ნინა პერტაიას ერთხელ ერასმუსით

მე ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი და ვეუფლები გამოყენებით უცხო ენებს, საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ეკონომიკას.  მიყვარს ადამიანები, სიახლეები და ცოდნის შეძენა. ვფიქრობ, პიროვნების ყველაზე დიდი ღირსება და მიღწევა ხარისხიანი განათლების მიღება და მისი გავრცელებაა. შესაბამისად, ჩემს ცხოვრებისეულ მიღწევად ჩავთვლი საქართველოში განათლების სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კოორდინირებით მომეცა საშუალება ბაკალავრიატის მე-4 კურსის პირველი სემესტრი გამეტარებინა დიდ ბრიტანეთში, გლაზგოს უნივერსიტეტში.  ბრიტანეთში სწავლა ჩემი ბავშვობის ახდენილი ოცნებაა. წარმოიდგინეთ პატარა გოგონა,რომელიც მხოლოდ საკუთარ ბედნიერ ფიქრებში სეირნობს ლონდონის ქუჩებში და ჩანთაში უდევს სახელმძღვანელოები – მისი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლის ნაწილი.

წარმოიდგინეთ გოგონა, რომელიც აღფრთოვანებული დადის ჰოგვარტსის, საყვარელი ჰარი პოტერის სკოლაში და ამავე დაწესებულების კედლებში ისმენს სასურველი პროფესიის ლექციებს, უსმენს ადამიანებს, რომლებიც უკვე წარმატებულნი არიან იმ სფეროში, რომელშიც მომავალში დიდი გზა უნდა გაიაროს და კვალი დატოვოს. ჩემი ახდენილი ოცნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, მსურს რომ მიღებული ცოდნა საქართველოში სხვა ადამიანებს გავუზიარო და ევროპული კულტურის ფენომენი ნათლად დავანახო.

ილიას უნივერსიტეტსა და გლაზგოს უნივერსიტეტს შორის ვხედავ მსგავსებას: ისინი პატივს სცემენ პიროვნულ და გამოხატვის თავისუფლებას. ორივე უნივერსიტეტში თავს გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში და გსიამოვნებს მთელი დღის კამპუსში გატარება. ხვდები, რომ უნივერსიტეტი სტუდენტისთვის ის ადგილია, სადაც ყოველთვის გიხარია მისვლა, სადაც დაღლილი დღის ბოლოს შეგიძლია ბიბლიოთეკაში კომფორტულად მოკალათდე, წაიკითხო შენი საყვარელი წიგნი, გაეცნო სასწავლო მასალებს ან უბრალოდ სასიამოვნოდ გაატარო დრო მეგობრებთან ერთად. ძალიან მიჭირს მხოლოდ ერთ ადამიანზე აქცენტის გაკეთება, რადგან გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლისას უამრავი საყვარელი და დასამახსოვრებელი პიროვნება გავიცანი.

თუმცა, მინდა მოგიყვეთ ერთ-ერთ ჯგუფელ გოგონაზე. გლაზგოსთვის დამახასიათებელი წვიმიანი და სევდიანი ამინდი იყო, როდესაც აუდიტორიისკენ მიმავალი ფოიეში შევჩერდი, რადგან ლექციის დაწყებამდე დრო ჯერ კიდევ მქონდა. შევნიშნე შავგრემანი, ლამაზი გოგონა, რომელიც ჩემსავით დაბნეული მიყურებდა. საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ შევძელი გამოლაპარაკება და აღმოჩნდა, რომ ახლა უკვე ჩემი მეგობარი ფათიმა საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანიდან იყო და ჩვენი ქვეყნის თაყვანისმცემლად მომევლინა. დავიჯერე, რომ სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც არავინ გელოდება და არავის იცნობ, შესაძლოა შენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდეს ადამიანი,რომელთანაც ბევრი საერთო გაქვს, რომელიც ძალიან ახლოს არის შენთან და მომავალში შენთვის მნიშვნელოვანი გახდება.

ჩვენ ახლა ძალიან კარგი მეგობრები ვართ, მონატრებულები ხშირად ვუგზავნით ერთმანეთს მესიჯებს და პირობას ვდებთ, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე შევხვდებით და პირისპირ გავიხსენებთ ჩვენს  დაუვიწყარ ისტორიებს.  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გლაზგოს უნივერსიტეტში მყავდა ძალიან საინტერესო ლექტორი, რომელიც დემოკრატიის შესახებ გვიკითხავდა საგანს. ვფიქრობ, ეს პიროვნება მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება ჩემს მეხსიერებაში უშუალობის, სტუდენტებისადმი მეგობრული დამოკიდებულებისა და კეთილი ღიმილის გამო. ხომ გსმენიათ ისტორიები, როდესაც დაბნეულ და გზაარეულ ადამიანებს დახმარების ხელს საჭირო დროს საჭირო ადამიანი უწვდის. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პიროვნება მაშინ ჩემთვის ბატონი სერხიუ აღმოჩნდა. ის იყო ჩვენთვის ცოდნისა და ადამიანურობის სიმბოლო, სულ ცდილობდა ახსნას, რომ ხარისხიანი განათლება არა ქულაშია, არამედ რა გვახსოვს ჩვენ კონკრეტული კურსიდან. მახსოვს მისი სიტყვები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არა აკადემიური რეიტინგების დაპყრობაა, არამედ სხვათა შემეცნება.

მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება ჩემს მეხსიერებაში უშუალობის, სტუდენტებისადმი მეგობრული დამოკიდებულებისა და კეთილი ღიმილის გამო. ხომ გსმენიათ ისტორიები, როდესაც დაბნეულ და გზაარეულ ადამიანებს დახმარების ხელს საჭირო დროს საჭირო ადამიანი უწვდის. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პიროვნება მაშინ ჩემთვის ბატონი სერხიუ აღმოჩნდა. ის იყო ჩვენთვის ცოდნისა და ადამიანურობის სიმბოლო, სულ ცდილობდა ახსნას, რომ ხარისხიანი განათლება არა ქულაშია, არამედ რა გვახსოვს ჩვენ კონკრეტული კურსიდან. მახსოვს მისი სიტყვები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არა აკადემიური რეიტინგების დაპყრობაა, არამედ სხვათა შემეცნება.

უცხოეთში უამრავი საინტერესო ისტორია გადამხდა თავს. ეს ჩემი დაუვიწყარი მოგონებაა: ჩვენ, ყველას, კარგად მოგვეხსენება, რამდენად ემოციურია სამშობლოდან გამგზავრება და სხვა სახელმწიფოში ცხოვრება. ეს არის უდიდესი გამოწვევა, ბედნიერება და ენთუზიაზმით აღსავსე ცხოვრებისეული მოვლენა. თუმცა, ბუნებრივია, მას ახლავს ნოსტალგია, რომ დატოვე საყვარელი ადამიანები და გენატრება მათი სახეები, გენატრება საყვარელი ქალაქი და ენა, რომელიც თვეებია შენთვის უფრო უცხოდ იქცა, ვიდრე ჩვეულად. წარმოიდგინეთ ნახევარწლიანი ბრიტანული ცხოვრების შემდეგ ლონდონის ერთ-ერთ ხიდზე მიმავალი ქართველი სტუდენტი, რომელსაც უცხო ადამიანისგან ესმის ქართული საუბარი, წარმოიდგინეთ მისი ბედნიერი და გაოცებული სახე. დიახ, ეს სტუდენტი მე ვიყავი, დიახ, მე ქართული საუბარი მოვისმინე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალაქში და გვერდი ვერ ავუარე, გავიცანი უსაყვარლესი ადამიანი, ბრიტანეთში მცხოვრები ემიგრანტი, ჩემი სიხარულის გამზიარებელი. ისე, როგორც ქართველს სჩვევია, მან დახმარება და შეხვედრა შემოგვთავაზა, თუმცა სამწუხარო იყო, რომ უკვე სამშობლოში დასაბრუნებლად ვემზადებოდით და ეს პიროვნებაც მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩა თითოეულის მეხსიერებაში.

მინდა ყველა გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტს ვუსურვო წარმატება და ოცნებების ასრულება და ვურჩიო: გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების. მაშინ, როდესაც ფეხს დადგამთ იმ ქვეყანაში, სადაც გაგგზავნიან, ღრმად ჩაისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ ახალ, მშვენიერ და დაუვიწყარ ცხოვრებას იწყებთ. გირჩევთ, ყველაფერი დეტალურად დაიმახსოვროთ და შემდეგ აქ ჩვენ მოგვიყვეთ, რომ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას გაუჩნდეს სურვილი ევროპული განათლება ქართულ მოდელს მოარგოს, გახადოს ის სრულყოფილი და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

Share Button