გიორგი ეპიტაშვილი

გიორგი ეპიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი (მტკნარი წყლის თევზები: სისტემატიკა, ეკოლოგია და ფილოგენეტიკა) და ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ- მკვლევარი, რუსთაველის ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი პროგრამის სტიპენდიატია. იგი კვლევითი ვიზიტით იმყოფებოდა ბონის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმში.

ბაკალავრიატი დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვსწავლობდი სოციალურ მეცნიერებების ფაკულტეტზე ევროპისმცოდნეობის მიმართულებით. ამ პერიოდში მეორად პროფესიად არჩეული მქონდა ეკოლოგია და გადავწყვიტე მაგისტრატურა სწორედ ამ მიმართულებით გამეგრძელებინა. ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ორმა ფაქტორმა: იმან, ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა ბუნება და რომ ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში გავიცანი არაჩვეულებრივი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც ჩემი ინტერესი ამ სფეროს მიმართ კიდევ უფრო გააძლიერეს.

მაგისტრატურაზე მთავარ მიმართულებად ავირჩიე ხერხემლიანთა ზოოლოგია და დოქტორანტურაშიც სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელე მუშაობა. რუსთაველის ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამით ვიმუშავე ბონის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმში.

ჩვენ, ეკოლოგებს, მრავალი ადამიანისგან განსხვავებით, ბევრად უკეთ გვესმის ბუნებრივი გარემოსა და მასში შემავალი ცოცხალი ორგანიზმების მნიშვნელობა და როლი. სწორედ ამ გარემოში მიმდინარე პროცესებსა და კვებითი ჯაჭვის სტაბილურობაზეა დამოკიდებული ჩვენი და მთლიანად პლანეტის მომავალი. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდო ინფორმაცია ბიომრავალფეროვნებასა და მის მნიშვნელობაზე. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ამიტომ რაც მეტი ადამიანი დაინტერესდება ეკოლოგიური საკითხებით, მით უფრო შეიცვლება მათი მიდგომა ბუნების მიმართ, რაც აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგს მომავალში.

გაცვლითი პროგრამები საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ უცხოელ კოლეგებთან, მათგან  მივიღოთ ცოდნა და გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტის, როგორც მომავალი მეცნიერის, განვითარებისთვის. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ბონის მუზეუმში დაცული კოლექციები იყო – ცხოველთა სამყაროს ყველა წარმომადგენელის ნახვა და შესწავლა შეიძლება. მუზეუმი თანამედროვე ტექნიკური ლაბორატორიებით არის აღჭრუვილი, რაც ნებისმიერი სახის კვლევის ჩატარების საშუალებას იძლევა.

სტუდენტებს  ვურჩევ, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რადგან ეს არის მშვენიერი შანსი მიიღონ თანამედროვე განათლება და განვითარდნენ, როგორც პროფესიონალები, იმუშაონ საკუთარ თავზე, გაიღრმავონ მოტივაცია და სურვილი, რომ აკეთო ის, რაც ყველაზე მეტად უყვართ და აინტერესებთ. მუდმივად უნდა ეცადონ, სწორად დაისახონ და განახორციელონ კვლევის მიზნები და ამოცანები და არ მოერიდონ სირთულეებთან შეჭიდებას – ამის გარეშე წარმატება შეუძლებელია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიდი როლი ითამაშა ჩემს როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა, რომ ჩამოვყალიბებულიყავი, როგორც პროფესიონალი. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ არსებული გარემო, სწავლის დონე, ინფრასტრუქტურა და სამეცნიერო ბაზები კარგი წინაპირობაა მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას და წარმატებას მიაღწიოს თავის სფეროში.

Share Button

მარიამ ალბექიონი

მარიამ ალბექიონი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის სტუდენტი (თეორიული ასტროფიზიკის მიმართულება)

ფიზიკა სკოლიდან მაინტერესებდა, ამიტომ უნივერსიტეტში ჩაბარებისას სწორედ ეს დარგი ავირჩიე. ბალაკავრობისას დავინტერესდი ასტროფიზიკით და დღემდე დიდი გამოწვევაა ჩემთვის ამ მიმართულებით მუშაობა.

დღეს სადოქტორო საფეხურზე ვსწავლობ თეორიული ასტროფიზიკის მიმართულებით. ჩემი სადოქტორო კვლევა ამ ეტაპზე ეხება მზის დიდმასშტაბიან როსბის ტალღებს.ვფიქრობ, ჩემი  დიდი მიღწევაა, რომ ვაკეთებ საქმეს, რომლის კეთებაც მინდა,  მიუხედავად იმისა, ითვლება თუ არა პერსპექტიულად ჩვენს გარემოში.

მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე და ჩემს პროფესიულ განვითარებაზე. მარცხის შემთხვევაშიც  კი ვცდილობ, არ დავნებდე, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან საჭიროზე  მეტ ყურადღებას ვაქცევ გარშემომყოფების მოსაზრებებს, რაც ზოგჯერ ხელს მიშლის მთავარ მიზანზე კონცენტრირებაში.

ფიზიკის მნიშვნელობა ალბათ ცხადია. რაც შეეხება ასტროფიზიკასა და უშუალოდ მზის ფიზიკას, გარდა სამეცნიერო პროგრესში შეტანილი წვლილისა, პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს: აუცილებელია ვიცოდეთ, სად ვცხოვრობთ და რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენ გარშემო.მზე – ჩვენთვის ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი – დედამიწაზე და ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს: აქტიურობის დროს ის მოქმედებს როგორც დედამიწის მაგნიტოსფეროზე, ისე ადამიანების ჯანმრთელობაზე. მზეზე მიმდინარე პროცესების ცოდნა მეტ ინფორმაციას მოგვცემს ჩვენს გარემოზე, გაგვიადვილებს ადაპტაციას და საზოგადოებას აუმაღლდება ცნობიერება სამყაროზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გავიგე კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის შესახებ, რომელიც ილიაუნისა და გოტინგენის უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა. პროგრამა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან ორმაგ ხარისხსა და ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში დარგის წამყვან სპეციალისტებთან განათლების მიღების საშუალებას მაძლევდა. პროგრამის მიხედვით, სასწავლო სემესტრები თანაბრად არის განაწილებული ორივე უნივერსიტეტში და მე ერთი სემესტრი გოტინგენის უნივერსიტეტშიც უკვე ვისწავლე. ჩემი ხელმძღვანელისა და პროგრამის კოორდინატორების წყალობით ყველა პროცედურისა და სასწავლო გარემოს შესახებ წინასწარ ვიცოდი, ამიტომ ადაპტაცია არ გამიჭირდა. ვფიქრობ, ეს სადოქტორო პროგრამა საშუალებას მომცემს მივიღო ცოდნა და სამეცნიერო მუშაობისთვის აუცილებელი თვისებები განვივითარო.

მათ, ვისაც სურს სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ვურჩევ, ყურადღებით ადევნონ თვალი გაცვლით პროგრამებს. მაგალითად, ილიაუნის ბევრი პროგრამა აქვს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. ასევე იზრუნონ უცხო ენის სწავლასა და პროფესიული უნარების დახვეწაზე. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია, ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი მიზანი, ბევრი იმუშაოთ მისთვის და არ შეუშინდეთ სირთულეებს.

Share Button

მარიამ დოთიაშვილი

მარიამ დოთიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მეცნიერებების პროგრამის სოციოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი, ილიაუნის ერაზმუს+ ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და კოპენჰაგენის (დანია, https://ucc.dk/international) საუნივერსიტეტო კოლეჯის განათლების სოციოლოგიის ფაკულტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე

„ვიცოდი, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტთან ჰქონდა გაცვლითი პროგრამა, ამიტომაც ავირჩიე ილიაუნი და ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ილიაუნიში სოციოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ყოველთვის განათლების სისტემა მაინტერესებდა, განსაკუთრებით კი  განათლების სკანდინვიური მოდელი, რომლის წარმატებაც   მთელს მსოფლიოშია აღიარებული.

ძალიან გამიმართლა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი აღმოჩნდა საქართველოში, რომელსაც დანიაში, კოპენჰაგებნის უნივერსიტეტთან, ჰქონდა გაცვლითი პროგრამა. სწორედ სკანდინავიური განათლების სისტემის მონაწილე გავხდი, ერთი სემესტრის განმავლობაში ვსწავლობდი კოპენჰაგენის უნივერსიტეტში განათლების სოციოლოგიის ფაკულტეტზე. იქ ძალიან ბევრი სიახლე დამხვდა: განსხვავებული სწავლების პრინციპები, მიდგომები, არაფორმალური ურთიერთობები სტუდენტებსა და ლექტორებს შორის, განსხვავებული შეფასების სისტემა, უფრო მეტად თანამედროვე და სტუდენტებზე მორგებული საუნივერსიტეტო კამპუსი.

ერთ-ერთი კურსის ფარგლებში, რომელიც მთლიანად  სკანდინავიური განათლების სისტემის პრინციპებს ეხებოდა, საშუალება მქონდა არა მხოლოდ თეორიულად მესწავლა სკანდინავიური სასკოლო სისტემის შესახებ, არამედ უშუალოდ ვყოფილიყავი მისი მონაწილე. პრაქტიკა გავიარე კოპენჰაგენის ერთ-ერთ სკოლაში, როგორც მასწავლებლის ასისტენტმა, და დანიელ მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან უშუალოდ ურთიერთობის  შედეგად უფრო მეტი პრაქტიკული ცოდნა მივიღე ჩემთვის საინტერესო საკითხებზე.

ვისურვებდი, რომ  უფრო მეტ სტუდენტს ჰქონდეს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა. უცხო ქვეყანაში ცხოვრება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და გიწევს ამ სირთულეებთან დამოუკიდებლად, ოჯახისა და მეგობრების გარეშე გამკლავება, რაც ყოველდღიურად  მეტად თავდაჯერებულს გხდის.

დანიაში ყოფნის პერიოდი ჩემთვის მრავალმხრივ საინტერესო იყო, სწავლის პარალელურად არდადეგებზე თანაჯგუფელებთან ერთად ვიმოგზაურე ევროპის ექვს ქვეყანაში.

დანიაში სწავლის დროს შევიძინე მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხშირად ვუზიარებდით ერთმანეთს ინფორმაციას ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და სამზარეულოს შესახებ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო უცხო ქვეყანაში შენი ქვეყნის „ელჩი“.

ერაზმუსმა  დიდი როლი ითამაშა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში და, დარწმუნებული ვარ,  უფრო დიდ გავლენას იქონიებს ჩემს მომავალზე“.

Share Button

გიორგი მეჭურჭლიშვილი

გიორგი მეჭურჭლიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის ისტორიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus+ გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია, https://www.ucl.be) ფილოსოფიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე

„Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბელგიაში გატარებული ექვსი თვე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის. გავიცანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები, მათი კულტურა, მივიღე ინტერნაციონალურ გარემოში ცხოვრების გამოცდილება და შევიძინე ახალი მეგობრები. ამავდროულად, ვეცადე წარმომეჩინა ჩვენი ქვეყანა და მისადმი ინტერესი გამეღვივებინა უცხოელ მეგობრებსა და ნაცნობებს შორის. ვფიქრობ, ჩვენთვის, ევროპაში მყოფი ქართველი სტუდენტებისათვის, ცოდნის მიღებისა და თავის წარმოჩენის გარდა, მნიშვნელოვანია ახალ მეგობრებს გავაცნოთ საქართველო, რომლის შესახებ უმეტესობას ძალიან ცოტა რამ სმენია.

შეუფასებელია გამოცდილება, რომელიც ბელგიაში ცხოვრებამ მომცა. გავეცანი ამ შესანიშნავ ქვეყანას, მის ხალხს, მათ კულტურასა და ცხოვრების წესს. ამავდროულად, მომეცა შესაძლებლობა აღმომეჩინა მსგავსებები, რომლებიც  გვაერთიანებს, და დავკვირვებოდი განსხვავებებს. დავფიქრებულიყავი იმაზე, რის გადმოღებას ვისურვებდი საქართველოში და რა შემიძლია გავაკეთო მე, როგორც ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა, საამისოდ.

ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში გატარებული პერიოდი. უნივერსიტეტის უმდიდრეს ბიბლიოთეკაში მუშაობა დიდი სიამოვნება და გამოწვევა იყო. მივიღე წვდომა ისეთ ლიტერატურაზე, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს. საშუალება  მომეცა გამემდიდრებინა სადოქტორო დისერტაცია სხვადასხვა წყაროთი და მე, როგორც ახალგაზრდა ისტორიკოსს, შემეძინა ახალი ცოდნა და გამეფართოებინა თვალსაწიერი.

ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების პროფესორებთან ურთიერთობით მივიღე. ის დიდ დახმარებას გამიწევს მომავალში უცხოელ კოლეგებთან თანამშრობლობასა და ცოდნის გაზიარებაში.

ვფიქრობ, Erasmus+ გაცვლითი პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა ქართველი სტუდენტებისათვის ისწავლონ და იცხოვრონ ევროპაში, გაიცნონ ახალი ქვეყნები, შეიძინონ მეგობრები და მიიღონ შეუფასებელი ცხოვრებისეული გამოცდილება!“

Share Button

მარიამ გოგიტიძე

მარიამ გოგიტიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ანგლისტიკის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯ UCC-ის (დანია, https://ucc.dk/international) სამასწავლებლო განათლების გაცვლითი პროგრამის მონაწილე.

„ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო პერიოდი ერაზმუსის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ დაიწყო. გადავწყვიტე სწავლა დანიაში გამეგრძელებინა და ყველასგან განსხვავებულ და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებულ სკანდინავიურ განათლების სისტემას გავცნობოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ წინ უმარავი ახალი გამოწვევით და გამოცდილებით სავსე თავგადასავალი მელოდა.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. იქ შექმნილი გარემო სტუდენტების საჭიროებებზე მაქსიმალურად იყო მორგებული. აღსანიშნავია, რომ არ არსებობდა კონკურენცია, ქულები თუ ბარიერები. ლექტორები ყველა სტუდენტის მოტივაციისა და თვითდაჯერების ამაღლებაზე ზრუნავდნენ. ისინი მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებასაც გვაძლევდნენ. ერთი კვირის განმავლობაში ერთ-ერთ დანიურ სკოლაში მასწავლებლის როლიც კი მოვირგე.

ერაზმუსის პროგრამამ საზღვარგარეთ დამოუკიდებლად ცხოვრების, სწავლისა და ევროპაში მოგზაურობის შეუცვლელი გამოცდილება მომცა. ამ პერიოდში როგორც პიროვნულად, ისე კარიერული თვალსაზრისით განვვითარდი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ილიაუნის და  On.ge-ის ერთობლივ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და შერჩეულ კანდიდატებს შორის მოვხვდი. ამჟამად, სტაჟირებას გავდივარ On.ge-ის რედაქციაში, სადაც ინგლისურიდან ქართულ ენაზე ანალიტიკურ სტატიებს ვთარგმნი. ეს ონლაინგამოცემა ახალი, ციფრული ეპოქისთვის მოგებაზე ორიენტირებულ, თანამედროვე მედიასაშუალებას ქმნის. ძალიან მიხარია, რომ ამ საქმიანობაში მცირე წვლილის შეტანის შესაძლებლობა მეც მაქვს“.

 

Share Button

ნუცა მაზანაშვილი

ნუცა მაზანაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და უფსალას უნივერსიტეტის (შვედეთი, https://www.uu.se/en) სამართლის სკოლის გაცვლითი პროგრამის მონაწილე

„მიყვარს ახალი გამოწვევები და საკუთარი თავის გამოცდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ერაზმუს პლუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. პირველ ცდაზე არ გამიმართლა და კონკურსში ვერ გავიმარჯვე, თუმცა ამ ფაქტმა მომცა მოტივაცია, კიდევ ერთხელ მეცადა ბედი. მთელი წელი თავდაუზოგავად ვშრომობდი, რომ მეორედ მაინც მომცემოდა შესაძლებლობა, მესწავლა შვედეთის საუკეთესო უნივერსიტეტში.

ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ სწავლა არა მხოლოდ აკადემიურ განვითარებას უწყობს ხელს, არამედ პიროვნულ უნარ-ჩვევებსაც უვითარებს ადამიანს. ერაზმუსის გაცვლითმა პროგრამამ მასწავლა სერიოზული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ჩემთვის უცხო სოციუმში ადგილის დამკვიდრება.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო გამოწვევა ალბათ უფსალის უნივერიტეტის სწავლის მეთოდებთან შეგუება იყო, სადაც სტუდენტი უფრო აქტიურადაა ჩართული სალექციო კურსში, ვიდრე – ლექტორი. მულტინაციონალურ ჯგუფებში მუშაობამ კი ძალიან  საინტერესო გამოცდილება შემძინა.

ვფიქრობ, ნებისმიერმა სტუდენტმა უნდა სცადოს და დაუკავშიროს საკუთარი აკადემიური ცხოვრება ერაზმუსს. არასდროს დანებდეთ, ვინაიდან დამუკიდებელი ცხოვრების ეს გამოცდილება და ევროპული განათლება მთლიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას!“

 

Share Button

ანი ბაბაშვილი

ანი ბაბაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბანკო-საფინანსო საქმის მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus+ გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და კაუნასის (ლიეტუა, https://en.ktu.edu/) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლის ინდუსტრიული ტექნოლოგიების მენეჯმენტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე

„უნივერსიტეტის არჩევისას ჩემი მთავარი კრიტერიუმი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა იყო. სწორედ ამიტომ არჩევანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე გავაკეთე. დიდი სურვილის მიუხედავად, პროგრამაში მონაწილეობაა რატომღაც ძალიან მაშინებდა. განაცხადის შეტანა მხოლოდ მესამე კურსზე გავბედე, პირველივე ცდაზე მივიღე დადებითი პასუხი და კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. სემესტრი საკმაოდ დატვირთული იყო, თუმცა გასართობად და სამოგზაუროდაც გვრჩებოდა დრო. უნივერსიტეტის ESN-ს გუნდი ძალიან გვეხმარებოდა  საინტერესო და გამორჩეული მოგზაურობების დაგეგმვაშუ როგორც ლიტვაში, ასევე სხვა ქვეყნებშიც.

ყველას, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ, მიიღოთ თუ არა მონაწილოება Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში, ჩემი გამოცდილებით გირჩევთ, რომ ეს შანსი აუცილებლად გამოიყენოთ, არ შეუშინდეთ მოსალოდნელ სირთულეებს. პროგრამაში მონაწილეობა არა მხოლოდ ცოდნას შეგძენთ, არამედ ისეთ უნარებს გამოგიმუშავებთ, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ როგორც პროფესიულ, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც: ისწავლით დროის ეფექტურად მართვას, საკუთარ თავზე ზრუნვას, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, შეიცვლით დამოკიდებულებას ბევრი საკითხის მიმართ, გაიგებთ უამრავ საინტერესო ფაქტს სხვადასხვა კულტურის შესახებ, აიმაღლებთ ენის/ენების ცოდნას და ა .შ. რაც ყველაზე მთავარია,გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, შეიძენთ მეგობრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორების სახით, რომლებთან მეგობრობაც არ დამთავრდება სემესტრის დასრულების შემდეგ. საქართველოში უკვე ჩამოვიდა ჩემი ერთ-ერთი ჯგუფელი, ზოგი კი სამომავლოდ გეგმავს ჩამოსვლას.

Eramsus+ ის პროგრამაში მონაწილეობამ დამარწმუნა, რომ არ უნდა შეუშინდე წინააღმდეგობებს, ყველა სირთულის გადალახვა შესაძლებელია!“

Share Button

ნათია ჩუბინიძე

ნათია ჩუბინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი და ბურგერლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (https://www.fh-burgenland.at/en/) სოციოლოგიის ფაკულტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე.

„ჩემთვის ეს იყო მრავალმხრივი გამოცდილება და დაუვიწყარი თავგადასავალი, რომლის ფარგლებშიც მომეცა ძალიან დიდი შესაძლებლობა როგორც სწავლის, ისე პიროვნული განვითარებისათვის. გავეცანი სწავლის განსხვავებულ სისტემას, შევიძინე მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან, ვეზიარე მათ კულტურასა და ტრადიციებს, გავხდი მეტად დამოუკიდებელი პიროვნება. ჩემთვის მოცემული პერიოდი დიდი სიახლეებითა და დადებითი ემოციებით იყო დატვირთული.

აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ Erasmus + ეს არის შესაძლებლობა მრავალმხრივი გამოცდილების მიღებისა, რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა გამოსცადოს“.

 

Share Button

ნინო ბატიაშვილი

ნინო ბატიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრატურის სტუდენტი და კლაგენფურტის (ავსტრია) Alpen Adria Universität Klagenfurt (https://www.aau.at/en/) ფაკულტეტის – Schulpädagogik-ის (სასკოლო პედაგოგიკა) პროგრამის მონაწილე

„2019 წელს მოვიპოვე ერაზმუს+ სტიპენდია და მომეცა არაჩვეულებრივი შანსი, ერთი სემესტრი მესწავლა ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში – Alpen Adria Universität-ში.ეს ჩემი პირველი გაცვლითი სემესტრი არ ყოფილა, თუმცა, ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის. მართალია, ბოლონიის პროცესში გაწევრიანების შემდეგ საბედნიეროდ ქართველ სტუდენტებს  საზღვარგარეთ სწავლა ბევრად იოლად შეუძლიათ, მაგრამ ამ სემესტრში გამოვცადე, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა და გამარტივდა. ავსტრიაში დამხვდნენ საქმის ნამდვილი პროფესიონალები, ძალიან სასიამოვნო ადამიანები და ყველანაირად დამეხმარნენ.; უნივერსიტეტმა შემომთავაზა განსხვავებული, საინტერესო საგნების ფართო არჩევანი და არაჩვეულებრივი ლექტორები; სალექციო პროცესი ძალიან დინამიკური, სტუდენტებზე ორიენტირებული და თანამედროვე გამოწვევებს მორგებულია. ყველა ლექტორი ცდილობს, უახლესი მასალა და ქეისები მიაწოდოს სტუდენტებს, ლექციები ძალიან ინტერაქციული, ცოცხალი და საინტერესოა. ამ სემესტრში ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, გავეცანი მრავალ საინტერესო მკვლევარს, უფრო დავხვეწე გერმანული და ინგლისური ენები და კიდევ უფრო კარგად დავინახე ჩემი  გეგმები და პერსპექტივები.

ერაზმუსი, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ზრდის ბრწყინვალე შანსია ყველა სტუდენტისთვის, ცოდნასთან ერთად კი მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მეგობრების შეძენაა შესაძლებელი, ამიტომ, ვფიქრობ, საზღვარგარეთ, თუნდაც მცირე ხნით სასწავლებლად წასვლა საუკეთესო საჩუქარია, რომელიც შეგვიძლია ჩვენს თავს გავუკეთოთ.

Share Button

მარიამ ლეჟავა

მარიამ ლეჟავა –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნილოგიისა და განათლების ფაკულტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრატურის სტუდენტი და ბერლინის (გერმანია) ჰუმბოლტის უნივერსიტეტის (www.hu-berlin.de) English and American Studies-ს გაცვლითი პროგრამის მონაწილე

„ილიაუნის საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ალბათ საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიმიღია. გარდა საქართველოში მიღებული ხარისხიანი განათლებისა, უნივერსიტეტმა შესაძლებლობა მომცა, გავმხდარიყავი ერაზმუსის სტიპენდიატი და ერთი სემესტრი ყველასათვის საოცნებო ქვეყანასა და უნივერსიტეტში მესწავლა.

ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო ვყოფილიყავი სტუდენტი უნივერსიტეტისა, სადაც აინშტაინი, ჰეგელი, შოპენჰაუერი, ძმები გრიმები თუ სხვა გენიოსები სწავლობდნენ და ასწავლიდნენ. გამოვარჩევდი უნივერსიტეტის სწავლის განსაკუთრებულ მეთოდებსა და მრავალფეროვან გარემოს. ჰუმბოლტის ყველა ლექცია თუ სემინარი კრიტიკულ აზროვნებასა და მსჯელობის უნარების განვითარებისკენ იყო მიმართული და მიმაჩნია, რომ ამ უნარ-ჩვევებზე მეტი აქცენტირება ქართული განათლების სისტემისთვისაც აუცილებელი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

გამოცდილებასთან ერთად ვგრძნობდი პასუხისმგებლობასაც, რადგან,როდესაც საერთაშორისო სტუდენტების გარემოცვაში იმყოფები, ცალკეული ადამიანიც კი მათთვის მთლიანი ქვეყნის სახეს წარმოადგენს.

გერმანიაში ცხოვრებით მეტად გავიაზრე საქართველოსა და კონკრეტულად თბილისის პრობლემები თუ გამოწვევები, თუმცა ასევე უფრო დავაფასე ჩვენი ქვეყანა, რადგან, როდესაც დაბადებიდან ერთ ქვეყანაში ცხოვრობ, შენთვის მისი უნიკალურობა ხშირად შეუმჩნეველი მოცემულობა ხდება. თითქმის ყველამ იცოდა ჩვენი ენის, კერძების, ბუნებისა და დამწერლობის შესახებ. ჩემმა ბრიტანელმა ლექტორმა ქართული ანბანის  სწავლებაც კი მთხოვა. ვფიქრობ, ევროპაში საქართველოს ასეთი კუთხით წარმოჩენასა და პოპულარიზაციაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამაც უდიდესი გავლენა მოახდინა.

გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი და შევიძინე ახლო მეგობრები, რომლებიც უკვე გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას. ბერლინში ცხოვრების თითოეული დღე კი ჩემთვის საუკეთესო თავგადასავლებსა და მოგონებებთან ასოცირდება“.

 

Share Button