მარი მურცხვალაძის დღიური

ფოტოს ავტორი:  ნატო კოტარია

დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, NCDC-ისა და ლუგარის ლაბორატორიის გენომის ცენტრის თანამშრომელი

დღე 1. 25 თებერვალი
შემოდგომის სემესტრი თითქმის დამთავრდა, სტუდენტების აკადემიური შეფასებები საბოლოო სახეს იღებს. მკაცრი პროფესორის სახელი მაქვს, არ მიყვარს ნიშნების დაუმსახურებლად წერა, მიმაჩნია, რომ განათლებაშია ჩვენი ხსნა. მინდა, ბევრი და კარგად ვასწავლო ილიაუნის სტუდენტებს. საინფორმაციო საშუალებები მეორე კვირაა ჩინეთში გავრცელებულ საშიშ ინფექციაზე გვიყვებიან. შორსაა ჩინეთი, კი, თანავუგრძნობთ იქაურებს, მაგრამ ჯერ არ გვეშინია, მშვიდად ვართ. საქართველოდან ჩინეთში ბევრი არ მოგზაურობს, ამიტომ გგვონია, რომ ჩვენთან არაფერი მოხდება.

დღე 2. 26 თებერვალი
ცოტა ავღელდით, საქართველოს საზღვარზე, ირანიდან აზრბაიჯანის გავლით, შემოსულ ადამიანს ცხელება ჰქონდა. მისი ანალიზი ტესტირებისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. მე მშვიდად ვარ, ამ ლაბორატორიას ადამიანისთვის საშიში ბევრი ინფექცია უნახავს, ბევრი საეჭვო ინფექცია სწორად გამოუცნია. ჩემი ძირითადი დრო ილიას უნივერსიტეტში მუშაობაში გადის, მაგრამ ლუგარის გენომის ცენტრშიც ვმუშაობ პარალელურად. ცოცხალი ორგანიზმების გენომური კვლევები ჩემი ინტერესის სფეროა. დაუსრულებლად შემიძლია კავკასიის კლდის ხვლიკების და ჩვენთან გავრცელებული ხმელეთის მოლუსკების, იმავე ლოკოკინების, გენებზე ვილაპარაკო. ჩვენს უცხოელ კოლეგებს ძალიან უკვირთ, როგორ მოვხვდი პათოგენების შემსწავლელ ლაბორატორიაში და რა საერთო აქვს ინფექციების გამომწვევ მიკროორგანიზმებს ხვლიკებსა და ლოკოკინებთან?

დღე 3. 27 თებერვალი
დილით ვიგებ, რომ პაციენტს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, მართალია, ჩვენთან ჯერ მხოლოდ ერთი შემთხვევაა, მაგრამ უკვე მთელი მსოფლიო შიშმა მოიცვა, ექიმები და მეცნიერები დიაგნოსტირების პროტოკოლების ოპტიმიზაციას ცდილობენ, საქართველოს მთავრობა საჰაერო მიმოსვლას წყვეტს ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. გაზაფხულის სემესტრის ლექციების დაწყებამდე თითქმის სამი კვირაა. მინდა, ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენო. ილიაუნის გენეტიკურ ლაბორატორიაში გვიანობამდე ვმუშაობ. ჩვენმა სტუდენტებმა იციან, რომ ახლა მათთან მეტი დროის გატარება შემიძლია, ჩვენ ვკამათობთ, ვარჩევთ მათთვის საინტერესო საკითხებს და ვცდილობთ, პასუხები ერთად ვიპოვოთ.

დღე 4. 4 მარტი
მსოფლიოში კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 000-ს გასცდა და უკვე ყველა კონტინენტზე გავრცელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიის გამოცხადებას არ ჩქარობს. ჩვენთან ინფიცირების მეორე შემთხვევა დადასტურდა. ევროპის ქვეყნებიდან დაბრუნებულ მგზავრებს ურჩევენ, რომ 2 კვირა სახლში დარჩნენ და სხვებთან კონტაქტს მოერიდონ.

დღე 5. 5 მარტი
სოციალური ქსელი კორონავირუსზე ინფორმაციით აივსო, იწერება ჭორ-მართალი. ხალხი ისევ ჩვეულ რიტმში აგრძელებს ცხოვრებას. საღამოს ვიგებ, რომ ინფიცირებულთა რიცხვს ევროპიდან დაბრუნებული ქართველთა ჯგუფი შეუერთდა და უკვე 7 გახდა. მედიკოსები მათ ვინაობას მკაცრად ასაიდუმლოებენ და საჯარო სივრცეში ჩნდება ტერმინი – „ევროპული კლასტერი“.

დღე 6. 9 მარტი
თბილისი პატარა ქალაქია, კარგად თუ დაფიქრდები, ყველა შენი ნაცნობი ან ნაცნობის ნაცნობი აღმოჩნდება. ადამიანები ცდილობენ ინფიცირებულები ამოიცნონ და გაიხსენონ შემთხვევით ხომ არ ჰქონდათ მათთან კონტაქტი, მით უმეტეს, ირკვევა, რომ ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, რომელიც ევროპიდან ჩამოსვლის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და ორი დღის განმავლობაში საქმიან შეხვედრებზე დადიოდა. საქართველოში უკვე 20-მდე ინფიცირებულია. განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები ფიქრობენ, გამოცხადებული არდადეგები კიდევ გაახანგრძლივონ, თუ ვირტუალურ სწავლებაზე გადავიდნენ. ლუგარის ლაბორატორიაში მორიგეობის მკაცრ გრაფიკს ადგენენ. თანამშრომლები ორ ჯგუფად ვიყოფით და კვირის განმავლობაში ვმორიგეობთ. ერთი ჯგუფის წევრები მეორე ჯგუფის წევრებს არ უნდა შეხვდნენ. თითოეული ჯგუფი ორ ქვეჯგუფადაა დაყოფილი. თანამშრომლების ამგვარად დაყოფა მინიმუმამდე ამცირებს ჩვენ შორის ინფექციის შესაძლო გავრცელებას.

დღე 7. 10 მარტი
ნიკოლოზ გამყრელიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული. ჩემი აზრით, ეს სამოქალაქო გმირობის ტოლფასია, ერთი მხრივ, საზოგადოებას დაანახა, რომ ეპიდემიის პირობებში არავინაა დაზღვეული და, მეორე მხრივ, მაგალითი უჩვენა ხალხს, რომელიც ჯიუტად ცდილობს ჯანდაცვის სისტემის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები არ დაიცვას.
ლუგარის ლაბორატორიაში გვიან ღამემდე გვიწევს მორიგეობა. ძალიან ვფრთხილობთ, გაასმაგებული ყურადღებით ვნომრავთ, ვიწერთ ნიმუშებს, ყველა შემთხვევას ყურადღებით ვეკიდებით, ერთმანეთს ვამხნევებთ. აღსაფრთოვანებელია ჩვენი თანამოქალაქეების, მეწარმეების სოლიდარობა, ყველა ცდილობს დაგვეხმაროს, ხან ტკბილეულს გვიგზავნიან, ხან – საკვებს, გვწერენ, მადლობას გვიხდიან, სიყვარულსა და მხარდაჭერას გამოხატავენ.

დღე 8. 18 მარტი
დღეში ასობით ანალიზს ვაკეთებთ, გათენებისას სახლში დაბრუნება უკვე ჩვენს ყოველდღიურ რუტინად იქცა. შიშით შევცქერით ყველა ინფიცირებულ შემთხვევას, სოციალური ქსელის ჩვენი, პირადი გვერდებიდან ვწერთ გამაფრთხილებელ პოსტებს ხალხისთვის, ვთარგმნით ინგლისურენოვან სიახლეებს, ვემუდარებით ყველას, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, დარჩნენ სახლში საკუთარი და სხვების ჯანმრთელობისთვის. გვჯერა, ერთად დავამარცხებთ ინფექციას.
მიუხედავად დამღლელი კვირისა, ლუგარის ლაბორატორიის გენომის ცენტრის შესაძლებლობები გამოვიყენეთ და კორონა ვირუსის საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში საქართველოდან მიღებული ვირუსის გენომები გამოჩნდა. ეს დიდი წარმატებაა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, გვინდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენც გვაქვს მაღალი სამეციერო პოტენციალი და გვინდა, ჩვენი წილი აგური დავდოთ ვირუსის შესწავლაში.

დღე 9. 19 მარტი
დღეს ილიაუნის სტუდენტებთან პირველი ვირტუალური ლექცია მაქვს, უნდა ვაღიარო, რომ ვღელავ, არ ვიცი, როგორ გამომივა?! კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მთელი მსოფლიო ვირტუალურ სამყაროში გადასახლდა, ეს ახალი გამოწვაა ადამიანებისთვის, ახალი მოწყობილობების ათვისება გვიწევს, ჩვენი ცოდნის ახალი საშუალებებით გაზიარება, ახალი რეალობისთვის თვალის გასწორება.
ისეთი მადლიერი ვარ ჩემი სტუდენტების, მწერენ, რომ თუ საჭირო იქნება, მოხალისეებად იმუშავებენ ლაბორატორიაში. გული გამითბო მათმა სიტყვებმა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

 

Share Button