მარიამ გოგიტიძე

მარიამ გოგიტიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ანგლისტიკის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯ UCC-ის (დანია, https://ucc.dk/international) სამასწავლებლო განათლების გაცვლითი პროგრამის მონაწილე.

„ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო პერიოდი ერაზმუსის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ დაიწყო. გადავწყვიტე სწავლა დანიაში გამეგრძელებინა და ყველასგან განსხვავებულ და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებულ სკანდინავიურ განათლების სისტემას გავცნობოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ წინ უმარავი ახალი გამოწვევით და გამოცდილებით სავსე თავგადასავალი მელოდა.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. იქ შექმნილი გარემო სტუდენტების საჭიროებებზე მაქსიმალურად იყო მორგებული. აღსანიშნავია, რომ არ არსებობდა კონკურენცია, ქულები თუ ბარიერები. ლექტორები ყველა სტუდენტის მოტივაციისა და თვითდაჯერების ამაღლებაზე ზრუნავდნენ. ისინი მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებასაც გვაძლევდნენ. ერთი კვირის განმავლობაში ერთ-ერთ დანიურ სკოლაში მასწავლებლის როლიც კი მოვირგე.

ერაზმუსის პროგრამამ საზღვარგარეთ დამოუკიდებლად ცხოვრების, სწავლისა და ევროპაში მოგზაურობის შეუცვლელი გამოცდილება მომცა. ამ პერიოდში როგორც პიროვნულად, ისე კარიერული თვალსაზრისით განვვითარდი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ილიაუნის და  On.ge-ის ერთობლივ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და შერჩეულ კანდიდატებს შორის მოვხვდი. ამჟამად, სტაჟირებას გავდივარ On.ge-ის რედაქციაში, სადაც ინგლისურიდან ქართულ ენაზე ანალიტიკურ სტატიებს ვთარგმნი. ეს ონლაინგამოცემა ახალი, ციფრული ეპოქისთვის მოგებაზე ორიენტირებულ, თანამედროვე მედიასაშუალებას ქმნის. ძალიან მიხარია, რომ ამ საქმიანობაში მცირე წვლილის შეტანის შესაძლებლობა მეც მაქვს“.

 

Share Button