ნესტან ქარენაშვილი

ძლივს ისეთ ქვეყანაში მივდივარ, სადაც მშობლიური ენა ინგლისურია – გავიფიქრე და გავაგრძელე ვიზის აპლიკაციის შევსება, თუმცა ჩემი ფიქრები რიგით შოტლანდიელს რომ გაეგო, ჩაიცინებდა და ალბათ თავსაც გააქნევდა. ამ საკითხს სულ მალე მივუბრუნდები, მანამდე კი…

ნესტან ქარენაშვილი – ბიზნესის სკოლის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი, რომლის უპირობო მიზანი იყო პროგრამა – ერასმუს+ში მონაწილეობის მიღება. ჯერ კიდევ ბაკალავრიატიდან მოყოლებული, ერასმუსის პირველივე ღონისძიებამ დამარწმუნა, ეს გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის უდიდეს შესაძლებლობებს იძლეოდა და მისი ხელიდან გაშვება საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა.
ხოდა მეც შევუდექი მუშაობას – გავიცანი ბავშვები, რომლებიც უკვე ნამყოფები იყვნენ ერასმუს+ პროგრამით სხვადასხვა ქვეყანაში, მომწონდა მათი თავგადასავლების მოსმენა. ამიტომ მომინდა მეც გამეზიარებინა ჩემნაირი მოტივირებული სტუდენტებისთვის უცხოური გამოცდილება. საგულდაგულოდ დავიწყე ინფორმაციის მოძიება, მოთხოვნილი დოკუმენტების შეგროვება და ერთ დღესაც მივხვდი – დრო იყო მტვრიანი ჩემოდანი გადმომეღო.

პირველად მზიანი ესპანეთის კასტილია-ლა მანჩას უნივერსიტეტში გავატარე ხუთი თვე, ხოლო უკვე მაგისტრატურზე წვიმიან კუნძულზე – დიდ ბრიტანეთს რომ ვეძახით, კონკრეტულად კი, გლაზგოს უნივერსიტეტში. ჩვენში დარჩეს და ისე ხშირადაც არ წვიმს იქ. დღე-ღამის განმავლობაში მზესაც ვიხილავთ, თბილ, თითქოს საცერში გატარებულ წვიმასაც და საღამოს ქარმაც შეიძლება გაგვიფუჭოს ქოლგა. ამიტომაც არის მაღაზიებში ქოლგები კატეგორიებად რომ აქვთ დაყოფილი, მაგალითად, “tough”, “extra tough” – ანუ ვერანაირი ქარი და წვიმა რომ ვერ გააფუჭებს ქოლგას, რაც შოტლანდიაში ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.

გლაზგოს უნივერსიტეტი 1451 წელსაა დაარსებული და მის ძირითად ნაწილს წარმოადგენს ერთი ბუმბერაზი შენობა, რომელსაც მეორე ჰოგვარტს უწოდებენ. გაცვლით სტუდენტებს ვერ იტევს უნივერსიტეტი, ისეთი მოთხოვნაა. ადგილობრივ სტუდენტებზე აღარაფერს ვიტყვი. არა, ერთს ვიტყვი – ადგილობრივების საუბრის გაგება ცოტა რთულია. ხომ გახსოვთ, რომ გავიფიქრე, ინგლისური მათი მშობლიური ენა არის-მეთქი. მეც შოტლანდიელი კაცივით ჩამეცინა, როცა პირველივე დღეს სტუდენტური საცხოვრებლისკენ მისასვლელი გზა ვიკითხე, ოღონდ მე ცრემლებთან ერთად ჩამეცინა. მათი აქცენტი და გამოთქმა სრულიად განსხვავდება სტანდარტულისგან. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ სულ მალე ეგ პრობლემა აღარავის ახსოვდა.

დავრწმუნდი, რომ გულით ვინც მოინდომებს, ვინც არ შეუშინდება მოსაძიებელ დოკუმენტებს, გამოიკვლევს და არ დაიზარებს ინფორმაციის მოძიებას, ის მართლა მიაღწევს მიზანს. თავიდან მეგონა, რომ ჩემთვის რთული და ბევრი პროცედურა იყო გასავლელი, მაგრამ შორიდან მარტივი არაფერია. მით უმეტეს, საქართველოს ერასმუს+ გუნდი ისეთი დამხმარე და მეგობრულია, ყველა კითხვაზე მოგაწვდიან ამომწურავ პასუხს. მე სულ ვგრძნობდი და ძალიან ვაფასებ მათ თანადგომას. და თუ თქვენც მოწადინებულები ხართ, მონაწილეობა მიიღოთ ერასმუს+ პროგრამაში, არ შეეშვათ და არ დაიზაროთ, თქვენი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

Share Button