ნათია გუჩუა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული ნათია გუჩუა თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავირიცხე. სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან დაიწყო ჩემი საინტერესო სტუდენტური ცხოვრება ილიაუნისთან ერთად.

სწავლისა და სტუდენტური ცხოვრების გარდა ვცდილობდი, მემუშავა და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. რამდენიმე სამსახური და თანამდებობა გამოვიცვალე, თუმცა ახალი, საინტერესო გარემოს, უნივერსიტეტის ღირებულებებისა და ღონისძიებების გამო, რასაც ილიაუნი გვთავაზობდა ჩვენ, თითოეულ სტუდენტს, დიდი ინტერესი და სურვილი გამიჩნდა, გავმხდარიყავი იმ დიდი, შეკრული, ოჯახის წევრი, რომელსაც ილიაუნი ერქვა, და ჩემი წვლილიც შემეტანა მის საქმიანობაში.

უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებამ და ჩემმა აკადემიურმა მოსწრებამ შესაძლებლობა მომცა, საჯარო ბიუროს სტაჟირების პროგრამით მომხვდარიყავი ილიაუნის „შიდა სამზარეულოში“ – ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში სტაჟირებაზე. ჩემი უშუალო უფროსის, თანამშრომლებისა და უნივერსიტეტის დახმარებით 3 თვის განმავლობაში განვვითარდი და დღეს უკვე ადმინისტრაციის წევრი ვარ.

მეოთხე წელია ჩემს გუნდთან ერთად უზრუნველვყოფ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლივ წარმართვას – ვეხმარებით აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კომუნიკაციას ვახორციელებთ უნივერსიტეტის შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან, ხელს ვუწყობთ უნივერსიტეტის თანამშრომელთა მოტივაციას, ახალი კადრების მოძიებასა და დასაქმებას, სხვადასხვა ხასიათის კორესპოდენციის მომზადებას, რის გამოც ჩემი სამსახური მრავალფეროვანი და სასიამოვნოა.

მიხარია იმ გარემოში მუშაობა, სადაც შენი თანაკურსელები უკვე შენი თანამშრომლები არიან და არა უბრალოდ მეგობრები. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლომდე უჭერს მხარს თავის სტუდენტებს და აძლევს მათ დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობას, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

სტუდენტებს ვურჩევ, რაც შეიძლება აქტიურად იყვნენ ჩართულები სტუდენტურ ცხოვრებაში, მეტი დრო დაუთმონ სწავლას, თვითგანვითარებას და გამოიყენონ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი შესაძლებლობა, რადგან ეს პატარ-პატარა შესაძლებლობები დიდი ნაბიჯია წარმატებული კარიერისა და ცხოვრების შესაქმნელად, „ვისაც ძალიან უნდა მაღლა ასვლა, ის კიბესაც გამოიგონებს“, გამოგონების საშუალებას კი ილიაუნი ნამდვილად გაძლევთ.

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button