მარიამ ლაღუნდარიძის ერთხელ ერასმუსით

მე ვარ მარიამ ლაღუნდარიძე, ილიაუნის ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის ბაკალავრი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომცა საშუალება მიმეღო ზოგადი განათლება, ინტერდისციპლინური სწავლების მეთოდებიდან გამომდინარე, შემიძლია ცოდნის დაგროვება ჩემთვის საინტერესო ყველა მიმართულების შესახებ. ლიტერატურული ტექსტების მიღმა ყოველთვის ვცდილობ სოციალური, ისტორიული თუ პოლიტიკური კონტექსტის გააზრებას, რაც თავისთავად მეხმარება არსებული რეალობის უკეთ გაგებაში.

უნივერსიტეტის მიღმა ჩემი საქმიანობა შემოიფარგლება მოხალისეობრივი აქტივობებით. დაინტერესებული ვარ ჟურნალისტიკითა და ზოგადად ქართული მედიით, ამ მხრივ ჩემი ყველზე საინტერესო გამოცდილება იყო მედიის განვითარების ფონდში გავლილი კურსი– ვისწავლე fake news-ების ამოცნობა და დავწერე რამდენიმე სტატია, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. გარდა ჟურნალისტიკისა, მაინტერესებს პოლიტიკა. უკანასკნელი წლების მოვლენებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ სოციალური მოვლენების სწორად წარმართვისთვის აუცილებელია, ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობა. ჩემი, როგორც მოქალაქის, უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიღებაში დამეხმარა ადენაუერის ფონდი, რომლთან თანამშრომლობის შედეგად ნათლად დავინახე, თუ როგორ მუშაობენ ქართული პოლიტიკური სისტემები და როგორ შეიძლება მივაწვდინო ჩემი ხმა მთავრობას.

გარდა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ინტერესებისა, ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა ლაშქრობა. სქართველოს შემოვლა ოთხი წლის წინ დავიწყე და პირველი გასვლის შემდეგ ბუნებაზე დამოკიდებული გავხდი. ვთვლი, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა და ყოველი ლაშქრობის შემდეგ მაქვს განცდა, რომ წინ ბევრად უკეთესი გამოცდილება მელის.

გაცვლითი პროგრამის საბუთების შევსების დღიდან სამშობლოში დაბრუნებამდე პერიოდი სავსე იყო სირთულეებითა და გამოწვევებით, რომელთა გადალახვამაც პიროვნულად გამზარდა. თუკი აქამდე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას ან კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის სხვა ადამიანების დახმარება მჭირდებოდა, ახლა ყველანაირი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას ვახერხებ. საზღვარგარეთ ცხოვრების ოთხთვიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ მთავარია პრობლემის სწორად გააზრება და შედეგს ყოველთვის მარტივად მიაგნებ.

რაც შეეხება აკადემიურ ცოდნას, მოვახერხე ისეთი ლიტერატურული და სამეცნიერო წყაროების მოძიება, რომლებიც ჩემთვის აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო. ლიმერიკის გლუკსმანის ბიბლიოთეკა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიბლიოთეკაა, რომელიც მკითხველებს ციფრულ მომსახურებას სთავაზობს. სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ თითქმის ყოველ დღე ვსარგებლობდი ბიბლიოთეკით და შევაგროვე საინტერსო მასალები, რომელთა გამოყენებასაც საბაკალავრო ნაშრომის დაწერისათვის ვაპირებ.

ილიაუნისა და ლიმერიკის უნივერსიტეტების სწავლების მეთოდებს შორის თითქმის არანაირი განსხვავება არ არის, მეტიც, ორივე უნივერსიტეტი მსგავს მიდგომებს იყენებს. როგორც ჩვენთან, ლიმერიკშიც ლექტორები ორიენტირებულნი იყვნენ ტექსტების სიღრმისეულ გააზრებასა და დისკუსიების საშუალებით გაგებაზე. სხვათაშორის, ორივე უნივერსიტეტი იყენებს ერთსადაიმავე საიტს დავალებების ასატვირთად და შესამოწმებლად. ამიტომაც ჩემთვის ამ მხრივ ინოვაციური არაფერი ყოფილა. უნდა აღინიშნოს, რომ რაღაც ასპექტებში პრიორიტეტს მშობლიურ უნივერსიტეტს მივანიჭებდი, მაგალითად. ვთვლი, რომ სტუდენტების განათლების დონე და დისკუსიების ხარისხი აქ უფრო მაღალია, ვიდრე მასპინძელ უნივერსიტეტში.

განსხვავება ლიმერიკისა და ილიაუნის უნივერსიტეტებს შორის არის ირლანდიის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული უპირატესობა – ლექციების შემდეგ შემეძლო სხვადასხვა სპორტული აქტივობებით დაკავება, მაგალითად, ხშირად ვცურავდი და უნივერსიტეტში მისასვლელად ყოველდღე ვიყენებდი ველოსიპედს, რაც იქაური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

მსოფლიოში ქართველებზე უფრო სტუმართმოყვარე ხალხი თუ არსებობდ,ა, არ მეგონა. ირლანდიელებმა სტუმართმოყვარეობით ნამდვილად გამაოცეს. ყველაზე საინტერესო ადამიანი, რომელიც სრულიად შემთხვევით ველოსიპედით სეირნობისას გავიცანი, ჩემი მეზობელი მოხუცი ბრაიანი აღმოჩნდა. ბრაიანმა ბევრი რამ იცოდა საქართველოზე და როცა მასთან სტუმრად მივდიოდი, ხშირად ვლაპარაკობდით ირლანდიისა და საქართველოს ისტორიული გამოცდილებების მსგავსება-განსხვავებებზე. მისი მოგზაურობის ისტორიები ჩემთვის ნამდვილად საინტერესო მოსასმენი და ამავდროულად ინსპირაციული იყო.

ყველაზე საინტერესო კურსი, რომელმაც კიდევ უფრო მეტად დამაფიქრა მასწავლების პროფესიის არჩევაზე, ეს იყო „განათლების თანამედროვე გაგება და გააზრება”, კურსის განმავლობაში თითქმის ყოველ კვირას ვუსმენდით განათლების სფეროში დასაქმებულ, წარმატებულ ლექტორებსა და მასწავლებლებს, რომლებიც თავიანთ განათლების ფილოსოფიას გვიზიარებდნენ. განათლების სხვადასხვა თეორეტიკოსის მოსაზრებების გაცნობისა და განათლების სხვადასხვა სისტემაზე მსჯელობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ის სფეროა, სადაც ჩემს თავს მომავალში ვხედავ.

ყოველთვის როცა ირლანდიაში ყოფნაზე დავფიქრდები, დუბლინში ჩემი მარტო გამგზავრების ისტორია მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ დუბლინი ჩემი საცხოვრებელი ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით (3 საათის სავალზე) მდებარეობდა, გამოცდების შემდეგ გადავწყვიტე სპექტაკლის სანახავად მარტო წასვლა და ქალაქის დათვალიერება, მაგრამ უამინდობის გამო დუბლინში თავიდან ფეხებამდე სველი ჩავედი, ისეთი საშინელი წვიმა იყო, ტურისტებიც კი არ მოძრაობდნენ, ქალაქის დათვალიერება შეუძლებელი აღმოჩნდა და ამიტომაც მაკდონალდსში გაცნობილ ინტერნაციონალურ ჯგუფს შევუერთდი და მათთან ერთად გავატარე დრო.

საღამოს თეატრის მიგნება ცოტა გამიჭირდა და ქუჩაში მისამართს ვკითხულობდი, მოხუცმა ქალმა გამაჩერა და როცა გაიგო, სად მივდიოდი გამომელაპარაკა, თეატრზე, ხელოვნებასა და წიგნებზე ბევრი ლაპარაკის შემდეგ თავისთან დამპატიჟა. დღემდე არ მჯერა, რომ ასე ქუჩაში გაცნობილ უცხო ადამინს მენდო, შემიფარა, გამათბო და საინტერესო ისტორიებს მომიყვა.

დამშვიდობებისას სამახსოვროდ წიგნი მაჩუქა და ბოლოს თეატრის შენობამდეც მიმაცილა. სწორედ მაშინ ვიგრძენი,რომ დუბლინი, რომლის შესახებაც ჯოისი დაუჯერებელ ამბებს წერდა, თურმე ნამდვილად არსებობს.

არასოდეს იფიქროთ, რომ პროგრამისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებთ! თუ არ გჯერათ, იცოდეთ, რომ გასაუბრებაზე ინგლისურის B1 დონით გავედი.

Share Button