გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

გიორგი ერთი სემესტრი  ლაკილას უნივერსიტეტში (იტალია) – სწავლობდა კომპიუტერულ მეცნიერებებს.

ილიაუნიში ვსწავლობ  კომპიუტერული ინჟინერიისა და მიკროელექტრონიკის (კონცენტრაცია – ინფორმატიკა) საბაკალავრო პროგრამაზე. პარალელურად ვმუშაობ სამედიცინო კორპორაცია EVEX -ში IT მიმართულებით, კერძოდ  აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტად.

,,ადამიანის ცხოვრებაში დგება  მომენტი, როდესაც ყველაფერი  პირად გადაწყვეტილებაზეა  დამოკიდებული – ვგულისხმობ ცხოვრების რადიკალურად შეცვლას. თუმცა გადაწყვეტილების მიღება რთულია. მეამაყება, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან აქ  მიღებული ცოდნა და გამოცდილება არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ პიროვნულ განვითარებაში დამეხმარა. სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, ილიაუნის სტუდენტს  მუშაობა შეუძლია ისე, რომ სწავლის ხარისხზე არ მოახდინოს გავლენა.
 
როდესაც Erasmus+ ის გასაუბრებაზე მივედი,  „მორიგი“ შეხვედრა მეგონა, ღიმილნარევი სახით რომ გეუბნებიან – ერთ-ორ კვირაში შეგეხმიანებით, მადლობა მობრძანებისთვისო (არადა იცი, რომ ვიღაც უკვე აყვანილია). თუმცა მეორე დღესვე მომივიდა მეილი, რომ გასაუბრება წარმატებით გავიარე და მიმღები უნივერსიტეტის პასუხი არაუგვიანეს ერთ თვეში მომივიდოდა. ყოველ დილით იმ იმედით ვიღვიძებდი რომ მეილზე მოწვევის წერილი დამხვდებოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ იტალიელები ცოტა „ზანტი“ ხალხია და ერთი თვე სამ თვედ გადამიქციეს. ბევრს ალბათ იმედი გადაეწურებოდა თუმცა დღე არ გასულა  საგარეო ურთიერთობის ოფისში არ ავსულიყავი ამბის გასაგებად.  იქნებ მიგვეწერა… ხომ არ ჯობია, მე  მივწერო?…
 
ერთ მშვენიერ დღეს დამირეკეს და მითხრეს მეილი შემემოწმებინა.  სამ დღეში იტალიაში მიდიხარო.  ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები იყო, რადგან  შრომით მივაღწიე  რომ,  მიწვეული სტუდენტის სტატუსით იტალიაში ჩავსულიყავი მესამე კურსის მეორე სემესტრში.
 
ცხოვრებაში არის წუთები, როდესაც რაღაცას ელი და  მისი მიღებისთანავე იმედები გიცრუვდება, ასეთია  ადამიანის ხასიათი, ყოვეთვის მეტი და მეტი უნდა. ასე ვიყავი მეც იტალიაში ჩასვლამდე, რადგან  ემოციებმა, იქაურმა სწავლებამ,  ცხოვრების რიტმმა და სოციალურმა კულტურამ მოლოდინს სრულიად გადააჭარბა.
 
გაცვლითი პროგრამის დახმარებით მივიღე დიდი გამოცდილება. სწორედ Erasmus+ მა მომცა შესაძლებლობა, 20 წლისას გეგმები განმეხორციელებინა. შევეჩვიე სრულიად უცხო ცხოვრების წესს,  სწავლას   სხვა კუთხით, გავხდი უფრო მეტად დამოუკიდებელი, კომუნიკაბელური, ვისწავლე ჩემი თავის ფასი და  დავრწმუნდი, რომ  სურვილების მისაღწევად მთავარი მონდომება და იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლაა, რომელშიც ცხოვრობ, რადგან ვფიქრობ, რომ კომფორტი დროებითია და შორეულ პერსპექტივაში ხელს უშლის შენს მომავალსა და კარიერას. იტალიაში წავედი გადაწყვეტილებით, რომ  იქ უნდა მესწავლა და საქართველოში უკეთესის შესაქმნელად დავბრუნებულიყავი.
 
იოლი არ არის იმ გამოწვევებსა და გამოცდილებებზე საუბარი, რაც არამარტო მე, არამედ  Erasmus+ ის თითოეულ მონაწილეს ხვდება.  სწავლა არასოდეს არის გვიანი, მთავარია მონდომება  და თვითონ იპოვი ამ კითხვაზე პასუხს: ნეტა რა მოხდებოდა, რომ არ მომენდომებინა?
 
Erasmus+ მა შემძინა  ბევრი უცხოელი მეგობარი, რომლებთანაც ვაგრძელებ მეგობრობას და ვგეგმავთ პროექტებს, რომლებმაც შეიძლება  საქართველოშიც ფართო გამოყენება ჰპოვოს.
 
ვისურვებდი, რომ ყველა სტუდენტმა გამოსცადოს თავის თავზე Erasmus+ ის გამოცდილება და მე წავიკითხო მათი მონათხრობი.”

 

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button