აქტიური და მომწონს ადამიანებთან საუბარი და აზრების გაცვლა, განსაკუთრებით კარგად გამომდის კომუნიკაცია უცხოელებთან, რადგან ყოველთვის მეტი ინტერესი მაქვს უცხო კულტურების მიმართ.

გარდა იმისა, რომ პორტუგალიაში სწავლისას გავიარე საინტერესო კურსები საინტერესო ლექტორებთან ერთად, სხვადასხვა პროგრამაში მუშაობის თუ დავალებების შესრულების გამოცდილება მიიღე, შევისწავლე საინტერესო საგნებიც, რომლებმაც გააღრმავეს ჩემი ცოდნა ფინანსებისა და სტატისტიკის განხრით, გამოვარჩევ „კვლევის მეთოდებს“, რომელიც გამოსადეგი საგანი იყო და, მჯერა, სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად დამეხმარება. განვლილ საგნებთან ერთად განვივითარე პერსონალური უნარებიც და გავხდი უფრო მეტად პასუხისმგებლიანი, რადგან მინიოს უნივერსიტეტში მარტო ჩავედი, შესაბამისად ყველა საკითხის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება თუ სირთულეების გადალახვა, მარტოს მომიწია, რაც უფრო მეტ სირთულეს ვაწყდებოდი, მეტად ვძლიერდებოდი და უფრო დამოუკიდებელი ვხდებოდი. ბევრი გამოწვევისა და სირთულის წინაშე აღმოვჩნდი, სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებდი და მათი გადაჭრა ჩემთვის უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენდა. ამავდროულად გავხდი უფრო კომუნიკაბელური და აქტიური, რაც დამეხმარა უამრავი მეგობრის შეძენაში და დამატებით ახალი და საინტერესო კავშირების დამყარებაში, გამიჩნდა მეტი მოტივაცია, შევისწავლო სხვა რომელიმე ევროპული ენა წინსვლისა და წარმატების მისაღწევად. ვფიქრობ, როდესაც გასცდები საკუთარი ქვეყნის ფარგლებს, ყველაფერი საინტერესოა, ახალი, და გინდა, ეზიარო ახალ კულტურას, ტრადიციებს, გაიგო, როგორია მათი ფასეულობები და ამავდროულად გიჩნდება სურვილი, გაეცნო მათ კულტურულ ძეგლებს, ღირსშესანიშნაობებსა და ისტორიას. ეს ყველაფერი გეხმარება, მეტად შეიყვარო სხვა ერის წარმომადგენლები, თუნდაც გადააფასო საკუთარი შეხედულებები და რაიმე ახალი შეიძინო ან მათაც გაუზიარო შენი ქვეყნის ღირებულებები, გააცნო შენი სამშობლო და მათი დახმარებით გაიცნო სხვა ქვეყნები. ახლა ნამდვილად ვიცი, რომ სამყაროს სხვა თვალით ვუყურებ. პირველ რიგში, მჯერა, რომ ოცნებები ყოველთვის ხდება, მთავარია, გჯეროდეს და მიზნისაკენ მიმავალ გზაზე არასდროს დანებდე, იშრომო დაუღალავად და წარმატებაც ისე უცბად მოვა, თვალის დახამხამებას ვერც მოასწრებ, ამავდროულად მეტი სურვილი მაქვს, კიდევ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში და კვლავ გამოვცადო ეს დიდი ბედნიერება.

მნიშვნელოვანი მსგავსება, ნამდვილად თვალსაჩინო, იყო ის, რომ ილიაუნის მსგავსად მინიოს უნივერსიტეტიც აქტიურად ცდილობდა სტუდენტებისათვის ხარისხიანი და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას სათანადო ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, მუდმივად სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე ზრუნავდნენ და გეგმავდნენ სხვადასხვა საჯარო ლექციას, სემინარსა თუ ვორკშოპს, რათა მეტი ცოდნა და ინფორმაცია მიეწოდებინათ სტუდენტებისათვის ბიზნესის თუ სხვა სფეროებში. ილიაუნის მსგავსად მათაც ჰქონდათ პლატფორმა, სადაც ჩვენთვის განთავსებული იყო დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი და სურვილისამებრ ვრეგისტრირდებოდით, ამავდროულად ჰქონდათ სტუდენტების ხელშემწყობი დასაქმების პროგრამა, რომელიც სტუდენტებს ეხმარებოდა, სხვადასხვა დასაქმების ფორუმში მიეღოთ მონაწილეობა, რაც მათი დასაქმების შანსებს ბევრად ზრდიდა. მსგავსად ილიაუნის სხვადასხვა კლუბისა, ერთ-ერთი სტუდენტური ESN ოფისიც აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის პოპულარიზაციაში და გეგმავდნენ სხვადასხვა ტურს, ლაშქრობასა და საველე გასვლებს, ეხმარებოდნენ ახალ სტუდენტებს ორიენტაციასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ილიაუნის მსგავსად მინიოს უნივერსიტეტიც მალევე ეფექტურად გადაერთო დისტანციურ სწავლებაზე და შექმნეს სტუდენტებისათვის მოსახერხებელი გრაფიკი და შერეული სწავლების სისტემა (დისტანციური და აუდიტორიებში). მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო პროცესი უხარვეზოდ მიმდინარეობდა.

ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, განსაკუთრებულად გამოვყოფ ვასილიკის, ჩემს მობინადრეს, რომელიც საბერძნეთიდან ჩამოვიდა, პორტუგალიაში გავიცანი და ახლაც ჩემი უახლოესი მეგობარია. სახლში მისი გადმოსვლა ყველასთვის შესამჩნევი იყო, რადგან არაჩვეულებრივად უკრავს საქსოფონზე და მეცადინეობისას გვატკბობდა ტკბილი ჰანგებით, ასევე მისდევდა სპორტის რამდენიმე სახეობას, სხვა სტუდენტებთან ერთად ვთამაშობდით ფრენბურთსა თუ ხელბურთს, მაგიდის ჩოგბურთს და სამაგიდო ფეხბურთს. ჩემთვის განსაკუთრებული და საინტერესო ცხოვრება სწორედ მისი გადმოსვლის შემდეგ დაიწყო, რადგან იოგას მასწავლებელიც იყო და მისი გავრცელებისა და პოპულარიზაციისათვის ეწვია პორტუგალიას, ყოველი დღე მასთან ერთად იოგათი იწყებოდა, რამაც შემაყვარა ეს მიმდინარეობა და, მინდა ვთქვა, მიზანი მიღწეულია, ახლა ჩემს მეგობრებს ვასწავლი იოგას. მისი სახით ნამდვილად შევიძინე სულიერი მეგობარი, თანამოაზრე და მონათესავე სული, რადგან ჩვენი გეგმები და მიზნები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. დამაკავშირა სტუდენტურ გაერთიანებებს, ასევე ძალიან გვინდოდა აქტიური სტუდენტური ცხოვრება და არც ერთ ტურსა თუ ლაშქრობას არ ვტოვებდით, მისი სახით ძალიან კარგი მეგობარი და გულშემატკივარი შევიძინე, რადგან ერთმანეთს დიდ სტიმულს ვაძლევდით და გვახარებდა ერთმანეთის წარმატებები, ხოლო რთულ სიტუაციებში გვქონდა ერთმანეთის იმედი. ახლაც ახლო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ვგეგმავთ, რომ სხვა მეგობრებთან ერთად კვლავ ვეწვიოთ პორტუგალიას, საბერძნეთშიც მიწვეული ვარ, მეც აუცილებლად ვუმასპინძლებ მას.

ყველაზე საინტერესო და გამოსადეგი კურსი, რაც გავიარე, იყო კვლევის მეთოდები, რომელიც დამეხმარა უკეთ გავრკვეულიყავი სამაგისტრო ნაშრომის თემის შერჩევის პრინციპებში, თემის დამუშავების პროცესსა და კვლევის ჩატარების საკითხში, საორიენტაციოდ გვქონდა კვლევისა და თემის წარდგენის ეტაპობრივი სიმულაციები, რაც განამტკიცებდა ჩვენს ცოდნასა და კომპეტენციას, უნდა აღვნიშნო, რომ კურსის ლექტორი მარია კორტესი განსაკუთრებულად გვეხმარებოდა და ჩართული იყო ჩვენი მუშაობის პროცესში, ინდივიდუალურადაც გვიწევდა კონსულტაციას. გაცვლითი პროგრამის სტუდენტი უცხო ქვეყანაში ყველაფერს უფრო სენსიტიურად უყურებ, მსგავსი ყურადღება და გულისხმიერება კი ორმაგად დასაფასებელი ხდება, რასაც არასდროს დავივიწყებ, რომ არა მისი აქტიური ჩართულობა, კურსის წარმატებით დახურვა ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან იყო სრულად პრაქტიკული კურსი, რეალურად გვიწევდა ინტერვიუს ჩატარება და რეალური კვლევის ანალიზი, პროფესორი მარია კი მუდმივად ჩვენ გვერდით იყო, სულ ვგრძნობდი მის მხარდაჭერასა და გვერდში დგომას.

ერთ–ერთი ყველაზე სახალისო და გამორჩეული ისტორია გადამხდა ახალი წლის ღამეს, როდესაც ყველა მობინადრე და ჩემი მეგობრები ჩემს დიდ და სტუმართმოყვარე სახლში შეიკრიბნენ, გადავწყვიტეთ ახალი წელი ერთად აღგვენიშნა, თითოეულმა მოვამზადეთ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ორ-ორი ტრადიციული საახალწლო კერძი. ეს ნამდვილად სახალისო და საინტერესო გამოდგა, რადგან უკეთ გავიცანით ერთმანეთი, მზადების პროცესში ერთმანეთს ვუზიარებდით სხვადასხვა კერძის მომზადების ტრადიციულ ხერხებს, საბოლოოდ კი საახალწლო სუფრას ამშვენებდა ქართული, ბერძნული, პორტუგალიური, ესპანური, თურქული, სომხური და ინდური სამზარეულოს კერძები. ბუხართან საინტერესო საუბართან ერთად დავაგემოვნეთ და შევაფასეთ კერძები. საცივმა, ჩურჩხელამ და ხაჭაპურმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, გვქონდა ტრადიციული ცეკვების შეჯიბრიც, ერთმანეთს ვასწავლიდით ჩვენი ქვეყნის ნაციონალური ცეკვების ილეთებს, აქაც ქართული ცეკვის ილეთები განსაკუთრებულად მოეწონათ. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი საღამო იყო, რადგან ვიგრძენი, რას ნიშნავს ერების გაერთიანება, ბევრ განმასხვავებელთან ერთად აღმოვაჩინეთ საერთო თვისებები და მახასიათებლებიც, რაც გიტოვებს შეგრძნებას, რომ მიუხედავად კულტურების, ენებისა თუ ტრადიციების სხვადასხვაობებისა, არსებობს რაღაც, რაც მთლიანად ერებს და სამყაროს აერთიანებს და ასულდგმულებს, სწორედ ეს იყო ჩემთვის კულტურების გაზიარება და ზეიმი.

სტუდენტებო, რისკის არ შეგეშინდეთ და მასპინძელ ქვეყანაში ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ გაიცნოთ და შეიძინოთ მეგობრები, უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება არ გამოტოვოთ და იყავით მაქსიმალურად გახსნილები და კომუნიკაბელურები, არ შეგეშინდეთ გამოწვევების, რადგან ცხოვრებაში ბევრჯერ არ გვეძლევა მსგავსი შანსი. იმოგზაურეთ, გაეცანით ქვეყნებისა და სხვადასხვა ერის კულტურასა თუ ღირსშესანიშნაობებს, გააცანით საქართველო და არანაირი მიზეზით არ გადადოთ მონაწილეობა. როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა, საზღვრები დაკეტილი იყო და მათ გახსნას არც არავინ იმედოვნებდა, მე მაინც გადაწყვეტილი მქონდა წასვლა და არ შემიწყვეტია მზადების პროცესი, თუმცა მეგობრები თუ ოჯახის წევრები მაფრთხილებდნენ, რომ არ იყო სათანადო დრო, ცოტა მომეცადა ან საერთოდ უარი მეთქვა, რადგან ვერ შევძლებდი გამგზავრებას, სწავლას თუ ერასმუსისთვის დამახასიათებელი მაქსიმალური სარგებლის მიღებას, ან არ იქნებოდა ჩემი ცხოვრება ისეთი აქტიური, წარმატებული და სიცოცხლით სავსე, როგორიც წარმომედგინა ჩემს ოცნებებსა თუ წარმოსახვაში. მაგრამ არ შემეძლო მათთვის მომესმინა ან ხელის შემშლელ ფაქტორებად მიმეჩნია ყველა ეს გარემოება, რადგან ვიცოდი, რომ თუ რაიმეს გაკეთება მთელი გულით გინდა, ყველა დაბრკოლების მიუხედავად მაინც შეძლებ გეგმებისა და ოცნებების განხორციელებას და ღირს, ამისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა – მომიწია სამსახურის დატოვება, რასაც წამით არ ვნანობ, რადგან ერასმუსის პროგრამამ უფრო მეტი სარგებელი მომცა, მეტად მოტივირებული და თავდაჯერებული და საკუთარი თავის მიმართ ბევრად მომთხოვნი გამხადა, მეტად ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებს და მეტი მოლოდინი მაქვს საკუთარი თავის მიმართ. საბოლოოდ არათუ მივიღე ის, რასაც ველოდი, არამედ ყოველგვარ მოლოდინსაც გადააჭარბა, სრულიად არაორდინალური და განსაკუთრებული იყო ჩემი იქ ყოფნის ყოველი დღე და მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

Share Button

გიორგი რაზმაძე – დასაქმების ისტორია

მე ვარ გიორგი რაზმაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის მაგისტრი. დასაქმებული ვარ MSDA – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში ბიზნესის პროცესების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას მაღალი აკადემიური მოსწრება მქონდა. ეს ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ საინტერესო პრაქტიკოსი ლექტორები გვასწავლდნენ, დასაქმებულები საქართველოს სხვადასხვა მოწინავე კომპანიის მმართველ პოზიციებზე. ყოველდღიურად ვისმენდი არა მხოლოდ წიგნში დაწერილ თეორიებს, არამედ იმასაც, ეს თეორიები როგორ გამოიყენება საქართველოს სხვადასხვა მოწინავე კომპანიის სამუშაო პროცესში. ნებისმიერი ეკონომიკური თუ ბიზნესთეორია საინტერესოა და კიდევ უფრო საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც მის პრაქტიკაში გამოყენებას სწავლობ. ამ ყველაფერმა საშუალება მომცა, გამეღრმავებინა ცოდნა და ანალიტიკური აზროვნების უნარი. ეს, მგონია, რომ ცხოვრებაში ბევრ რამეს გამიმარტივებს. სწორედ ასე მოხდა, როდესაც უნივერსიტეტში MSDA-ის წარმომადგენლები მოვიდნენ და მათთან გასაუბრების შესაძლებლობა მომეცა. რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი კონკურსის გავლის შედეგად ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა.

სტუდენტებს ვურჩევ, გამოიყენონ ის შესაძლებლობა და რესურსი, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს. მოწვეული ლექტორების უმრავლესობა დასაქმებულია სხვადასხვა კერძო კომპანიის მმართველ პოზიციებზე. კარგი კადრი ყოველთვის პრიორიტეტია კომპანიებისათვის. თქვენ კი შანსი გეძლევათ, სემინარებსა თუ სხვადასხვა აქტივობაზე წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და გახდეთ დიდი და წარმატებული გუნდის წევრი. თეორიულ ცოდნასთან ერთად დააგროვოთ დიდი გამოცდილება წარმატებულ კომპანიაში.

Share Button

ერთხელ ერასმუსით – ნათია ლაკია

მე ვარ ნათია ლაკია, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრანტი მენეჯმენტის მიმართულებით, და, თამამად შემიძლია გითხრათ, მომავალი CEO.  ბოლო დროს ყველაფერი გვიბიძგებს, რადიკალური გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, უარი ვთქვათ ცვლილებებზე და გეგმები გადავდოთ. არადა საუკეთესო გადაწყვეტილებაა, არ გაჩერდე. სწორედ ამ სურვილმა წამიყვანა ესპანეთში პანდემიის დროს, 18 საათი ვიმგზავრე, აქედან 4 საათზე მეტი იმაში გავატარე, დამერწმუნებინა მებაჟეები, რომ გადამეკვეთა საზღვარი, რადგან ჩვენი ქვეყანა წითელ ზონაში იყო, ხოლო ესპანეთი ვიზის გარეშე არ იღებდა სასწავლებლად ჩასულ სტუდენტებს. თუმცა მე ეს შევძელი. მე ვარ გოგო, რომელიც არასდროს ჩერდება და უყვარს გამოწვევები. არ გაჩერდე შენც!

მთავარი, რაც ვისწავლე, არის ის, რომ ყოველთვის ეცადო, იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, ცხოვრების გზაზე შეიძლება ბევრი გამოწვევა/ბარიერი შეგხვდეს, თუმცა ეს უნდა მიიღო, როგორც შესაძლებლობა, რათა საკუთარი თავი გამოცადო. ადამიანებს ძალიან გვიყვარს კომფორტის ზონა, ეს ერთგვარი ვაკუუმია, რომელიც უნდა გადალახო, რათა ყველა დაბრკოლებაში შესაძლებლობა დაინახო. გაცვლითმა პროგრამამ სწორედ ეს მასწავლა, ახლა ზუსტად ვიცი, რომ არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც სათანადოდ ვერ ვუპასუხებ და, რაც მთავარია, გავიგე, რომ თუ გინდა წარმატებული იყო, მუდმივი შემეცნების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია.

ორივე უნივერსიტეტი გვასწავლის საკუთარი თავის რწმენას, თავისუფლად აზროვნებას, იმას, თუ როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ილიაუნი ჩემთვის ადგილია, რომელმაც საკუთარი თავის, იდეის რწმენა მასწავლა, მაჩვენა, რომ ცოდნას შეუძლია პიროვნება მთლიანად შეცვალოს. ხოლო ბარსელონის ავტონომიურმა უნივერსიტეტმა ეს რწმენა უფრო მეტად განმიმტკიცა იდენტობის მნიშვნელობის შესახებ.

გაცვლითი პროგრამის დროს ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი, თუმცა განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჩემი პალესტინელი ჯგუფელი ისრა, გოგონა რომელმაც ბარიერი გადალახა, რათა განათლება მიეღო და დღეს პალესტინაში სხვა მუსლიმ გოგოებს ეხმარება განათლების მიღებაში.როგორც ისრა ამბობდა, ცვლილებას იწყებს შენ.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო კურსი პროგრამის ფარგლებში იყო „რისკის მქონე საწარმოების ზრდა და სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესში”, მით უფრო, რომ კურსის ხელმძღვანელი (ალექს რიაპი) იყო ისეთი კომპანიების ფინანსური მრჩეველი, როგორებიცაა: Mercadona; Repsol და სხვ. მან გვასწავლა მთავარი: თუ გინდა იყო წარმატებული, პირველმა უნდა იცოდე სიახლე და შეგეძლოს, მომავლიდან უყურო აწმყოს.

გაცვლითი პროგრამის ბოლო კვირას უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების კვირეულზე ბრიტანულმა აუდიტორულმა კომპანიამ KPMG სამსახური შემომთავაზა უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე (იმ წუთას ყველაზე ამაყი და ბედნიერი ვიყავი, რადგან მივხვდი, რომ სწორი ინვესტიცია განვახორციელე განათლებაში).

აუცილებლად გაეცანით იმ ქვეყნის კულტურას, სადაც გაცვლითი პროგრამით წასვლას აპირებთ, რადგან უფრო გაგიიოლდებათ ადგილობრივებთან ურთიერთობა.
დაისახეთ მიზნები და ყოველდღე გააკეთეთ რაღაც, რათა თქვენი მიზნები რეალობად იქცეს. საკუთარი თავის რწმენა ყველაზე დიდი ძალაა ამ სამყაროში.

Share Button

ერთხელ ერასმუსით – ირაკლი იაგორაშვილი

 

მე ვარ ირაკლი იაგორაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დამამთავრებელი წლის სტუდენტი. ვსწავლობ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. სწავლასთან ერთად  ვარ ტრენერი მედიაწიგნიერების საკითხებში, ასევე ვაქვეყნებ სტატიებს ყალბი ინფორმაციის შესახებ მითების დეტექტორის პლატფორმაზე და შედეგად ვცდილობ, მკითხველს მივაწოდო რეალური ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. დაინტერესებული ვარ ფილოსოფიით, მაქვს ორგანიზაცია (აინ რენდის ცენტრი – საქართველო) და მისი დახმარებით საინტერესო ინფორმაციიებს ვავრცელებ საზოგადოებაში ლექციებისა და ონლაინღონისძიებების საშუალებით. ვცდილობ, დადებითი გავლენა მოვახდინო ჩემ გარშემო მყოფ ინდივიდებზე და ბევრ ფუნდამენტურ საკითხზე დავაფიქრო.

გაცვლითი პროგრამა ჩემთვის ახალი არ იყო. გლაზგოში წასვლამდე გავიმარჯვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაში Global UGRAD, რამაც საშუალება მომცა ერთი სემესტრი მესწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ერასმუსის შემთხვევაში ჩემი შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდა სხვადასხვა მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა Covid-19-ის პანდემიის დროს მომიწია, თითქმის არ მიგრძნია ჩაკეტილობა ან იმედგაცრუება. მართალია სწავლა ელექტრონულად იყო, მაგრამ ერასმუსის პროგრამა არ არის მხოლოდ სწავლა, ის მრავალ სხვა შესაძლებლობასაც გაძლევს გარემოს ცვლილების კუთხით, პანდემიამ კი ამაში ხელი ვერ შემიშალა.

სხვა ქალაქსა და სახელმწიფოში ცხოვრება გაიძულებს იყო ძლიერი და მაქსიმალურად შეეთვისო ახალ გარემოს, თან ეს ისე გააკეთო, რომ ინდივიდუალიზმი შეინარჩუნო. ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რასაც ალბათ ყველა სტუდენტი ხვდება საზღვარგარეთ სწავლისას. ამ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ჩემი აზრით, ადამიანი ბევრს სწავლობს ზოგადად ცხოვრებაზე, პიროვნულად ძლიერდებადა უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდება. ეს ჩემს შემთხვევაში ნამდვილად წარმატებით განხორციელდა. პანდემიის პირობებში განსხვავებულ პრობლემებთან მომიწია გამკლავება, რამაც უფრო ძლიერ და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამომაყალიბა.

რაც მთავარია, შოტლანდიაში სწავლა მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. უნივერსიტეტმა საშუალება მომცა, შემესწავლა ისეთი საკითხები, რომელთაც საქართველოში შესაძლოა ნაკლები ყურადღება ეთმობა. ახალი და განსხვავებული ინფორმაციის მიღება გეხმარება, გადააფასო ადრე მიღებული ინფორმაცია და შენი ცოდნა უფრო გაამყარო, ეფექტური გახადო. კვლევაზე ორიენტირებულმა სწავლებამ დახვეწა ჩემი კვლევითი უნარები, რაც სამომავლოდ, ვფიქრობ, განსაკუთრებით დამეხმარება კარიერულ წინსვლაში. მიღებულ ცოდნას უკვე ვიყენებ ამჟამინდელ პროფესიაში. ჩემი ერთ-ერთი საქმიანობა, ფაქტების გადამოწმება, სწორედ კვლევას, ინფორმაციის ძიებას, ანალიზსა და შეფასებას ემყარება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გლაზგოს უნივერსიტეტს შორის ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე. უპირველეს ყოვლისა, ორივეს სწავლების მოდელი საკმაოდ მსგავსი აქვს, შესაბამისად არ მომიწია რადიკალურად განსხვავებულ სისტემაზე გადასვლა. გლაზგოს უნივერსიტეტიც, ისევ როგორც ილიაუნი, თავისუფალი სივრცე აღმოჩნდა იდეების გაცვლისთვის, დიალოგისა და დისკუსიებისთვის. სამწუხაროდ ბევრი უნივერსიტეტი მსოფლიოს გარშემო ამ შესაძლებლობას მოკლებულია, თუმცა როგორც ილიაუნიმ, ისე გლაზგოს უნივერსიტეტმა დიდი სივრცე მომცა თავისუფლების, ჩემი თავის გამოხატვისა და შედეგად – განვითარების. უნივერსიტეტის მიზანიც ეს უნდა იყოს – იყოს ღია, გახსნილი გარემო, რომელშიც სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი თავი და შეინარჩუნოს ინდივიდუალიზმი.

ჩემთვის კოლექტიური შოტლანდიელი იყო საინტერესო. ამ ტერმინში ისეთ ადამიანს ვგულისხმობ, რომელიც  შოტლანდიელის საერთო თვისებებს აერთიანებს. ალბათ პირველი, რასაც ასეთ ადამიანში შეამჩნევ, ინგლისურის ძალიან განსხვავებული აქცენტია. თავდაპირველად შეიძლება საკუთარ თავს ჰკითხო, ეს ნამდვილად ინგლისურია თუ არა. ეს ხალხი გამორჩეულია თავისუფლების სიყვარულით. თავისუფლება ყველას უყვარს, მაგრამ აქაურებს თითქოს  უფრო მეტად. ტიპური შოტლანდიელი ყოველთვის დაიწყებს წუწუნს, რომ შოტლანდია დამოუკიდებელი არ არის. ესეც ალბათ თავისუფლების სიყვარულით არის გამოწვეული. ტიპური შოტლანდიელი საკმაოდ თავისუფალი და ლაღი ადამიანია. ამისგამოა, რომ შოტლანდიაში საკმაოდ ლიბერალური და თავისუფალი გარემოა და მრავალი ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს შეუძლიათ მშვიდობიანი თანაცხოვრება. დაბოლოს, ნამდვილი შოტლანდიელი ძალიან ლაღი ადამიანი უნდა იყოს, რაც პრობლემებიც უნდა ჰქონდეს მას. იქ ადამიანები პრობლემებს არ აძლევენ გამარჯვების უფლებას. მათთვის მთავარი მიზანი მაინც ბედნიერების შენარჩუნებაა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს ვისწავლოთ, არ მივცეთ დარდს უფლება მთლიანად დაიკავოს ჩვენი ემოციური ტევადობა, უნდა გვქონდეს დიდი ადგილი ბედნიერებისთვის.

ერთ-ერთი საინტერესო კურსი შეეხებოდა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს. ამ კურსმა, რომელიც ერთგვარი ხიდი იყო ჩემსა და კილომეტრებით დაშორებულ საქართველოს შორის,სხვა თვალით შემახედა ზოგადად იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოსა და ჩვენს რეგიონში არსებობს. კურსის სემინარისტი ჩინეთიდან იყო, ეს კი საშუალებას მაძლევდა, დამენახა, როგორ უყურებენ ჩვენს მოვლენებს განსხვავებული კულტურის ადამიანები. ხშირად საზოგადოებაში გამეფებულია ერთი აზრი და განსხვავებულ აზრებს ფუნდამენტიც არ გააჩნიათ. ამ კურსმა კი საშუალება მომცა გარკვეული საკითხები განსხვავებული პრიზმით აღმექვა და შედეგად უფრო კრიტიკულად მივდგომოდი.

პანდემიამ დიდი დაბრკოლება შეუქმნა იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მოგზაურობა. ერასმუსის სხვა გამარჯვებულებისგან ვიცოდი, რომ მოგზაურობა და ახალი ადგილების დათვალიერება ასევე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ჩემთვის. პანდემიის მიუხედავად დიდ ბრიტანეთს საზღვრები ასე თუ ისე ღია ჰქონდა, თუმცა სხვა სახელმწიფოები ქვეყანაში შესვლის რეგულაციებს მუდმივად ცვლიდნენ. ყველა დაგეგმილი მოგზაურობა საფრთხის წინაშე შეიძლება დამდგარიყო, ჩემთვის კი გეგმების ცვლილებას გარემო ფაქტორების გამო ცუდი ემოცია მოაქვს ხოლმე. ეს დაბრკოლება ადვილად გადავლახე. ჩემი დევიზი იყო „ცხოვრება სიკვდილისგან გაქცევის ტოლფასი არ არის”. ვააანალიზებდი, რამდენად საფრთხის შემცველი იყო კორონავირუსი, თუმცა ვიცოდი, რომ უფრო საფრთხისშემცველი იქნებოდა, თუ ჩემი სემესტრისა და სტუდენტობის მნიშვნელოვან თვეებს შინ გამოკეტილი გავატარებდი. დაბრკოლებების მიუხედავად მაინც ვიმოგზაურე ევროპის სხვადასხვა ადგილას. მართალია იღბალი და სახელმწიფოთა რეგულაციები იმ პერიოდში ჩემს მხარეს იდგა, მაგრამ მთავარი მაინც ჩემი არჩეული დევიზი და მოტივაცია იყო. როცა მოგზაურობა და დასახული მიზნები გამოდიოდა, უფრო ბედნიერად ვგრძნობდი თავს, მეტად ვაფასებდი სიცოცხლეს და მემატებოდა ძალა, რომ არ გადავუხვევდი ჩემს მთავარ დევიზს „ცხოვრება სიკვდილისგან გაქცევის ტოლფასი არ არის”. დღემდე ამ დევიზით ვცხოვრობ და ასე იქნება, სანამ კორონავირუსი ჩვენ გარშემო იარსებებს.

არასდროს დაკარგოთ დრო ტყუილად. მაქსიმალურად შეეცადეთ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ. თუ თავისუფალი დრო მაინც გრჩებათ, ე. ი. საკმარისი შესაძლებლობა თავადაც არ შეგიქმნიათ. გაცვლითი პროგრამა საშუალებას გაძლევთ, განსხვავებული და გამორჩეული საქმეები აკეთოთ, ამიტომ არაფერზე თქვათ უარი. დამერწმუნეთ, ყოველ უარს აუცილებლად ინანებთ ქვეყანაში დაბრუნებისას, როცა მეორედ აღარ მოგეცემათ იგივე შესაძლებლობა. მაქსიმალურად გამოიყენეთ ახალი შესაძლებლობები, ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი და შედეგად თქვენი სემესტრი იქნება დაუვიწყარი.

Share Button

ლიკა ჩხიტუნიძე – დასაქმების ისტორია

მე ვარ ლიკა ჩხიტუნიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტი, ვმუშაობ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორად.

ჩემი დასაქმების ისტორია ასეთია:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა ჩემთვის საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა. აკადემიური საქმიანობის გარდა ძალიან დიდ გამოცდილებას მაძლევდა სხვადასხვა პროექტი, რომლებშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. ერთ-ერთი ასეთი პროექტია BOOSTER – კარიერული განვითარების აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: კოლაბორაცია, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, შემოქმედებითობა და სხვ., რაც დამსაქმებელთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპისთვის მომზადებაში გვეხმარებოდა. პროექტში 2020 წელს ჩავერთე, როდესაც პანდემია ახალი დაწყებული იყო და უნივერსიტეტი დისტანციურად მუშაობდა. განაცხადი სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნეს. ჩემმა მოტივაციამ საშუალება მომცა გავმხდარიყავი ამ პროექტის წევრი. პროექტის დასრულების შემდეგ დავესწარი ონლაინშეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს HR-თან, რომელიც ასევე ილიაუნის ორგანიზებით გაიმართა. ასე შევიტყვე ვაკანსიის შესახებ, რომელზეც ახლა დასაქმებული ვარ.

სამსახური ძალიან მომწონს. რაც მთავარია, ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ პანდემიის დროს პროფესიით მუშაობას შევძლებდი.

სტუდენტებს ვურჩევ, აქტიურად ჩაერთონ უნივეტსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში, მუდმივად განვითარდნენ და უკან არასოდეს დაიხიონ, რადგან შრომა და მონდომება ყოველთვის დაუფასდებათ.

Share Button

მარიამ ჯომიდავა – დასაქმების ისტორია

მე ვარ მარიამ ჯომიდავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის მაგისტრი. ვმუშაობ „ზუმერ ჯორჯიაში“ ონლაინგანვადების მომსახურების მენეჯერად.

ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება ილიაუნის უკავშირდება.

ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას აქტიურად ვიყავი ჩართული ილიაუნის დასაქმების ფორუმებში. დღემდე სულ ვამოწმებ მეილებს, რადგან ვიცი, რომ ილიაუნი მუდამ კარგ შესაძლებლობებს გვთავაზობს. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც სტაჟირებას გავდიოდი ილიაუნის სტუდენტურ დეპარტამენტში. დასაქმების ერთ-ერთ ფორუმზე ორგანიზატორებს საორგანიზაციო საკითხებში ვეხმარებოდი და მაშინ გავესაუბრე ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებს. ეს პირველი გასაუბრება იყო სამსახურთან დაკავშირებით. მომეწონა მათი პირობები. ამას მოჰყვა შერჩევის მეორე ეტაპი, ტრენინგი, ტესტირება და ბოლოს დავსაქმდი გაყიდვების მიმართულებით, შემდეგ კი, ოთხ თვეში, დავწინაურდი კრედიტ-ოფიცრის პოზიციაზე. ძალიან კარგი გარემო დამხვდა ბანკში. მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ, რომ სტუდენტი ვიყავი. გრაფიკი სრულიად მორგებული იყო ჩემზე, არც ანაზღაურება მქონდა ურიგო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ გამოვიყენე ილიაუნის დასაქმების პროგრამის შესაძლებლობა და მოვხვდი გარემოში, სადაც განვითარების, სწავლისა და მუშაობის შეთავსების შესაძლებლობა მომეცა.

სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გირჩევთ, აუცილებლად გაეცნოთ ყველა მეილს, თვალი ადევნოთ დასაქმების ფორუმებს. აუცილებლად იპოვით თქვენზე მორგებულ დამსაქმებელს. როდესაც კომპანია მონაწილეობს უნივერსიტეტის დაგეგმილ ფორუმში, ის მზადაა დაასაქმოს სტუდენტი, მზადაა შესთავაზოს მოქნილი გრაფიკი, ამიტომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტისთვის.

Share Button

ლიზა ყარალაშვილი – ახალგაზრდა მეცნიერი

ბავშვობიდან მიყვარდა მეცნიერება. თავიდან თეორიული ფიზიკის მიმართულებით ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, მაგრამ შემდეგ მოვხვდი National Geographic საქართველოში, სადაც ბიომრავალფეროვნებაზე ვწერდი სტატიებს და ქართველი მკვლევრებისგან ინტერვიუების აღება მიწევდა. მაშინ მივხვდი, რომ ეკოლოგია ცხოველების, ტყე-ღრეში ბოდიალის და მეცნიერების სიყვარულს აერთიანებდა და აქ გადავწყვიტე ჩაბარება.

ზოგადად, ეკოლოგიის სტუდენტის ცხოვრება ალბათ ზუსტად იმავენაირია, როგორიც ყველა სხვა სტუდენტის. თუ კვლევებში ხარ ჩართული, ბევრი მუშაობა გიწევს ლაბორატორიაში და ველზე. ზოგჯერ რთულია მუშაობის და სწავლის შეთავსება, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ველზე დიდი დროის გატარება გიწევს. საბედნიეროდ, ჩვენი პროფესორები გაგებით გვეკიდებიან და პრობლემებს არ გვიქმნიან.

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდის პროექტი უზარმაზარი პროექტია, რომელიც საქართველოს, გერმანიის და სომხეთის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუციების თანამშრომლობით მიმდინარეობს. მისი მიზანი კავკასიის, როგორც ბიომრავალფეროვნების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონის, ბიომრავალფეროვნების გენეტიკური მონაცემთა ბაზის შექმნაა. კავკასია ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია, ანუ სახეობათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გლობალური ბიომრავალფეროვნების კარგვის პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასეთი ადგილების კვლევა და დაცვა. ფართომასშტაბიანი გენეტიკური მონაცემთა ბაზის შექმნა, პირველ რიგში, ინფორმაციას მოგვცემს იმის შესახებ, თუ რა სახეობებია გავრცელებული რეგიონში და ასევე გაამარტივებს სამომავლოდ ამ სახეობების მონიტორინგს. გარდა ამისა, ეს პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ბიომრავალფეროვნების კვლევის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სამომავლო სამეცნიერო განვითარებისთვის.

მე CaBOL-ში პირველ კურსზე მოვხვდი, როდესაც საპილოტო პროექტი იწყებოდა. კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე უნდა შეგვეგროვებინა უხერხემლოების სინჯები და შემდეგ მათ იდენტიფიკაციაზე გვემუშავა. აქტიურად ვიყავი ჩართული ბატონი დავით თარხნიშვილის კურსში და ამავდროულად კარგად ვიცი გერმანული, ამიტომ ბატონმა დავითმა შემომთავაზა პროექტში ჩართვა.

პროექტში ჩემი მოვალეობა 2018 წელს კინტრიშში შეგროვებული უხერხემლოების სინჯების იდენტიფიკაციაა. გარდა ამისა, ვმუშაობ ობობების ტაქსონომიაზე. კინტრიშის სინჯები ჯერ რჩევის პროცესშია, ამიტომ კონკრეტული აღმოჩენები ჯერ არ გვაქვს. სამაგიეროდ, ორი წელია ვმუშაობ პუბლიკაციაზე გერმანელ კოლეგებთან ერთად, რომლებიც საქართველოს ობობებს ეხება. ორი წლის განმავლობაში შევაგროვეთ საკმაოდ დიდი სინჯი მთელი საქართველოდან და დავაბარკოდეთ ისინი. საკმაოდ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გვაქვს – 30-ზე მეტი სახეობა საქართველოდან არაა ცნობილი. ასევე ბევრი სახეობა, დიდი ალბათობით, მეცნიერებისთვის უცნობია, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

ძალიან გამიმართლა, ასეთ ადრეულ ასაკში ამხელა პროექტში რომ მოვხვდი. გარდა იმ უზარმაზარი გამოცდილებისა, რომელიც პროექტში მუშაობისას მივიღე, გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. ასეთი პროფესიული კონტაქტები (ნეთვორქინგი) ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია სამომავლო განვითარებისთვის.

გაგზავნილი მაქვს საბუთები ბონის უნივერსიტეტში, ორგანიზმული, ევოლუციური და პალეობიოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე და ამ ეტაპზე იქ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. სამომავლოდ დოქტორანტურაზე ჩაბარებას და მეცნიერებაში მუშაობას ვაპირებ, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებით, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.

Share Button

ერთხელ ერასმუსით – ელენე დვალიშვილი

მე ვარ ელენე დვალიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების  მიმართულების, სტუდენტი. პოლიტიკითა და ქვეყნების შიდა და საგარეო საკითხებით ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული, თუმცა განვითარების კუთხით თავი არასდროს შემიზღუდავს. ამიტომაც 18 წლისამ ზუსტად ვიცოდი, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დამეხმარებოდა, რომ განვვითარებულიყავი როგორც აკადემიურად, ასევე პიროვნულად. აქ ჩაბარების შემდეგ ჩემ წინ შესაძლებლობების საკმაოდ ფართო არჩევანი გამოჩნდა, ერთ-ერთი იყო დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობა.

გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლამ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა შემძინა, არამედ დამანახა, რომ არ არსებობს დადგენილი ლიმიტი, რომელსაც ადამიანი უნდა დასჯერდეს, ყოველთვის იმაზე დიდი მიზნების მიღწევა შეგიძლია, ვიდრე წარმოგიდგენია. თბილისიდან გამგზავრებისას არცთუ ისე დიდი წარმოდგენა მქონდა ჩემს პროფესიულ მომავალთან დაკავშირებით, ჩემ ირგვლივ არსებული სურათის მხოლოდ მცირე ნაწილს ვხედავდი. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც  უცხო მიწაზე უცხო ადამიანებთან აღმოვჩნდი, რომლებთანაც დიდი საერთო მქონდა – პროფესიის სიყვარული. ისინი ამ სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანები იყვნენ, მე კი მათთან დიალოგი შემეძლო, როგორც მათ ტოლს. ასეთი შესაძლებლობების არსებობამ არა მხოლოდ ჩემს თავში უფრო მეტად დამარწმუნა, არამედ მიმახვედრა, რომ დიდი მიზნების დასახვას ლიმიტი  არ გააჩნია.

ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ერთ-ერთი მსგავსება, რომელიც ილიაუნსა და გლაზგოს უნივერსიტეტს შორის დავინახე, იყო მოწადინებული სტუდენტების აურაცხელი რაოდენობა. ორივე უნივერსიტეტში ყოველი სემინარი არა მხოლოდ ქულის მოსაპოვებლადაა გამიზნული, არამედ სემინარებზე თითოეული სტუდენტი საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მთელ აუდიტორიას დიდი სიხარულით უზიარებს. მსგავსი დისკუსიების წყალობით ორივე უნივერსიტეტის სემინარზე მრავალი საინტერესო რჩევა და ფაქტი მომისმენია, რისი საშუალებაც ჩვეულებრივ ლექციებზე არ მექნებოდა. ამ ყველაფერს კი ილიაუნისა და გლაზგოს უნივერსიტეტში თანაკურსელებს უნდა ვუმადლოდე.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პერიოდში ბევრი ადამიანი გავიცანი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იმ ადამიანების გაცნობა იყო, რომლებთან ერთადაც მომიწია ოთხი თვე ცხოვრება. ამ პერიოდში უცხო ქვეყანაში არსებული ყველა სირთულე სწორედ მათთან ერთად გადავლახე, ერთად ვისწავლეთ უამრავი ცხოვრებისეული გაკვეთილი, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია უცხო ქვეყანაში სწავლისას თქვენი მეგზურები სწორად აარჩიოთ.

ჩემი ინტერესი ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნების პოლიტიკისადმი უფრო გაიზარდა, როდესაც შევხვდი ჩემს პროფესორს, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნების პოლიტიკას ასწავლიდა. დიდი მასალის მიუხედავად, თითოეულ ლექციასა თუ სემინარზე დასწრება ძალიან საინტერესო იყო, ყოველთვის ცდილობდა ჩვენს გამხიარულებას. უამრავი საქმის ფონზე კი ლექტორის მსგავსი დამოკიდებულება საკმაოდ დადებით გავლენას ახდენდა სტუდენტებზე.

დიდ ბრიტანეთში ყოფნისას ყოველი დღე თავგადასავალის ტოლფასია. არცერთი დღე არ გადიოდა ისე, რომ რაღაც ახლის აღმოჩენით განცვიფრებული არ დავრჩენილიყავი. გლაზგოში ყოფნისას უბრალო დღეებიც კი უდიდესი მნიშვნელობის იყო ჩემთვის. ასეთი ჩვეულებრივი დღე იყო, როდესაც ბიბლიოთეკიდან გამოსვლის შემდეგ განსხვავებული გზით გადავწყვიტე სახლამდე ფეხით გამესეირნა. ამასობაში გაწვიმდა და გზა ამებნა. დავიკარგე, თუმცა ერთი წამითაც არ მინერვიულია რადგან ჩემ წინ სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა. ძველებური შენობებიდან ახალი, მაღალი შენობებით სავსე ქუჩაზე მოვხვდი, სადაც მხოლოდ დიდი კომპანიების ფირმები იყო განთავსებული. სახლამდე მისვლაში კი არა მობილური, არამედ შოტლანდიური აქცენტით მოსაუბრე ხალხი დამეხმარა.

უცხო ქვეყანაში სწავლის გაგრძელება გამოწვევებთან და რთული ნაბიჯების გადადგმასთანაა დაკავშირებული, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ შეგეძლებათ თქვენთვის აქამდე წარმოუდგენელი მიზნების მიღწევა.

Share Button

ერთხელ ერასმუსით – ნათია ბენდელიანი

როცა მეუბნებიან, რომ ჩემზე უნდა მოვყვე, არასდროს ვიცი, რა უნდა დავწერო და ვთქვა, უბრალოდ ვიწყებ მოყოლას რაღაც ეპიზოდიდან. მიყვარს გარემო და ადამიანები, რომლებიც გზრდიან და განვითარების შესაძლებლობებს გთავაზობენ. თავს კარგად ვგრძნობ შემოქმედებით გარემოში, სადაც შესაძლებელია თავის გამოხატვა სხვადასხვა გზით, სადაც შეგიძლია შენგან ისწავლონ და შენც ბევრი რამ შეიძინო. ვსწავლობ განათლების ფსიქოლოგიას და მინდა, განათლების სფეროში მეტი კვალიფიკაცია შევიძინო; მაინტერესებს სტუდენტთა (მოზარდთა) განათლების ასპექტები, ეფექტური მეთოდები და სტრატეგიები, რომლებიც  შესაძლებელია უნივერსიტეტმა, და არა მარტო ფორმალურმა გარემომ, შესთავაზოს მათ. ვასწავლი და ვსწავლობ, ვფიქრობ, ეს პროცესი ყველაზე ჯანსაღია, რადგან იცი, რას ითხოვენ შენგან და იმასაც გრძნობ, რისი მოცემა შეუძლიათ შენთვის.

ტარტუს უნივერსიტეტზე ბევრი რამ ვიცოდი, სანამ გაცვლითი პროგრამით წავიდოდი, ის, ვფიქრობ, ქართველ სტუდენტებში ყველაზე პოპულარულია; უნივერსიტეტს ყველასთვის რაღაც აქვს მისაცემი, უპირველესად ის ატმოსფერო, რომელიც  ქალაქში სუფევს, ყველა ქუჩაზე სტუდენტები დადიან; ამ პატარა ქალქში შეგიძლია ხალხს შეხვდე მთელი მსოფლიოდან; თუ ადამიანი გაიცანი, შეუძლებელია, მას ისევ არ გადაეყარო; ცხოვრობ და სწავლობ ინტერნაციონალურ გარემოში, გასწავლიან ადგილობრივი და მოწვეული ლექტორები, ამიტომ შეუძლებელია ფართო სურათი არ დაინახო და თვალსაწიერი არ გაიფართოო.

ჩემთვის მთავარი იყო არა მხოლოდ იმ კურსების კონტენტი, რასაც ვსწავლობდი, არამედ, როგორც მომავალ განათლების ფსიქოლოგს, მაინტერესებდა ლექტორების დამოკიდებულება სტუდენტებისადმი, სწავლების მეთოდები, მიდგომები; ყველა ინდივიდუალურია, თითოეულისგან ბევრი რამის სწავლა შევძელი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შენთვის ემზადებიან, ფიქრობენ, რისი შეთავაზება შეუძლიათ სტუდენტებისთვის, სწავლის პროცესი საინტერესო და პროდუქტიული რომ იყოს.

ძნელია ორი უნივერსიტეტის მსგავსებებზე ისაუბრო, ტარტუს უნივერსიტეტს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ის პროგრამები თუ სწავლის მეთოდები, რომელთაც სტუდენტებს სთავაზობს,  ძალიან დახვეწილი და მორგებულია.  ორივეგან სტუდენტების ავტონომიას დიდი ყურადღება ეთმობა, საშუალება გაქვს, იმუშაო საკუთარ თავზე, ხელი მიგიწვდება მდიდარ სამეცნიერო ბაზებზე, რაც განვითარებისა და კვლევითი უნარების ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ხშირად მიწევდა ესტონელ სტუდენტებთან მუშაობა. ვეცადე, სტერეოტიპებს არ ავყოლოდი, არ მინდოდა დაჯერება, რომ ასე ცოტას ლაპარაკობენ, მხოლოდ მაშინ გამოთქვამენ აზრს, თუ ძალიან შეაწუხე. ვისწავლე, როგორ უნდა შევიკავო თავი ემოციებისგან, პრეზენტაციის კეთებას ან პროექტზე მუშაობას რომ ახლავს. მესიჯებზე შეიძლება მხოლოდ 2-3- მარცვლიანი პასუხები გაგცენ.  შემდეგ ეჩვევი და როცა წინადადების ფორმას იღებს და შეიძლება დიალოგიც კი გამოგივიდეთ, ძალიან გიხარია.

ლექტორებში უფრო გამიმართლა, ვიდრე კურსებში; თავიდან ბევრი კურსი ავირჩიე და შემდეგ არჩევანი 7-ზე შევაჩერე, მინდოდა საინტერესო და გამოცდილებით სავსე ყოფილიყო ის ერთი სემესტრი. მიჭირს ერთ კონკრეტულ ლექტორზე საუბარი, ლექციებს მიკითხავდა საერთაშორისო სოციალური მუშაობის სფეროს ექსპერტი ჰოლანდიიდან, ასევე პროექტების მენეჯერი ნიუ-იორკიდან,  პროფესიონალი ესტონელი ლექტორები,  განსაკუთრებულად მრავალფეროვან და საინტერესო ლექციებს თუ სემინარებს გვთავაზობდნენ. ვოლფგანგ ვაგნერი (ავსტრია)– ეს სახელი და გვარი  სულ  მახსოვს და ვცდილობ, გავიგო, ვინ იყო და რამხელა პატივი მერგო, რომ მის ლექციებს დავსწრებოდი; სოციალურ ფსიქოლოგიას მიკითხავდა, თავად  ბევრი თეორიის ავტორი იყო ამ სფეროში, მათ შორის სოციალური რეპრეზენტაციების თეორიისა. თავისი ავსტრიული ინგლისურით სოციალური ფსიქოლოგიის კოსმოსს წარმოგვიდგენდა, სადაც თითო სემინარზე ერთი ვარსკლავის დაჭერას თუ ვახერხებდით. ხუთი წუთი ანათებდა, შემდეგ ისევ გვეკარდებოდა, ვიბნეოდი, მაგრამ შემდეგ ისევ რაღაც ნათდებოდა ორბიტაზე; შესაძლოა მას არ ჰქონდა საუკეთესო სწავლების მეთოდები,  მაგრამ მისი პიროვნება უკვე ბევრს ამბობდა და ვცდილობდი, მის არეალში მოვქცეულიყავი.

დაისახე პრიორიტეტები და გააკეთე შენი მაქსიმუმი.

Share Button

მარიამ შერეშაშვილი – ერთხელ ერასმუსით

ვინც მიცნობს, იცის, მუდმივი გამოწვევები რამდენად არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. აღქმაზეა დამოკიდებული, რამდენად თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ნაზავით. ამიტომ მივხვდი, რომ  ბიზნესის მიმართულება დღევანდელ შრომის ბაზარზე მოთხოვნად კადრად მაქცევდა. 2015 წელს ილიაუნის ბიზნესის სკოლაში ჩავირიცხე.იმ წუთიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. პირველ კურსზე სტიპენდიატი რომ გავხდი, მთელი სამყარო ჩემი მეგონა. ბიზნესის სკოლის მიერ შემოთავაზებული კურსების  თითქმის ყველა მიმართულება მაინტერესებს. შესაბამისად, სტარტაპიდეაზე ფიქრი დავიწყე, რომ ნასწავლი პრაქტიკაში განმეხორციელებინა. ინტერვიუს შემოთავაზებამაც არ დააყოვნა, რამაც დიდი სტიმული მომცა, მივხვდი, რომსწორ გზაზე ვიდექი. ვცდილობ, ცხოვრებაში ნაბიჯები ისე გადავდგა, რომ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არასდროს ვინანო. პარალელურად განაცხადი გავაკეთე ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით, რომ საერთაშორისო ბიზნესის გამოცდილების მეტი პრაქტიკა მქონოდა. დადებითმა პასუხმაც არ დააყოვნა. 7 ნოემბერს ამსტერდამის სახელი დავარქვით მე და ჩემმა თანაკურსელებმა, რომ ყოველ წელს აღვნიშნოთ ჩვენი გაცვლითი კურსი. საინტერესო საგნების, SAP პროგრამებისა და სასწავლო მკაცრი რეჟიმის შემდეგ წარმატებით დამთავრე AMSIB-ის სკოლა.

გაცვლითი პროგრამა არ არის მხოლოდ შენი მიმართულების საერთაშორისო დონეზე შესწავლა. ამ დროს  შენს თავთან  მარტო რჩები, გიწევს შიშებისა და დაბრკოლებების გადალახვა, რაც  დამოუკიდებელსა და ძლიერს გხდის. საინტერესოა იმ მეთოდოლოგიისა და მიდგომების შესწავლა, რომელთაცEU-ის წევრი ქვეყნები იყენებენ. SAP არის პროგრამა, რომელსაც ნაიკი და გიგანტი ქვეყნები ნერგავენ ფინანსური ანალიზისას. მათი მიდგომა დღევანდელი ბიზნესბაზრის მოთხოვნა/მიწოდებასა და პრობლემებზეა ორიენტირებული.

ყველაზე დასამახსოვრებელი ადამიანი ISN-ის მთავარი ორგანიზატორი იყო, რომელმაც დაგეგმა ჩვენი ამსტერდამში ჩასვლის ერთკვირიანი დღეები. მეხმარებოდა  სირთულეების დაძლევაში. Super trip-ის 6-დღიანი მოგზაურობის დროს იგი  უკეთ გავიცანი,  ჩვენი საუბრები ფილოსოფიისა და სოცილოგიის დარგში, საერთაშორისო სტანდარტებით განათლების მიღებისა და ბიზნესის მეთოდოლოგიების შესახებ განვითარდა. რაც მთავარია, ვიცი, რომ დღემდე შემიძლია მქონდეს მისი იმედი.

ბანკინგისა და ფინანსური ბაზრების საერთაშორისო ეკონომიკის საგანსა და ლექტორს გამოვარჩევდი. ბატონი რენსენი ნიდერლანდების ეროვნულ ბანკში მუშაობდა და საინტერესო კომპეტენცია/გამოცდილება ჰქონდა მორგებოდა დღევანდელ გამოწვევებსა და პრობლემებს. ქეისები და საგამოცდო საკითხები, რომელთაც იგი გვასწავლიდა, არ იყო მხოლოდ თეორია. მონეტარული, ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით ჩვენ დღევანდელი თურქეთის ეკონომიკის (სადაც ლირა გაუფასურდა და ინფლაციამ იმატა), ტრამპის ევროკავშირთან ვაჭრობის გზები/მეთოდები და მათი შედეგები უნდა განგვესაზღვრა. ყველაზე ძალიან მომწონდა ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის შესწავლა და ბრექსიტის გამომწვევი მიზეზების ფუნდამენტური ანალიზის უნარს მის სახელსა და 3–4-საათიან ლექციებს მივაწერდი.

ეცადეთ, იპოვოთ, რისიც გეშინიათ, ფიქრობთ, რომ ვერ გადალახავთ.. თითოეული ნაბიჯი ისე გადადგით, რომ არასდროს ინანოთ შანსის დაკარგვა. „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო”, ასე იტყოდა ნიცშე. მერწმუნეთ, ეს ხიდია დამოუკიდებლობასა და სიძლიერეს შორის, რომელზეც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაროს.

 

Share Button