მარიამ აბესაძე

მარიამ აბესაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი. Eurasia Peace Studies Exchange გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ნორვეგიაში, ტრომსოს არქტიკულ უნივერსიტეტში, მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევების შესასწავლად.

ილიაუნიში ჩაბარება იყო ჩემი ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. უნივერსიტეტმა საშუალება მომცა მეკეთებინა ის საქმე, რომელიც კარიერულ განვითარებაში დამეხმარებოდა, მაგალითად, ილიაუნის დახმარებით სტაჟირება გავიარე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში. მაგრამ, რაც მთავარია, ილიაუნიმ მომცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო გაცვლით პროგრამაში და მესწავლა ისეთ არაჩვეულებრივ ქვეყანაში, როგორიც ნორვეგიაა.

საერთაშორისო ურთიერთობებით ჯერ კიდევ მაშინ დავინტერესდი, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი. ბაკალავრიატიც ამ მიმართულებით დავამთავრე და არც მიფიქრია პროფესიის შეცვლაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის სფერო, რომელშიც ყველაზე კარგად შემიძლია წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები. დისციპლინა საკმაოდ კომპლექსურია, დაკავშირებულია დიპლომატიასთან, პოლიტიკასთან, ქვეყნებს შორის ურთიერთობებთან.

საერთაშორისო სისტემაში ქვეყნები ერთმანეთთან ურთიერთობენ და ამ ურთიერთობების გარეშე წარმოუდგენელია სახელმწიფოების არსებობა. ეს ურთიერთობები დაკავშირებულია უამრავ სფეროსთან, რომელთა ანალიტიკურად გააზრება, გათვალისწინება და შემდგომ ურთიერთობების ისეთი სტრატეგიის ჩამოყალიბებაა საჭირო, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებს წაადგება. ვთვლი, რომ ჩემი პროფესია მნიშვნელოვანია

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი საჭიროებების გადასაჭრელად. გარდა პროფესიული განვითარებისა, ილიაუნიში გავიცანი საინტერესო ადამიანები, მივიღე ახალი გამოცდილებები და, რაც მთავარია, შევიძინე ახალი მეგობრები.

ილიაუნიში სწავლისას შევიძინე და განვავითარე კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი. ვისწავლე აკადემიურ ნაშრომებზე მუშაობა და შევიძინე კვლევისა და სამეცნიერო მასალის დამუშავების უნარები.

მომავალ სტუდენტებს, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ ილიაუნიში ჩაბარება, ან ვინც უკვე ზუსტად იცის, რომ ილიაუნის სტუდენტი იქნება, მინდა ვუთხრა, რომ თქვენ სწორ არჩევანს აკეთებთ, როდესაც ილიაუნის ირჩევთ. წინ გელით ახალი გამოცდილებები, ახალი მეგობრები და საინტერესო თავგადასავლები. თუ იშრომებთ ბევრს, ბოლომდე გამოიყენებთ თქვენს შესაძლებლობებს წარმატებაც აუცილებლად მოვა.

Share Button