ნინო სიხარულიძე

ნინო სიხარულიძე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით გადმოვედი. მეგობართან ერთად ,,შთას” (შესავალი თანამედროვე აზროვნებაში) ვმეცადინეობდი, როცა არგუსზე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის შესახებ განცხადება ვნახე. იმედი არ მქონდა,  რომ სხვა კონკურენტუნარიან სტუდენტებს შორის მე შემარჩევდნენ, ამიტომ მონაწილეობაზე თავიდან უარი ვთქვი. მაგრამ  მეგობარმა არ მომცა საშუალება, კონკურსს გამოვთიშოდი. 15 წუთით მარტო დამტოვა და მთხოვა, საკუთარი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემედგინა. მაშინ პირველად დავგუგლე „როგორ შევადგინოთ რეზიუმე“. განაცხადი გავგზავნე და რამდენიმე დღეში  ელფოსტაზე პასუხიც მივიღე –  გასაუბრებაზე მიბარებდნენ. გასაუბრებაზე  აღმოჩნდა, რომ აპლიკანტებიდან უპირატესობას ანიჭებდნენ მათ, ვინც ელფოსტას ყოველდღიურად ამოწმებდა და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. წარმოგიდგენიათ, როგორ გამიმართლა?!

ფაკულტეტის შემდეგ სტაჟირება გავიარე სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში, რომელიც მაშინ რეორგანიზაციას გადიოდა, აფართოებდა საქმიანობის სფეროს. აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა იმ ღონისძიებაში, რომელთაც დეპარტამენტი ახორციელებდა. სტაჟირების დასრულების შემდეგ ჩემმა ხელმძღვანელმა სრული შტატით დასაქმება შემომთავაზა. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში.

ამის შემდეგ დაიწყო მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს კარიერაში. 5 წლის განმავლობაში ილიაუნიში სხვადასხვა პოზიციაზე მომიწია მუშაობა.. ახლა სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ერთ-ერთი მიმართულების –  სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სერვისების – კოორდინატორი ვარ. ყოველდღიურად მიწევს სტუდენტებსა და დამსაქმებლებთან ურთიერთობა, რომლებიც ერთმანეთს ეძებენ, და ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტობის დროს ინფორმირებული იყო იმ სერვისების შესახებ, რომელთაც უნივერსიტეტი გვთავაზობს.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სტუდენტებს ვურჩევ, ჰქონდეთ საკუთარი თავის იმედი, უკეთესად დაუკვირდნენ თავიანთ  სურვილებს, მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე და არასოდეს გადაწყვიტონ ერთპიროვნულად, რომ შანსი არ აქვთ, რადგან შანსი ყოველთვის არსებობს მათთვის, ვინც შესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებს.“

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button