მარიამ კვირტია

მარიამ კვირტია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

მარიამი ორი სემესტრი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიის  ფაკულტეტზე სწავლობდა.

ალბათ ამ ნაწერს ბევრი ადამიანი წაიკითხავს, რომელთაგან არაფრით განვსხვავდები. ბევრის მსგავსად სწავლის პარალელურად ვმუშაობდი, ამიტომ  სწავლას კარგად ვერ ვახერხებდი და არც მიფიქრია სტიპენდიის მოპოვებაზე ან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე. მეგონა, რომ ამას ბევრად გამორჩეული და მოტივირებული ადამიანები აღწევდნენ. დრო გადიოდა, ისევ ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი, თუმცა მივხვდი, რომ ასე ცხოვრება არ მომწონდა. მინდოდა ჩემი მე, ჩემი გზა  მეპოვა და მას გავყოლოდი. ყველასგან მოულოდნელად სამსახური მივატოვე და მთლიანად სწავლაზე გადავერთე. მართალია, შემოსავალი შემიმცირდა, მაგრამ ვგრძნობდი, იმას ვაკეთებდი, რაც მხიბლავდა, ინტერესითა და სიხარულით ვსწავლობდი. შემთხვევით, საცდელად, შევიტანე განაცხადი გაცვლითი პროგრამის კონკურსზე.  სტიპენდია მოვიპოვე და გაცვლით პროგრამაშიც გავიმარჯვე. ამიტომ ვფიქრობ, ყველა ადამიანმა, პირველ რიგში,  საკუთარი თავი უნდა იპოვოს, ჰქონდეს რწმენა და წარმატება თავისთავად მოვა.

რაც შეეხება გერმანიას… ამ ქვეყანაზე ბევრი სტრეოტიპული წარმოდგენა გვაქვს, თუმცა რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. ერთწლიანი ცხოვრების განმავლობაში დავინახე, როგორ უფრთხილდებიან თავიანთ ქალაქს, გარემოსა თუ სხვა ადამიანებს. ღიმილი და კეთილგანწყობა  აძლიერებს ქვეყანას, თანადგომისა და ერთიანობის განცდას ტოვებს. ის, რის შესახებაც შორიდან მსმენოდა,  თვალწინ გამიცოცხლდა. გავეცანი მათ კულტურას და ბევრი მეგობარი შევიძინე. ჩემი ფაკულტეტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, გვასწავლიდნენ კულტურათა შორის განსხვავებებსა თუ თანხვედრას, ასევე როგორ უნდა გვესწავლებინა ჯგუფისთვის, რომელიც  განსხვავებული კულტურის ადამიანებს უყრიდა თავს. დავინახე, როგორი განსხვავებულია ასეთი ადამიანების რეალობისა და სამყაროს აღქმა.

მარტო ცხოვრებამ, სხვადასხვა ქვეყნისა თუ მუზეუმის მონახულებამ, პიროვნულად  გამზარდა, ადამიანებთან ურთიერთობისა თუ დიდი პროფესიული გამოცდილება მივიღე, რაც მთავარია, მტკიცედ მჯერა, რომ ენთუზიაზმი და შრომა უპასუხოდ არასდროს რჩება. ახლა ისევ საქართველოში ვარ და მინდა, ცოდნა  ქვეყანას მოვახმარო. მინდა ჩემი ისტორია ბევრისთვის მოტივაცია იყოს, რომ საკუთარი თავის რწმენითა და მონდომებით მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

 

Share Button