ნინო მელიქიშვილი

ნინო მელიქიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის (სოციოლოგიის მიმართულების), მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ნინო ერთი სემესტრი იასის ალექსანდრე იოან კუზას უნივერსიტეტში (რუმინეთი) სწავლობდა სოციოლოგიის მიმართულებით.

როგორც ერასმუსის დიდი ოჯახის წევრები ამბობენ: „Erasmus is not one semester in your life but your life in one semester!”ერასმუსი ნამდვილად არ იყო მხოლოდ ერთი სემესტრი ჩემს ცხოვრებაში. ამ პერიოდმა ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. არასოდეს დამავიწყდება ის გრძნობა, როცა მოწვევის წერილი წავიკითხე. იმ წუთებიდანვე ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის უდიდესი შანსი და კარგი გამოცდილება იქნებოდა, მაგრამ თვითონ უნდა გამოსცადო ერასმუსის ცხოვრება, რომ მიხვდე, რამდენად მრავალფეროვანია. მთელმა გამოცდილებამ დამანახა განსხვავებული პერსპექტივები, თუ რა და როგორ შეიძლება შევისწავლო, როგორც სოციოლოგმა. საშუალება მომეცა, მესწავლა დარგობრივი სოციალური დისციპლინის ისეთი საგნები, რომლებიც ჩვენთან არ ისწავლება, მაგალითად, ქალაქის, ანუ ურბანსოციოლოგია.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა  მეგობრებისა და ახლობლებისგან ასე შორს, დამოუკიდებლად მომიწია ცხოვრება. თავდაპირველად რთული იყო ჩემნაირი  ემოციური ადამიანისთვის, მაგრამ ერასმუსის გარემო იმდენად ღიაა, რომ ყველაფერს გავიწყებს და მხოლოდ იმ გამოწვევებზე და გამოცდილებებზე ორიენტირდები, რისთვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ემზადებოდი. მოგზაურობა ერასმუსის ცხოვრების განუყოფელი და ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნაწილია. მე ავიხდინე ჩემი ოცნებები, ვნახე ევროპის უძველესი, ისტორიით და სილამაზით სავსე ქალაქები. ეს დაუვიწყარი თავგადასავალი ყოველთვის მემახსოვრება.

P.S.  მომავალ ერასმუსელებს ვურჩევ: მაქსიმალურად გამოიყენეთ ერასმუსის ცხოვრების ყოველი წუთი,  ურთიერთობა დაამყარეთ როგორც უცხოელ ერასმუსელებთან, ასევე იმ ქალაქის მოსახლეობასთან, სადაც იცხოვრებთ და კიდევ ერთი: მოემზადეთ პოსტერასმუსის დეპრესიისათვის. ის გარდაუვალია.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button