ერთხელ ერასმუსით – ირაკლი იაგორაშვილი

 

მე ვარ ირაკლი იაგორაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დამამთავრებელი წლის სტუდენტი. ვსწავლობ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. სწავლასთან ერთად  ვარ ტრენერი მედიაწიგნიერების საკითხებში, ასევე ვაქვეყნებ სტატიებს ყალბი ინფორმაციის შესახებ მითების დეტექტორის პლატფორმაზე და შედეგად ვცდილობ, მკითხველს მივაწოდო რეალური ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. დაინტერესებული ვარ ფილოსოფიით, მაქვს ორგანიზაცია (აინ რენდის ცენტრი – საქართველო) და მისი დახმარებით საინტერესო ინფორმაციიებს ვავრცელებ საზოგადოებაში ლექციებისა და ონლაინღონისძიებების საშუალებით. ვცდილობ, დადებითი გავლენა მოვახდინო ჩემ გარშემო მყოფ ინდივიდებზე და ბევრ ფუნდამენტურ საკითხზე დავაფიქრო.

გაცვლითი პროგრამა ჩემთვის ახალი არ იყო. გლაზგოში წასვლამდე გავიმარჯვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაში Global UGRAD, რამაც საშუალება მომცა ერთი სემესტრი მესწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ერასმუსის შემთხვევაში ჩემი შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდა სხვადასხვა მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა Covid-19-ის პანდემიის დროს მომიწია, თითქმის არ მიგრძნია ჩაკეტილობა ან იმედგაცრუება. მართალია სწავლა ელექტრონულად იყო, მაგრამ ერასმუსის პროგრამა არ არის მხოლოდ სწავლა, ის მრავალ სხვა შესაძლებლობასაც გაძლევს გარემოს ცვლილების კუთხით, პანდემიამ კი ამაში ხელი ვერ შემიშალა.

სხვა ქალაქსა და სახელმწიფოში ცხოვრება გაიძულებს იყო ძლიერი და მაქსიმალურად შეეთვისო ახალ გარემოს, თან ეს ისე გააკეთო, რომ ინდივიდუალიზმი შეინარჩუნო. ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რასაც ალბათ ყველა სტუდენტი ხვდება საზღვარგარეთ სწავლისას. ამ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ჩემი აზრით, ადამიანი ბევრს სწავლობს ზოგადად ცხოვრებაზე, პიროვნულად ძლიერდებადა უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდება. ეს ჩემს შემთხვევაში ნამდვილად წარმატებით განხორციელდა. პანდემიის პირობებში განსხვავებულ პრობლემებთან მომიწია გამკლავება, რამაც უფრო ძლიერ და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამომაყალიბა.

რაც მთავარია, შოტლანდიაში სწავლა მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. უნივერსიტეტმა საშუალება მომცა, შემესწავლა ისეთი საკითხები, რომელთაც საქართველოში შესაძლოა ნაკლები ყურადღება ეთმობა. ახალი და განსხვავებული ინფორმაციის მიღება გეხმარება, გადააფასო ადრე მიღებული ინფორმაცია და შენი ცოდნა უფრო გაამყარო, ეფექტური გახადო. კვლევაზე ორიენტირებულმა სწავლებამ დახვეწა ჩემი კვლევითი უნარები, რაც სამომავლოდ, ვფიქრობ, განსაკუთრებით დამეხმარება კარიერულ წინსვლაში. მიღებულ ცოდნას უკვე ვიყენებ ამჟამინდელ პროფესიაში. ჩემი ერთ-ერთი საქმიანობა, ფაქტების გადამოწმება, სწორედ კვლევას, ინფორმაციის ძიებას, ანალიზსა და შეფასებას ემყარება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გლაზგოს უნივერსიტეტს შორის ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე. უპირველეს ყოვლისა, ორივეს სწავლების მოდელი საკმაოდ მსგავსი აქვს, შესაბამისად არ მომიწია რადიკალურად განსხვავებულ სისტემაზე გადასვლა. გლაზგოს უნივერსიტეტიც, ისევ როგორც ილიაუნი, თავისუფალი სივრცე აღმოჩნდა იდეების გაცვლისთვის, დიალოგისა და დისკუსიებისთვის. სამწუხაროდ ბევრი უნივერსიტეტი მსოფლიოს გარშემო ამ შესაძლებლობას მოკლებულია, თუმცა როგორც ილიაუნიმ, ისე გლაზგოს უნივერსიტეტმა დიდი სივრცე მომცა თავისუფლების, ჩემი თავის გამოხატვისა და შედეგად – განვითარების. უნივერსიტეტის მიზანიც ეს უნდა იყოს – იყოს ღია, გახსნილი გარემო, რომელშიც სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი თავი და შეინარჩუნოს ინდივიდუალიზმი.

ჩემთვის კოლექტიური შოტლანდიელი იყო საინტერესო. ამ ტერმინში ისეთ ადამიანს ვგულისხმობ, რომელიც  შოტლანდიელის საერთო თვისებებს აერთიანებს. ალბათ პირველი, რასაც ასეთ ადამიანში შეამჩნევ, ინგლისურის ძალიან განსხვავებული აქცენტია. თავდაპირველად შეიძლება საკუთარ თავს ჰკითხო, ეს ნამდვილად ინგლისურია თუ არა. ეს ხალხი გამორჩეულია თავისუფლების სიყვარულით. თავისუფლება ყველას უყვარს, მაგრამ აქაურებს თითქოს  უფრო მეტად. ტიპური შოტლანდიელი ყოველთვის დაიწყებს წუწუნს, რომ შოტლანდია დამოუკიდებელი არ არის. ესეც ალბათ თავისუფლების სიყვარულით არის გამოწვეული. ტიპური შოტლანდიელი საკმაოდ თავისუფალი და ლაღი ადამიანია. ამისგამოა, რომ შოტლანდიაში საკმაოდ ლიბერალური და თავისუფალი გარემოა და მრავალი ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს შეუძლიათ მშვიდობიანი თანაცხოვრება. დაბოლოს, ნამდვილი შოტლანდიელი ძალიან ლაღი ადამიანი უნდა იყოს, რაც პრობლემებიც უნდა ჰქონდეს მას. იქ ადამიანები პრობლემებს არ აძლევენ გამარჯვების უფლებას. მათთვის მთავარი მიზანი მაინც ბედნიერების შენარჩუნებაა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს ვისწავლოთ, არ მივცეთ დარდს უფლება მთლიანად დაიკავოს ჩვენი ემოციური ტევადობა, უნდა გვქონდეს დიდი ადგილი ბედნიერებისთვის.

ერთ-ერთი საინტერესო კურსი შეეხებოდა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს. ამ კურსმა, რომელიც ერთგვარი ხიდი იყო ჩემსა და კილომეტრებით დაშორებულ საქართველოს შორის,სხვა თვალით შემახედა ზოგადად იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოსა და ჩვენს რეგიონში არსებობს. კურსის სემინარისტი ჩინეთიდან იყო, ეს კი საშუალებას მაძლევდა, დამენახა, როგორ უყურებენ ჩვენს მოვლენებს განსხვავებული კულტურის ადამიანები. ხშირად საზოგადოებაში გამეფებულია ერთი აზრი და განსხვავებულ აზრებს ფუნდამენტიც არ გააჩნიათ. ამ კურსმა კი საშუალება მომცა გარკვეული საკითხები განსხვავებული პრიზმით აღმექვა და შედეგად უფრო კრიტიკულად მივდგომოდი.

პანდემიამ დიდი დაბრკოლება შეუქმნა იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მოგზაურობა. ერასმუსის სხვა გამარჯვებულებისგან ვიცოდი, რომ მოგზაურობა და ახალი ადგილების დათვალიერება ასევე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ჩემთვის. პანდემიის მიუხედავად დიდ ბრიტანეთს საზღვრები ასე თუ ისე ღია ჰქონდა, თუმცა სხვა სახელმწიფოები ქვეყანაში შესვლის რეგულაციებს მუდმივად ცვლიდნენ. ყველა დაგეგმილი მოგზაურობა საფრთხის წინაშე შეიძლება დამდგარიყო, ჩემთვის კი გეგმების ცვლილებას გარემო ფაქტორების გამო ცუდი ემოცია მოაქვს ხოლმე. ეს დაბრკოლება ადვილად გადავლახე. ჩემი დევიზი იყო „ცხოვრება სიკვდილისგან გაქცევის ტოლფასი არ არის”. ვააანალიზებდი, რამდენად საფრთხის შემცველი იყო კორონავირუსი, თუმცა ვიცოდი, რომ უფრო საფრთხისშემცველი იქნებოდა, თუ ჩემი სემესტრისა და სტუდენტობის მნიშვნელოვან თვეებს შინ გამოკეტილი გავატარებდი. დაბრკოლებების მიუხედავად მაინც ვიმოგზაურე ევროპის სხვადასხვა ადგილას. მართალია იღბალი და სახელმწიფოთა რეგულაციები იმ პერიოდში ჩემს მხარეს იდგა, მაგრამ მთავარი მაინც ჩემი არჩეული დევიზი და მოტივაცია იყო. როცა მოგზაურობა და დასახული მიზნები გამოდიოდა, უფრო ბედნიერად ვგრძნობდი თავს, მეტად ვაფასებდი სიცოცხლეს და მემატებოდა ძალა, რომ არ გადავუხვევდი ჩემს მთავარ დევიზს „ცხოვრება სიკვდილისგან გაქცევის ტოლფასი არ არის”. დღემდე ამ დევიზით ვცხოვრობ და ასე იქნება, სანამ კორონავირუსი ჩვენ გარშემო იარსებებს.

არასდროს დაკარგოთ დრო ტყუილად. მაქსიმალურად შეეცადეთ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ. თუ თავისუფალი დრო მაინც გრჩებათ, ე. ი. საკმარისი შესაძლებლობა თავადაც არ შეგიქმნიათ. გაცვლითი პროგრამა საშუალებას გაძლევთ, განსხვავებული და გამორჩეული საქმეები აკეთოთ, ამიტომ არაფერზე თქვათ უარი. დამერწმუნეთ, ყოველ უარს აუცილებლად ინანებთ ქვეყანაში დაბრუნებისას, როცა მეორედ აღარ მოგეცემათ იგივე შესაძლებლობა. მაქსიმალურად გამოიყენეთ ახალი შესაძლებლობები, ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი და შედეგად თქვენი სემესტრი იქნება დაუვიწყარი.

Share Button