მარიამ ლეჟავა

მარიამ ლეჟავა –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნილოგიისა და განათლების ფაკულტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრატურის სტუდენტი და ბერლინის (გერმანია) ჰუმბოლტის უნივერსიტეტის (www.hu-berlin.de) English and American Studies-ს გაცვლითი პროგრამის მონაწილე

„ილიაუნის საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ალბათ საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიმიღია. გარდა საქართველოში მიღებული ხარისხიანი განათლებისა, უნივერსიტეტმა შესაძლებლობა მომცა, გავმხდარიყავი ერაზმუსის სტიპენდიატი და ერთი სემესტრი ყველასათვის საოცნებო ქვეყანასა და უნივერსიტეტში მესწავლა.

ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო ვყოფილიყავი სტუდენტი უნივერსიტეტისა, სადაც აინშტაინი, ჰეგელი, შოპენჰაუერი, ძმები გრიმები თუ სხვა გენიოსები სწავლობდნენ და ასწავლიდნენ. გამოვარჩევდი უნივერსიტეტის სწავლის განსაკუთრებულ მეთოდებსა და მრავალფეროვან გარემოს. ჰუმბოლტის ყველა ლექცია თუ სემინარი კრიტიკულ აზროვნებასა და მსჯელობის უნარების განვითარებისკენ იყო მიმართული და მიმაჩნია, რომ ამ უნარ-ჩვევებზე მეტი აქცენტირება ქართული განათლების სისტემისთვისაც აუცილებელი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

გამოცდილებასთან ერთად ვგრძნობდი პასუხისმგებლობასაც, რადგან,როდესაც საერთაშორისო სტუდენტების გარემოცვაში იმყოფები, ცალკეული ადამიანიც კი მათთვის მთლიანი ქვეყნის სახეს წარმოადგენს.

გერმანიაში ცხოვრებით მეტად გავიაზრე საქართველოსა და კონკრეტულად თბილისის პრობლემები თუ გამოწვევები, თუმცა ასევე უფრო დავაფასე ჩვენი ქვეყანა, რადგან, როდესაც დაბადებიდან ერთ ქვეყანაში ცხოვრობ, შენთვის მისი უნიკალურობა ხშირად შეუმჩნეველი მოცემულობა ხდება. თითქმის ყველამ იცოდა ჩვენი ენის, კერძების, ბუნებისა და დამწერლობის შესახებ. ჩემმა ბრიტანელმა ლექტორმა ქართული ანბანის  სწავლებაც კი მთხოვა. ვფიქრობ, ევროპაში საქართველოს ასეთი კუთხით წარმოჩენასა და პოპულარიზაციაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამაც უდიდესი გავლენა მოახდინა.

გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი და შევიძინე ახლო მეგობრები, რომლებიც უკვე გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას. ბერლინში ცხოვრების თითოეული დღე კი ჩემთვის საუკეთესო თავგადასავლებსა და მოგონებებთან ასოცირდება“.

 

Facebook
Twitter
LinkedIn