ნინო ჩანადირი

ნინო ჩანადირი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მაგისტრანტი, ილიაუნის Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და უფსალის (შვედეთი) უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტების მიმართულების გაცვლითი პროგრამის მონაწილე.

„უფსალის უნივერსიტეტში სწავლასა და შვედეთში ცხოვრებაზე დიდხანს ვიცნებობდი და ეს  რეალობად იქცა. როდესაც ერაზმუსის გაცვლითი პროგრამისთვის აპლიკაციას ვავსებდი, უფსალის უნივერსიტეტი ჩემი ერთადერთი არჩევანი იყო, რადგან დანამდვილებით ვიცოდი, რომ ამ უნივერსიტეტს შეეძლო შემოეთავაზებინა სწავლების უმაღლესი ხარისხი და დიდი გამოცდილება, რომელიც საქართველოში დაბრუნებულს აუცილებლად გამომადგებოდა. არც შევმცდარვარ. გაცვლითი პროგრამის პერიოდში ბევრი ახალი რამ ვისწავლე. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერაზმუსი გთავაზობს არა მხოლოდ  ცოდნის შეძენას, არამედ გამოცდილებას, რომელიც დაკავშირებულია მულტიკულტურულ გარემოში ცხოვრებასთან, მოგზაურობასთან, უამრავ სიახლესთან. გაცვლითმა პროგრამამ საშუალება მომცა, გამეცნო საინტერესო ადამიანები და მათ გვერდით საკუთარი თავი უკეთ აღმომეჩინა.

რაც შეეხება შვედეთს… საოცარი ქვეყანაა, ფერადი და ბედნიერებით სავსე. ვთვლი, რომ შვედეთში ცხოვრების პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. საშუალება მომეცა მომენახულებინა ისეთი ადგილები, რომლებიც ჩემს „To Visit” სიაში წამყვან პოზიციებს იკავებდნენ. შვედები საოცრად თბილი და თავაზიანი ხალხია, რომლებიც დახმარებისათვის ყოველთვის მზად არიან. მათ საკმაოდ ძველი და ძალიან საინტერესო კულტურა აქვთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ გვერდით ცხოვრების დროს შეუძლებელია ვერ შენიშნო წესრიგისა და კანონმორჩილების განცდა, რაც მოქალაქეების შეგნებაში უკვე ღრმადაა ფესვგადგმული.  სწორედ ეს ქმნის იმ უსაფრთხო, სუფთა და მოწესრიგებულ გარემოს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

მიღებულმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ თუ მოინდომებ და მიზანმიმართული იქნები,, რეალობად შეიძლება იქცეს ის, რაც მანამდე რთულად წარმოსადგენი გეჩვენებოდა. ერაზმუსი სტუდენტებს აძლევს შანსს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ, რათა უკეთ გაიცნონ ევროპა, გაიზარდონ პიროვნულად, მიიღონ ცოდნა და ქვეყანაში დაბრუნებულებმა სათანადოდ გამოიყენონ“.

Share Button