გიორგი მგელაძე

გიორგი მგელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (მენეჯმენტი), სამაგისტრო პროგრამის 1-ლი კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + – ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

გიორგი ერთი სემესტრი  University College UCC-ში (კოპენჰაგენი, დანია) – სწავლობდა ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სოციალური მეცნიერების მიმართულებით.

,,ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო პერიოდი, ალბათ, ილიაუნის ბიზნეს სკოლაში მოხვედრით დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ გადამხდა თავს.  50 ყველაზე რეიტინგულ სტუდენტს შორის მოვხვდი და, სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ვიყავი Erasmus + -ის გაცვლითი სტუდენტი. ბიზნესადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის აღების შემდეგ გადავწყვიტე, ისევ ილიაუნიში დავბრუნებულიყავი და ახლა  ილიაუნის სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ, თან უკვე მესამე წელია,  ჩემს ყოფილ ლექტორთან, ერთ-ერთი მარკეტინგულ კომპანიაში ვმუშაობ.  მოკლედ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში უნივერსიტეტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან ბევრი რამ მაკვირვებდა, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო –  გარემო, ხალხი, მათი დამოკიდებულება ჩვენდამი, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც სწავლა იყო.  10 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად ვსწავლობდი, ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას, სწავლის მეთოდებს და სხვ. მინდა, ბევრ სტუდენტს ჰქონდეს ამ გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

რა ვისწავლე? ერთ დღეს უეცრად  სირთულებიით  სავსე სამყაროში აღმოვჩნდი – ახალი მეგობრები, ახალი გარემო, ახალი გამოწვევები და ცხოვრების ახალი რიტმი.  კოპენჰაგენში სწავლა იმაზე საინეტერესო იყო, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. გავეცანი და შევისწავლე სკანდინავიური სწავლების მეთოდი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ჩვენი მეთოდებისგან. ვსწავლობდი გარემოში, სადაც არ არსებობდა კონკურენცია, ქულები, ბარიერები და ა.შ. თითოეული სტუდენტი მოტივირებული იყო, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისთვის მიეღწია. დანიაში დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, რომელიც ყოველთვის  ჩემი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იქნება.”

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button