გიორგი ქაჯაია – ერთხელ ერასმუსით

მე ვარ გიორგი ქაჯაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის მე-4 კურსის სტუდენტი. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე თითქოს წინასწარ ვიცოდი, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა უნდა მიმეღო და აუცილებლად გამემარჯვა, თუმცა ეს მიზანი საკმაოდ მასშტაბურად და რთულად მეჩვენებოდა. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა კონკურსსა და აქტივობაში, რა თქმა უნდა, მსგავსი ტენდენცია გადმომყვა უნივერსიტეტშიც. მონაწილეობა მივიღე უამრავ კონკურსში, აქტივობასა თუ ვორკშოპში, რომლებმაც ჩემი პიროვნული ზრდა და თვალსაწიერის გაფართოება განაპირობა, აგრეთვე საკმაოდ სოლიდური პრიზები მაქვს მოგებული. ამასთანავე გააზრებული მაქვს, თუ რას, რისთვის და როგორ ვაკეთებ. სწორედ ამ ყველაფრის სწორად გააანალიზება და წარმოჩენა გახდა ჩემთვის წარმატების მომტანი ერასმუსის გაცვლით პროგრამაში. ამ ეტაპზე ვცდილობ, რაც შეიძლება მრავალმხრივად განვავითარო ჩემი თავი არქიტექტურის მიმართულებით, რაც სამომავლოდ ქვეყანაში არსებული საკმაოდ ქაოსური გარემოს მოწესრიგების საშუალებას მომცემს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უსაზღვროდ დიდი მოტივაციისა და მიმართულების მომცემი ჩემთვის– არ მაქვს მიზნად დასახული, ვიყო უბრალოდ არქიტექტორი, რომელიც საპროექტოში დაჯდება და დამკვეთის ნება-სურვილებზე ააგებს პროექტებს, არამედ ჩემი მთავარი მოწოდებაა გავხდე ლიდერი არქიტექტორი, რომელიც უპირველესად სოციუმის ინტერესებს წამოწევს წინა პლანზე და არ იქნება ორიენტირებული კონკრეტული ინდივიდის ნება-სურვილებზე, თუმცა არც ამ უკანასკნელის სწორად განვითარების წინააღმდეგი ვარ.

გაცვლითი პროგრამა ჩემთვის მრავალმხრივ საინტერესო და გარდამტეხი აღმოჩნდა. მისი წყალობით ფასეულობების გამდიდრება და ჩემი შესაძლებლობების კიდევ უფრო ფართო სარბიელზე წარმოჩენის საშუალება მომეცა. დაწყებული უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობით, აგრეთვე პიროვნული განვითარების კონტექსტშიც ფრიად მრავლისმომცველი აღმოჩნდა ერასმუსის გაცვლითი პროგრამით სწავლა. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, გაცვლითი პროგრამის შევსების დროს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მომეძიებინა უნივერსიტეტი, რომელიც მომცემდა შესაძლებლობას ჩემ მიერ არქიტექტურაში მონაპოვარი ცოდნის ინტეგრირება მომეხდინა მენეჯმენტურ და ლიდერულ მმართველობაში. სწორედ ასეთი აღმოჩნდა კოდოლანი იანოს უნივერსიტეტი, სადაც ჩემს არქიტექტურის ცოდნას მიეცა საშუალება უფრო ფართო მასშტაბებში განვითარებულიყო, კერძოდ. ვისწავლე. თუ რა უნდა გავითვალისწინო, როდესაც ვქმნი ტურისტებზე მორგებულ შენობა-ნაგებობას, აგრეთვე მქონდა შესაძლებლობა. გავცნობოდი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების სწორი მმართველობისა და მენეჯმენტის მაგალითებს. ვინაიდან და რადგანაც უსაზღვროდ დიდი ინტერესი მაქვს „მდგრადი არქიტექტურისა“’ და „ინკლუზიური დიზაინის’’, ამ მიმართულებითაც მქონდა ცოდნის მიღების საშუალება. უნივერსიტეტში დამატებით არჩეული მქონდა მულტიკულტურული კომუნიკაციების საგანი, რომელიც თითქმის ყველა ქვეყნის სტუდენტს ჰქონდა აღებული, ეს საგანი, ჩემი აზრით, უკეთ დამეხმარა სხვადასხვა წარმომავლობისა და მიდრეკილებების აქტიური სტუდენტები გამეცნო; სხვადასხვა საგნის გავლამ ჩემი, როგორც თეორიული, აგრეთვე პრაქტიკული, ცოდნა გაზარდა.
ბუდაპეშტი ჩემთვის, როგორც მომავალი არქიტექტორისთვის, ფრიად საინტერესო ქალაქი იყო თავისი არქიტექტურითა და ამ არქიტექტურისადმი დამოკიდებულებით, კერძოდ, მათ იდეალურად აქვთ დაცული და შემონახული ქვეყნის წარსული შენობებში, მათი თითოეული შენობა-ნაგებობა ისტორიის უსიტყვოდ მთხრობელია. ისინი ამ ყველაფრის ბრენდინგსა და წარმოჩენას იმდენად მაღალი ხარისხსით ახერხებენ, რომ ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ წამყვანი ქალაქია.. ვფიქრობ, იმავე სურათის მიღება შეგვიძლია საქართველოში და ამის ნათლად დანახვის საშუალება მომცა გაცვლითმა პროგრამამ ბუდაპეშტში.
აქტიური ადამიანი ვარ, ამიტომ ბუდაპეშტში ჩასვლისთანავე მიზნად დავისახე, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გამეცნო, რადგან ყველა ადამიანი უნიკალურია და ეს მრავალფეროვნება კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებდა ჩემს ინდივიდუალიზმსა და „,მეს“’. ძალიან მიყვარს საუბარი, იდეებისა და ისტორიების გაზიარება, ამიტომ დავდიოდი შეხვედრებსა თუ „ივენთებზე“’, სადაც სხვადასხვა წარმომავლობის ხალხი ერთმანეთს საკუთარ -თავსაზე თუ ქვეყნებზე ესაუბრებოდნენ, სწორედ იქ მომეცა საშუალება წარმომედგინა ჩვენი ქვეყანა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისთვის გამეცნო, საკმაოდ ბევრჯერ მოვახერხე ეს და ძალიან ბედნიერი ვიყავი ამითაც. სწორედ ამ შეხვედრების წყალობით გავიცანი საკმაოდ ბევრი წარმატებული ადამიანი, რომლებმაც შემდეგ ჩემი თავის განვითარების სხვადასხვა გზა და პერსპექტივა დამანახეს.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაცვლით პროგრამაზე საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე, არა მარტო პროფესიული, არამედ პიროვნული თვალსაზრისითაც, რადგან ჩემს გაცვლით პროგრამას დაემთხვა პანდემია. ალბათ ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი ჩემთვის პიროვნული სიძლიერე და უშიშრობაა, რომელიც წარმოდგენითაც კი რთული იქნებოდა, თუმცა რეალობაში იმდენად მარტივად გავართვი თავი უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო ცხოვრებას პანდემიის პარალელურად, რომ საბოლოოდ ჩემი შედეგით მეც გაოცებული და კმაყოფილი ვიყავი. მოკლედ, ეს 4 თვე იყო აკადემიური და პიროვნული განვითარების, უამრავი ახალი კონტაქტის, არქიტექტურაში პროფესიონალიზმის შესაძლებლობების გაანალიზებისა და პიროვნული გადარჩენის პერიოდი.კმაყოფილების დონე ცოდნისა და გამოცდილების მიმართულებით რომ უსაზღვროა, ამას თქმაც არ სჭირდება. თუმცა ამასთან ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია, თან ძალიან კარგი დასაწყისი, რომელმაც იდეალურად წარმომიჩინა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, დღესაც ამ შესაძლებლობების განვითარებით ვარ დაკავებული, წინ კიდევ დიდი და მძლავრი მიზნები მაქვს, რომლებისთვისაც ვიბრძვი და აუცილებლად განვაგრძობ ბრძოლას, ხოლო ერასმუსის გაცვლითი პროგრამა ჩემს კარიერაში მყარად ჩასხმული საძირკველია, რომელზედაც ასევე მყარი და მძლავრი მომავალი უნდა დაშენდეს.

განსხვავებები იმდენად მცირეა ილიაუნსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის, რომ ამაყად შემიძლია ვთქვა: ილიაუნი ნამდვილად ევროპული უნივერსიტეტია, ეს გამოიხატება, როგორც სწავლებით, აგრეთვე საქმიანობითა და აქტივობებით. კერძოდ, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის მთავარი ამოსავალი წერტილი სტუდენტის კრიტიკული აზროვნების განვითარება იყო, არავის აინტერესებდა კონკრეტული წესისა და ნორმის ზეპირად ცოდნა, არამედ ორიენტირებულები იყვნენ კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის განვითარებაზე. ლექციები ძირითადად სტუდენტების აზრთა გაზიარებასა და დისკუსიებზე იყო დაფუძნებული, გამოცდებს რაც შეეხება: ძირითადად პროექტები და პრეზენტაციების მომზადებები გვიწევდა, სხვადასხვა საკითხსა და თემას ვირჩევდით და ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით არგუმენტირებულად გვიწევდა ჩვენი აზრის წარმოჩენა და დასაბუთება. ფაქტობრივად ილიაუნშიც მსგავსი მიდგომაა, ჩვენთანაც დიდი ყურადღება ექცევა სტუდენტის ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. ბუდაპეშტში სწავლის დროს რაც ძალიან მომეწონა იყო ერთ-ერთი საგნის ლექტორის მიერ ორგანიზებული ლექციები სასტუმროებში, კერძოდ, მან დაგვათვალიერებინა გამორჩეული სასტუმროები, დეტალურად წარმოაჩინა მათი გეგმარება და ის დეტალები, რომლებიც სტუმრებისთვის მიზიდულობის წერტილად აქცევდა. მსგავსი აქტივობის დროს გვქონდა შესაძლებლობა აღგვექვა თითოეული დეტალი, დაგვესვა შეკითხვები და პასუხები იქვე მიგვეღო პრაქტიკული გამოცდილებით. ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა ილიაუნში მეტ-ნაკლებად გვაკლია, თუმცა მაინც მახსენდება ერთი ლექტორი, რომელმაც თავისი განხორციელებული პროექტები გვაჩვენა და დეტალურად აღგვიწერა მშენებლობის ეტაპები კონცეფციიდან საბოლოო შედეგამდე.

სწავლის დროს შევხვდი სკანდინავიის ქვეყნიდან ბუდაპეშტში ტურისტად ჩამოსულ ერთ ადამიანს, ის დღეს ჩემი მეგობარია. ერთმანეთი Language Exchange Event’-ზე გავიცანით. ჩემი დიდი დაინტერესება მისმა მიღწევებმა და ლიდერულმა საქმიანობებმა განაპირობა. ის ერთ-ერთ კომპანიაში HR მიმართულებით საქმიანობს და ადამიანების დიდი ჯგუფის მმართველია, სწორედ მსგავს მმართველად წარმომიდგენია ჩემი თავი მომავალში, რომ მეყოლება ჩემი გუნდი, რომელთან ერთადაც დიდი ბრძოლით შევცვლით საქართველოში არსებულ ქაოსს არქიტექტურის მიმართულებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ადამიანს, ის ყოველთვის მაძლევს რჩევებს, ჩართულია ჩემი პროექტების კრიტიკულ ანალიზსა და ჩემი პიროვნების განვითარებაში. კარგი მეგობრები ვართ, თუმცა მენტორების როლსაც თამამად ვითავსებთ ერთმანეთის ცხოვრებაში.

ვფიქრობ, მომავალში ილიაუნიდან კვლავ წავლენ სტუდენტები ამ უნივერსიტეტში, ჩემი დიდი რეკომენდაცია იქნება, რომ ბალინტ ჰორვატის საგანი/საგნები გაიარონ. უსაზღვროდ დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო ბალინტის საგნების გავლა, დღესდღეობით ჩვენ კვლავ გვაქვს ურთიერთობა და ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე, საერთო ინტერესიც გვაქვს, ეს ეხება მდგრადი განვითარების სფეროს. მას დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს, სწორედ მდგრადი განვითარებისადმი უსაზღვრო ინტერესი აღმოჩნდა ჩვენი ასე მჭიდროდ გადაკვეთის წერტილი. მიუხედავად იმისა, რომ სემესტრი დასრულდა, ხშირად ვსაუბრობთ და ვუზიარებთ ერთმანეთს პიროვნულ ხედვებსა თუ სიახლეებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ კოლეგებიც ვიყოთ, რადგან ჩემი უნარებისა და კარიერის განვითარებას ინფრასტრუქტურის მძლავრ მენეჯმენტშიც ნათლად ვხედავ. ბალინტთან გავდიოდი საგანს სახელწოდებით„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“ და შესაძლებლობა მქონდა დეტალურად შემესწავლა წამყვანი კომპანიების საქმიანობები, ეს კომპანიები არ იყო მხოლოდ არქიტექტურული, არამედ განვიხილავდით სხვადასხვა ფუნქციონალური დატვირთვის კომპანიების საქმიანობას. ჩემთვის ძალიან დიდი ინტერესის საგანია ვიცოდე სხვადასხვა სპეციფიკის კომპანიის საქმიანობა, რადგან, როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნე, საბოლოოდ მძლავრ მმართველად მესახება თავი და, ვფიქრობ, ამას მხოლოდ არქიტექტურის ცოდნით ვერ შევძლებ, არამედ დამატებით მენეჯმენტური და მარკეტინგული უნარების ათვისებაა საჭირო. სწორედ ამ ყველაფრის ნათლად და მარტივად დანახვის საშუალება მომეცა ბალინტის საგანზე, მისი თითოეული ლექცია-სემინარი უსაზღვროდ დიდ ინტერაქციასა და აზრთა მიმოცვლაზე იყო დაფუძნებული.

ერთ სიტყვას ვეტყვი მათ, ვისაც სურთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება: იმოქმედეთ! აქვე ვრცელ განმარტებასაც დავურთავ, რატომ არის საჭირო მოქმედება:
ცხოვრება ერთი დიდი საბრძოლო ასპარეზია, სადაც ის იმარჯვებს, ვინც იბრძვის. ვფიქრობ უმთავრესი, რაც წარმატებისთვის გვჭირდება, მოქმედება, შრომისმოყვარეობა და მიზნისკენ სწრაფვაა. თუ შენ გსურს და გაქვს უნარი იბრძოლო შენი მიზნისთვის, აუცილებლად მიაღწევ. არ არსებობს ისეთი სურათი, რომელსაც ჩვენს წარმოსახვაში ვერ დავხატავთ და თუ დავხატავთ, მაშასადამე მის მიღწევასაც შევძლებთ. უპირველესად იბრძოლეთ, რომ ის ხატება შეიქმნათ თქვენს გონებაში, რომელიც თქვენს სურვილებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ხოლო შემდეგ გაწერეთ ამ მიზნისკენ სავალი გზები, კი, ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ არც რთული და მიუღწევადია, რადგან თუ ერთმა შეძლო, რატომ ვერ უნდა მიაღწიო შენ? ამ ქვეყნად მიუღწეველი არაფერია, უბრალოდ სიზარმაცე და უმოქმედობა ხშირად აცამტვერებენ პიროვნებების უნარს, მიაღწიონ მასშტაბურ წარმატებებს. სწორედ ასეთი მასშტაბური მიღწევა შეიძლება იყოს გაცვლითი პროგრამით სწავლა და ნუ მისცემთ სხვადასხვა გარემო ფაქტორს გაანადგუროს ის. ალბათ დღემდე არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს ნამდვილი სტუდენტობა, რომ არა ერასმუსის გაცვლითი პროგრამა. სწორედ იქ გავიგე, რაოდენ დიდი ბედნიერების მომტანია იღებდე ხარისხიან განათლებას და ამის პარალელურად გქონდეს დრო სხვადასხვა აქტივობისთვის. ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არ არის ბევრი აქტივობა, რომლითაც სტუდენტს შეუძლია დაკავდეს, ხოლო ევროპაში სტუდენტური ცხოვრება ბევრად უფრო წინა პლანზეა წამოწეული. ევროპულ ქალაქში ცხოვრებაც აუცილებლად შეცვლის თქვენს თვალთახედვას, იქ არსებული წესრიგი და განვითარების ხარისხი თქვენში საფუძვლიანად ჩანერგავს სურვილს, რომ აუცილებლად შეცვალოთ ჩვენი ქვეყანა უკეთესობისაკენ. აგრეთვე ერთ-ერთი უმძლავრესი ფაქტორი, რაც ხშირად სტუდენტებს აკავებთ, ფინანსური შესაძლებლობაა, ამიტომ აქვე აღვნიშნავ, რომ ერასმუსის გაცვლითისრულად დაფინანსებულია და ამ პროგრამაში გამარჯვების შემთხვევაში იმდენ თანხას მიიღებთ, რომ სრულიად საკმარისი იქნებაცხოვრებისეული ხარჯებისთვის, გართობისა და მოგზაურობისთვისაც. ჩემს შემთხვევაში ამას დამატებული იყო შოპინგის კომპონენტი, რადგან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია შოპინგებზე სიარული. მარტივად რომ ვთქვათ, თუ გინდათ აღმოაჩინოთ თქვენი თავი სრულიად განსხვავებულ გარემო-პირობებში და იყოთ თქვენი რესურსების 100%-ით განმკარგავები, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ მონაწილეობა. თუ ფიქრობთ, რომ არ გაქვთ საკმარისი ცოდნა, როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა მასში, დაუკავშირდით ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უკვე მონაწილეობა აქვს მიღებული და აუცილებლად დაგეხმარებიან, რომ თქვენს სურვილებს განხორციელების საშუალება მიეცეთ, შეაწუხეთ ყველა და ყველაფერი, რაც თქვენს წარმატებას განაპირობებს, რადგან ეს ისეთი მარგალიტია, რომელიც თქვენი ცხოვრების დროის ხაზს აუცილებლად უნდა ამშვენებდეს.

 

Share Button