ლიკა ტვილდიანის ერთხელ ერასმუსით

მე ვარ ლიკა ტვილდიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან, გარდა უამრავი მეგობრისა და არაჩვეულებრივ ლექტორებთან სწავლის შესაძლებლობისა, უნივერსიტეტმა მომცა საზღვარგარეთ სწავლის და   როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად უფრო მეტად განვითარების საშუალება.

ყოველთვის ძალიან მინდოდა საზღვარგარეთ მეცხოვრა სტუდენტის სტატუსით და ბედნიერი ვარ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ერასმუსის დახმარებით ეს შევძელი. ერთი სემესტრი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ევროპის ერთ-ერთ არაჩვეულებრივ პატარა  მუსიკალურ ზალცბურგში. ეს ქალაქი ჩემთვის განსაკუთრებული გახდა იმითაც, რომ  მდებარეობს ალპების მთების შუაგულში და ყოველ დილით, როცა ფანჯრიდან ამ მთებს ვუყურებდი, ვაცნობიერებდი, რომ ორი ოცნება ერთად ამიხდა, საზღვარგარეთ სწავლის და ალპურ დასახლებაში ცხოვრებისა.

ერასმუსი დიდი შანსი და გამოცდილებაა თითოეული სტუდენტის ცხოვრებაში, პირადად ჩემთვის ეს იყო როგორც კარიერული, ასევე პიროვნული განვითარების შესაძლებლობა. როდესაც საზღვარგარეთ ცხოვრებას იწყებ, გიწევს რამდენიმე სირთულის გადალახვა, უპირველესად  ესაა ახალ გარემოსა და ადამიანებთან ადაპტაცია, შემდეგ  სწავლების ახალ მიდგომებთან შეგუება.  ზალცბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას, პოლიტიკის მეცნიერებების რამდენიმე საინტერესო საგანი გავიარე, შევძელი ჩემს სფეროში ცოდნა გამეღრმავებინა, მომესმინა არა მხოლოდ ლექტორების, არამედ სტუდენტების საინტერესო მოსაზრებები და გარკვეული მოვლენები სხვა რეალობიდან დამენახა.

განსხვავებები ევროპულ და ქართულ სწავლების მიდგომებს შორის ნამდვილად არსებობს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი უნივერსიტეტები მათ განვითარებით ბევრად ჩამორჩება, პირიქით, ვთვლი, რომ აქ მიღებული გამოცდილება დამეხმარა იქაურ სიტუაციასთან მალე შეგუებაში. ლექტორებთან ისეთივე უშუალო ურთიერთობა გაქვს, როგორც ილიაუნიში. ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება: როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გვაქვს ელექტრონული პორტალი (moodle), რომელზეც სტუდენტებს უწევთ  დავალებების ატვირთვა და შეფასებების ნახვა, მსგავსი სერვისი იქაც ხელმისაწვდომი იყო. ამიტომ აქ მიღებული გამოცდილების გამო ეს ჩემთვის სიახლე არ ყოფილა.

ბევრი საინტერესო ადამიანი და ლექტორი გავიცანი იქ სწავლისას, თუმცა მათგან ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა იოჰანეს ჰანთან, ევროკომისართან ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოების საკითხებში. ჩემთვის ძალიან საინტერესო  იყო  უშუალოდ მისგან გარკვეული პოლიტიკური შეფასებების მოსმენა ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ, არსებულ მიღწევებსა და მის ევროპულ მომავალზე.

იქ სწავლისას არაერთი საგანი გავიარე,  მათგან ყველაზე საინტერესო იყო მიგრაცია და ნაციონალიზმი ევროპაში. უშუალოდ ადგილზე ვეცნობოდი ევროპაში არსებულ მდგომარეობას, მოსახლეობის დამოკიდებულებას მიგრაციული პროცესების მიმართ და უფრო ადვილად ვაანალიზებდი მიგრაციული პოლიტიკის ცვლილებების მიზეზებს რიგ ქვეყნებში.

სწავლის პერიოდში შევიძინე არაერთი უცხოელი და ქართველი მეგობარი, ვიმოგზაურე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რაც უდიდესი და სასიამოვნო გამოცდილება იყო. დღეს, როცა ამ ყველაფერს როგორც წარსულს, ისე ვუყურებ, ვთვლი, რომ ერამუსი ნამდვილად არ არის ერთი წელი შენს ცხოვრებაში,  მთელი ცხოვრებაა ერთ წელიწადში, რადგან, დარწმუნებული ვარ, რომ ეს  გამოცდილება ყოველთვის დიდ გავლენას მოახდენს  ჩემს წინსვლაზე.

დღეს, როცა სტუდენტები მეკითხებიან ამ პროგრამაზე,  მთელი გულით ვეხმარები, ვურჩევ, მაქსიმალურად ბევრ გაცვლით პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, ერასმუსი კი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ მხრივ და მთავარი რჩევა კი ალბათ ის იქნება, რომ ისწრაფოდნენ განვითარებისკენ.

Share Button