ნინო ნარინდოშვილი

2014-2018 წლებში ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე, შემდეგ კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა განვაგრძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩაბარებული მაქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. მონაწილეობა მაქვს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე საზაფხულო სკოლაში.

2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრში Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში წასული ვიყავი იტალიაში, ფლორენციის უნივერსიტეტში (Degli Studi di Firenze). გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა, ამერჩია საგნები როგორც კერძო, ისე საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მასპინძელი უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ანტონიო ბულტრინის ლექციები, რომელმაც პრაქტიკული კუთხით დაგვანახვა საერთაშორისო სამართლის საკითხები. მანვე მომცა რეკომენდაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვიყავი სტუდენტების ტოპ 5%-ს შორის. მიღებული ცოდნა მეხმარება მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური საკითხების სამართლებრივი კუთხით უკეთ აღქმაში.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აქტიურად ვიყავი ჩართული სტუდენტური ორგანიზაციების პროექტებში. მათი საშუალებით შემოვიარე თითქმის მთელი იტალია, დავაგემოვნე ადგილობრივი და უცხოური სამზარეულო, გავიცანი სხვადასხვა ეროვნების სტუდენტები.

გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულ სტუდენტებს ვურჩევ, არ დაკარგონ დრო, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა საზღვარგარეთ მიიღონ ცოდნა. არც ერთი წამით არ იფიქრონ, რომ მათ არ აირჩევენ, უკეთესი ყოველთვის მოიძებნება, მაგრამ იმარჯვებს ის, ვინც მოქმედებს.

დიდი მადლობა ილიაუნის ამ შესაძლებლობის მოცემისათვის და წარმატებები მომავალი გაცვლითი პროგრამების სტუდენტებს.

Share Button