მარიამ მაზანიშვილი

აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლის სურვილი პირველად საკმაოდ დიდი ხნის წინ გამიჩნდა, თუმცა ერასმუსის კონკურსში მეორე კურსზე მონაწილეობისას მის ნაცვლად ირლანდიის უნივერსიტეტში ამირჩიეს, რაც, რა თქმა უნდა, ერთგვარი წარმატება იყო, თუმცა მთლად ის არა, რაც მე მინდოდა, ამიტომ მასზე უარი განვაცხადე და კიდევ ერთხელ გამოვიწვიე საკუთარი თავი მომავალი წლის ერასმუსის კონკურსში, გამოცდილებამიღებულმა უკეთეს შედეგს მივაღწიე და მოვხვდი უფსალას უნივერსიტეტში.

საქართველოსა და შვედეთის საკმაოდ განსხვავებული კულტურებიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ შვედური კულტურის შესწავლა და მასთან დაახლოება იყო. რაც მოიცავდა უნივერსიტეტში შვედ ლექტორებთან და სტუდენტებთან სწორ კომუნიკაციას, მუშაობას სხვადასხვა წარმომავლობის, კულტურის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ,,რუმმეითებთან“ და სხვებთან ურთიერთობას.

გასაკვირიც კია, რამდენი რამის აღმოჩენა შეგიძლია შენს თავში მაშინ, როდესაც უცხო ქვეყანაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხარ და სხვადასხვა გამოწვევასაც მარტო უმკლავდები. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში სწორედ ასეთი სახის გამოცდილებაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

ერთ-ერთ საინტერესო გამოცდილებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ შვედეთში ყოფნის პერიოდში პირველად ვცადე სოლომოგზაურობა. რაც, ვფიქრობ, ყველაზე თამამი ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში და დღეს ამაყად ვამბობ, რომ მარტო ვიმყოფებოდი 6 ქვეყანაში. ასევე შვედეთში ჩასვლისთანავე გადავწყვიტე შემესწავლა ველოსიპედის ტარება (რისიც მანამდე ძალიან მეშინოდა), შევიძინე ჩემი პირველი ველოსიპედი, რომელიც მალევე ჩემს განუყრელ მეგობრად იქცა. ეს ორი გამოცდილება ერთად იქცა ერთგვარ სიმბოლად იმისა, რომ საკუთარ შიშებთან გამკლავება შემეძლო, ხოლო მათი გადალახვის შემდეგ კი უდიდესი სიამოვნების მიღება შეიძლებოდა.

ჩემი რჩევაც სწორედ ესაა – სიახლეების შიშმა უკან არ უნდა დაგხიოთ. ვიცი, როგორი ამაღელვებელია კონკურსის მიმდინარეობის პერიოდი, ერთი შეხედვით, როგორი საშიში შეიძლება ჩანდეს მთელი ეს პროცესი, კონკურსში გამარჯვება, ვიზის აღება და სრულიად უცხო ქვეყანაში გადასვლა, თუმცა მიღებული გამოცდილება ამ ყველაფრად ნამდვილად ღირს.

Share Button