ნინო ბატიაშვილი

ნინო ბატიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრატურის სტუდენტი და კლაგენფურტის (ავსტრია) Alpen Adria Universität Klagenfurt (https://www.aau.at/en/) ფაკულტეტის – Schulpädagogik-ის (სასკოლო პედაგოგიკა) პროგრამის მონაწილე

„2019 წელს მოვიპოვე ერაზმუს+ სტიპენდია და მომეცა არაჩვეულებრივი შანსი, ერთი სემესტრი მესწავლა ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში – Alpen Adria Universität-ში.ეს ჩემი პირველი გაცვლითი სემესტრი არ ყოფილა, თუმცა, ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის. მართალია, ბოლონიის პროცესში გაწევრიანების შემდეგ საბედნიეროდ ქართველ სტუდენტებს  საზღვარგარეთ სწავლა ბევრად იოლად შეუძლიათ, მაგრამ ამ სემესტრში გამოვცადე, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა და გამარტივდა. ავსტრიაში დამხვდნენ საქმის ნამდვილი პროფესიონალები, ძალიან სასიამოვნო ადამიანები და ყველანაირად დამეხმარნენ.; უნივერსიტეტმა შემომთავაზა განსხვავებული, საინტერესო საგნების ფართო არჩევანი და არაჩვეულებრივი ლექტორები; სალექციო პროცესი ძალიან დინამიკური, სტუდენტებზე ორიენტირებული და თანამედროვე გამოწვევებს მორგებულია. ყველა ლექტორი ცდილობს, უახლესი მასალა და ქეისები მიაწოდოს სტუდენტებს, ლექციები ძალიან ინტერაქციული, ცოცხალი და საინტერესოა. ამ სემესტრში ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, გავეცანი მრავალ საინტერესო მკვლევარს, უფრო დავხვეწე გერმანული და ინგლისური ენები და კიდევ უფრო კარგად დავინახე ჩემი  გეგმები და პერსპექტივები.

ერაზმუსი, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ზრდის ბრწყინვალე შანსია ყველა სტუდენტისთვის, ცოდნასთან ერთად კი მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მეგობრების შეძენაა შესაძლებელი, ამიტომ, ვფიქრობ, საზღვარგარეთ, თუნდაც მცირე ხნით სასწავლებლად წასვლა საუკეთესო საჩუქარია, რომელიც შეგვიძლია ჩვენს თავს გავუკეთოთ.

Share Button