მურო თაკალანძე

მურო თაკალანძე, ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტი, საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

✔2014 წელს ექსტერნად დავამთავრე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა და დავდექი არჩევანის წინაშე: რომელ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა.

ბაქსვუდის საქართველოსა და ინგლისის სკოლებში მიღებულმა გამოცდილებამ მიმახვედრა, რომ სწავლასთან ერთად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უნივერსიტეტის ღირებულებებსა და აქტივობებს, რომელთაც დამატებით სერვისებად სთავაზობდა სტუდენტებს. სწორედ ამიტომ ავირჩიე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის ჩემთვის ახალგაზრდა უნივერსიტეტია, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, ღიაა ურთიერთობებში და საკუთარი სტუდენტების განვითარებაზე ზრუნავს. ასევე იზრუნა მან ჩემს განვითარებაზეც.

17 წლიდან ვცდილობდი მემუშავა და განმევითარებინა ის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც სამომავლოდ კარიერულ წინსვლაში დამეხმარებოდა. სკოლაში ჩამოვაყალიბე მოხალისეთა კლუბი, რომელიც დამეხმარა საკუთარი თავი სხვადასხვა ამპლუაში გამომეცადა.

ასევე მიმუშავია არაერთ რთულ პოზიციაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტი ვიყავი, ერთხელაც მეილზე მომივიდა ინფორმაცია სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში სტაჟირების შესახებ. იმის გამო, რომ ამ დეპარტამენტის საქმიანობის სფერო ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე. ვიცოდი, რომ აქ მუშაობა მომცემდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის დროს მიღებული ცოდნის გამოყენებისა და მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების საშუალებას.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ნამდვილად აღმოჩნდა ტრამპლინი ჩემს კარიერაში, რადგან 6-თვიანი სტაჟირების შემდეგ გავხდი სტუდენტური პროექტების კოორდინატორი და მომეცა შესაძლებლობა, ვაკეთო საქმე, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

უკვე 6 თვეა ამ თანამდებობაზე ვმუშაობ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თითოეული დღე უფრო საინტერესო და გამოწვევებით სავსეა, ვიდრე – წინა.

სტუდენტებთან ურთიერთობა, მათთვის კონსულტაციების გაწევა, პროექტების ორგანიზება და სხვადასხვა საქმიანობა, რომელთა გაკეთებაც დეპარტამენტში მიწევს, არის ის, რაც მავითარებს და უდიდეს გამოცდილებას მძენს.

ჩემი ასაკის ადამიანისთვის დიდი პასუხისმგებლობაა ილიაუნის გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ძირითადად დაკომპლექტებულია სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით. ილიაუნი ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით თითოეულ სტუდენტს გვიქმნის დიდ მოტივაციას, რომ საკუთარი შრომითა და შესაძლებლობებით გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია.

ჩემი პატარა გამოცდილებით მინდა ყველა სტუდენტს კომფორტის ზონიდან გამოსვლა ვურჩიო, რადგან ეს არის განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, არ არსებობს სამსახური, რომლის ხელიდან გაშვებაც ღირს. თითოეული არის გამოწვევა და შესაძლებლობა, გახდე უკეთესი და მიაღწიო დასახულ მიზანს. არასდროს შეუშინდეთ ცვლილებებს, რადგან სწორედ მათ მოაქვთ წარმატება, რომლისთვისაც ამდენს ვშრომობთ.

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button