მიხეილ ფაღავა

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

მიხეილ ფაღავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის MBA-ის სამაგისტრო პროგრამის მენეჯმენტის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

მიხეილი ერთი სემესტრი ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში (ავსტრია)  სწავლობდა საერთაშორისო ბიზნესურთიერთობების მიმართულებით. შემდეგ სემესტრში, ასევე ილიაუნის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ის საფრანგეთში, პარიზის ვალ-დე-მარნის უნივერსიტეტში გაემგზავრება.

ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე განვაგრძე, ამჟამად კი ვმუშაობ „ბრიტანულ-ქართულ კორპორაციაში“ საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერად. ბავშობიდანვე მოგზაურობისადმი სიყვარულმა, უცხოეთში სწავლის სურვილმა და მონდომებამ საშუალება მომცა, Erasmus + ის პროგრამით მესარგებლა ავსტრიაში, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ჩემს განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.

რთულია, გადმოსცე უცხოეთში სწავლისა და ცხოვრების ემოციები და შთაბეჭდილებები: თავგადასავლები, ახალი ქვეყნები და მეგობრები, განსხვავებულ კულტურასთან ზიარება, სწავლების სისტემა, მოკლედ, ყველაფერი უცხო და საინტერესო. ახალ მეგობრებთან დღემდე მაქვს ურთიერთობა, რამდენიმე საქართველოშიც კი ჩამოვიდა, რათა უკეთესად გაეცნო ჩვენი ქვეყანა. დაუსრულებლად შეიძლება ისაუბრო იმ შთაბეჭდილებებზე, რაც გაცვლით პროგრამას ახლავს თან და, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ჩემს შემთხვევაშია, სწორედ ამიტომ ყველას ვურჩევ, საკუთარ თავზე გამოსცადონ ეს ყოველივე.

ყველაზე მეტად მაინც სწავლების განსაკუთრებულ სისტემას გამოვარჩევდი, რომელიც მთლიანად სტუდენტზე იყო ორიენტირებული, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. ლექტორები ცდილობდნენ, მიღებული თეორიული ცოდნა ადგილობრივ საწარმოებსა და ოფისებში გამოგვეყენებინა, რაც კიდევ უფრო ნაყოფიერს ხდიდა სწავლების პროცესს.

Share Button