მარიამ დოთიაშვილი

მე ვარ მარიამ დოთიაშვილი, ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ამჟამად ვიმყოფები შვედეთში, ქალაქ უფსალაში. ერთი სემესტრის განმავლობაში ვისწავლი განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე უფსალას უნივერსიტეტში, რომელიც სკანდინავიის უძველესი უნივერსიტეტია და ევროპის ტოპ 50 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.

დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა. სწავლის პერიოდში ერთი სემესტრის განმავლობაში ერასმუს+ პროგრამით სასწავლებლად წავედი კოპენჰაგენში, სადაც ვსწავლობდი განათლების სოციოლოგიის ფაკულტეტზე. კოპენჰაგენში ძალიან საინტერესო საგნები მქონდა სკანდინავიურ სასკოლო განათლების სისტემაზე და პარალელურად რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის ასისტენტობაც შევითავსე, რათა პრაქტიკულად დავკვირვებოდი და მონაწილეობა მიმეღო სასწავლო პროცესში. კოპენჰაგენში სწავლამ და ცხოვრებამ შეცვალა ჩემი შეხედულებები, ინტერესები, სამომავლო პერსპექტივები და მაშინ გადავწყვიტე, რომ მაგისტრატურას აუცილებლად განათლების მეცნიერებების მიმართულებით გავივლიდი.

კოპენჰაგენში სწავლის პერიოდში შვედეთის რამდენიმე ქალაქი მოვინახულე, მაგრამ ვერ მოვასწარი სტოკჰოლმის დათვალიერება და გულდაწყვეტილი დავბრუნდი დანიაში. არ ვიცოდი, კიდევ თუ მექნებოდა შვედეთში ჩამოსვლის შესაძლებლობა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ორი წლის შემდეგ, შემოდგომის სემესტრში სასწავლებლად შვედეთში ჩამოვიდოდი.
ჯერჯერობით თითქმის ორი თვეა, რაც შვედეთში ჩამოვედი და უფსალას სტუდენტური ცხოვრების თანამონაწილე გავხდი, ვიყიდე ველოსიპედი, რადგან უფსალაში ველოსიპედი ყველაზე სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტია. უფსალაში სტუდენტური ჯგუფები ე. წ. „ნეიშენებია“, რომელშიც სტუდენტები წევრიანდებიან, ამ ,,ნეიშენებში“ კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება; ჯერჯერობით მხოლოდ იოგის, ხატვისა და ლაშქრობის აქტივობებში ვარ ჩართული.

ჩემი მობილობა განხორციელდა 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრში. თავდაპირველად, როდესაც გავიგე, რომ ერასმუს + კონკურსში გავიმარჯვე და სრული დაფინანსება მოვიპოვე უფსალას უნივერსიტეტში სასწავლებლად, მაშინ საქართველოში სრული კარანტინი იყო გამოცხადებული, სახლიდან ცხრა საათის შემდეგ გასვლაც კი აკრძალული იყო და შვედეთში წამოსვლა არარეალურად მეჩვენებოდა, მაგრამ არასდროს დამიკარგავს იმედი და დარწმუნებული ვიყავი, რომ რაიმე გზას მაინც გამოვნახავდი და გამოვფრინდებოდი. წინასწარ არაფერი დამიგეგმავს, უბრალოდ მივყვებოდი მიმღები უნივერსიტეტის რეკომენდაციებს და დავჯავშნე ვიზიტი შვედეთში მიგრაციის სააგენტოში, დავჯავშნე ოთახი სტუდენტურ საცხოვრებელში და შევავსე სასწავლო ხელშეკრულება და ბოლოს უკვე ივლისში ვიყიდე ბილეთი. საკმაოდ რთული ეტაპი იყო ბილეთების შეძენა, პირველი ბილეთი ავიაკომპანიამ გამიუქმა და ამიტომ ახალი ბილეთი შევიძინე, რომლის მიხედვითაც, იმაზე უფრო ადრე უნდა გამოვფრენილიყავი ვიდრე დაგეგმილი მქონდა. ბილეთის ყიდვიდან ერთ კვირაში უკვე შვედეთში ვიყავი.
გამიმართლა და სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით, ჩემი ლექციები ჩვეულ რეჟიმში ტარდება აუდიტორიაში. როგორც ვიცი, სტუდენტების გარკვეულ ნაწილს ყველა ლექცია ონლაინ უტარდება და ჯერ არცერთხელ არ ჩატარებიათ ლექცია აუდიტორიაში. კორონა ვირუსთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა ხელი ვერ შემიშალა და ერთ-ერთი კურსის ფარგლებში, სამი კვირის განმავლობაში დავდიოდი სკოლაში და ვატარებდი კვლევას ჩემი ფინალური ნაშრომისთვის.

შვედეთში ჩემი გამოფრენა დიდი რისკი იყო, მაგრამ არცერთი წამით არ მიფიქრია, რომ ვირუსი შემაჩერებდა და ჩემი ოცნების უნივერსიტეტში სწავლაზე უარს ვიტყოდი. გავრისკე, მაინც ჩამოვედი და ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.

მთელი გულით ვისურვებდი, რომ ყველა სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, თუნდაც მხოლოდ ერთხელ მაინც ისწავლოს რომელიმე სხვა ქვეყანაში და იყოს ერასმუსელი. ერასმუსის პროგრამაში მონაწილეობის დროს აკადემიურ ცოდნასთან ერთად იღებ იმ არაფორმალურ გამოცდილებას, რომლის მიღებაც შეუძლებელია საკუთარ ქვეყანაში. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა პირველ რიგში დამეხმარა საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში. გავხდი უფრო მეტად დამოუკიდებელი და ძლიერი პიროვნება. საზღვარგარეთ სწავლა და ცხოვრება, ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, ყოველდღიურ გამოწვევებთან, რომელიც გვაძლიერებს და უფრო მეტად დამოუკიდებელ პიროვნებებად გვაყალიბებს.

ერასმუსის პროგრამაში მონაწილეობა ხშირად ნიშნავს კომფორტის ზონის დატოვებას, რადგან გიწევს ახალ კულტურასთან, ახალ ადამიანებთან და განსხვავებულ ყოველდღიურობასთან „შეგუება“, ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ცვლილებები კი მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც კომფორტის ზონას ვტოვებთ. ერასმუსის პროგრამები დამეხმარა აღმომეჩინა ჩემი ახალი ინტერესები, შემეძინა მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გავცნობოდი უცხო კულტურას, განვვითარებულიყავი როგორც პიროვნულად, ისე კარიერულად და მიმეღო ცხოვრებისეული გამოცდილებები.

ყველა სტუდენტს ვურჩევდი, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა ერასმუსის პროგრამაში. საკუთარ ქვეყანაში როგორი წარმატებული სტუდენტიც არ უნდა იყო, ვერანაირად ვერ მიიღებ იმ არაფორმალურ და ფორმალურ ცოდნასა და გამოცდილებას, რასაც ერასმუსი გაძლევს. ყველას ვუსურვებ იმ პირველი ბედნიერების და ცოტა შიშის გამოცდას, როდესაც სრულიად უცხო ქვეყნის უცხო ქალაქში, ასევე უცხო ოთახის კარს აღებ, შედიხარ შენი უზარმაზარი ჩანთით და იაზრებ, რომ ეს ის ადგილია, სადაც მომდევნო ხუთი თვე უნდა იცხოვრო და ჯადოსნური, დაუვიწყარი მოგონებები უნდა დააგროვო. ორი თვის წინ ჩემთვის უცნობი ქალაქი და ოთახი ძალიან ნაცნობი და საყვარელი გახდა, მალევე გაქრა პირველი შიშიც და დარჩა ბედნიერების გრძნობა.

Share Button