მარიამ ხარებავა

ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან და გარდამტეხ ეტაპად მიმაჩნია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული 6 წელი. ბაკალავრი სოციოლოგიის მმართულებით დავხურე, ხოლო მაინორად საფრანგეთისმცოდნეობა მქონდა არჩეული. აქვე აღვნიშნავ, რომ ფრანგული ენის სწავლა მხოლოდ მეორე კურსიდან დავიწყე და Erasmus+ გაცვლითი პროგრამების გაცნობის შემდგომ, მიზნად დავისახე საფრანგეთის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება.

ვიცოდი, რომ ეს ადვილი არ იქნებოდა და გარკვეულ დროსა და დიდ შრომას მოითხოვდა. თუმცა მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი ძვირფასი ადამიანი არსებობს, განსაკუთრებით დედა, რომელსაც თავიდანვე სჯეროდა ჩემი და უზომოდ დიდ მოტივაციას მაძლევდა. შემდგომ მაგისტრატურაში კვლავ ილიაუნში ჩავაბარე უკვე გამოყენებითი უცხო ენებისა და საერთაშორისო მოლაპარაკების ფაკულტეტზე, სადაც მთავარ ენად ფრანგული მქონდა არჩეული. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ Erasmus+ გამოცხადებული კონკურსის სიაში მონპელიეს პოლ ვალერის უნივერსიტეტიც შედიოდა, რადგან ეს უნივერსიტეტიც მსგავს ფაკულტეტს გვთავაზობდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მზაღო დოხტურიშვილის თანადგომისა და გულშემატკივრობის გარეშე აღნიშნულის განხორციელებას ვერ შევძლებდი.

მონპელიეში ჩასვლის პირველი ეტაპი ძალიან რთული აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების ეტაპი იწყებოდა და არ უნდა შემშინებოდა, თუმცა მაინც რთულია მოერგო საზოგადოებას, რომლის ნაწილიც არ ხარ. მქონდა გაუცხოების მომენტი. მახსოვს, პირველივე ლექციაზე ყველაზე უკან დავჯექი, რათა ნაკლებად ვყოფილიყავი შესამჩნევი. ყველაფერს ვაკვირდებოდი, მათ ცალკე აღებულ სოციუმად ვთვლიდი, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ნელ-ნელა მათ დავუახლოვდი, ეს ალბათ იმის დამსახურება იყო, რომ ლექტორი ხშირად გვაძლევდა პრაქტიკულ და ჯგუფურ სამუშაოებს, შესაბამისად, მომიწია მათთან უფრო ხშირი კომუნიკაცია და დაახლოებაც. ბოლოს, როდესაც კარაოკე ბარში მე და ჩემი ფრანგი მეგობარი სცენაზე ვიდექით მოგებული პრიზით ხელში, მაშინ გავიაზრე, რომ აღარ ვიყავი ,,კულისებში მყოფი უცხო დამკვირვებელი” და რომ უკვე მათი ნაწილი ვიყავი. ამის გაანალიზება ძალიან ბევრს ნიშნავს. მაშინვე გავიაზრე, რომ ყველა ის კომპლექსი, რომელიც მონპელიეში ჩასვლისას მქონდა, გაქრა. რთულია ცხოვრების სტილის შეცვლა, ოჯახის, მეგობრების დატოვება და ახალ გარემოსთან შეგუება, თუმცა აღნიშნული საოცრად დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს.

ჩემთვის საუკეთესო და გამორჩეული მომენტები ერასმუსის ერთ-ერთ ჯგუფთან ESN Montpellier-სთან ასოცირდება. მათთან ერთად ვიყავი რამდენიმე დღით პარიზში, ისინი კვირაში რამდენჯერმე გეგმავდნენ ბევრ აქტივობას. ეს ჯგუფი ბევრად მომწონდა, რადგან ჩემნაირი უცხოელი სტუდენტი იქ ბევრი იყო და მათთან ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდი. გავიცანი უამრავი სტუდენტი და შევიძინე ბევრი მეგობარი. დავაგროვე საუკეთესო მოგონებები, რომელთა გახსენებაც ცხოვრების ბოლომდე ღიმილს მომგვრის.

ამჟამად ვიმყოფები კვლავ საფრანგეთში – გრენობლის ალპების უნივერსიტეტში და ვსწავლობ მაგისტრატურაზე სოციოლოგიის მიმართულებით. რომ არა Erasmus+ გაცვლითი პროგრამა, ვერ შევძლებდი უკვე შემდგომში დამოუკიდებლად ჩამებარებინა გრენობლის უნივერსიტეტში. რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, ვერ ვიქნებოდი ასეთი თავდაჯერებული და კიდევ უფრო მოტივირებული. ყველა იმ სტუდენტს, რომელიც ფიქრობს ერასმუსის გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წასვლას, ვურჩევ, რომ არ იყოყმანონ. არ შეეშინდეთ გამოწვევების. მე, საბედნიეროდ, ჩემს დაქალთან ერთად გავატარე ეს პერიოდი და უფრო გამიმარტივდა გარკვეული კომპლექსებისა და დაბრკოლებების გადალახვა, თუმცა მარტოც შეძლებთ. მთავარია მიზანი და მონდომება. ამას გირჩევდათ 6 წლის წინ მარიამი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიზნად დაისახა ფრანგულის სწავლა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება და დღეს უკვე ამას გიდასტურებთ მარიამი, რომელიც იმყოფება გრენობლში და გარწმუნებთ, რომ არ არსებობს დაბრკოლება, რომლის გადალახვაც შესაძლებელი არ იქნება.

Share Button