
მე ვარ დოია ჩახტაური, 24 წლის, დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი მენეჯმენტის განხრით, სწავლის პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში, ვორკშოპებსა და ტრენინგებში, მაგალითად, ,,იზრუნეს“ საზაფხულო ბანაკში ვიყავი მეოთხე ნაკადში, ,,ტურმოუდის“კვირეულში მივიღე მონაწილეობა, ასევე მენეჯერთა კლუბის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში, ,,გაეროს მოდელირების“ ერთთვიან ტრენინგში, ვიყავი ილიაუნის ეკომოლაშქრეთა კლუბის აქტიური წევრი, ბევრი ლაშქრობა და საჯარო ლექცია დაგვიგეგმავს. ბაკალავრის დამთავრების შემდეგ მალევე განვაგრძე სწავლა მაგისტრატურაზე ილიაუნიში,, რათა უკეთესად შემესწავლა ბიზნესინგლისური, ამავდროულად დავიწყე მუშაობა შემოსავლების სამსახურში სტაჟიორად, შემდეგ კი RSM Georgia Solution-ში ბიზნესანალიტიკოსად ვმუშაობდი 9 თვე. სწორედ მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლის და მუშაობის პარალელურად დავგეგმე ერასმუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რაც ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, ამისათვის თითქმის ორი წელი ვემზადებოდი, ბევრი ვიშრომე და გავიმარჯვე. პორტუგალიაში, მინიოს უნივერსიტეტში (University of Minho)ვსწავლობდი შემოდგომის სემესტრში. ვერც აღვწერ იმ შეგრძნებას, რაც დადებითი პასუხის მიღების შემდეგ დამეუფლა, უზომოდ ბედნიერი, გახარებული და ამაყი ვიყავი, რომ, როგორც იქნა, შრომა და წვალება დამიფასდა და არც ერთი წამით არ მიფიქრია უარის თქმა. ამ ეტაპზე კვლავ განვაგრძობ ილიაუნიში სწავლას და პარალელურად ვმუშაობ ერთ-ერთ მეღვინეობის კომპანიაში ინგლისურენოვან გიდად, ვუძღვები უცხოენოვან ტურისტებს, რაც, ვფიქრობ, ჩემთვის ერთ–ერთი საინტერესო და მრავალფეროვანი სამსახურია, რადგან ვარ კომუნიკაბელური, აქტიური და მომწონს ადამიანებთან საუბარი და აზრების გაცვლა, განსაკუთრებით კარგად გამომდის კომუნიკაცია უცხოელებთან, რადგან ყოველთვის მეტი ინტერესი მაქვს უცხო კულტურების მიმართ.
გარდა იმისა, რომ პორტუგალიაში სწავლისას გავიარე საინტერესო კურსები საინტერესო ლექტორებთან ერთად, სხვადასხვა პროგრამაში მუშაობის თუ დავალებების შესრულების გამოცდილება მიიღე, შევისწავლე საინტერესო საგნებიც, რომლებმაც გააღრმავეს ჩემი ცოდნა ფინანსებისა და სტატისტიკის განხრით, გამოვარჩევ „კვლევის მეთოდებს“, რომელიც გამოსადეგი საგანი იყო და, მჯერა, სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად დამეხმარება. განვლილ საგნებთან ერთად განვივითარე პერსონალური უნარებიც და გავხდი უფრო მეტად პასუხისმგებლიანი, რადგან მინიოს უნივერსიტეტში მარტო ჩავედი, შესაბამისად ყველა საკითხის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება თუ სირთულეების გადალახვა, მარტოს მომიწია, რაც უფრო მეტ სირთულეს ვაწყდებოდი, მეტად ვძლიერდებოდი და უფრო დამოუკიდებელი ვხდებოდი. ბევრი გამოწვევისა და სირთულის წინაშე აღმოვჩნდი, სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებდი და მათი გადაჭრა ჩემთვის უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენდა. ამავდროულად გავხდი უფრო კომუნიკაბელური და აქტიური, რაც დამეხმარა უამრავი მეგობრის შეძენაში და დამატებით ახალი და საინტერესო კავშირების დამყარებაში, გამიჩნდა მეტი მოტივაცია, შევისწავლო სხვა რომელიმე ევროპული ენა წინსვლისა და წარმატების მისაღწევად. ვფიქრობ, როდესაც გასცდები საკუთარი ქვეყნის ფარგლებს, ყველაფერი საინტერესოა, ახალი, და გინდა, ეზიარო ახალ კულტურას, ტრადიციებს, გაიგო, როგორია მათი ფასეულობები და ამავდროულად გიჩნდება სურვილი, გაეცნო მათ კულტურულ ძეგლებს, ღირსშესანიშნაობებსა და ისტორიას. ეს ყველაფერი გეხმარება, მეტად შეიყვარო სხვა ერის წარმომადგენლები, თუნდაც გადააფასო საკუთარი შეხედულებები და რაიმე ახალი შეიძინო ან მათაც გაუზიარო შენი ქვეყნის ღირებულებები, გააცნო შენი სამშობლო და მათი დახმარებით გაიცნო სხვა ქვეყნები. ახლა ნამდვილად ვიცი, რომ სამყაროს სხვა თვალით ვუყურებ. პირველ რიგში, მჯერა, რომ ოცნებები ყოველთვის ხდება, მთავარია, გჯეროდეს და მიზნისაკენ მიმავალ გზაზე არასდროს დანებდე, იშრომო დაუღალავად და წარმატებაც ისე უცბად მოვა, თვალის დახამხამებას ვერც მოასწრებ, ამავდროულად მეტი სურვილი მაქვს, კიდევ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში და კვლავ გამოვცადო ეს დიდი ბედნიერება.
მნიშვნელოვანი მსგავსება, ნამდვილად თვალსაჩინო, იყო ის, რომ ილიაუნის მსგავსად მინიოს უნივერსიტეტიც აქტიურად ცდილობდა სტუდენტებისათვის ხარისხიანი და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას სათანადო ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, მუდმივად სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე ზრუნავდნენ და გეგმავდნენ სხვადასხვა საჯარო ლექციას, სემინარსა თუ ვორკშოპს, რათა მეტი ცოდნა და ინფორმაცია მიეწოდებინათ სტუდენტებისათვის ბიზნესის თუ სხვა სფეროებში. ილიაუნის მსგავსად მათაც ჰქონდათ პლატფორმა, სადაც ჩვენთვის განთავსებული იყო დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი და სურვილისამებრ ვრეგისტრირდებოდით, ამავდროულად ჰქონდათ სტუდენტების ხელშემწყობი დასაქმების პროგრამა, რომელიც სტუდენტებს ეხმარებოდა, სხვადასხვა დასაქმების ფორუმში მიეღოთ მონაწილეობა, რაც მათი დასაქმების შანსებს ბევრად ზრდიდა. მსგავსად ილიაუნის სხვადასხვა კლუბისა, ერთ-ერთი სტუდენტური ESN ოფისიც აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის პოპულარიზაციაში და გეგმავდნენ სხვადასხვა ტურს, ლაშქრობასა და საველე გასვლებს, ეხმარებოდნენ ახალ სტუდენტებს ორიენტაციასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ილიაუნის მსგავსად მინიოს უნივერსიტეტიც მალევე ეფექტურად გადაერთო დისტანციურ სწავლებაზე და შექმნეს სტუდენტებისათვის მოსახერხებელი გრაფიკი და შერეული სწავლების სისტემა (დისტანციური და აუდიტორიებში). მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო პროცესი უხარვეზოდ მიმდინარეობდა.
ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, განსაკუთრებულად გამოვყოფ ვასილიკის, ჩემს მობინადრეს, რომელიც საბერძნეთიდან ჩამოვიდა, პორტუგალიაში გავიცანი და ახლაც ჩემი უახლოესი მეგობარია. სახლში მისი გადმოსვლა ყველასთვის შესამჩნევი იყო, რადგან არაჩვეულებრივად უკრავს საქსოფონზე და მეცადინეობისას გვატკბობდა ტკბილი ჰანგებით, ასევე მისდევდა სპორტის რამდენიმე სახეობას, სხვა სტუდენტებთან ერთად ვთამაშობდით ფრენბურთსა თუ ხელბურთს, მაგიდის ჩოგბურთს და სამაგიდო ფეხბურთს. ჩემთვის განსაკუთრებული და საინტერესო ცხოვრება სწორედ მისი გადმოსვლის შემდეგ დაიწყო, რადგან იოგას მასწავლებელიც იყო და მისი გავრცელებისა და პოპულარიზაციისათვის ეწვია პორტუგალიას, ყოველი დღე მასთან ერთად იოგათი იწყებოდა, რამაც შემაყვარა ეს მიმდინარეობა და, მინდა ვთქვა, მიზანი მიღწეულია, ახლა ჩემს მეგობრებს ვასწავლი იოგას. მისი სახით ნამდვილად შევიძინე სულიერი მეგობარი, თანამოაზრე და მონათესავე სული, რადგან ჩვენი გეგმები და მიზნები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. დამაკავშირა სტუდენტურ გაერთიანებებს, ასევე ძალიან გვინდოდა აქტიური სტუდენტური ცხოვრება და არც ერთ ტურსა თუ ლაშქრობას არ ვტოვებდით, მისი სახით ძალიან კარგი მეგობარი და გულშემატკივარი შევიძინე, რადგან ერთმანეთს დიდ სტიმულს ვაძლევდით და გვახარებდა ერთმანეთის წარმატებები, ხოლო რთულ სიტუაციებში გვქონდა ერთმანეთის იმედი. ახლაც ახლო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ვგეგმავთ, რომ სხვა მეგობრებთან ერთად კვლავ ვეწვიოთ პორტუგალიას, საბერძნეთშიც მიწვეული ვარ, მეც აუცილებლად ვუმასპინძლებ მას.
ყველაზე საინტერესო და გამოსადეგი კურსი, რაც გავიარე, იყო კვლევის მეთოდები, რომელიც დამეხმარა უკეთ გავრკვეულიყავი სამაგისტრო ნაშრომის თემის შერჩევის პრინციპებში, თემის დამუშავების პროცესსა და კვლევის ჩატარების საკითხში, საორიენტაციოდ გვქონდა კვლევისა და თემის წარდგენის ეტაპობრივი სიმულაციები, რაც განამტკიცებდა ჩვენს ცოდნასა და კომპეტენციას, უნდა აღვნიშნო, რომ კურსის ლექტორი მარია კორტესი განსაკუთრებულად გვეხმარებოდა და ჩართული იყო ჩვენი მუშაობის პროცესში, ინდივიდუალურადაც გვიწევდა კონსულტაციას. გაცვლითი პროგრამის სტუდენტი უცხო ქვეყანაში ყველაფერს უფრო სენსიტიურად უყურებ, მსგავსი ყურადღება და გულისხმიერება კი ორმაგად დასაფასებელი ხდება, რასაც არასდროს დავივიწყებ, რომ არა მისი აქტიური ჩართულობა, კურსის წარმატებით დახურვა ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან იყო სრულად პრაქტიკული კურსი, რეალურად გვიწევდა ინტერვიუს ჩატარება და რეალური კვლევის ანალიზი, პროფესორი მარია კი მუდმივად ჩვენ გვერდით იყო, სულ ვგრძნობდი მის მხარდაჭერასა და გვერდში დგომას.
ერთ–ერთი ყველაზე სახალისო და გამორჩეული ისტორია გადამხდა ახალი წლის ღამეს, როდესაც ყველა მობინადრე და ჩემი მეგობრები ჩემს დიდ და სტუმართმოყვარე სახლში შეიკრიბნენ, გადავწყვიტეთ ახალი წელი ერთად აღგვენიშნა, თითოეულმა მოვამზადეთ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ორ-ორი ტრადიციული საახალწლო კერძი. ეს ნამდვილად სახალისო და საინტერესო გამოდგა, რადგან უკეთ გავიცანით ერთმანეთი, მზადების პროცესში ერთმანეთს ვუზიარებდით სხვადასხვა კერძის მომზადების ტრადიციულ ხერხებს, საბოლოოდ კი საახალწლო სუფრას ამშვენებდა ქართული, ბერძნული, პორტუგალიური, ესპანური, თურქული, სომხური და ინდური სამზარეულოს კერძები. ბუხართან საინტერესო საუბართან ერთად დავაგემოვნეთ და შევაფასეთ კერძები. საცივმა, ჩურჩხელამ და ხაჭაპურმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, გვქონდა ტრადიციული ცეკვების შეჯიბრიც, ერთმანეთს ვასწავლიდით ჩვენი ქვეყნის ნაციონალური ცეკვების ილეთებს, აქაც ქართული ცეკვის ილეთები განსაკუთრებულად მოეწონათ. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი საღამო იყო, რადგან ვიგრძენი, რას ნიშნავს ერების გაერთიანება, ბევრ განმასხვავებელთან ერთად აღმოვაჩინეთ საერთო თვისებები და მახასიათებლებიც, რაც გიტოვებს შეგრძნებას, რომ მიუხედავად კულტურების, ენებისა თუ ტრადიციების სხვადასხვაობებისა, არსებობს რაღაც, რაც მთლიანად ერებს და სამყაროს აერთიანებს და ასულდგმულებს, სწორედ ეს იყო ჩემთვის კულტურების გაზიარება და ზეიმი.
სტუდენტებო, რისკის არ შეგეშინდეთ და მასპინძელ ქვეყანაში ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ გაიცნოთ და შეიძინოთ მეგობრები, უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება არ გამოტოვოთ და იყავით მაქსიმალურად გახსნილები და კომუნიკაბელურები, არ შეგეშინდეთ გამოწვევების, რადგან ცხოვრებაში ბევრჯერ არ გვეძლევა მსგავსი შანსი. იმოგზაურეთ, გაეცანით ქვეყნებისა და სხვადასხვა ერის კულტურასა თუ ღირსშესანიშნაობებს, გააცანით საქართველო და არანაირი მიზეზით არ გადადოთ მონაწილეობა. როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა, საზღვრები დაკეტილი იყო და მათ გახსნას არც არავინ იმედოვნებდა, მე მაინც გადაწყვეტილი მქონდა წასვლა და არ შემიწყვეტია მზადების პროცესი, თუმცა მეგობრები თუ ოჯახის წევრები მაფრთხილებდნენ, რომ არ იყო სათანადო დრო, ცოტა მომეცადა ან საერთოდ უარი მეთქვა, რადგან ვერ შევძლებდი გამგზავრებას, სწავლას თუ ერასმუსისთვის დამახასიათებელი მაქსიმალური სარგებლის მიღებას, ან არ იქნებოდა ჩემი ცხოვრება ისეთი აქტიური, წარმატებული და სიცოცხლით სავსე, როგორიც წარმომედგინა ჩემს ოცნებებსა თუ წარმოსახვაში. მაგრამ არ შემეძლო მათთვის მომესმინა ან ხელის შემშლელ ფაქტორებად მიმეჩნია ყველა ეს გარემოება, რადგან ვიცოდი, რომ თუ რაიმეს გაკეთება მთელი გულით გინდა, ყველა დაბრკოლების მიუხედავად მაინც შეძლებ გეგმებისა და ოცნებების განხორციელებას და ღირს, ამისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა – მომიწია სამსახურის დატოვება, რასაც წამით არ ვნანობ, რადგან ერასმუსის პროგრამამ უფრო მეტი სარგებელი მომცა, მეტად მოტივირებული და თავდაჯერებული და საკუთარი თავის მიმართ ბევრად მომთხოვნი გამხადა, მეტად ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებს და მეტი მოლოდინი მაქვს საკუთარი თავის მიმართ. საბოლოოდ არათუ მივიღე ის, რასაც ველოდი, არამედ ყოველგვარ მოლოდინსაც გადააჭარბა, სრულიად არაორდინალური და განსაკუთრებული იყო ჩემი იქ ყოფნის ყოველი დღე და მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.