მაგდა ელისაშვილი

მაგდა ელისაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

მაგდა ერთი სემესტრით ლიმერიკის უნივერისტეტში (ირლანდია) – ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობდა. აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლისას მან სტუდენტთა შორის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრება აჩვენა.

თამამად შემიძლია ვთქვა რომ სკოლაშივე აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. წარმატებისა თუ მარცხის მიუხედავად, ვსწავლობდი მთავარს, რომ სიახლეებისა და გამოწვევების არ უნდა გვეშინოდეს. ძალიან მინდოდა, ერასმუსელი გავმხდარიყავი. ილიაუნიც სწორედ ამიტომ ავირჩიე, უნივერსიტეტი, რომელიც ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლების მიღების საშუალებას გაძლევს. მიზნის მისაღწევად ვეცადე აქტიური სტუდენტი ვყოფილიყავი, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო ოთხჯერ მოვიპოვე სახელმწიფო სტიპენდია. ასევე, არაფორმალური განათლების მისაღებად, ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტში. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გავხდი ელჩი საქართველოში სიძულვილის ენის წინააღმდეგ.

ირლანდიაში გატარებული 4 თვე ჩემთვის ასოცირდება დამოუკიდებლობასთან, პიროვნულ და პროფესიულ ზრდასთან, სირთულეების გადალახვასა და უნივერსიტეტთან, რომელიც აერთიანებს სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ვისურვებდი, რომ ყველა სტუდენტს ჰქონდეს მსგავსი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

ლიმერიკის უნივერსიტეტი გამოირჩევა საგნების მრავალფეროვნებით, რამაც საშუალება მომცა, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს გავცნობოდი. თითოეული საგანი მოიცავდა როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ პროექტებს. ამ პროექტების ფარგლებში გავიცანი საინტერესო ადამიანები განსხვავებული შეხედულებებითა და გამოცდილებით. რამდენადაც რთული იყო სრულიად განსხვავებულ გარემოში სწავლა და ცხოვრება, ორმაგად სასიამოვნოა იმის განცდა, რომ დასახულ მიზანს მიაღწიე და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button