გიორგი ეპიტაშვილი

გიორგი ეპიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი (მტკნარი წყლის თევზები: სისტემატიკა, ეკოლოგია და ფილოგენეტიკა) და ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ- მკვლევარი, რუსთაველის ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი პროგრამის სტიპენდიატია. იგი კვლევითი ვიზიტით იმყოფებოდა ბონის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმში.

ბაკალავრიატი დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვსწავლობდი სოციალურ მეცნიერებების ფაკულტეტზე ევროპისმცოდნეობის მიმართულებით. ამ პერიოდში მეორად პროფესიად არჩეული მქონდა ეკოლოგია და გადავწყვიტე მაგისტრატურა სწორედ ამ მიმართულებით გამეგრძელებინა. ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ორმა ფაქტორმა: იმან, ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა ბუნება და რომ ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში გავიცანი არაჩვეულებრივი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც ჩემი ინტერესი ამ სფეროს მიმართ კიდევ უფრო გააძლიერეს.

მაგისტრატურაზე მთავარ მიმართულებად ავირჩიე ხერხემლიანთა ზოოლოგია და დოქტორანტურაშიც სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელე მუშაობა. რუსთაველის ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამით ვიმუშავე ბონის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმში.

ჩვენ, ეკოლოგებს, მრავალი ადამიანისგან განსხვავებით, ბევრად უკეთ გვესმის ბუნებრივი გარემოსა და მასში შემავალი ცოცხალი ორგანიზმების მნიშვნელობა და როლი. სწორედ ამ გარემოში მიმდინარე პროცესებსა და კვებითი ჯაჭვის სტაბილურობაზეა დამოკიდებული ჩვენი და მთლიანად პლანეტის მომავალი. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდო ინფორმაცია ბიომრავალფეროვნებასა და მის მნიშვნელობაზე. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ამიტომ რაც მეტი ადამიანი დაინტერესდება ეკოლოგიური საკითხებით, მით უფრო შეიცვლება მათი მიდგომა ბუნების მიმართ, რაც აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგს მომავალში.

გაცვლითი პროგრამები საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ უცხოელ კოლეგებთან, მათგან  მივიღოთ ცოდნა და გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტის, როგორც მომავალი მეცნიერის, განვითარებისთვის. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ბონის მუზეუმში დაცული კოლექციები იყო – ცხოველთა სამყაროს ყველა წარმომადგენელის ნახვა და შესწავლა შეიძლება. მუზეუმი თანამედროვე ტექნიკური ლაბორატორიებით არის აღჭრუვილი, რაც ნებისმიერი სახის კვლევის ჩატარების საშუალებას იძლევა.

სტუდენტებს  ვურჩევ, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რადგან ეს არის მშვენიერი შანსი მიიღონ თანამედროვე განათლება და განვითარდნენ, როგორც პროფესიონალები, იმუშაონ საკუთარ თავზე, გაიღრმავონ მოტივაცია და სურვილი, რომ აკეთო ის, რაც ყველაზე მეტად უყვართ და აინტერესებთ. მუდმივად უნდა ეცადონ, სწორად დაისახონ და განახორციელონ კვლევის მიზნები და ამოცანები და არ მოერიდონ სირთულეებთან შეჭიდებას – ამის გარეშე წარმატება შეუძლებელია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიდი როლი ითამაშა ჩემს როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა, რომ ჩამოვყალიბებულიყავი, როგორც პროფესიონალი. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ არსებული გარემო, სწავლის დონე, ინფრასტრუქტურა და სამეცნიერო ბაზები კარგი წინაპირობაა მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას და წარმატებას მიაღწიოს თავის სფეროში.

Share Button