ელენე ხარიტონიშვილი

ელენე ხარიტონიშვილი, ილიაუნის ბიზნესის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილეა.
ელენე ერთი სემესტრით იმყოფებოდა ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში FH Burgenland (ავსტრია), სადაც ეუფლებოდა პროგრამას საერთაშორისო ბიზნესის ურთიერთობების მიმართულებით.
ელენე გვიზიარებს თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს:
,,სკოლის პერიოდიდან აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის აქტივობაში და ყოველთვის მსურდა, რომ გავმხდარიყავი ერასმუსის პროგრამის მონაწილე. ვთვლი, რომ ახალი კულტურისა და გარემოს გასაცნობად საუკეთესო გზაა, მცირე დროით მაინც გახდე მისი ნაწილი. ერასმუსამდე ცოტა ხანს ამერიკაში ვსწავლობდი და სკოლის პერიოდშიც მიმიღია მონაწილეობა საერთაშორისო პროგრამებში, რის გამოც მსურდა, რაღაც ახალი აღმომეჩინა და ამიტომ ავსტრიაში სწავლა ჩემთვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნებოდა უნარების განსავითარებლად.
ერასმუსის პროგრამის დროს შევიძინე არაერთი უცხოელი მეგობარი და გავეცანი ახალ კულტურებს. რასაკვირველია, ერთადაც ბევრი ვიმოგზაურეთ და გადაგვხვდა ბევრი საინტერესო თავგადასავალი. ყველაზე საინტერესო მოგონება კი მაინც საერთაშორისო ოფისის მიერ დაგეგმილი ერასმუსელების ველოსიპედების ტური იყო, როდესაც ცხოვრებაში პირველად დავჯექი ველოსიპედზე. დაპირებული 5-8 კილომეტრის ნაცვლად გზაში გადაწყდა ავსტრიის ტბისთვის (Neusiedlersee) მთლიანად შემოგვევლო და 9-10 საათის განმავლობაში დაახლოებით 75 კილომეტრი გავიარეთ ჩვენს ქალაქში დასაბრუნებლად.
ავსტრიაში საერთაშორისო ბიზნესის ურთიერთობების (International Business Relations) ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ავსტრიის საგანმანათლებლო სისტემამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. კურსების უმეტესობა დატვირთული იყო პრაქტიკული და შემეცნებითი აქტივობებით. სემესტრის განმავლობაში გვქონდა ძალიან საინტერესო ახალგაზრდა სტარტაპერთა დემო დღეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ მოწვეულნი. განსაკუთრებით საინტერესო იყო პროექტების მენეჯმენტის კურსი, რომლის ფარგლებშიც გავეცანი ჩემთვის იმ დროს უცნობ თანამედროვე დაგეგმვის მოდელებს და გადავიღე ერასმუსის ცხოვრების ამსახველი მცირე დოკუმენტური ფილმი.”
#WeAreIliauni #ErasmusPlusISU
Share Button

გიორგი ოდოშაშვილი

გიორგი ოდოშაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus +– ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილეა.
გიორგი ერთი სემესტრით იმყოფებოდა გრონინგენის უნივერსიტეტში University of Groningen (ნიდერლანდები), სადაც ეუფლებოდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო მენეჯმენტის მიმართულებებს. შემდეგ სემესტრში, ასევე ილიაუნის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ის გერმანიაში, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში გაემგზავრება.
გიორგი გვიზიარებს თავის გამოცდილებისა და შთაბეჭდილებებს:
„ უცხოეთში ყოფნა კარგი საშუალებაა საკუთარი თავის აღმოჩენისთვის, მომეცა სირთულეების გადალახვის და სიახლეებთან ადაპტაციის შესაძლებლობა. საკმაოდ რთული იყო გრონინგენის უნივერსიტეტში სწავლა, რადგან ერთ-ერთი პირველია მსოფლიო რანჟირების სისტემაში. ძალიან მიხარია რომ მე ეს მოვახერხე. მოგზაურობის შესაძლებლობამ და უცხო კულტურების გაცნობამ ლომის წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. გავცდი წრეში მოქცეულ სააზროვნო არეალს და გავიცანი უამრავი ფართო თვალსაწიერის მქონე ადამიანი, შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი, ჩემს პროფესიაში გავიღრმავე ცოდნა.
ძალიან მინდა, ბევრ სტუდენტს ჰქონდეს „იქიდან“ რეალობის დანახვისა და აღქმის შესაძლებლობა. ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრს ვურჩიო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. ერაზმუსმა მართლაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში.“

 

Share Button

ანა ქიტიაშვილი

ანა ქიტიაშვილი, ილიაუნის ბიზნესის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus +-ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილეა.

ანა ერთი სემესტრი იმყოფებოდა საქსიონის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (Saxion University of Applied Sciences(ნიდერლანდები)), სადაც ეუფლებოდა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მენეჯმენტს (Managing Innovating Organizations) და პარალელურად ჰოლანდიურ კომპანიაში სტაჟირებას გადიოდა.

ანა გვიზიარებს თავის გამოცდილებისა და შთაბეჭდილებებს:

„მიყვარს თავგადასავლები, ამიტომ ცხოვრებაში ფაქტობრივად არაფერს ვგეგმავ. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაც სპონტანური გადაწყვეტილება იყო, რომელმაც გაამართლა და ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ასეთი შანსი მომეცა.
ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებაა ჯერჯერობით, რადგან ამ პერიოდში განვვითარდი როგორც პიროვნულად, ისე კარიერული თვალსაზრისით. ვისწავლე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მენეჯმენტი (Managing Innovating Organizations), რაც ძალიან საინტერესოა და მიხარია, რომ საქართველო ცდილობს ამ მიმართულებით განვითარებას. ერთ-ერთი კურსის ფარგლებში სტუდენტების ჯგუფს გვქონდა დავალება ჰოლანდიური კომპანიისთვის Flexxolutions კომპანიის განვითარების სტრატეგია შეგვექმნა. ივნისში, სტრატეგიაზე მუშაობის დასრულებისა და კომპანიისთვის მისი წარდგენის შემდეგ, მივიღე შემოთავაზება სტაჟირება გამევლო მათთან და მემუშავა ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის განვითარებაზე, რაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო.
ჰოლანდია და ეს გამოცდილება ჩემთვის საინტერესო, დამოუკიდებელ ცხოვრებას უკავშირდება და ვფიქრობ, რომ ყველა სტუდენტს უნდა მიეცეს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.“

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button

მარიამ ხომერიკი

ილიაუნის ბიზნესის სკოლის მაგისტრანტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ვარშავის (პოლონეთი) ეკონომიკურ სკოლაში.

ვკითხულობ სამეცნიერო ფანტასტიკას.

ვუსმენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას განწყობის შესაბამისად: პოსტროკს, მელოდიურ ელექტრონულ მუსიკას, ჰიპ-ჰოპს, თრეფს.

ვფიქრობ განვითარებაზე.

მიყვარს თავგადასავლები.

მსურს შევქმნა საკუთარი სტარტაპი, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების გადაჭრას.

თანატოლებს ვურჩევდი, არასოდეს თქვან უარი გამოწვევებზე და არ დაკარგონ ბრძოლის უნარი; გარდა პროგრამით გათვალისწინებული საკითხებისა, იკითხონ ბევრი და ისწავლონ ცოდნის და არა ქულების მისაღებად.

დაბრუნების შემდეგ სწავლას გავაგრძელებ ილიაუნიში და პრაქტიკაში გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას.

ილიაუნი არის უნივერსიტეტი, სადაც ჩაბარების ბევრ მიზეზს დავასახელებდი, თუმცა, მთავარი მაინც არის ის, რომ ილიაუნიმ მომცა შესაძლებლობა, მიმეღწია დიდი ხნის მიზნისთვის და მესწავლა საზღვარგარეთ. Erasmus + გაცვლითი პროგრამის შესახებ სწორედ ილიაუნის ვებგვერდიდან შევიტყვე.

ჩემი პროფესია შესაძლებლობას მაძლევს გავერკვიო იმ ძირითად პროცესებსა და ტენდენციებში რაც ახასიათებს თანამედროვე ბიზნესგარემოს. ბიზნესის ადმინისტრირების, კერძოდ – მენეჯმენტის შესწავლა მაძლევს სტიმულს, ვიყო წარმატებული ამ სფეროში და ხელი შევუწყო მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას.

Share Button

ლაშა სუხიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი​; ​პასკალის პრემიის ლაურეატი 2015 და 2016 წლებში

ვკითხულობ წიგნებს, რომლებიც მიდევს თაროზე, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, საერთო ჯგუფში ვერ გავაერთიანე; ვკითხულობ, ასევე, პროფესიულ ლიტერატურას.

ვუსმენ​ ელექტრონულ მუსიკას, ზოგიერთი ქვეგანხრის გამოკლებით; ასევე – ჯაზს და მიყვარს კლასიკური მუსიკის მოსმენა ცოცხალი შესრულებით.​

ვუყურებ​ ​ფილმებს, რომელიც იმ დროის განწყობას შეესაბამება. მომწონს კინოფესტივალებზე გამოტანილი არაჰოლივუდური ფილმები.

მიყვარს​ კონტრასტები – მოკლე პერიოდში გარემოების სწრაფი ცვლა.​

მაინტერესებს ყველაფერი დედამიწის ზურგზე და მიწის ქვეშ, მგონი, კიდევ უფრო.

​​ვერთობი ​ქალაქგარეთ გასვლით, მეგობრებთან ურთიერთობით და „წმ. პარასკევობით“.

მინდა,​ საქართველოში შემოვიდეს ბევრი თანამედროვე ცოდნა და ახალგაზრდებს და „ძველგაზრდებს“ ხელი მიგვიწვდებოდეს განვითარების ამ ხელსაწყოზე; მინდა თავებში საბჭოთა კავშირის ნგრევა; მინდა Cards Against Humanity-ის თამაში.

შევცვლიდი ​საქართველოს დედაქალაქს.

ჩემი პროფესია არის​ იმის გამოძიება, თუ როდის და როგორ​ წარმოიქმნება მთები და ამ პროცესში რა გავლენას ახდენს ჩვენზე მეწყრების,მიწისძვრების, მდინარეების, კლიმატის ცვლილებისა და სხვა გამოვლინებებით.

Share Button

თინა ოსაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით.

ვკითხულობ ყოველთვის, საჭიროებებიდან გამომდინარე, ძირითადად, ლიტერატურას ხელოვნებისა და მარკეტინგის შესახებ. ბოლო პერიოდში ძალიან დავინტერესდი სოციალური თემატიკითა და გენდერის თეორიებით.

ვუსმენ განურჩევლად ყველაფერს, განწყობის შესაბამისად. მუშაობის პროცესში განსაკუთრებულად მეხმარება მუსიკა.

ვუყურებ ნებისმიერი ჟანრის ფილმს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მომწონს. საჭიროებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ბიოგრაფიულ და დოკუმენტურ ფილმებს უფრო მეტ დროს ვუთმობ.

მიყვარს სიცოცხლე, ყველაზე მეტად, მთელი თავისი თავისუფლებითა და ადამიანებით, მრავალფეროვნებითა და სიურპრიზებით. კიდევ, საუბარი, ხეტიალი და ნაყინიც მიყვარს.

მაინტერესებს კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენები, აღვიქვამ, როგორც ყველაზე კომერციულ სფეროს. ასევე, დაინტერესებული ვარ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული სიახლეებით. ვფიქრობ, ეს უმარტივებს ადამიანს ცხოვრებას და შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერი იდეა აქციოს რეალობად. სწორედ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ილიაუნის ფაბლაბი) დამეხმარა ჩემი იდეის რეალობად ქცევაში – შევქმენი აქსესუარების ბრენდი „პოპულუსი“, რომელიც დღეს ბაზარზე საკმაოდ ცნობადი და წარმატებულია.

მინდა ადამიანები უფრო სამართლიანები, ინტერესიანები და ყურადღებიანები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. მინდა, რაც შეიძლება მეტად მოძრავ ადამიანებს ვხედავდე და მჯეროდეს, რომ უმოქმედობით შეწუხებულნი ამოძრავდნენ. ყველაზე მეტად კი მოგზაურობა მინდა.

შევცვლიდი ადამიანების ნეგატიურ დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი.

ვურჩევდი ადამიანებს, რაც შეიძლება მეტი იმოძრაონ, ნუ ელოდებიან სხვებს. თვითონ უნდა შეძლონ და ყოველდღიური რუტინა გაიმრავალფეროვნონ. იყვნენ მიზანდასახულები და შრომისმოყვარენი.

ჩემი პროფესია ჩემთვის არ არის კონკრეტული პროფესია, ე.წ. ვიწრო სპეციალობა. კულტურის მენეჯმენტი „მართვის ხელოვნების“ პრინციპებისა და მეთოდების ერთობლიობაა, რომელსაც კულტურის სფეროში ისეთივე დანიშნულება აქვს, როგორიც წარმოების ან საორგანიზაციო სფეროს ნებისმიერ დარგში. ილიაუნიში „კულტურის მენეჯმენტის“ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა მეხმარება, მივიღო საბაზისო ცოდნა ამ სფეროში და გამოვიმუშაო ის უნარები, რაც სამომავლოდ კარიერული განვითარებისთვის დამეხმარება.

Share Button

ბარბარა ბარლიანი

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ფილოსოფიის მიმართულებით.

ვუსმენ ძირითადად ელექტრონულ მუსიკას, კერძოდ ემბიენტს. იქიდან გამომდინარე, რომ ავირჩიე ილიაუნის სალექციო კურსი ელექტროაკუსტიკური მუსიკის მიმართულებით, მიწევს შეხება ერთ-ერთ პროგრამასთან, რომელშიც შეგიძლია თავადვე აკეთო მუსიკა. ამდენად, ორმაგად საინტერესო, ინკლუზიური და რეფლექსურია ამ მუსიკასთან დაკავშირებული ცოდნის მიღება.

ვკითხულობ, ძირითადად, ფილოსოფიურ ლიტერატურას, ვინაიდან ჩემი პროფესია მოითხოვს სწავლის პროცესში ამას, თუმცაღა, ერთ-ერთი ძირითადი საკითხავი ფემინისტური ლიტერატურა და გენდერის თეორიებია მაშინ, თუკი სემესტრული გამოცდებისთვის არ ვემზადები.

ვუყურებ თითქმის ყველაფერს და ვცდილობ, არ ჩამოვრჩე კინემატოგრაფის სიახლეებს, თუმცა, პირველ ადგილზე ევროპულ კინოს ვაყენებ. სხვათა შორის, ახლახან აღმოვაჩინე ქსავიერ დოლანი – ახალგაზრდა კანადელი რეჟისორი,  რომელსაც, ჩემი აზრით, წარმატების დიდი პოტენციალი აქვს. ბოლო ფილმი კი, რომელიც დიდი სიამოვნებით ვნახე, იყო ჯიმ ჯარმუშის “Paterson”.

მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია. ბოლო დროს ვხვდები, რამდენად მახარებს მათთან ურთიერთობა და საერთო ინტერესების გაზიარება თუ განსხვავებულის აღმოჩენა.

მაინტერესებს ზუსტი მეცნიერებები, უფრო ზუსტად, ქიმია. დღემდე ვნანობ, რომ მთავარ პროფესიად ის არ ავირჩიე. თუმცა, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, აუცილებლად მივუბრუნდები ამ მიმართულებას. რაც შეეხება ახალ ინტერესს: როგორც ზემოთ აღვნიშნე, ელექტროაკუსტიკური მუსიკა და მისი ტექნოლოგიებია ის, რასაც აუცილებლად შევისწავლი პროფესიულ თუ არა, სამოყვარულო დონეზე მაინც.

მინდა, რომ ახალგაზრდებს აინტერესებდეთ პოლიტიკური და სოციალური პრობლემატიკა. რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახალგაზრდა ადამიანს, არის სამოქალაქო, პოლიტიკური ცნობიერება და მის გარშემო შექმნილ ვითარებაში სასიკეთო წვლილის შეტანა; განათლების, ეკონომიკის, გენდერის, სექსუალური უმცირესობებისა და სხვა საკითხებისადმი მგრძნობელობა.

შევცვლიდი… ეს გრამატიკული ფორმა თავის თავში მოქმედების შესრულების შეუძლებლობას მოიცავს, რაც ყოფასთან არარელევანტურია, ამიტომ ალბათ კი არა, ვერაფერს შევცვლიდი საოცნებო პერსპექტივიდან. თუმცაღა, მომავალში ბევრი რამის შეცვლა შეიძლება ისევ ჩვენი სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით.

ადამიანებს ვურჩევდი იმას, რაც მე მაკლია; ვურჩევდი, იყვნენ მიზანდასახულები და შრომისმოყვარეები, რაც უნდა დილემად ჟღერდეს ეს. მეორე მხრივ, ნამდვილად რთულია მიზნების განხორციელება ისეთ ქვეყანაში, რომლის ეკონომიკა ძალიან დაბალ საფეხურზეა.

ჩემი პროფესია იქნება ფილოსოფია, როცა ბაკალავრის დიპლომს გადმომცემენ, თუმცა იმედი მაქვს, იმ სურვილების განხორციელებასაც შევძლებ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

Share Button

თინათინ ბლადაძე

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით.

ვკითხულობ ხშირად და ბევრს, ყოველთვის, როცა დრო მაქვს. არ ვკითხულობ რომელიმე ჟანრს გამორჩეულად, ვფიქრობ, ეს მზღუდავს. თავისუფლებას ვირჩევ – ვკითხულობ იმას, რაც მომწონს.

ვუსმენ უფრო მეტად ადამიანებს, ვიდრე მუსიკას, და როცა მუსიკას ვუსმენ, ტექსტის ნაცვლად ემოციები „ისმინება“. კონკრეტულად არცერთი ჟანრის მუსიკის მიმდევარი არ ვარ და, რასაც ვუსმენ, დამოკიდებულია განწყობაზე.

ვუყურებ სამეცნიერო ფანტასტიკას, დრამას… დიდად არც აქ ვიზღუდავ თავს.

მიყვარს სწავლა და ახალი გამოცდილებების მიღება; მიყვარს ჩემი ჰობი, რომელიც ხის ხელნაკეთი ნივთების შექმნას უკავშირდება, და ილიაუნი, რომელმაც მასწავლა აზროვნება და თავისუფლების მნიშვნელობა.

მაინტერესებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფერო. ეს ის გარემოა, რომელშიც თავს კარგად ვგრძნობ. მიმაჩნია, რომ ეს მომავალია. აქ შეგვიძლია, ვაქციოთ გარემო უკეთესად და შევქნათ ახალი ადამიანებზე უფრო მეტად მორგებული სამყარო. ეს არის სფერო, სადაც შემიძლია საკუთარი პროფესია სხვა კუთხით დავინახო და გამოვიყენო.

მინდა ვიყო წარმატებული, მივაღწიო მიზნებს და შევქმნა რაღაც ისეთი, რაც ჯერ არავის შეუქმნია.

შევცვლიდი არაფერს, რადგან ვფიქრობ, რომ ასეც საინტერესოა.

თანატოლებს ვურჩევ, დააფასონ გვერდით მდგომი ადამიანები; არ დაკარგონ დრო და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა მიიღონ მეტი გამოცდილება და განვითარდნენ. განვითარების რთულ გზაზე არსებული ბევრი სირთულის მიუხედავად, არ უნდა დანებდნენ და მტკიცედ იარონ წინ, რადან ეს არის გზა, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებამდე.

ჩემი პროფესია არის ის, რაც მთლიანად ჩემია და ჩემშია. ფსიქოლოგია ყველაზე მეტად ადამიანური და ადამიანზე მორგებული პროფესიაა. ეს შესაძლებლობაა, აქციო ადამიანების ცხოვრება უკეთესად, დაეხმარო და მოარგო გარემოს ადამიანი და ადამიანს – გარემო. სულ მინდოდა, შემექმნა ჩემს პროფესიაში რაღაც ახალი, საინტერესო და ღირებული; ჩემი პროფესია ინოვაციების სფეროსთან დამეკავშირებინა. ამიტომაც, შევქმენი „ლოგიკუმი“ – სათამაშო, რომელიც ბავშვისთვის სასიამოვნოცაა და სასარგებლოც… ეს ჩემი პროფესიული ცოდნის გამოყენებაა ჩემებურ პრაქტიკაში. აქ საუბარია თამაშით ქცევების დასწავლის პროცესის ხელშეწყობაზე, რაც თან სახალისო პროცესია და თან ხელს უწყობს ბავშვის ლოგიკური აზროვნების განვითარებას. ეს ყველაფერი დაიწყო ილიაუნიში. მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, დამენახა, რა გვჭირდებოდა და გვინდოდა, რომ გვქონოდა, მაგრამ არ გვქონდა.

Share Button

ელენე მიდელაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის მაგისტრანტი ასტროფიზიკის მიმართულებით

ვკითხულობ ბევრს. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს კითხვა. ვკითხულობ ყოველდღე, სხვადასხვა ჟანრს, პოეზიიდან – სამეცნიერო პუბლიკაციების ჩათვლით.

ვუსმენ განწყობის მიხედვით. ხანდახან განწყობა განაპირობებს მუსიკის შერჩევას, ზოგჯერ კი ისეთ მუსიკას ვირჩევ, რომელიც განწყობას შემიცვლის. დღეში რამდენჯერმე შეიძლება შევიცვალო ჟანრი, თუმცა ყველაზე ძლიერ კლასიკური მუსიკა მიყვარს, ყველაზე მეტად მოქმედებს ჩემზე.

მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. მაინტერესებს ადამიანი და ამან განაპირობა ფსიქოლოგიის, ჩემი მეორადი პროფესიის არჩევა. განსაკუთრებით მიყვარს ბავშვები, მათთან თამაში და საუბარი.

მაინტერესებს სამყარო. ამიტომ დავიწყე ფიზიკის შესწავლა, ასტროფიზიკამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი დაიკავა. ადამიანები ამ ერთი პატარა პლანეტიდან ვაკვირდებით და ვცდილობთ, შევიცნოთ სამყარო; მათემატიკური გამოთვლებით ვიგებთ, როგორია ჩვენგან მილიონობით სინათლის წლით დაშორებული ობიექტების თვისებები. ეს განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ჩემში. ამჟამად ჩემს ხელმძღვანელთან, გია მაჩაბელთან, ერთად ვიკვლევ მაღალი სიხშირის გამოსხივებას ნეიტრონულ ვარსკვლავებში.

მინდა საქართველოში მეცნიერება დაფასდეს და სათანადოდ მოწესრიგდეს განათლების სისტემა.

შევცვლიდი საზოგადოებას მეტი კეთილგანწყობისკენ, მეტი პოზიტივისა და მშვიდობისკენ….

ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, პროფესიად აირჩიონ ის საქმე, რის კეთებაც მთელი ცხოვრება გააბედნიერებთ.

ჩემი პროფესია არის ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ჩემი მომავალი. ჩემი პროფესია ჩემი ჰობია.

 

Share Button

მარიკა მელიქიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის IVკურსის სტუდენტი ევროპისმცოდნეობის მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ზალცბურგის (ავსტრია) უნივერსიტეტში.

ვკითხულობ პროფესიასთან დაკავშირებულ ლიტერატურას. ასევე, მიყვარს ფილოსოფიური ნაშრომები; მომწონს ეგზისტენციალისტების შემოქმედება. განსაკუთრებით მომწონს ჟან პოლ სარტრი. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ის ხშირად თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებაა. ძალიან მიყვარს შტეფან ცვაიგი, თომას მანი, ერიხ მარია რემარკი.
 
ვუსმენ თითქმის ყველა ჟანრის მუსიკას, ჩემი განწყობა განსაზღვრავს, როდის რას მოვუსმენ, ხანდახან, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოცდებისთვის ვემზადები, კლასიკური მუსიკის მოსმენის განწყობაზე ვარ. ასევე, ხშირად ვუსმენ Ramstein-ს და Scorpions-ს.
 
ვფიქრობ იმ განსხვავებებზე, რაც, ჩემი თვალსაზრისით, საქართველოსაა და დანარჩენ ევროპას შორისაა. საქართველოსა და, მაგალითად, ავსტრიას შორის განსხვავებებზე განსაკუთრებით ხშირად მას შემდეგ ვფიქრობ, რაც ზალცბურგში ჩამოვედი.
 
მაინტერესებს ევროპული ინტეგრაცია და გარემოს დაცვის პოლიტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ჩემი სამომავლო გეგმები ამ ორი თემის გარშემო წარმომიდგენია.
 
როცა დავბრუნდები, ვაპირებ საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობას და სამაგისტრო გამოცდისათვის მზადებას.
 
სტუდენტებს ვურჩევ, რაც შეიძლება, კარგად დაეუფლონ არჩეულ პროფესიას და, რაც შეიძლება, მეტად ეცადონ დამოუკიდებლობას. შესაძლოა, ეს ძალიან რთულია (ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე), მაგრამ თუ არ დავიწყებთ ამაზე ზრუნვას, ვერასოდეს შევძლებთ, ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.
 
ჩემი პროფესია, ანუ ევროპისმცოდნეობა, ძირითად პროფესიად ავირჩიე, რადგან ყოველთვის მინდოდა მეტი მცოდნოდა იმაზე, რის შესახებაც ბევრი ურთიერთგამომრიცხავი აზრი მსმენოდა. ყოველთვის მაინტერესებდა ევროპაში მიმდინარე პროცესები და ყველაფერი, რაც ევროპას ეხება. ასევე, ძალიან მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე საქართველოსთვის.
ილიაუნი არის სივრცე, რომელიც ჩემთვის ასოცირდება თავისუფლებასთან, განვითარებასთან და ხარისხთან.
Share Button