ირაკლი თაკალანძე

მე ვარ ირაკლი თაკალანძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრი, ამჟამად ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. ილიაუნიში მოსვლის პირველი დღიდანვე ვზრუნავ თვითგანვითარებაზე და ვცდილობ, უფრო მეტად საჭირო ვიყო, ვიდრე ვარ, რადგან მგონია, რომ ახალი თაობა ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიის განვითარების მამოძრავებელი ძალაა და ჩვენი აქტიურობა მნიშვნელოვანია ცვლილებებისთვის.

რადგან მომავლის შენება პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს განათლებასთან, ცოდნასა და კომპეტენციასთან, ბავშვობიდან მაჩვევდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი შრომით შემიძლია მივაღწიო მიზანს და მხოლოდ ოცნებით, რომ წარმატებული ვიყო, ეს წარმოუდგენელია.

ალბათ ბავშვობაში ყველა ჩვენგანი ვცდილობდით სახალისო აქტივობებით გაგვეფერადებინა ახლად დაწყებული პოსტსაბჭოთა პერიოდი და ეს ყველაზე ნათელი დრო გვეგონა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანების სახეები/ყოფა შორს იყო იმისგან, რაც ჩემს წარმოსახვაში არსებობდა. ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ არსებობდა ეფექტური გზები, რომლებითაც დიდ უსამართლობას აღმოვფხვრიდი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში ჩემი წვლილის შეტანას შევძლებდი. ჩემი ინტერესი მშვიდობიანი სამყაროს პრინციპებისა და საერთაშორისო საზოგადოების ქმედებების მიმართ საბოლოოდ ჩემი სპეციალობის განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა და ასე ვიპოვე ჩემი თავი პოლიტიკის მეცნიერებებში. როგორც ილიაუნიში, აგრეთვე გლაზგოს უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებები /საერთაშორისო ურთიერთობების სწავლა დამეხმარა გამეანალიზებინა საერთაშორისო სისტემა სხვადასხვა თეორიული პერსპექტივიდან, რამაც საშუალება მომცა საერთაშორისო მოვლენები უფრო გლობალურად გამეანალიზებინა. ამ უნივერსიტეტებმა მომცა ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამომადგება.

ვფიქრობ გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს ახალი ცოდნის მიღებაზე მეტად ახალი გამოცდილებებისა და კონტაქტების დამყარების საშუალებას აძლევს. ეხმარება გახდნენ უფრო დამოუკიდებლები და გამოსცადონ საკუთარი თავი განსხვავებულ გარემოში, ოჯახის, მეგობრებისა და ნაცნობებისგან შორს, სადაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვს. ამ დროს უფრო მეტი დრო გაქვს შეიცნო საკუთარი თავი და აღმოაჩინო ინტერესები, რომლებზეც აქამდე არც გიფიქრია. უცხოეთის უნივერსიტეტში გეზრდება პასუხისმგებლობა, თვითმფრინავიდან ჩასვლისთანავე ხდები საკუთარი თავისთვის დედაც, მამაც, ძმაც, დაცა და მეგობარიც, შესაბამისად პრობლემების მოგვარება და კრიტიკული სიტუაციების მართვაც მარტომ უნდა შეძლო.

„ჩვენს პიროვნებას ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს და არა შესაძლებლობები“ – ალბუს დამბლდორი.

ყველა ჭეშმარიტი პოტერჰედის ოცნებაა ერთხელ მაინც მოხვდეს იმ ადგილას, სადაც ჰარი პოტერს იღებდნენ, თვითონაც გაიაროს იგივე გზა, რასაც საყვარელი წიგნის/ფილმის პერსონაჟები გადიოდნენ და მეტიც, ისწავლოს „ჰოგვორტსში“, მე ეს ოცნება რეალობად მექცა და მოვხვდი გლაზგოს უნივერსიტეტში, რომელსაც მეორე ჰოგვორტსსაც უწოდებენ. თუ თქვენც მკითხავთ, ნეტავ რამით თუ ჰგავს ილიაუნისო, გეტყვით, რომ ილიაუნიც და გლაზგოს უნივერსიტეტიც ჩემი ცხოვრების ორი ყველაზე სწორი არჩევანია და სწორედ ამით ჰგვანან ერთმანეთს.

ილიაუნში სწავლის 5 წლის განმავლობაში ალბათ თითებზე ჩამოსათვლელი იყო იმ ლექტორების რიცხვი, რომელთაც ჩემი გვარის სწორად გამოთქმა შეუძლიათ. ამას იმდენად შევეჩვიე, ილუზიასაც არ ვიქმნიდი, რომ იქ ვინმე შეძლებდა დამარცვლის გარეშე გამოეთქვა ჩემი სახელი და გვარი.

პირველი ლექცია ევროკავშირის პოლიტიკას შეეხებოდა, სიის ამოკითხვისას მის რომანო ჩემს გვარამდე რომ მოვიდა, წინასწარ მოვემზადე, ახალ ვერსიას შევმატებ ჩემი გვარების კოლექციას-მეთქი და,ჰოი, საოცრებავ, ვიფიქრე, რომ მომესმა, და ლექციის ბოლოს მადლობა რომ გადავუხადე, მითხრა, ბევრი ვიმუშავე შენი გვარის სწავლაზე და ქართველ კოლეგას ვთხოვე დაემარცვლაო. სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ გლაზგოს უნივერსიტეტში ჩამოვედი.

სტუდენტებს, რომლებსაც შეგიძლიათ გაცვლითი პროგრამით წასვლა, გაქვთ სურვილი და კომპეტენცია, მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის, რომლებიც შეცვლის თქვენს მომავალს, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი. თუ გლაზგოში წასვლას გადაწყვეტთ, რაც შეიძლება ბევრი თბილი ტანსაცმელი და საწვიმარი მოიმარაგეთ და ეცადეთ, ბოლომდე გამოიყენოთ შანსი, რადგან ერთ დღეს უცხო ქვეყანაში ხარ, მაგრამ მალევე აღმოაჩენ, რომ შენი თავგადასავლის ბოლო დღე დგება და უკან გიწევს დაბრუნება. იშრომეთ ბევრი და, თუ მე გამომივიდა, შეძლებთ თქვენც.

Share Button