მარიამ დოთიაშვილი

მარიამ დოთიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მეცნიერებების პროგრამის სოციოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი, ილიაუნის ერაზმუს+ ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და კოპენჰაგენის (დანია, https://ucc.dk/international) საუნივერსიტეტო კოლეჯის განათლების სოციოლოგიის ფაკულტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე

„ვიცოდი, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტთან ჰქონდა გაცვლითი პროგრამა, ამიტომაც ავირჩიე ილიაუნი და ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ილიაუნიში სოციოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ყოველთვის განათლების სისტემა მაინტერესებდა, განსაკუთრებით კი  განათლების სკანდინვიური მოდელი, რომლის წარმატებაც   მთელს მსოფლიოშია აღიარებული.

ძალიან გამიმართლა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი აღმოჩნდა საქართველოში, რომელსაც დანიაში, კოპენჰაგებნის უნივერსიტეტთან, ჰქონდა გაცვლითი პროგრამა. სწორედ სკანდინავიური განათლების სისტემის მონაწილე გავხდი, ერთი სემესტრის განმავლობაში ვსწავლობდი კოპენჰაგენის უნივერსიტეტში განათლების სოციოლოგიის ფაკულტეტზე. იქ ძალიან ბევრი სიახლე დამხვდა: განსხვავებული სწავლების პრინციპები, მიდგომები, არაფორმალური ურთიერთობები სტუდენტებსა და ლექტორებს შორის, განსხვავებული შეფასების სისტემა, უფრო მეტად თანამედროვე და სტუდენტებზე მორგებული საუნივერსიტეტო კამპუსი.

ერთ-ერთი კურსის ფარგლებში, რომელიც მთლიანად  სკანდინავიური განათლების სისტემის პრინციპებს ეხებოდა, საშუალება მქონდა არა მხოლოდ თეორიულად მესწავლა სკანდინავიური სასკოლო სისტემის შესახებ, არამედ უშუალოდ ვყოფილიყავი მისი მონაწილე. პრაქტიკა გავიარე კოპენჰაგენის ერთ-ერთ სკოლაში, როგორც მასწავლებლის ასისტენტმა, და დანიელ მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან უშუალოდ ურთიერთობის  შედეგად უფრო მეტი პრაქტიკული ცოდნა მივიღე ჩემთვის საინტერესო საკითხებზე.

ვისურვებდი, რომ  უფრო მეტ სტუდენტს ჰქონდეს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა. უცხო ქვეყანაში ცხოვრება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და გიწევს ამ სირთულეებთან დამოუკიდებლად, ოჯახისა და მეგობრების გარეშე გამკლავება, რაც ყოველდღიურად  მეტად თავდაჯერებულს გხდის.

დანიაში ყოფნის პერიოდი ჩემთვის მრავალმხრივ საინტერესო იყო, სწავლის პარალელურად არდადეგებზე თანაჯგუფელებთან ერთად ვიმოგზაურე ევროპის ექვს ქვეყანაში.

დანიაში სწავლის დროს შევიძინე მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხშირად ვუზიარებდით ერთმანეთს ინფორმაციას ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და სამზარეულოს შესახებ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო უცხო ქვეყანაში შენი ქვეყნის „ელჩი“.

ერაზმუსმა  დიდი როლი ითამაშა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში და, დარწმუნებული ვარ,  უფრო დიდ გავლენას იქონიებს ჩემს მომავალზე“.

Share Button