მაკა ჯგერენაია

მაკა ჯგერენაია, ბიზნესის სკოლა. Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი უნგრეთში, Dunaújváros-ის უნივერსიტეტში, ერთი სემესტრის განმავლობაში, მეოთხე კურსზე (აწ უკვე კურსდამთავრებული).
მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ხარ და გეშინია, რომ საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში შენი რეიტინგი მკვეთრად გაუარესდება? უცხო ენაზე საუბრის გამოცდილების ნაკლებობა გაქვს და თვლი, რომ შენი დონე არადამაკმაყოფილებელია? მარტოს არასოდეს გიმოგზაურია და წარმოუდგენლად გეჩვენება ევროპულ ცხოვრებასთან ადაპტაცია?
ეს ის მიზეზებია, რომლებიც ყველაზე ხშირად მესმის და რომელთა გამოც მე სამი წელი ვიყოყმანე, მიმეღო თუ არა პროგრამაში მონაწილეობა. და თუ შენც იმავე დილემის წინაშე დგახარ დღეს, უბრალოდ მინდა გითხრა, რომ საუკეთესო შესაძლებლობას უშვებ ხელიდან.

მე ვსწავლობდი და ვცხოვრობდი გარემოში სადაც დაახლოებით 30 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი სტუდენტები, რომლებსაც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული კულტურა, რელიგია და შეხედულებები ჰქონდათ, თუმცა ამას არასდროს მოუხდენია ზეგავლენა მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე.

ჩვენ ერთად ვიმოგზაურეთ 7 ქვეყანაში. ტყეში, კოცონის ირგვლივ ვმღეროდით სიმღერებს მშობლიურ ენაზე. ვამზადებდით ნაციონალურ კერძებს მდინარის პირას. ვესწრებოდით ადგილობრივ ფესტივალებს, ბალებს, მასკარადებს. მღვიმეში რუკის გარეშე შესულები ერთად ვეძებდით გამოსაღწევ გზას. ზოოპარკში, ეგზოტიკური ცხოველებით ხელში დავდევდით ჩვენს შეშინებულ მეგობრებს. ვეჯიბრებოდით ცურვაში, ცეკვაში, სიმღერაში, ბილიარდის თამაშში… ერთმანეთს ვეხმარებოდით ჯგუფური პრეზენტაციების მომზადებაში. ვსაუბრობდით ჩვენი ქვეყნის წესებსა და ტრადიციებზე, მათ მსგავსებასა თუ განმასხვავებელ თავისებურებებზე.

და რაც ყველაზე მთავარია, უმაღლესი რეიტინგით დავხურე სემესტრი. ენის დონე მკვეთრად გავიუმჯობესე. შევიძინე ახალი მეგობრები, რომლებსაც Georgia-ს ხსენებაზე მხოლოდ ამერიკის შტატი აღარ გაახსენდებათ და რომლებიც დღეს უკვე ოცნებობენ საქართველოში ჩამოსვლაზე. ფეხით შემოვიარე ევროპის უდიდესი მუზეუმები, შენობა-ნაგებობები, პარკები, ისტორიული ადგილები. და მე გიყვები მხოლოდ ნაწილს ჩემი თავგადასავლებით და ემოციებით სავსე, დაუვიწყარი თვეებიდან. ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ეს გამოსცადო, მომავალო ერასმუსელო. უბრალოდ გვერდზე გადადე ყველა შიში თუ ეჭვი და დაიწყე ჩემოდნის ჩალაგება!

Facebook
Twitter
LinkedIn