გიორგი ასათიანი

გიორგი ასათიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის (დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები – გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები) მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + -ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

გიორგი ერთი სემესტრით იმყოფებოდა ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (იენი, გერმანია), სადაც სწავლობდა გეოგრაფიის მიმართულებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ გეოგრაფიასა და GIS ტექნოლოგიებს. ამავდროულად ბაკალავრიატის პერიოდიდან ილიაუნიში საკუთარი პროფესიით ვმუშაობ. მაგისტრატურის მე-2 სემესტრი გაცვლითი პროგრამის სტუდენტის სტატუსით გერმანიაში, ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში, გავატარე.

ყველასა და ყველაფრისგან შორს, სრულიად უცხო ადგილას, უცხო გარემოში ცხოვრება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. საკუთარის თავის უკეთ გაცნობის საშუალება მომეცა, გავხდი უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი და შევიძინე ახალი მეგობრები. მაქსიმალურად გამოვიყენე მოგზაურობის შესაძლებლობები, რამაც კიდევ უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადა ჩემთვის ეს პერიოდი. იქ ყოველდღიურად ვგრძნობდი როგორ „ვიზრდებოდი“, რაც ნამდვილად არაჩვეულებრივი შეგრძნებაა.

მე ვარ ერასმუსელი!

გერმანიაში ჩასულს უნივერსიტეტში სულ სხვანაირი გარემო დამხვდა, განსხვავებული იმისგან, რასაც აქ ვიყავი მიჩვეული.  სწავლების მეთოდები უფრო მეტად საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვდა.  გარემო უფრო კონკურენტული იყო და მაქსიმალურად უნდა გეცადა თავის წარმოჩენა, რაც სწავლების მეთოდს საინტერესოსაც ხდიდა.  ეს ყველაფერი მარტივი არ იყო, განსაკუთრებით დასაწყისში, თუმცა მიხარია, რომ მოვახერხე ამ სირთულეების  გადალახვა. იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩემს როგორც პიროვნულ, ისე კარიერულ წინსვლაში.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Facebook
Twitter
LinkedIn