ნინო ფოფხაძე

ნინო ფოფხაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) მაგისტრატურის მეოთხე კურსის  სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ნინო ერთი სემესტრი ვარშავის ეკონომიკური სკოლაში (პოლონეთი) ეუფლებოდა პროგრამას ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით.

PR მენეჯერი ვარ, ყოფილი ჟურნალისტი, რომელმაც გადაწყვიტა, ტექნიკურ საგნებშიც გამოეცადა თავი და ბაკალავრიატის დასრულებიდან საკმაო ხნის შემდეგ მაგისტრატურაზე ჩაბარება გადავწყვიტე. 90-იანი წლების შვილი ვარ, ასე რომ, ლამფის შუქი, მეცხრე ბლოკი და ამ წლებთან დაკავშირებული ყველაფერი გამოვიარე. სწორედ ამიტომ, ჩემთვის საზღვარგარეთ სწავლა აუხდენელ ოცნებას ჰგავდა. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სულ ისეთ გადატვირთული გრაფიკით ვმუშაობდი (რადიო, ტელევიზია, იუსტიციის სამინისტრო), არც მიცდია, ჩემი წილი „რკინის ფარდა” გამერღვია და ბედი მეცადა შორეულ და თან ასე ახლობელ ევროპაში. ილიაუნის სტუდენტი რომ გავხდი და სხვა ქვეყანაში სწავლის საშუალება მომეცა, თან ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, როგორიც SGH-ა, გადავწყვიტე, შანსი არ გამეშვა და მონაწილეობა მიმეღო პროგრამის შესარჩევ კონკურსში. როცა ბოლო ეტაპზე გადავედი და დამირეკეს, რომ დასტური მოვიდა მასპინძელი უნივერსიტეტიდან, ვერ ვიჯერებდი, სანამ ოფიციალური მოწვევა არ მივიღე. როცა ჩემმა კოორდინატორმა მითხრა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი, მე შემარჩიეს, კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ გამიმართლა, რომ სასწავლებლად ილიაუნი შევარჩიე.

ეს არის შანსი, რომელიც ყველამ უნდა გამოიყენოს, შანსი ცვლილებებისა და გამოწვევების, ახალ გარემოში ცხოვრების  და ამის არავის უნდა  შეეშინდეს. ყველაზე მთავარია, იყო ის, რაც ხარ, ნამდვილი. არასდროს დანებდე, უნდა ეცადო და ყველა მიზანს აუცილებლად მიაღწევ!

უცხოეთში ცხოვრება უპირველესად საინტერესო იყო კულტურული განსხვავების, ასევე სწავლის იქაური სტილისა და ენის გაუმჯობესების პერსპექტივის გამო. მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, რადგან ათასობით სტუდენტისთვის შენს ქვეყანას წარმოადგენ. ამიტომ უფლება არ გაქვს, კარგი არ იყო. მიღებულ ცოდნას, არა მხოლოდ თეორიულსა და პრაქტიკულს, არამედ ცხოვრებისეულს, მოვახმარ იმას, რომ ვიყო კონკურენტუნარიანი ჩემს საქმიანობაში, ვიყო უფრო მეტად პასუხსმგებლიანი მოქალაქე და, უბრალოდ, უკეთესი ადამიანი.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button