გიორგი მეჭურჭლიშვილი

გიორგი მეჭურჭლიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის ისტორიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus+ გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია, https://www.ucl.be) ფილოსოფიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე

„Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბელგიაში გატარებული ექვსი თვე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის. გავიცანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები, მათი კულტურა, მივიღე ინტერნაციონალურ გარემოში ცხოვრების გამოცდილება და შევიძინე ახალი მეგობრები. ამავდროულად, ვეცადე წარმომეჩინა ჩვენი ქვეყანა და მისადმი ინტერესი გამეღვივებინა უცხოელ მეგობრებსა და ნაცნობებს შორის. ვფიქრობ, ჩვენთვის, ევროპაში მყოფი ქართველი სტუდენტებისათვის, ცოდნის მიღებისა და თავის წარმოჩენის გარდა, მნიშვნელოვანია ახალ მეგობრებს გავაცნოთ საქართველო, რომლის შესახებ უმეტესობას ძალიან ცოტა რამ სმენია.

შეუფასებელია გამოცდილება, რომელიც ბელგიაში ცხოვრებამ მომცა. გავეცანი ამ შესანიშნავ ქვეყანას, მის ხალხს, მათ კულტურასა და ცხოვრების წესს. ამავდროულად, მომეცა შესაძლებლობა აღმომეჩინა მსგავსებები, რომლებიც  გვაერთიანებს, და დავკვირვებოდი განსხვავებებს. დავფიქრებულიყავი იმაზე, რის გადმოღებას ვისურვებდი საქართველოში და რა შემიძლია გავაკეთო მე, როგორც ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა, საამისოდ.

ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში გატარებული პერიოდი. უნივერსიტეტის უმდიდრეს ბიბლიოთეკაში მუშაობა დიდი სიამოვნება და გამოწვევა იყო. მივიღე წვდომა ისეთ ლიტერატურაზე, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს. საშუალება  მომეცა გამემდიდრებინა სადოქტორო დისერტაცია სხვადასხვა წყაროთი და მე, როგორც ახალგაზრდა ისტორიკოსს, შემეძინა ახალი ცოდნა და გამეფართოებინა თვალსაწიერი.

ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების პროფესორებთან ურთიერთობით მივიღე. ის დიდ დახმარებას გამიწევს მომავალში უცხოელ კოლეგებთან თანამშრობლობასა და ცოდნის გაზიარებაში.

ვფიქრობ, Erasmus+ გაცვლითი პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა ქართველი სტუდენტებისათვის ისწავლონ და იცხოვრონ ევროპაში, გაიცნონ ახალი ქვეყნები, შეიძინონ მეგობრები და მიიღონ შეუფასებელი ცხოვრებისეული გამოცდილება!“

Share Button