ლაშა ხელაძე

ლაშა ხელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ლაშა ერთი სემესტრი ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია) სწავლობდა ევროკავშირისმცოდნეობის მიმართულებით.

მეგობრები მარადმწვანე სტუდენტს მეძახიან, რაც, ალბათ, ჩემი ხანგრძლივი ბაკალავრიატის დამსახურებაა – შავი ზღვის, ვენის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მომთაბარეობის გამო. სტუდენტობა ალბათ ცხოვრების საუკეთესო პერიოდია და მაქსიმალურად ვცდილობ, გავიხანგრძლივო.

ვენიდან დაბრუნების შემდეგ დიდხანს ვუზიარებდი მეგობრებს შთაბეჭდილებებს, ისტორიებს, რის გამოც ხშირად სასაცილოც ვხდებოდი , ჰოდა, ზალცბურგში ყოფნისას მწერდნენ, ამოვიდა ვენა ყელში, ახლა ზალცბურგის ისტორიები ჩამოიტანეო. იმის თქმა მინდა, რომ შთაბეჭდილებებზე შემიძლია დიდხანს ვისაუბრო, თუმცა ვეცდები, საუკეთესოები შევარჩიო.
პირველ რიგში ევროკავშირისმცოდნეობის ცენტრ მონხსბერგზე, სად მოხვედრაც ორი გზით შეიძლება: ქვის დიდი კიბით, რომლის მოაჯირზეც გველის გამოსახულებაა და ასვლისას თავი სლიზერენის შეგირდი გგონია, და მთაში შეჭრილ გვირაბში არსებული ლიფტით. ყველაზე დიდი შოკი მაინც ზღაპრული ხედია, რომელიც, ერთი მხრივ, თუ მოტივაციაა სწავლისთვის, მეორე მხრივ, გირთულებს ლექციაზე კონცენტრაციას.
ზალცბურგის ზღაპრულ სილამაზეზე ბევრს არ ვიტყვი, მხოლოდ მეგობრებს გავიხსენებ. სტუდენტურ საცხოვრებლებში მიმოსვლა, საერთაშორისო ვახშმები პარასკევობით, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი შაბათობით, ფართი და ცეკვები კვირაობით, სწორედ ის „ბენეფიტებია“, რომლებიც თუ არ მიიღე ერასმუსისგან, ჩათვალე, რომ სტიპენდია წყალში გადაყარე.
კინაღამ დამავიწყდა, იმისათვის, რომ ქალაქისგან სრული სიამოვნება მიიღო, აუცილებელია ველოსაპედი. ამ „აუცილებლობით“ ხშირად დავგორავდი ზემოთ ნახსენებ სამეგობროსთან ერთად ზალცბურგის სხვადასხვა ტბის მიმართულებით, რომლებიც ქალაქიდან დაახლოებით 30-40 კმ–ის რადიუსშია და იდეალურია Bike ტურისთვის.
მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი სემესტრისა, შეგნებულად დავიტოვე რამდენიმე ადგილი სანახავად, რადგან ზალცბურგს რომ ემშვიდობები, საკუთარი თავისთვის უნდა გქონდეს სათქმელად: I’ll be back!

ზალცბურგის უნივერსიტეტის რეგულაციების გამო (პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი თუ არ ხარ, მაგისტრატურაზე ვერ გააგრძელებ სწავლას ამ მიმართულებით) ოფიციალურად ევროკავშირისმცოდნეობაზე ამოვყავი თავი, თუმცა არ ვყოფილვარ შეზღუდული პოლიტიკის მეცნიერებების საგნების არჩევაში. საბოლოოდ საინტერესო კურსები გამომივიდა, ორივე მიმართულებიდან –ევროინტეგრაციის თეორიები, ევროკავშირის ინსტიტუტები და პოლიტიკა, დემოკრატიზაცია, დიპლომატია და მოლაპარაკებები, სამხრეთ კავკასია რეგიონულ ჭრილში და კიდევ რამდენიმე საინტერესო კურსი, რომელიც კრედიტებში არ გადამიზრდია. გამოვყოფდი ევროკავშირის ინსტიტუტების კურსს, რადგან საშუალება მოგვეცა, წავსულიყავით ექსკურსიაზე და საკუთარი თვალით ვნახეთ ევროკავშირის მთავარი ინსტიტუტები: ცენტრალური ბანკი ფრანკფურტში, ევროსასამართლო ლუქსემბურგში და ევროპარლამენტი ბრიუსელში. ამასთან გვქონდა საინტერესო შეხვედრები ავსტრიის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურში.

უცხოეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება უნიკალურია და ბევრი მიმართულებით გამომადგება.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

 

 

 

Share Button