ელენე ჯოხაძე

ელენე ჯოხაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრატურის სტუდენტი (ინგლისური სექტორი), ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ელენე ერთი სემესტრი ალმა მატერ სტუდორიუმის უნივერსიტეტში (ბოლონია, იტალია) სწავლობდა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე.

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და სახელოვანი სასწავლებლის, ბოლონიის უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მაგისტრანტი ვარ.

ბიზნესისადმი ჩემი მიდრეკილება ბავშვობაშივე აღმოვაჩინე. მეგობრების ჯგუფთან ერთად გასართობ ღონისძიებებს ვაწყობდი თანატოლებისთვის, რომლებსაც ვარწმუნებდი, რომ მათ მიერ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვაში შეტანილი ფინანსური წვლილი, საბოლოოდ, ყველა ჩვენგანისთვის სასიკეთო აღმოჩნდებოდა. შედეგად ვიღებდით „ფინანსურ სარგებელს“, რომელიც მცირე, მაგრამ სასიამოვნო ჩანდა.

საბაკალავრო პერიოდში ჩემი აკადემიური და პროფესიული მისწრაფება ორიენტირებული იყო ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებზე. აქტიურად ვესწრებოდი ლექციებს, დებატებს, ვიძენდი სამუშაო გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით, ვმონაწილეობდი კონკურსებში, იმისთვის რომ ჩემი ცოდნა და ინტერესი გაფართოებულიყო. მალევე მეგობრებთან ერთად შევქმენი სტარტაპი „ზილინა“, რომელიც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას ემსახურება. ამავდროულად ჩავაბარე ილიაუნის ბიზნესის ადმინისტრირების (MBA) ინგლისურენოვან პროგრამაზე. ილიაუნიში სწავლისას ხშირად ვესწრებოდი Erasmus-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამიტომ მომინდა სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ეს იქნებოდა საფუძვლიანი ინვესტიცია ჩემი განვითარებისთვის. გადავწყვიტე, გამომეყენებინა ის შესაძლებლობა, რაც ილიაუნისა და ერასმუსის დახმარებით მივიღე და ჩემი მიზნისთვის მიმეღწია.

ერასმუსის გაცვლითი პროგრამისთვის დათმობილი 6 თვე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია, სავსე სიახლეებითა და ცვლილებებით. იმ დროს ვახერხებდი უამრავი საქმის შეთავსებას და საკმაოდ წარმატებითაც გამომდიოდა. უცხოელ მეგობრებს ვაცნობდი საქართველოს კულტურას, ისტორიას, და როგორც თავად აღნიშნავდნენ, იმის მაგივრად, რომ მე მიმეღო კულტურული შოკი უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას, თავად რჩებოდნენ საქართველოთი გაოგნებულები.

ყველა სტუდენტს ვურჩევ, აუცილებლად სცადოს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და ის ენით გამოუთქმელი შთაბეჭდილება მიიღოს, რისი შესაძლებლობაც მე მომცა ერასმუსმა.

ბოლონიის უნივერსიტეტის MBA პროგრამა საკმაოდ განსხვავდება ქართული სამაგისტრო პროგრამებისგან. იქ შესწავლილი საგნები დამეხმარა, უფრო საფუძვლიანად აღმექვა ჩემი პროფესია. საშუალება მომეცა, გამეცნო არაერთი მოწინავე კომპანიის წარმომადგენელი, რომლებიც გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, და გამომემუშავებინა ის უნარ-ჩვევები, რომლებიც თანამედროვე ბიზნესგარემოსთვის ასე უცილებელია. ეს გამოცდილება, ვფიქრობ,  უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩემი გრძელვადიანი მიზნების განხორციელებაში და სწავლის პერიოდში ჩამოყალიბებული ურთიერთობებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ჩემს კარიერულ განვითარებაში, ახალი შესაძლებლობებისა და ინიციატივების აღმოჩენაში.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button