ევა ბოლქვაძე

ევა ბოლქვაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის (საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულების) მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ევა ერთი სემესტრი ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია) ეუფლებოდა ევროპისმცოდნეობის პროგრამას.

,,წარმოიდგინეთ: ერთ დღეს იღვიძებ სრულიად სხვა სამყაროში და საკუთარ თავთან განმარტოვებული, იწყებ ძიებას, რისი გაკეთება შეგიძლია, ფაქტობრივად, თავიდან იწყებ საკუთარი თავის გაცნობას და აღმოჩენას. დგები სირთულეების წინაშე, ხარ მშობლის გარეშე, რომელიც ძალიან განებივრებდა, ამას ემატება ნოსტალგია, ენის ბარიერიც, სრულიად უცხო სისტემაში, უცხო ენაზე იწყებ სწავლას… მაგრამ ნელ-ნელა, ისე, რომ ვერც ხვდები,ირგვლივ მყოფნი შენი ოჯახის წევრებივით ხდებიან, ფიქრობ, როგორ გაგიჭირდება 5 თვის შემდეგ, როდესაც მათ გარეშე მოგიწევს ცხოვრება. იქ ყოფნისას საკუთარ თავში აღმოვაჩინე ძალა, რომელიც ვერ წარმომედგინა, რომ მქონდა.

ილიაუნიმ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების სტუდენტი ვიყავი,  საშუალება მომცა,  იდენტური პროგრამის არარსებობის პირობებშიც კი მონაწილეობა მიმეღო ერასმუსის კონკურსში. ასე მოვხვდი ევროპისმცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა ავირჩიე კურსი, რომელიც ჩემს პროგრამასა და სამომავლო პროფესიასთან მაქსიმალურად არის დაკავშირებული.”

ერასმუსის პროგრამის წყალობით სულ სხვა სასწავლო პროცესის მონაწილე გავხდი, მივიღე განსხვავებული ცოდნა, ვისწავლე, როგორ ვიყო დამოუკიდებელი, ვისწავლე განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებმაც იქ სხვადასხვა ქვეყნიდან მოიყარეს თავი.
თანდათან ხვდები, რომ გამოცდილება, რომელიც გიგროვდება საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში, დიდ გავლენას იქონიებს შენს პიროვნებად, იმ საქმის პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე, რომელიც აირჩიე.
რთულია ისაუბრო იმ შთაბეჭდილებებზე, რომელიც 5 თვის განმავლობაში ყოველდღიურად დაგროვდა ჩემს ქვეცნობიერსა თუ ცნობიერში. ფაქტია, რომ რეალობამ მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ ერასმუსი ნამდვილად ყოფილა ცხოვრების ის ეტაპი, რომელიც, სასურველია, ყოველმა სტუდენტმა გაიაროს.”

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU 🌍

 

Share Button